Home რუბრიკები საზოგადოება ბესიკ ტაბატაძე: 033-ის ექიმები გადაცმული პოლიციელებივით იქცეოდნენ, დაზარალებულებს დაგვცინოდნენ, ეს გინდოდათ, მეტის...

ბესიკ ტაბატაძე: 033-ის ექიმები გადაცმული პოლიციელებივით იქცეოდნენ, დაზარალებულებს დაგვცინოდნენ, ეს გინდოდათ, მეტის ღირსები ხართო

862

ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალებული უამრავი ადამიანი დღეს დუმილს არღვევს და შემზარავ სიმართლეს ყვება. 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს «საქართველო და მსოფლიოსთან» ამჯერად «სახალხო კრებისა» და პარტია «დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს» სათათბიროს წევრი, უფლებადამცველი ბესიკ ტაბატაძე იხსენებს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელის მიერ ნასროლმა ტყვიამ თვალი დააკარგვინა, მაგრამ ამის გამო დღემდე არავინ დასჯილა.

_ მე გახლდით «შეფიცულთა რაზმის» წევრი და ისნის რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შესაბამისად, მევალებოდა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც სცენაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე შეტევა წყლის ჭავლითა თუ გაზის იარაღით ხორციელდებოდა და რეზინის ტყვიებს გვესროდნენ, ლიდერები მაინც არ აპირებდნენ სცენის დატოვებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მხუთავი გაზის ორი ბალონი შეაგდეს სცენაზე, იქ გაჩერება უკვე შეუძლებელი გახდა. როცა ქალბატონები ჩამოვიყვანეთ სცენიდან და ჩავსვით მანქანებში, წამით მოვიხედე უკან, მაინტერესებდა, რამდენად ახლოს იყვნენ სპეცრაზმელები და გავიგონე მათი ნათქვამი: «ნახე, ბიჭო, არ ეშინია, არ გარბისო». თან შემაგინეს და სპეციალურად პირდაპირ სახეში მესროლეს. ვიგრძენი, როგორ გასკდა თვალი. სისხლი წამომივიდა. ამ დროს ჩემს ფეხებთან ბალონი გასკდა და მეორე თვალშიც დავკარგე მხედველობა. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი. ჩემმა მეგობარმა გურამ მარგიანმა გადამარჩინა, ზურგზე აკიდებული გამომიყვანა, თორემ იქიდან ვერ გამოვაღწევდი.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სხეულზე ცხრა ნატყვიარი მქონდა. უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო აქციის დაშლა. 26 მაისს მომიტინგეების დარბევისა და გაწყვეტის სპეცოპერაცია განხორციელდა. ხელისუფლების მიზანი თუ მხოლოდ აქციის დაშლა იყო, როგორც აცხადებდნენ, ერთი გასასვლელი მაინც უნდა დაეტოვებინათ. გზა ყველა მიმართულებით გადაკეტილი იყო, ფაქტობრივად ხაფანგში მოგვიმწყვდიეს.

მაინც გავრბოდით, ასე მივაღწიეთ მეტროსადგურ «თავისუფლების მოედნამდე» და იქვე ქუჩასთან ჩავუხვიეთ, იქაც სპეცრაზმელების ავტობუსი იდგა და დაგვიჭირეს. როგორც ჩანს, აქეთ-იქით სირბილმა და წყლის ჭავლმა იმოქმედა და ამასობაში ცალ თვალში მხედველობა დამიბრუნდა.

სასტიკად ექცეოდნენ ხალხს. ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვინც უფრო მაგრად სცემდა, უფრო მეტ პრემიას მიიღებდა. ჭორის დონეზე გავრცელდა კიდეც, ერთ-ერთი სპეცრაზმელის ცოლს უთქვამს, ნეტა კიდევ იყოს დარბევები, ახლა ხომ ტელევიზორი ვიყიდეთ და ახალ მაცივარსაც ვიყიდითო.

_ მიუხედავად იმისა, რომ თვალი გქონდათ დაზიანებული, მაინც დაგაპატიმრეს?

