Home რუბრიკები საზოგადოება შაქრო ზურაშვილი: პატიმარი თუ იტყოდა, რომ კბილი სტკიოდა და ამოღება სურდა, კბილს...

შაქრო ზურაშვილი: პატიმარი თუ იტყოდა, რომ კბილი სტკიოდა და ამოღება სურდა, კბილს მუშტებით ამოუღებდნენ

895

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამნისტის შესახებ მიღებულმა კანონმა უამრავ უკანონო პატიმარს მისცა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების საშუალება. ყოფილი პატიმრები დღეს ციხეში გატარებულ შემზარავ ისტორიებს იხსენებენ. ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ბიწაძის მძღოლი, შაქრო ზურაშვილი, 26 მაისის ღამეს, საპროტესტო აქციის დარბევისას ნინო ბურჯანაძის ავტომანქანის საჭესთან იჯდა. სწორედ ეს გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არ უღიარებია, სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასტიკი ცემის შედეგად, შაქრო ზურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შერყეულია, მას ხერხემალი დაუზიანდა და ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს. მისი საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. «საქართველო და მსოფლიოსთან» პოლიტპატიმარი შაქრო ზურაშვილი 26 მაისის ღამეს და ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს.

_ 26 მაისის ღამეს, საპროტესტო აქციაზე ნინო ბურჯანაძესთან ერთად ვიმყოფებოდი, როდესაც მოულოდნელად დარბევა დაიწყო. ქალბატონი ნინო მაინც არ ჯდებოდა მანქანაში, ამბობდა, სანამ მე აქ მხედავენ, თქვენც ვერაფერს დაგიშავებენო. თუმცა, მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ ნინო ბურჯანაძე ჩემს მანქანაში ჩაჯდა, ყველანაირი იერიში მოიტანეს ჩვენზე: გვესროდნენ რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს, ხელკეტებით ჩაგვიმტვრიეს მანქანის შუშები. საშინელება ხდებოდა, ფაქტობრივად, განწირულები ვიყავით, თუმცა იქიდან გამოღწევა მაინც შევძელით.

27 მაისი თენდებოდა, როცა დამაპატიმრეს. დაკავებისთანავე გადამიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც უკვე წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული ტექსტი, თითქოს მე მოვკალი  პოლიციის ორი თანამშრომელი. ყველას ეუბნებოდნენ ჩემზე _ ეს ის კაცია, ორი პოლიციელი რომ მოკლაო, რის შემდგაც ყველა დაუნდობლად მირტყამდა. პოლიციის სამმართველოს ეზო ნიღბიანებით იყო სავსე და ეზოშივე დაუნდობლად მცემეს, მცემდნენ იარაღით, ხელკეტით, ფეხით. ასე ამიყვანეს მეექვსე სართულზე. იქიდან მხოლოდ ერთი დეტალი მახსოვს, როცა ცემისგან გულწასულს წყალი დამასხეს, ხელები მქონდა შეკრული, იატაკზე ვეგდე და უამრავი პოლიციელი დაუნდობლად მირტყამდა. გონს რომ მოვედი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, აფერისტიაო, თქვა ჩემზე, შემაგინა, ამოიღო ბეისბოლის ჯოხი და ახლა ის დამცხო. მეორედ რომ მოვედი გონზე, უკვე სასწრაფოს ექიმი ჰყავდათ გამოძახებული. ალბათ, შეეშინდათ, არ მოვმკვდარიყავი. ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ხმა მესმოდა. ექიმმა თქვა, ისე აქვს ხელები გაშავებული, ამპუტაცია დასჭირდებაო. როგორც მერე გავიგე, ჩვენი დაცვის წევრებს დავუნახივარ, როცა სასწრაფო დახმარების მანქანას მივყავდი და ყველას მკვდარი ვეგონე. ალბათ, გონზე რომ არ მოვსულიყავი, ჩემს გვამსაც სადმე სახურავზე შეაგდებდნენ.

საავადმყოფოში ჩემი გაშვება არ უნდოდათ, მაგრამ სასწრაფოს ექიმმა არ დათმო და გადამიყვანეს ჩაფიძის საავადმყოფოში, თუმცა მეორე დღესვე სასწრაფოდ დამაბრუნეს პოლიციის სამმართველოში და იქ მაჩვენეს კადრი, რომელსაც იმ დღეებში ტელეკომპანიებიც აქტიურად ატრიალებდნენ ჩემ წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ ზურაშვილმა მოკლა პოლიციის თანამშრომლები _ ვლადიმერ მასნურაშვილი და ნოდარ ცხადაძეო. ამის მოსმენის დროს ისევ ცუდად გავხდი და წამალი ვითხოვე, რის შემდეგაც, ვიღაც ახალგაზრდა  თანამშრომელმა, ორადმოკეცილი კომპიუტერის კაბელი აიღო და თავში ჩამარტყა, თან მეუბნებოდა, როცა კაცს კლავდი, მაშინ არ იყავი ცუდადო?! ვიძახდი, რაღაც გაუგებრობაა-მეთქი, მაგრამ არავინ მისმენდა.

