Home რუბრიკები საზოგადოება სად ვიშოვოთ მაკარონის თესლი, ანუ როგორ დავძლიოთ ეკონომიკური მისტიციზმი

სად ვიშოვოთ მაკარონის თესლი, ანუ როგორ დავძლიოთ ეკონომიკური მისტიციზმი

871

ახალი წელი დადგა, ახალი ჰორიზონტები გამოჩნდა და ახალი გზამკვლევი გვჭირდება. ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ პოლიტიკურ გამოცდილებას იძენს. გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურ საკითხებზე კოაბიტაციისა თუ ინკლუზიური დემოკრატიის პირობებში გვიხდება. პოლიტიკოსების მიერ ამ ტერმინებით ჟონგლიორობა ცოტა იუმორისტულ ელფერს იძენს.

ისეთი პერიოდი დაგვდგომია, რომ თანამშრომლობა პოლიტიკის სფეროში პირდაპირ მოითხოვს, რომ ერთ, ურთიერთგასაგებ და მისაღებ ენაზე ვილაპარაკოთ. მაშინ ნათლად გამოჩნდება «ჰუ იზ ჰუ», ანუ, როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი ამბობს: «ვისი ვიოლინო ვის როიალშია». სხვაგვარად დიალოგი კონსტრუქციულობას მოკლებული იქნება და თუ, დღეს უკვე მოჩანს ლოგიკური წინააღმდეგობები, ისინი ხვალ შეიძლება საბოტაჟის სახით გამოვლინდეს. სათავე წინააღმდეგობებისა და საწყისი თანამშრომლობისა გამოთქმულ სიტყვებშია მოსაძებნი.

მარტო ამ ბოლო ორ თვეში რამდენი უცხო სიტყვის სწავლა მოგვიხდა, რამდენი ციფრის ანალიზი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გავრკვეულიყავით მტყუან-მართალში. წავიწიეთ კი წინ? მეეჭვება.

ტელესივრცეში აბსურდის თეატრის მაგვარი რამ ხდება. იმისათვის, რომ «დააბალანსონ» გადაცემები, ტრიბუნას უთმობენ აშკარა დემაგოგებს და რეალობის გამყალბებლებს.  მოედინება ნიაღვარი _ გრძნობის ამწეწი და აზრის შეურაცხმყოფი. სადაა ის ბავშვი, რომელიც მეფეს (მასმედიას) ეტყვის, შიშველი ხარო? ავიღოთ, მაგალითად, ტერმინი ინკლუზიური დემოკრატია, რომელიც წასვლისას დაგვიტოვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მათეუს მელიამ. რა იგულისხმა ამ ტერმინში, ვინმემ ჰკითხა პატივცემულ სტუმარს? არა. და, შესაბამისად, ყველამ ისე გაიგო, როგორც სურდა. სააკაშვილს მიაჩნია, რომ იგი პედაგოგიკაში ცნობილი ინკლუზიური ჯგუფების ფორმირების ამსახველი ტერმინია, დაუკავშირა კოაბიტაციას და დაყო საქართველო ხუთოსნებად (თავისიანებად) და  ოროსნებად (მის მოწინააღმდეგეებად). სხვებს ამ  ცნების მიმართ პრობლემები არ გასჩენია. გავერკვეთ ტერმინოლოგიაში, ეს სირცხვილი არ არის.