_ დიახ, დაგვიჭირეს და ხელბორკილები დაგვადეს. ვთხოვე, წინ მაინც შეეკრათ ხელები, რადგან თვალიდან სისხლი შეუჩერებლად მომდიოდა, მაგრამ მაინც უკან შემიკრეს. შემაგინეს კიდეც, ნეტა სულ რატომ არ მოკვდიო. აღსანიშნავია, რომ, ვინც დაგვაპატიმრა, ისინი არ იყვნენ სპეცრაზმელები,  სოდის ჟილეტებიც ეცვათ. დაახლოებით 45 წუთი ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ვეყარეთ ბორკილდადებულები და მანქანებს ვეელოდებოდით, რათა სამმართველოში გადავეყვანეთ. მიკროავტობუსში ახალგაზრდა პატრულის თანამშრომელს ვთხოვე, ხელბორკილები წინ გადმოეტანა, ვერ მოახერხა, მაგრამ დამადგა თავზე და სისხლს თავისი ცხვირსახოცით მწმენდდა.

მიგვიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც საათ-ნახევარი პირველ სართულზე გაგვაჩერეს. სასწრაფო დახმარების ექიმებს, არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ. პირიქით, 033-ის ექიმები გადაცმული პოლიციის თანამშრომლებივით იქცეოდნენ. დაზარალებულებს დასცინოდნენ, ეს გინდოდათ, მეტის ღირსები ხართო, გვეუბნებოდნენ. ბევრი სისხლი დავკარგე და ამიტომ ცუდად გავხდი, სკამი რომ მოვითხოვე, მაგრად მცემეს. მეშვიდე სართულზეც სასტიკად მცემეს, ხელებშეკრულს თავში მირტყამდნენ წიხლებს. ძალიან ცუდად გავხდი, გრძნობას ვკარგავდი და ვითხოვე, ექიმი მოეყვანათ. ალბათ, უკვე ღამის 4 საათი იქნებოდა, მოიყვანეს ქალბატონი, რომელიც არ იყო სასწრაფო დახმარების ექიმი, შესაძლოა, პოლიციის სამმართველოს ექიმი იყო, არ ვიცი. ამ ქალბატონმა თვალი ყურადღებით დამითვალიერა და კატეგორიულად მოითხოვა, სასწრაფოდ გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებაო. დარწმუნებული ხარო? _ ეკითხებოდნენ, არ სურდათ ჩემი გაშვება. 10 წუთის განმავლობაში იკამათეს, გავეშვი თუ არა საავადმყოფოში და ბოლო-ბოლო, მხოლოდ დილის 7 საათისთვის გადამიყვანეს საავადმყოფოში.

სხვათა შორის, ერთადერთი დაზარალებული ვიყავი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში წამიყვანეს, რადგან ამ ამბის გახმაურება არ სურდათ. სამ ნაწილად იყო თვალი გამსკდარი, 58 ნაკერი დამადეს და ბადურის ერთი მესამედი ამომაჭრეს. ამის მიუხედავად, სამი დღის განმავლობაში შოთა უტიაშვილი ურცხვად აცხადებდა, რომ აქციაზე რეზინის ტყვიით არავინ დაშავებულა. საავადმყოფოშიც არ დამტოვეს, მეორე დღესვე გამომიშვეს სახლში, არადა, ტვინის შერყევა მქონდა.

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, თავს მაინც არ მანებებდნენ, სამი კვირის განმავლობაში 10-12 პოლიციელი დღე და ღამ ჩემს სახლთან მორიგეობდა. დაჩი ცაგურიამ გადამიღო ფოტოები და ატვირთა «ფეისბუქზე», რის შემდეგაც სოციალური ქსელების მეშვეობით ჩემი ამბავი გახმაურდა. ქართულმა თუ უცხოურმა ტელევიზიებმაც შეიტყვეს ჩემ შესახებ, ამიტომ დამანებეს თავი, თორემ ჩემი დაჭერა მაინც სურდათ. ვიცი, რომ ჩემი პიროვნებით უშუალოდ კუდი იყო დაინტერესებული.

_ თქვენ მიმართეთ ყოფილ სახალხო დამცველს, პროკურატურას, თუ მოჰყვა რაიმე რეაგირება მათი მხრიდან

_ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ საია და  ყველა უფლებადამცველი იყო ჩემი საქმით დაინტერესებული. პროკურატურაში სამჯერ დავწერე განცხადება, ახალი გარემოებები გამოიკვეთა და ვითხოვდი დაკითხვას. ფოტოები გადამიღეს დაზიანებულს, რაც ექსპერტიზის მასალებში არ ფიგურირებდა და არც მე გადმომცეს. პასუხიც კი არ გამცეს, რატომ მოხდა ასე. ერთხელაც არავის დაურეკავს და უკითხავს არაფერი.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პროკურატურას ჩემზე შეატყობინა, კარგა ხნის მერე დამიკავშირდნენ, მკითხეს, თუ იცნობთ, ვინ გესროლათო. ხომ არ დამცინით-მეთქი, ვუპასუხე. გარდა იმისა, რომ ყველა სპეცრაზმელს ერთნაირი ფორმა ეცვათ, შიგნიდან ნიღაბზე კიდევ ჩაფხუტი ეხურათ. სახე ისედაც არ უჩანდათ და მაინც გვეუბნებოდნენ თვალებში არ გვიყუროთო. ეშინოდათ, მომავალში ვინმეს თვალებით არ ეცნო.

