Home რუბრიკები საზოგადოება გივი ბერძენიშვილი: ავლაბრის რეზიდენცია მავზოლეუმი არაა, რომ იქ სააკაშვილის პოლიტიკური გვამი ბიუჯეტის...

გივი ბერძენიშვილი: ავლაბრის რეზიდენცია მავზოლეუმი არაა, რომ იქ სააკაშვილის პოლიტიკური გვამი ბიუჯეტის ხარჯზე ინახებოდეს!

677

ამა წლის 5 იანვარს საქართველოს მოსახლეობის აშკარა უმრავლესობა ამაოდ ელოდა სასწაულს, კერძოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მისი თანამდებობრივი ხუთწლიანი უფლებამოსილება ამოიწურა, იხსნის რწმუნებას, ნიშნავს მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს და დამშვიდობებისას გაიმეორებდა თავისი წინამორბედის, მასწავლებლისა და ნათლიმამის ფრაზას: «წავედი სახლში!», მაგრამ მიშამ «ნურას უკაცრავადო» ბრძანა და საზოგადოებას, ბოდიში და, ბრაწი უჩვენა!..

_ რატომ არ წავიდა სააკაშვილი? _ ამ კითხვით მივმართე ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, სტალინის ეპოქის გამოჩენილ მკვლევარს, ორი აკადემიის (სამხედრო და ტექნიკური) აკადემიკოსს, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს _ გივი ბერძენიშვილს.

_ ცნობილია, რომ 2008 წლის იანვარში გაყალბებული არჩევნებით მოსულმა სააკაშვილმა თავის «ჯიბის პარლამენტს» უბრძანა, კონსტიტუციის იმ პუნქტისათვის, რომელშიც ჩაწერილია, პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადითო, მიეწერა დამატებით: «პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბერშიო». ამით თვითმარქვია პრეზიდენტმა თვითნებურად, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, ათი თვით გაიგრძელა უფლებამოსილება, რისი უფლება არც პარლამენტს გააჩნდა და, მითუმეტეს, მას!

_ ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე, ბატონო გივი?

_ კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის მთავარი კანონის, უპატივცემულობასთან, მეტიც, კონსტიტუციის მასხრად აგდებასთან! მსგავსი «ნონსენსი», ალბათ, არ მოიძებნება კაცობრიობის კონსტიტუციური განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში!

_ ბატონო გივი, მოსახლეობაში დაიწყო ხელმოწერები მოთხოვნით: «მიშა წადი!!!». უკვე შეგროვილია მილიონამდე ხელმოწერა, მაგრამ სააკაშვილი არათუ გადადგა, არამედ თავის მომხრეებს, უფრო ზუსტად, «თანამეინახეებს» უბრძანა, აქეთ შეეგროვებინათ ხელმოწერები, მოთხოვნით «მიშა არ წახვიდე». ჩემი ცნობითაც, «ფეისბუქში» რის ვაივაგლახით მოგროვდა ხუთასამდე «ხელმოწერა» მისი «თანამეინახეებისა». მოკლედ, მილიონამდე მოწინააღმდეგე და ხუთასამდე მომხრე ძალთა ძალზე არათანასწორი შეფარდებაა და ისმის კითხვა: რას ელოდება ახალი ხელისუფლება?

_ მართლაც, რა საჭიროა ყოველივე ეს ორომტრიალი «დემოკრატიულ, ცივილიზებულ» სახელმწიფოში, როცა დღევანდელ პარლამენტს ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე შეუძლია ლეგიტიმურად გადაწყვიტოს ეს საკითხი?!

_ როგორ, ბატონო გივი?!

_ როგორ და, მოიწვიოს სხდომა და გააუქმოს მინაწერი, რომლის მიხედვითაც «პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბერში», როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და ქვეყნის მოსახლეობის ნება-სურვილის საწინააღმდეგო! ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის, ვაიპოლიტოლოგის, ვაიკონსტიტუციონალისტის აზრიც (რადგან კონსტიტუციაში შესწორება საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბერში ჩატარების შესახებ უფრო გვიან არის ჩაწერილი, უპირატესობა მას ენიჭებაო), აბსურდია!