საკითხს მეორე ასპექტიც აქვს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. ზოგიერთის აზრი, ვგულისხმობ ძირითადად სააკაშვილსა და უგულავას, სხვებისათვის, მათდამი ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული პირებისთვის, სახელმძღვანელო დებულებაა. შესაბამისად, მათი მოუზომავი გამონათქვამები საბოტაჟის «ხორცს ისხამს», უარყოფითად ზემოქმედებს არა მარტო ადამიანთა ცნობიერებაზე, არამედ აფერხებს აღმშენებლობით პროცესებს. ამიტომ მასმედიას დიდი სიფრთხილე მართებს ყავლგასული ლიდერების გამონათქვამების ტირაჟირებისას, თორემ თვითონ აღმოჩნდება საბოტაჟის ხელშემწყობი. აბა, გავიხსენოთ, რას ჰგავდა პრეზიდენტის საახალწლო გამოსვლა _ პირდაპირი შანტაჟი: თქვენ ქვეყანას ცუდად მართავთ, უფსკრულისკენ მიექანებით და, თუ დამიჯერებთ, გადაგარჩენთ. თუ არა, მთავარსარდალი მე ვარ აქედან გამომდინარე შედეგებითო. ასეთი, უცხოელ დამკვირებლებზე გათვლილი გამოხდომები ძალიან ფრთხილად უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, ვინაიდან, ერთის მხრივ, დამთრგუნავია, მეორე მხრივ, _  საშიში, რადგან შეუძლია ხალხის სპონტანური აქტიურობის პროვოცირება.

ტერმინების სწორად გაგებაზე ერთ ცნობილ ამბავს გავიხსენებ. მახვილგონიერმა სტუდენტებმა სიტყვა წყალი «გაამეცნიერულეს» და დაწერეს «დიჰიდროგენის მონოქსიდი», . . ორი წყალბადის ერთი ჟანგბადიო, ასე ვთქვათ, «გაშიფრეს» წყლის ქიმიური ფორმულა, რომელსაც დაურთეს მისი უარყოფითი თვისებების ჩამონათვალი: ალპობს, ჟანგავს, აჭაობებს ნიადაგს, ახრჩობს ადამიანს და .. ამის საფუძველზე მოითხოვეს, შეიქმნას დიჰიდროგენ მონოქსიდის, ანუ წყლის გამოყენების სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, ან სრულად აიკრძალოს მისი მოხმარება. ამბობენ, ერთერთი განვითარებული ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებმა ამ წინადადების მხარდასაჭერად დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

ვუსმენ ოპონენტებს და ვრწმუნდებით, რომ სიტყვების საშუალებით რეალობის მისტიფიკაციას ცდილობენ: გვარწმუნებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, «ქართული ოცნება» თავისი ჭარბი დაპირებების გამო «ხაფანგში გაება», ევროპა და ამერიკა წუხს, რომ საქართველო დემოკრატიის პრინციპებს ამრუდებს, უგულავა უფრო ზრუნავს თბილისელებზე თავისი ვაუჩერებით, ვიდრე მთავრობა და ა. შ. ეს ყველაფერი ტირაჟირებულია სხვადასხვა ინტონაციითა და გადმოცემის ნაირ-ნაირი ფორმით. ასეთ სიტუაციაში  ყველამ ცხადად და გასაგებად უნდა გავიაზროთ რეალობა, შევიმეცნოთ საზოგადოებრივი სატკივარი და, რაც მთავარია, ვუერთგულოთ საკუთარ იდეალებს. ვენდოთ, იმ ხალხს, ვისაც ხმა მივეცით. კრიტიკულები ვიყოთ, მაგრამ _ «შიგნიდან», იმ ვარაუდით, რომ გავაუმჯობესოთ მიღწეული და არა ეჭვი შევიტანოთ ჩვენი პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევის გულწრფელობაში.  «შიგნიდან» _ ე.ი. «ქართული ოცნების» პოზიციიდან, თორემ «გარედან» კრიტიკა თავზე საყარია, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო დაპირებების კუთხით.

ავთანდილ მარგიანის ერთი ნაამბობი გამახსენდა. თურმე ბატონი ვასილ  მჟავანაძე სვანეთის სოფელ მულახში ესტუმრა თავისი თანაკურსელის, ომში დაღუპული მფრინავის მამას, ღრმად მოხუცებულ, უსინათლო ადამიანს. მჟავანაძე ხმაზე უცვნია: «შენ ვასო ხარო». «მითხარი, რაც გინდა და ყველაფერს გაგიკეთებო», _ ეუბნება თვალზე ცრემლმომდგარი მჟავანაძე, _ შენ რაც გჭირდება, ის მთხოვეო». მოხუცსაც უთხოვია: «კარგი იქნება, თუ მაკარონის თესლს გვიშოვიო». დღეს ბევრი ამ მოხუცს დაემსგავსა. სხედან და ფიქრობენ, რა მოითხოვონ.