_ თქვენ ასევე მიმართეთ შვეიცარიის ელჩს და საერთაშორისო საზოგადოება ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჰქონდათ მათ უფრო მწვავე რეაქცია?

_ საერთაშორისო საზოგადოებას რომ არასწორი რეაქცია ჰქონდა, ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჩვენს მიმართვებზე ვერ გაბედეს და პასუხიც ვერ გაგვცეს. დიპლომატიური ეტიკეტი აძლევთ ლავირების საშუალებას. თუმცა ყველა ელჩს შევახსენებ, რომ ისინი დემოკრატიულ ქვეყნებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს დემოკრატიული განვითარება დიდწილად არის იმაზე დამოკიდებული, ე.წ. დემოკრატიული ქვეყნები რა მაგალითს მოგვცემენ. ბუნებრივია, ეს ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას მაინც არ მოახდენს და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც პასიურად უყურებდნენ, როგორ ხოცავდა სააკაშვილი სხვაგვარად მოაზროვნე ხალხს.

როგორც ჩანს, სააკაშვილთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდათ.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები კომპენსაციას ითხოვენ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ყველაზე მეტად დაზარალდით. რას აპირებთ?

_ პირველ რიგში, სახელის აღდგენას, რეაბლიტაციას ვითხოვ. მართალია, ბრალი ჩემთვის ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მე  მოღალატედ ვითვლებოდი. ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» ამზადებს ჩემს საქმეს სტრასბურგში გასაგზავნად. არის რაღაც-რაღაცები, რაც მატერიალურად არ იზომება, თუმცა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მუდმივი მკურნალობა სჭირდება, დღეში სამ-ოთხ წამალს ვსვამ. იმ ამბების შემდეგ დიაბეტი დამემართა. სამი ოპერაცია გავიკეთე, გავიგე, რომ თვალის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების საშუალებაც არსებობს. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით ბატონი ბიძინა ივანიშვილიც დაინტერესდა და ძალიან შეწუხდა, როცა ჩემი ამბავი გაიგო. ჯანდაცვის სამინისტროდანაც დამიკავშირდნენ და დოკუმენტაცია მომთხოვეს. ვნახოთ, რა იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დაპატიმრებულები გაეთავისუფლებინათ, სარჩელი უკვე მზადდება და, რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ.

_ ალბათ, გიკავშირდებიან ყოფილი პატიმრები, რას ყვებიან ისინი?

_ საშინელ ისტორებს ყვებიან. განსაკუთრებული სისასტიკით გლდანის საპყრობილე გამოირჩეოდა, სადაც მიზეზიც არ იყო საჭირო ადამიანების საცემად და საწამებლად. უკვე ჩვევაში ჰქონდათ გადასული ადამიანების ცემა და ხომ წარმოგიდგენიათ, თუ პატიმრისგან რაღაცას ითხოვდნენ, მას როგორ მოექცეოდნენ. მე ვიყავი სასამართლოზე და მოვისმინე, გია უჩავას რა სისულელეებიც ალაპარაკეს. ის ახლა ჩვენებას ცვლის…

_ გია უჩავას აღიარებითი ჩვენების გამო ბადრი ბიწაძეს ქვეყნის დატოვება მოუწია, ხოლო რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. დღეს უჩავა ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩვენება ძალით მიაცემინეს. აპირებთ, აპატიოთ ყველაფერი?

_ ჯერ კიდევ გია უჩავას გათავისუფლებამდე მისმა ადვოკატმა დამირეკა და მკითხა, დარწმუნებული ხართ, რომ უჩავამ მისცა ეს ჩვენებაო? არადა, ფაქტი სახეზე იყო. გასაგებია, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ, ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, მის გამო ახალგაზრდა ბიჭებს რამდენი წელი მოუწევდათ პატიმრობა? ამას გარდა, ადამიანს აპატიებ, როცა მოვა, ბოდიშს მოგიხდის და პატიებას გთხოვს. სთხოვოს მათ, ვინც მის გამო ისხდნენ ციხეში და იქნებ აპატიონ კიდეც… არ ვიცი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here