როდესაც კადრები მანახეს, ერთი სერიოზული შეცდომა დავუშვი, პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, ეს «ემელის ჯიპია», ჩემი ავტომანქანა «ტოიოტა პრადოა», ეს არ არის ჩემი მანქანამეთქი. წესით, ეს ყველაფერი სასამართლოზე უნდა მეთქვა, რადგან ამის მოსმენისთანავე შემიცვალეს ბრალდება. ახალი გეგმა შეიმუშავეს და ბრალი წამიყენეს, თითქოს მანქანით გადავუარე ვაკის რაიონის სოდის თანამშრომელს _ ლევან ნინოშვილს.

სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ დაღუპული პოლიციელი ვლადიმერ მანსურაშვილი იმ ადგილზე არ დაღუპულა. ის უკვე გარდაცვლილი მოიყვანეს იქ. ალბათ, სიმართლე მალე გაირკვევა, _ სად და რატომ მოკლეს. პრეზიდენტს ვითომ ყველაზე რომ გული შესტკივა, მთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გახსენებია ეს ბიჭი.

_ უზენაესმა სასამართლომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა და 12 წელი მოგისაჯათ. რა მტკიცებულებები წარმოადგინა სასამართლომ თქვენ წინააღმდეგ?

_ არანაირი მტკიცებულებები არ ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ. საქმეში არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება გამოირიცხა. ამის შემდეგ დამიმატეს 353-ე მუხლი, წინააღმდეგობის გაწევა. არადა, არავისთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა. დამაბრალეს, თითქოს უწყება სახლში მომივიდა 27 მაისს და ხელიც მოვაწერე. არადა, ასეთი რამ არ მომხდარა.  სოდის ორი თანამშრომელი გამოიყვანეს მოწმედ ჩემ წინააღმდეგ, ისინიც არეულ ჩვენებებს იძლეოდნენ, ერთი ამტკიცებდა, თითქოს ადამიანს მანქანის წინა ბორბლით გადავუარე, მეორე ამტკიცებდა უკანა ბორბლით გადაუარაო. უცნაური იყო დაზარალებულის ჩვენებაც, ასე სასიკვდილოდ დამტვრეულმა კაცმა როგორ დაინახა და გაარჩია ღამით, ისეთ არეულობაში მანქანის ნომერი? ამას გარდა, დაზარალებულის ტანისამოსიც არ გვაჩვენეს. მერე თქვეს, თითქოს ავსტრიაში წაიყვანეს სამკურნალოდ და 45 ათასი აშშ დოლარის საფასურად ბინის დაყადაღება სურდათ ჩემთვის, მაგრამ ქირით ვცხოვრობდი და ვერაფერი დამიყადაღეს. გირაოც არ შემიფარდეს, იმ მოტივით, რომ მე სოდის თანამშრომელზე ზეწოლა არ მომეხდინა. იმ მთავრობას თუ ისეთი სოდი ჰყავდა, რომ ჩემნაირების ეშინოდათ, კარგად ყოფილა მათი საქმე. მაგრამ ისეთი ნაცემი ვიყავი, არ სურდათ ეს ციხის გარეთ ვინმეს ენახა. თავად პატიმრებიც კი გაოცებულები იყვნენ, მთელი სხეული გაშავებული მქონდა. საბოლოოდ, მოსამართლე ზვიად ესებუამ 12 წელი იმისთვის მომისაჯა, რომ მათთვის სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს ჩემგან.

_ კონკრეტულად რის აღიარებას მოითხოვდნენ თქვენგან?