ხელისუფლება სამართლიანობას დაგვპირდა და ასრულებს კიდეც. ის რომ თითოეულ ჩვენგანს ცალი ფეხი ციხეში აღარ გვაქვს, არ არის მიღწევა? ან ის, რომ ადეიშვილი აღარ აზის ბიზნენს და არ განსაზღვრავს, ვინ სად და რისთვის დახარჯოს თავისი გამომუშავებული ფულიპატარა საქმეა? მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ტრაგიკომიკური ის არის, რომ «ქართულმა ოცნებამ» თვითონვე დაიჯერა საკუთარი მისტიური დაპირებები, ანუ ის დაპირებები, რომლებიც მათ ნაცვლად სააკაშვილმა აღუთქვა ხალხს, .. დაიბრალა.

სახელმწიფო «სოციალური უზრუნველყოფის სამსახური» არ არის, მას უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ის ამოცანები, რომლებიც გულმოწყალეობის ღირებულებათა სისტემიდან მომდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილი პროცესებს საღად აკვირდება და გადაწყვეტილებასაც სერიოზული განსჯის შემდეგ იღებს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, თავი ქუდში გვაქვს, მაგრამ არის კონკრეტიკა, რომელსაც გაცნობიერებისა და მოქმედების ეფექტიანობის მექანიზმების შესამუშავებლად პროფესიონალთა პოზიციების შეჯერება სჭირდება. მაგალითებისათვის შორს არ წავალ, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» საშუალებით, მართალია, ცოტა სხვა კონტექსტში, მაგრამ ვურჩიეთ მთავრობას და პარლამენტს, რომ გადასინჯულიყო ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის დადგენის წესები და არსებული ნორმატივები. ეს 2013 წლის ბიუჯეტში უნდა ასახულიყო. სამწუხაროდ, არ მოგვისმინეს. ჩემი პირადი მიმართვებითაც არაფერი გამოვიდა. ბიჭებს სასაცილოდ არ ეყოთ _ «იაკობიძეს იდეები აწუხებსო». ალბათ, ჩემი შეხედულებებისადმი ასეთი დამოკიდებულება, ძირითადად (ლომის წილით) ჩემი ბრალია, მაგრამ ის, რომ საქარველოს ფინანსური ბაზრის რაციონალიზაციის, მის რეალურ სექტორში მსხვილი გადამმუშავებელი სამრეწველო საწარმოების კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, აგრარული სფეროს გაჯანსაღების, ქვეყნის საპენსიო მოწყობის და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ ჩემი დიდი ხნის ნაფიქრი და გამოტანჯული აზრები, ალბათ, რაღაცაში გამოსადეგია, ამაშიც დარწმუნებული ვარ და ამიტომ მინდა არსებობდეს თანამშრომლობის რაღაც სისტემა, რომელიც «ფუჭი საქმიანობის» განცდას მოგვიხსნის.

მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებას ხელს არაფერი უშლიდა, ძველ ტიკში ახალი ღვინო რომ არ ჩაესხა. მხედველობაში მაქვს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, ხომ შეიძლებოდა გადაგვესინჯა თვით ბიუჯეტის ძველი განმარტება, რომელიც თავისი «ორგინალურობით» ღიმილს იწვევს: «პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილებების ერთობლიობა». ვინც ამაში იუმორს ვერ ხედავს, მას იუმორის გრძნობა კი არა, სახელმწიფო ფინანსების არაფერი გაეგება. რას ნიშნავს ეს «სხვა გადასახადები», როდესაც კანონში ჩამოთვლილია ყველა არსებული გადასახადი? რატომ არ განმარტეს, რა არის სარეზერვო ფონდი? კი, გადაჯგუფდა შემოსავლები ხარჯების საჭიროების მიხედვით, ეს მარტო მოსახლეობის სოციალური დაცვის საჭიროების გამო კი არ მოხდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აღდგა სამართლიანობა და, თუ გნებავთ, ვაშინგტონის კონსესუსის მოთხოვნები იქნა გაზიარებული. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაეწია ანგარიში. ტყუილად ხომ არ უწოდა საერთაშორისო მონეტარული ფონდის წარმომადგენელმა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს «პრუდენციული» _ გააზრებული, შეჯერებული, ჭკვიანური.  ყოველივე ეს, არგუმენტებია, რომელთაც ვერ იყენებენ. ამიტომ ვსაყვედურობ მთავრობას, რატომ ვერ გაიაზრა სათანადოდ საკუთარი მიღწევები. ის, რაც შექმენი, სახელდებას მოითხოვს, თუ მისი გამოთქმა ვერ შეძელი, გაგიჭირდება, მოსახლეობას გააგებინო სწორი აზრი.

მსოფლიო მონეტარული ფონდის წევრობა ჩვენგან მოითხოვს, რომ გვქონდეს ერთი, თავისუფლად კონვერტირებადი ფულადი ერთეული, ქვეყანაში ფულის მოძრაობა მიმდინარეობდეს თავისუფალი გადარიცხვების წესით. თუ ამ პირობებს დავიცავთ, მაშინ იგი ვალდებულებას აიღებს, რომ წარმოქმნილი საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს დაგვიფარავს, .. დაგვეხმარება, შეიქმნას პირობები ლარის საცვლელი კურსის სტაბილურობისთვის. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ბანკების განვითარების ისეთი ფორმა, რომელშიც ამჟამად ჩვენი ბანკები იმყოფება _ ისინი საკუთრივ იმ ამოცანებს, რომლებიც შექმნეს, არაფრად აგდებენ და საკრედიტო საქმიანობიდან სასესხო და ფულის მიმოქცევის მომსახურე ორგანოებად გადაიქცნენ. გამოდის, რომ ჩვენი ეროვნული ეკონომიკის აუცილებელმა კავშირმა მსოფლიო გლობალურ გარემოსთან განაპირობა ფინანსური სექტორის განვითარების ცალმხრივობა. ვერ შევძელით ჩვენი ეკონომიკური პროცესების განვითარების, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის თავისთავადობის განმსაზღვრელი მექანიზმების გენერირება და დამკვიდრება. მსოფლიო პრაქტიკა, განსაკუთრებით, ლათინური ამერიკის გამოცდილება, გვიჩვენებს, რომ ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც ასე ცალმხრივად ანვითარებს საკუთარ ფინანსურ სისტემას, შედეგს ვერ აღწევს, ანუ ფინანსური ბაზარი ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორისთვის ხელშემწყობი ფაქტორი ვერ გახდა. ამიტომ ვალდებული ვართ, გადავდგათ ნაბიჯები ქმედითი და ეფექტიანი სადაზღვევო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩვენთან შესაქმნელად. ამ  ინსტიტუტების რაციონალური მოწყობა ხელისუფლების მძლავრი ჩარევის გარეშე შეუძლებლია. ეს მოითხოვს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე სახელმწიფო უწყებათა შორის თანამშრომლობის ახალი ფორმების დამკვიდრებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც მთავარი ფინანსური დოკუმენტი, უნდა ასახავდეს იმ მოსალოდნელ ძვრებსაც, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის ფინანსური ბაზრის ინსტიტუციური სრულყოფისკენ.

არ შეიძლება უსერიოზულესი საკითხები მხოლოდ  რამდენიმე სპეციალისტის განხილვის საგნად დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ფულად და ფინანსურ სივრცეში საქართველოს დრეიფი შეჯერებულია უამრავ პრობლემასთან, მაგრამ ეროვნულ ეკონომიკურ ინტერესებზე აგებული მექანიზმები, რომლებზეც მოგახსენებდით, ისე ვერასოდეს ავაწყობთ ეროვნულ ფინანსურ სისტემას.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here