Home რუბრიკები საზოგადოება ბონდო არველაძე: სომხეთის ხელისუფლებაში სედრაქიანი თუ მოვა, დიდი ალბათობით, აქ 1918 წლის...

ბონდო არველაძე: სომხეთის ხელისუფლებაში სედრაქიანი თუ მოვა, დიდი ალბათობით, აქ 1918 წლის დეკემბრის მოვლენები განმეორდება

1054

სომხეთის პრეზიდენტობის ერთერთმა კანდიდატმა ვარდან სედრაქიანმა რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ჯავახეთს კი სომხეთს «დაუბრუნებს» და ამით რუსეთთან საერთო საზღვარს უზრუნველყოფს. სედრაქიანმა ისიც აღნიშნა, რომ აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი ისტორიულად ქუთაისი იყო, ამიტომ მისი დამოუკიდებლობა ქუთაისთან ერთად უნდა აღდგეს. შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 თებერვალს ტარდება. ამის ფონზე კი პრეზიდენტობის კანდიდატის ესოდენ მძაფრ განცხადებას საქართველოში, ბუნებრივია, ადეკვატური რეაქცია მოჰყვარა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს დღეს რეალურად ვარდან სედრაქიანი და რამდენად საფრთხისშემცველია მისი განცხადება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არმენოლოგი ბონდო არველაძე.

_ ბატონო ბონდო, ვარდან სედრაქიანის სკანდალურმა განცხადებამ, საქართველოს დავაქუცმაცებო, ჩვენი საზოგადოება შეძრა. სანამ მთავარზე გადავალთ, მოდით, ჯერ მკითხველს კარგად გავაგებინოთ: ვინაა და რას წარმოადგენს ეს ადამიანი?

_ როგორც ჩანს, ეს სედრაქიანი ახალი სახეა სომხურ პოლიტიკაში, მის ბიოგრაფიაზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ, თვითონ მისი განცხადებიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ეს პიროვნება არის დაშნაკურ-ნაციონალისტური განწყობილების გამომხატველი. ამ განწყობილების მქონე ადამიანები, ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვან ნაწილში, მაგრამ დღევანდელი სომხური საზოგადოების გარკვეულ ფენაში მრავლად არიან. ამას აქვს თავისი ობიექტური ისტორიული მიზეზებიც, რაზეც საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება სედრაქიანს, ეს კაცი, ამ თავისი ერთი კონკრეტული განცხადებით, ჭკუამოკლე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და რატომ: _ სომხების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ მათი სასიცოცხლო გზა გადის საქართველოზე. გავიხსენოთ 2008 წლის მოვლენები, როდესაც აქ ომი ატყდა და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ისინი კინაღამ შიმშილით ამოწყდნენ. კიდევ ცოტაც და ოფიციალური ერევანი განგაშს ატეხდა. ახლა რა გამოდის? ბატონი სედრაქიანი როდესაც ამბობს, მე თუ მოვალ, ამას და იმას ვიზამო, ამით ის რეალურად თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს აყენებს საფრთხის ქვეშ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ესაა, ფაქტობრივად, იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ. სომხეთის პოლიტიკურ წრეებში არიან ჭკვიანი ადამიანები და ისინი ამას კარგად აცნობიერებენ. რა თქმა უნდა, საგანგაშოა, როცა მეზობელ სახელმწიფოში ასეთი განცხადებები კეთდება, მითუმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, ამგვარი შეხედულებების მქონე პიროვნებებს დღევანდელ რეალობაში პოლიტიკურ ასპარეზზე არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. მათ გამონათქვამებს სერიოზულად არავინ აღიქვამს.

_ გინდათ, თქვათ, რომ არჩევნებში სედრაქიანის გამარჯვების შანსი  მინიმალურია?

_ ვიმეორებ: დღეს სომხეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კარგად იცის, რომ მათი სასიცოცხლო გზა, არტერია, გადის საქართველოზე, ამიტომ არც ერთი საღად მოაზროვნე მოქალაქე მხარს არ დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც ფაქტობრივად ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ სასიცოცხლო არტერიას გადაჭრის.

_ სედრაქიანი არ ამბობს, რომ სომხეთს ბლოკადაში მოაქცევს, პირიქით, ის პირობას დებს, რომ საქართველოს ტერიტორიებს მიიერთებს და რუსეთთან საერთო საზღვარს უზრუნველყოფს.