და, აი რატომ:

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მინაწერი მიღებული იქნებოდა მოსახლეობის თანხმობით (რეფერენდუმი და სხვ.), მაშინ პარლამენტს უნდა გაეუქმებინა წინა ჩანაწერი (ხუთწლიანი ვადის შესახებ); მაგრამ, რადგან პარლამენტმა ეს არ გააკეთა და კონსტიტუციაში დატოვა ორი ურთიერთგამომრიცხავი პარაგრაფი, უპირატესობა ეძლევა პირველს, ხოლო მეორე (უფრო გვიანდელი) ითვლება კონსტიტუციურად უკანონოდ და ძალადაკარგულად! ასე რომ, ის მინაწერი, რომელიც, სააკაშვილის ბრძანებით, მისმა «ჯიბის პარლამენტმა» კონსტიტუციას «მიაკერა», არის ანტიკონსტიტუციური! ასე რომ, სააკაშვილი 5 იანვრიდან აღარ არის პრეზიდენტი და ამას არ სჭირდება არავითარი «გამიშვი და გაგიშვებ!».

_ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახლახან განაცხადა, რომ «იმპიჩმენტის ან გადადგომის მოთხოვნის გაგება ძალიან უჭირთ დასავლეთშიო». თქვენი აზრი ამის შესახებ

_ ეს, მართლაც, სრულიად გაუგებარია ქართული საზოგადოებისთვის! ჯერ ერთი, ქართული საზოგადოება არ ითხოვს პრეზიდენტის არც იმპიჩმენტს და არც გადადგომას. იგი ითხოვს, რომ პრეზიდენტმა, ამოწურა რა თავისი უფლებამოსილება 2013 წლის 5 იანვარს, შეასრულოს კონსტიტუციის მოთხოვნა, მოიხსნას უფლებამოსილება, დანიშნოს ახალი არჩევნები და წავიდეს სახლში, როგორც ეს ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. პრეზიდენტს რომ ებრძანებია პარლამენტისთვის, კონსტიტუციაში ჩაეწერა, მომავალი არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში კი არა, 2015 წლის დეკემბერში დანიშნეო, პარლამენტი ყურმოჭრილ მონასავით არ მოიქცეოდა?

მეორეც, საინტერესოა, დასავლეთში რატომ უკვირთ საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა.

რა, იგივე ამერიკელები დაუშვებენ მსგავს ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! დაუშვებენ იმას, რომ მათმა პრეზიდენტმა ერთი დღით თვითნებურად გაიხანგრძლივოს თავისი უფლებამოსილება?!

ამ საკითხში ბ-ნი პრემიერი, სამწუხაროდ, ცდება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები, მართლაც დემოკრატიული ქვეყანაა, მისი ხალხი, პრეზიდენტი ყველაფერ ამას გაგებით შეხვდება. ისინი არასდროს წავლენ ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს საზიანო ქმედებებზე! «დემოკრატიის ციტადელმა», წესით, არ უნდა დაუშალოს «დემოკრატიის შუქურაში» მცხოვრებ ქართველ ხალხს,  ქვეყანაში კონსტიტუციური, სამართლებრივი წესრიგის დამყარება განახორციელოს, პირიქით! ზემოთქმულის გაგება კი ნამდვილად გაუჭირდებათ მაკკეინს, ბაიდენს, ჩეინისა და მათ მსგავსთ, თუ რატომ, ეს, ალბათ, ყველამ იცის.

რაც შეეხება ბ-ნ პრემიერის შეშფოთებას, ნამდვილად უადგილოა! ამერიკელი ხალხი და მისი პრეზიდენტი ვალდებულნი არიან, მხარი სააკაშვილს კი არა, ქართველ ხალხს და მის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და პრემიერს დაუჭირონ!