_ პროკურორი პროკოფი ჭანკოტაძე პირდაპირ მეუბნებოდა, სასჯელის მაქსიმუმს მოგისჯითო. მაიძულებდნენ, ნინო ბურჯანაძისთვის დამებრალებინა, თითქოს 26 მაისის ღამეს მან მითხრა, მე უნდა გამიყვანო აქედან და, თუ გინდა, ნებისმიერს გადაუარეო. როგორც ჩანს, ჩემი ჩვენების საფუძველზე ნინო ბურჯანაძის დაჭერა სურდათ, რადგან მის წინააღმდეგ რეალური სამხილები არ გააჩნდათ. როცა უარი ვთქვი, სხვა ვერსია შემომთავაზეს, უნდა მეთქვა, თითქოს საჭესთან მე კი არა, ნინო ბურჯანაძის უფროსი ვაჟი იჯდა. თუ დავთანხმდებოდი, მხოლოდ 4 წელს მომისჯიდნენ და პლუს ხუთ წელს პირობითს. არადა, ანზორ ბურჯანაძე იმ მანქანაში საერთოდ არ მჯდარა. ვინმე გრიგოლი შემოდიოდა, მკვლელობათა განყოფილებიდან, და ცდილობდა ანზორ ბურჯანაძისთვის დამედო ხელი. ის გველი უნდა იყოს ციხეში და შენ გარეთ უნდა იყოო, მეუბნებოდა. კიდევ ვიღაც კოკაია შემოდიოდა, მთავარი პროკურატურიდან, ის ცდილობდა, ქალბატონი ნინო დამედანაშაულებინა. ისიც შემომთავაზეს, ითანამშრომლე ჩვენთან და სასჯელს გაგინახევრებთ, ოღონდ ვიღაცას დაადე ხელი, რომელიმე რუსეთის აგენტს, რომელიც ვითომ შეკრული იყო ბურჯანაძის პარტიასთანო. როცა ამაზეც არ დავთანხმდი, ჩემი ქალიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ორი ბიჭი მყავს: ერთი სტუდენტია, მეორე მეთორმეტეკლასელი და პროკურორი პროკოფი ჭანკვეტაძე პირდაპირ მემუქრებოდა, შენს შვილებსაც ჩაუდებენ იარაღს ან ნარკოტიკს და დაიჭერენ, თუ ჩვენს პირობებს არ დათანხმდებიო. ბოლოს ვუთხარი, დაიჭირეთ, რადგან მირჩევნია, ციხეში იყვნენ, ვიდრე გარეთ ვიღაცამ წამოაძახოს, მამათქვენი მკვლელიაო.

საგულისხმოა, რომ სანამ ფიზიკური დაზიანებები მქონდა, ექსპერტიზა არ ჩამიტარეს. არადა, ორი თვე მთელი სხეული გაშავებული მქონდა ცემისგან. მართალია «წითელი ჯვრის» წარმომადგენელი შემოდოდა ხოლმე სანახავად, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ თავიანთ უფროსებს წარუდგენდნენ ნანახის შესახებ ანგარიშებს.

დაცვის წევრებიდან სამი ისე შეაშინეს, რომ ჩემ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. არადა, მე გავიყვანე აქციიდან უსაფრთხოდ. დღეს ბევრი თავს იმართლებს, შვილის ან მეუღლის ფოტო დამიდეს და დამემუქრნენო, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ქმედებას. არც მე წავუყვანივარ რესტორანში საქეიფოდ, მეც ციხეში ვიჯექი, მაგრამ, როცა სხვა ადამიანის ბედთან გაქვს საქმე, საკუთარი თავის გადასარჩენად უღირსად არ უნდა მოიქცე. მკვდარი ვეგონე ყველას, შვილების დაპატიმრებით მემუქრებოდნენ, მეტი რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო ჩემზე? ნინო ბურჯანაძეს არ შეშინებია და ქალმა როგორ უნდა მაჯობოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ?! გაუმართლებელია, რაც გააკეთა გენერალმა გია უჩავამ, მისი ჩვენების გამო ბადრი ბიწაძე ქვეყნიდან გაიქცა. ახლა კი ამბობს, რომ შემაშინეს და ჩვენება დამაწერინესო, მაგრამ, რომც მოკვდე, ასე არ უნდა მოიქცე! იმის გამო, რომ ჩემს შვილებს გაეხარათ, სხვისი შვილები გამემწარებინა? მგონი ერთადერთი მე დავრჩი, ვისაც აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და ამის გამო 12 წელი მომისაჯეს.

_ ციხეში როგორ გექცეოდნენ?

_ ციხეში ჩემ მიმართ უფრო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ცემას და წამებას რატომღაც ერიდებოდნენ, ვინაიდან ჩემთან შემოდიოდა ადვოკატი ნათა კორკოტაძე, სახალხო დამცველი, წითელი ჯვრის თანამშრომელი და ეშინოდათ, იცოდნენ, ჩემს უკან მაინც ბევრი ხალხი იდგა. ერთადერთი კარანტინის დაშლის დროს მცემეს, რადგან მეუბნებოდნენ, შეაგინე ნინო ბურჯანაძესო და არ შევაგინე! ნინო ბურჯანაძეს კი არა, მათ ნათქვამზე მტერს არ შევაგინებდი. დავაკვირდი, სიამოვნებდათ, როცა ტკივილისგან ყვიროდა პატიმარი, ამიტომ ვცდილობდი, არ მეყვირა.