_ ესაა ზღაპარი და შეუძლებელია, ამაზე  სერიოზულად ვისაუბროთ. ასეთი ზღაპრები ადრეც ბევრი გამიგონია და, რომელ ავადმყოფურ გონებაში იხარშება მსგავსი სისულელეები, კარგად ვიცი. ამას ქადაგებენ სომეხი ვაიპოლიტიკოსები, რომელთა ტვინებშიც დიდი არმენიის იდეა უკვე ფსიქოზშია გადასული.

_ გასაგებია, მაგრამ ის, რომ წინასაარჩევნოდ კანდიდატი ასეთი განცხადებით ცდილობს ქულების დაწერას, გარკვეულწილად, ალბათ, ამომრჩევლის დაკვეთაზეც მიანიშნებს. ცხადია, სედრაქიანის ეს გამოსვლა ელექტორატზე იყო გათვლილი.

_ ამიტომაც აღვნიშნე დასაწყისში, ამ განწყობილების ხალხი არის-მეთქი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არაა უმრავლესობა.

_ გამოდის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლის უმცირეს სეგმენტზე მუშაობს? მაშინ საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. საქართველოში რომ ეთქვა ვინმეს მსგავსი რამ, დარწმუნებული ვარ, ლიბერალები აქციებს აქციებზე გამართავდნენ.

_ საქმე ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ლიბერალები, თქვენ რომ ახსენეთ, ყველაფერზე რეაგირებენ, რაც მართლა საყურადღებოა, მაგრამ ძირითადად ეს ხდება ცალმხრივად. რას ვგულისხმობ: მხედველობაში მაქვს ის, რომ, ერთის მხრივ, ისინი კრიჭაში უდგანან გარკვეულ ძალებს; მეორე მხრივ კი, თვალს ხუჭავენ  ისეთ მანკიერებებზე, რომლებზეც მთელი მსოფლიო მიგვითითებს. სომხური საზოგადოება, ამ თვალსაზრისით, ცოტა სხვა ტიპისაა _ იქ თუ ვინმეს რამე მათთვისვე საზიანო წამოსცდება, ამაზე განგაში არ ტყდება, ანუ, როგორც იტყვიან, თავიანთ მკვდარს თვითონვე მარხავენ. სედრაქიანმა ისედაც კარგად იცის, რომ მისი შანსი პრაქტიკულად ნულია, ამიტომ ის, რომ განცხადებას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გააკეთებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

_ ამგვარმა განცხადებებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში?

_ კონკრეტულად ამ განცხადებაზე თუ მეკითხებით, კიდევ გიპასუხებთ, რომ ამ ყველაფერს, როგორც საფრთხეს და საშიშროებას, ისე უნდა შევხედოთ. ჩვენ არ ვიცით, ისტორიის ჩარხი როგორ დატრიალდება, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მართლა რომ მოვიდეს სედრაქიანის კატეგორიის ადამიანი მეზობელი ქვეყნის სათავეში, კატასტროფა გარდაუვალი იქნება _ დიდი ალბათობით, შეიძლება განმეორდეს ის, რაც 1918 წლის დეკემბერში მოხდა, როცა დაშნაკური მთავრობა თბილისის ასაღებად წამოვიდა. არ მინდა ვინმემ გადაჭარბებაში ჩამომართვას, მაგრამ ის დაშნაკური სული დღესაც ცოცხალია, შეიძლება მიძინებულია, მაგრამ არსებობს. არ ვიცი, გინახავთ თუ არა, სომხეთში გამოცემული აქვთ სახელმძღვანელოები, ატლასები, რუკები, რომელთა მიხედვით თურმე მთელი საქართველოს ტერიტორია ლიხის ქედამდე ისტორიულად მათი ყოფილა. სხვათა შორის, ეს რუკები 1919 წელს დაშნაკებმა სტამბულის კონფერენციაზე წარადგინეს და თავიანთი მომხრეების _ საფრანგეთის, ინგლისის წარმომადგენლების დახმარებით სცადეს მისი დამტკიცება, როგორც ისტორიული დოკუმენტის. მაშინ გამოვიდა თურქეთის წარმომადგენელი და ნახევარ საათში გააბითურა მათი რუკები. მან აჩვენა, რა სიყალბე იყო ეს ყველაფერი. ამით რის თქმა მინდა: ის, რაც ახლა გვესმის სედრაქიანისა და მისნაირი ადამიანებისგან, დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ამას ფესვები აქვს ღრმა წარსულში, რაზეც ერთმა ჭკვიანმა კაცმა მოსწრებულად თქვა: სომხებს ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთ. ასე მოვდივართ, საუკუნეებია, ეს ჩვენთვის უცხო ხილი არ არის.