მინდა აქვე შევახსენო ბ-ნ ბიძინას, რომ იგი მაკკეინს, ბაიდენს, ჩეინისა და მათ მსგავსთ არ აურჩევია, იგი აირჩია სრულიად საქართველომ, რომელმაც მას _ ივანიშვილს დაუკვეთა, პირველ რიგში სამართალი და სამართლიანი წეს-წყობილება დაამკვიდროს ქვეყანაში! სრულიად საქართველოს კი უფრო სერიოზული საკითხები აღელვებს:

რატომ გარბის ქვეყნიდან პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა, ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირები: ადეიშვილი, ახალაიები, შაშკინი, ზოდელავა, კუდის, სოდის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და ა. შ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პირები თუ მხილებული არიან მძიმე დანაშაულში და «ინტერპოლის» მიერ იძებნებიან, საინტერესოა, ამ დანაშაულს ისინი ვისი ბრძანებით სჩადიოდნენ? იქნებ, ეს მათი პირადი ინიციატივა და თვითშემოქმედება იყო? ამ საკითხმა არ უნდა დააინტერესოს პარლამენტი?! როგორც ჩანს, არ აინტერესებს!

და, თუ აინტერესებს, რატომ ერთხელ მაინც არ მიიწვია პრეზიდენტი  და არ დაუსვა სათანადო შეკითხვები?.. თუ ეს ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, ქვეყნის პირველ პირს არ ეხება?!

როგორც ცნობილი გახდა, ირაკლი ოქრუაშვილმა თავის ადვოკატთან საუბრისას ასეთი რამ განაცხადა: «დამირეკეს, ჟვანია გარდაიცვალაო. მაშინვე იქეთ გავემართე. ჟვანია იატაკზე მკვდარი იწვა, იქვე თავზეხელებშემოწყობილი სააკაშვილი იჯდა. ვიფიქრე, განიცდის-თქო. ცოტა ხანში ის წამოდგა და თქვა: ძლივს არ მოვიცილეთ ეს ჭირიო!».

საკითხავია, ოქრუაშვილის ამ განცხადების მერე და მას შემდეგ, რაც გამოჩნდნენ თვითმხილველები, მოწმეები იმისა, რომ საბურთალოს ქუჩაზე ცნობილ ბინაში ორი ცხედარი მიიტანეს, ვალდებული იყო თუ არა მთავარი პროკურორი, ბ-ნი კბილაშვილი დაკითხვაზე მიეწვია პრეზიდენტი სააკაშვილი?!

ან კიდევ: რატომ არ ინტერესდება პროკურატურა პრეზიდენტის თვითაღიარებით _ აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიით, რომლის შესახებაც სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან პირადად გასცა ბრძანება, დაებომბათ აფრასიძეების ადგილსამყოფელი და ამოეჟუჟათ ისინი?!

ან კიდევ: პროკურატურა როცა აცხადებს, რომ გენერალ თეთრაძის, გენერალ კრიალაშვილის წამებით სიკვდილის საქმე გახსნილიაო, რატომ არ ასაჯაროებს უშუალო დამკვეთისა და შემსრულებლების ვინაობებს?!

ან კიდევ: რატომ აქამდე არ გამოაქვს დღის სინათლეზე აკადემიკოს შარაძის ქალაქის ცენტრში, ქუჩაში, დღისით-მზისით დახვრეტის საქმე, მას შემდეგ, რაც მკვლელობაში ბრალდებულმა ბარათელმა მთავრობის შეცვლის შემდეგ აღიარა, რომ მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია, ხოლო მოკლულის ქალიშვილი ამტკიცებს, როგორც შვეიცარიაში ყოფნისას (სადაც იგი ემიგრაციაში იმყოფებოდა), ასევე საქართველოშიც, რომ მამამისი პრეზიდენტის ბრძანებით დახვრიტეს.