ხორციელდებოდა ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა. ღამე შუქების ჩაქრობის შემდეგ გავყავდი დაკითხვაზე და სულ ველოდებოდი, რომ მცემდნენ ან მაწამებდნენ. გამუდმებით მიზეზს ეძებდნენ, მაგალითად, შეამოწმებდნენ და თუ ოდნავ წვერი მქონდა გასაპარსი, ამის გამო კამერაში ხუთ პატიმარს თავს პარსავდნენ, რათა მერე ისინი დაეპირისპირებინათ ჩემთვის. ფანჯარასთან მისვლაც კი აკრძალული გვქონდა, რადგან მე-8 საპყრობილის ფანჯრები პირდაპირ ციხის საავადმყოფოს უყურებდა, საიდანაც ლამის ყოველდღე მიცვალებულები გაჰყავდათ, კარანტინის დაშლის დროს კი ბევრი პატიმარი შეჰყავდათ საავადმყოფოში დასისხლიანებული და არ სურდათ, ეს ყველაფერი დაგვენახა.

ერთხელ ფანჯარასთან დამინახეს. მოვიდა ოლეგ ფაცაცია რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და მკითხა, რატომ იდექი ფანჯარასთანო. გარეთ გასვლა აკრძალული გვაქვს, დაფანჯრიდან მაინც მინდა გავიხედო-მეთქი, ვუპასუხე. ჩემთვის არაფერი უთქვამს, აიღო მაგიდიდან სქელტანიანი წიგნი და ჩემ თვალწინ ხუთივე პატიმარს წიგნით სასტიკად სცემა. როცა შევეწინააღმდეგე, მე ვიდექი ფანჯარასთან და ამათ რატომ სცემ-მეთქი, ისევ არაფერი უთქვამს, ადგა და ხელმეორედ სცემა პატიმრებს. იძულებული გავხდი, გავჩუმებულიყავი.

პატიმარი თუ იტყოდა, რომ კბილი სტკიოდა და ამოღება სურდა, გაიყვანდნენ აბანოში და კბილს მუშტებით  ამოუღებდნენ, შეიძლება თან ერთი-ორი საღი კბილიც მიეყოლებინათ. თუ რაიმეს გააპროტესტებდი და იტყოდი, ვშიმშილობო, გაგიყვანდნენ აბანოში და ვიღაცის ნახმარ საპონს გაჭმევდნენ. სხვათა შორის, 26 მაისის შემდეგ ციხეში პირობები კიდევ უფრო გაამკაცრეს. დღის განმავლობაში არათუ ძილის, დაწოლის უფლებაც არ გვქონდა. ყველა გაზეთის წაკითხვის საშუალებაც არ გვქონდა, ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილი პრესა ციხეში აკრძალული იყო. რადიო «მაესტროს» მოსმენის უფლებასაც არ გვაძლევდნენ, ვისაც წაასწრებდნენ, რადიოს უმტვრევდნენ. ერთი კაცი თუ დააშავებდა რამეს, მთელ საკანს სცემდნენ.

კარანტინში 6-კაციან ოთახში 22-25 კაცი იყო მოთავსებული, 8 დღე ასეთ პირობებში გავატარე და, მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა მქონდა, ჩემთვის უბრალო ტკივილგამაყუჩებელიც კი არ მოუციათ.

_ თქვენ განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივრეთ. როგორც ცნობილია, იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სიმართლის დადგენას ევროსასამართლოში ცდილობდნენ, ციხის ადმინისტრაცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

_ დიახ, ასე იყო, მაგრამ მე მაინც ერთადერთი სტრასბურგის სასამართლოს იმედი მქონდა. ჩემი საქმე «საიამ» გააგზავნა ევროსასამართლოში და სიმართლეს მალე ყველა შეიტყობს, ბევრს დღესაც ორი პოლიციელის მკვლელი მძღოლი ვგონივარ.

სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ახლა რომ საუბრობენ ზოგიერთები თანამდებობრივ ამნისტიაზე. ქალბატონ ეკა ბესელიას ვუთხარი კიდეც, დამაინვალიდეს, მათი წყალობით ავიღე ჯოხი ხელში, თქვენ რომ პატიობთ, მე ვპატიობ, არ მეკითხებით-მეთქი?! მოკლე პასუხი გამცა, ყველანი დაისჯებიანო. პროკურორმა პროკოფი ჭანკვეტაძემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი! რაც ჩაიდინეს, არ უნდა შერჩეთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here