_ ჯავახეთის რეგიონს ბევრი ადარებს დენთით სავსე კასრს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. სედრაქიანის ან ამ ტიპის სხვა განცხადებამ რამდენად შეიძლება დეტონატორის ფუნქცია შეასრულოს?

_ ეს უფრო ჩვენზეა დამოკიდებული, ვიდრე გარე ძალაზე. ჯავახეთის საკითხი ძალიან დელიკატურია და ვფიქრობ, ამაზე უფრო საფრთხილო თემა დღეს საქართველოში არ არსებობს, მნიშვნელობა არ აქვს, ექსპერტები რას ფიქრობენ, რა შეფასებები კეთდება, მთავარია, მთავრობა რა ზომებს იღებს და როგორ რეაგირებს, როცა სადმე საფრთხე ჩნდება. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ვერ ვუვლით, მაგრამ არც ისე შეიძლება, უმცირესობები დაიცვა და ამ დროს უმრავლესობას თავზე ჭერი დაამხო…

_ ჯავახეთში ქართული სკოლების ნაკლებობაა. ადგილობრივების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება ძალიან ნელა მოქმედებს ამ პრობლემების გადასაჭრელად. ეს ყველაფერი ხომ უკვე ქმნის საფუძველს, ეთნიკურმა უმცირესობებმა თავიანთი უფლებების დაცვაზე ისაუბრონ?

_ მე ერთი რამის თქმა შემიძლია, სედრაქიანმა ხომ განაცხადა, ჯავახეთს ავტონომიას მივცემო, მას ვეკითხები: თუ ის ასეთი დემოკრატია, სომხეთში, აპარანის რაიონში რომ 70-90 ათასი ქურთი ცხოვრობს, რატომ არ აქვთ არც ქურთული სკოლა, არც უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, არც რადიო, ტელევიზია და ა.შ.? უფრო მეტიც, აღწერის დროს სომხებმა იეშმაკეს და ქურთები და იეზიდები ცალ-ცალკე ჩაწერეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ რიცხობრივად ნაკლები გამოჩენილიყვნენ უმცირესობები. აი, რა პოლიტიკას ატარებენ ისინი თავიანთ ქვეყანაში. ასე რომ, პატივცემულმა სედრაქიანმა ჯერ საკუთარ პრობლემებს მიხედოს და შემდეგ ილაპარაკოს სხვების ავ-კარგზე.

_ ადრე სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებაზეც იყო საუბარი.

_ სად, რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, ერთი ანალოგი გვაჩვენონ. ხომ მთელ მსოფლიოში ჰყავთ დიასპორები, სადმე, როდესმე დაუყენებიათ ეს საკითხი?! საფრანგეთში ათეულათასობით სომეხი ცხოვრობს, რატომ იქაც არ ითხოვენ ავტონომიას?! ან კიდევ: ჩვენი საპატრიარქოს მიმართ რომ აქვთ პრეტენზიები, დაგვაფინანსოსო, მაშინ დააფინანსოს ეჩმიაძინმაც იმავე ქურთების სალოცავი, მათი კულტურული ღონისძიებები…

_ თქვენ დასაწყისში თქვით, რომ სედრაქიანის კატეგორიის ადამიანი თუ მოვა მეზობელი სომხეთის სათავეში, ჩვენი ურთიერთობისთვის ეს კატასტროფა იქნებაწამით წარმოვიდგინოთ, რომ ის პრეზიდენტი გახდა, როგორ წარიმართება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები?

_ ეს ზღაპარია. სერდაქიანი ვერ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ, თუ კი მაინცდამაინც დავუშვებთ ამ ალბათობას, ეს რა უბედურებაც ჩვენთვის იქნება, ათი იმდენი უბედურება იქნება სომხებისთვის. მე ნამდვილად არ ვუსურვებ მეზობელ სახელმწიფოს ამგვარ განსაცდელს. საერთოდ, სომხურ პოლიტიკურ რეალობაში ერთი-ორი სედრაქიანი ყოველთვის იყო, მაგრამ მათ, ალბათ, უსასრულოდ მოუწევთ ლოდინი, სანამ მათი აღზევების დრო მოვა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here