უამრავი უმძიმესი დანაშაულია გამოსაძიებელი და გასახსნელი, პოლიცია კი გუნავას ნარკოტიკის ბრალდებით აპატიმრებს! გუნავასათვის მართლაც რომ აღმოეჩინათ კილოგრამობით ნარკოტიკი, ამ მიზეზით აზრიან პოლიციას იგი არ უნდა დაეჭირა… თუ რატომ, ეს, ალბათ, განმარტებას არ საჭიროებს.

ამ დღეებში მასმედიაში გაჟღერდა ფრიად საინტერესო ამბავი. ფინანსთა მინისტრს, ბ-ნ ხადურს, ორი თვის მანძილზე საუკეთესო მუშაობისთვის პრემიის სახით გამოუწერია 7000 ლარი (ასე გამოაცხადეს ტელევიზორში). თუ ეს მართალია, რა ხდება?! ეს მთავრობაც იმავე დანაშაულს სჩადის, რასაც წინა, როცა ბარამიძემ თავისი მინისტრობის დროს ერთ წელიწადში 45 000 ლარი პრემია გამოიწერა «კარგი მუშაობისთვის»?!

იმავეს სჩადიოდნენ გუბერნატორი გოროზია, აბსოლუტურად ყველა მინისტრი და თანამდებობის პირი!

როგორც შემდგომ, პრესაში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გააჟღერა, თითქმის ყველა მათგანმა განაცხადა, რომ ხელფასი არ ჰყოფნის და… ამიტომო?

მინისტრს, რომელსაც 3500 ლარი აქვს ხელფასი, ბიუჯეტიდან კიდევ ერთ იმდენს იპარავს (თუ რაც ჰქვია მათ დანაშაულებრივ საქციელს), მაშინ, როცა მასწავლებლს, ექიმს, პროფესორს, აკადემიკოსს 200-400 ლარი აქვს ხელფასი და ზოგჯერ მასაც თვეობით ვერ იღებს; როცა ტყიბულის მეშახტეს თვეში 350-400 ლარს უხდიან და ისიც თვეობით ელოდება ხელფასს, ისმის კითხვა, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ან საერთოდ, ამას, სადაც ვცხოვრობთ, სახელმწიფო ჰქვია? იქნებ, ჯუნგლებში ვცხოვრობთ?

საბჭოთა საქართველოში, რომელსაც ზოგიერთი ტელეწამყვანი მუდმივად ამასხარავებს, მინისტრს ხელფასი ჰქონდა 350 მანეთი და არავითარი პრივილეგია. პრემია, როგორც ასეთი, მინისტრისთვის არ არსებობდა! თუკი მინისტრი რაღაც განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოს იმსახურებდა, ამ საკითხს მინისტრთა კაბინეტი წყვეტდა და პრემიერი ბრძანებით აღნიშნავდა. ასეთია წესი ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, მაგრამ, მინისტრი რომ თავის ხელფასს თვითონ იორმაგებდეს ბიუჯეტის ხარჯზე, ამგვარი რამ დედამიწის ზურგზე არსად ხდება.

ასეა თუ ისე, სააკაშვილის მარტო ყოველდღიური გადაადგილება სახელმწიფო ხაზინას 50 ათასი(!) ლარი უჯდება! ეს ციფრი 365 დღეზე რომ გადავამრავლოთ, 18 მილიონ 250 ათასი ლარი გამოვა! ამ თანხით საკმაოდ ბევრი სოციალური პრობლემის მოგვარება შეიძლება! ამიტომ ახალმა მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა უნდა შეიგნონ, ავლაბრის რეზიდენცია მავზოლეუმი არაა, რომ იქ სააკაშვილის პოლიტიკური გვამი ბიუჯეტის ხარჯზე ინახებოდეს!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილი და ნაცხროვა არის სექტა და საქართველოს შავი ჭირი. რომელიც გავრცელდა ამერიკიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here