Home რუბრიკები საზოგადოება 74 წლის ავადმყოფ ქალს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნასვამ მუშას _...

74 წლის ავადმყოფ ქალს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნასვამ მუშას _ 7 წლით, მერაბიშვილის ბიძას _ გირაო და თავისუფლება!

686

ლევან სტეფანეს ძე თუმანიშვილი (იგივე სტეპანიჩი) ვანო მერაბიშვილის დედის ძმა გახლავთ. იგი წლების განმავლობაში შპს «ტაოს» ხელმძღვანელი იყო. 2012 წლის 22 ნოემბერს მერაბიშვილს  სწორედ ეს ბიძა დაუჭირეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2007 წლიდან დღემდე შპს «ტაოს» მიერ უკანონოდ იქნა გაჩეხილი და განადგურებული ტყის დიდი მასივები ადიგენის რაიონში. უკანონოდ ნიშნავს ლიცენზიის გარეშე, რომ ვითომდა ხეტყის შესყიდვა ხდებოდა ლიცენზიის მქონე ადგილობრივი მოსახლეებისგან. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი აზრზე არ იყვნენ, რა ხეტყე იყიდა მათგან სტეპანიჩმა, 33 დაკითხული მოწმიდან არც ერთს არასოდეს მიუყიდია ხეტყე შპს «ტაოსთვის» და, რაც მთავარია, შესყიდვის დოკუმენტებზე დატანილი ხელმოწერები მათი არ არის.

ამის შემდეგ იწყება «ბოზიშვილობის» ისტორია. ვაკონკრეტებთ: როგორც კი ლევან თუმანიშვილმა გაიგო, რომ რეინჯერები იკითხებიან მოწმის სახით, დაიწყო მათზე ზეწოლა და მუქარა, რათა ჩვენება არ მიეცათ. მაგალითად, ერთ-ერთი რეინჯერის _ ვეფხია ბაქრაძის განცხადება ასეთია: «რატომ უნდა იყოს ჩემი პატარა შვილი ბოზის შვილი. სტეპანიჩმა მითხრა, იცოდე, შენს შვილს სკოლაში ბოზის შვილს დაუძახებენო».

მოწმეებზე ზეწოლის ფაქტები სხვაც გამოვლინდა, რომელთა გათვალისწინებით 15 დეკემბერს ლევან თუმანიშვილი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 16 დეკემბერს მან სიმულაცია გაითამაშა. ეს ჩვენი ტერმინი არ არის, სამართალდამცავების ტერმინოლოგიას ვხმარობთ, რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს წააფერისტებას. კერძოდ, დაკავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ლევან თუმანიშვილს დაემართა გულყრები, რის შემდეგაც იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი თბილისში. იქ ჩაუტარდა სამედიცინო  გამოკვლევები, მაგნიტორეზონანსულის ჩათვლით; დადგინდა, რომ ზვიგენსაც კი არ აქვს ისეთი იმუნიტეტი, როგორიც ლევან თუმანიშვილს თავის ასაკში. ჩვენ გადმოგვცეს ამ გამოკვლევათა შესახებ ყველა ცნობა. ამის შემდეგ ვანოს ბიძა ისევ ახლაციხეში გადააბრძანეს, სრულიად საღსალამათი და რატომღაც კარგ ხასიათზე მყოფი. მალევე გაირკვა მისი კარგი ხასიათის მიზეზი: სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლევან თუმანიშვილი 18 დეკემბერს გირაოთი გამოუშვა.

გივი პაპუაშვილი _ სამცხეჯავახეთის სამხარეო პროკურორი:  

_ როდესაც ოლქის საფინანსო პოლიციაში მოპოვებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია შპს «ტაოს» ხელმძღვანელი პირების მიერ ხეტყის უკანონო ჭრის განხორციელებისა და ხეტყის შესყიდვის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების თაობაზე, ამავე პოლიციაში დაიწყო გამოძიება. გამოძიების პროცესში შემოწმებული იქნა ტყეკაფი და პარალელურად შპს «ტაოდან» ამოღებული იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის დათვალიერების შედეგად გაჩნდა ეჭვი, თუ რამდენად სწორად არის ეს დოკუმენტაცია შედგენილი. გამოძიებით გაირკვა, რომ შპს «ტაოს» ხელმძღვანელების მიერ შედგენილია ყალბი შესყიდვის აქტები, რომელთა მიხედვით ჩანს, რომ თითქოს შპს «ტაოს» სხვადასხვა ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს ხეტყის მასალა. შესყიდვის დოკუმენტების ხელმოწერის გრაფაში იყო იმ პირების ხელმოწერები. გამოძიება წავიდა მარტივი გზით და პირველ რიგში დაიწყო დოკუმენტებში მითითებული ფიზიკური პირების დაკითხვა.  დღეისათვის დაკითხული აბსოლუტურად ყველა პირი აცხადებს, რომ მათ საერთოდ არანაირი ხეტყე არ მიუყიდიათ «ტაოსთვის» და შესაბამისად არც წარმოდგენილ დოკუმენტებზეა მათი ხელმოწერა. პარალელურად ჩვენ დავკითხეთ შპს «ტაოს» ხელმძღვანელობა და ბუღალტერი. ძიება ჯერ არ დასრულებულა, გამოძიება გრძელდება, ჩატარდება ხელმოწერების ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ზემოხსენებული საბუღალტრო დოკუმენტების სიყალბე, ხოლო ამ ეტაპზე,  როდესაც 33 კაცი ამბობს, რომ შესყიდვის დოკუმენტში არ არის მისი ხელმოწერა და არანაირი ხეტყე მას არ გაუყიდია, გამოძიებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არ გაიზიაროს მოწმეთა ჩვენებები. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზა მაინც ჩატარდება და ამ ნაწილში კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება დაიდება.

_ თუ ისინი არამაშინ ვინ აწერდნენ შესყიდვის დოკუმენტაციას ხელს?

_ მათ მაგივრად, გამოძიების ვარაუდით, ხელს აწერდნენ ლევან თუმანიშვილი, მთავარი ბუღალტერი და ფირმის სხვა თანამშრომლები. ზუსტად ამ შეკითხვაზე პასუხს ექსპერტიზის დასკვნა გასცემს. იცით, როგორ ხდებოდა ეს? მათ ხელთ ჰქონდათ რაიონში მცხოვრები სხვადასხვა პირის დემოგრაფიული მონაცემები. ისინი შესყიდვის დოკუმენტებში უთითებდნენ ამ პირთა მონაცემებს და მათ ნაცვლად აწერდნენ ხელს. ეს ხალხი დაკითხვის დროს  თვითონ იყო გაოგნებული, _ კი, მაგრამ ჩვენგან რად უნდოდა ხელის მოწერა, ლევან თუმანიშვილს რამდენიც უნდოდა, იმდენ ხეს ჭრიდა?!  ჩვენი აზრით, ყალბ დოკუმენტაციას ლევან თუმანიშვილი თავისი უკანონო ქმედებების «გასაპრავებლად» ამზადებდა. რა თქმა უნდა, ეს სრული სია არაა. დღეისათვის მხოლოდ 33 პირის მიერ ხელმოწერილი 50-60 დოკუმენტია შესწავლილი.  კიდევ შესამოწმებელია  დაახლოებით 300-400 ანოლოგიური დოკუმენტი. სავარაუდოდ, ისინიც ყალბი აღმოჩნდება, რაც გამოძიებას უკვე საკმაოდ სერიოზულ ციფრზე გაიყვანს. მინდა გითხრათ, რომ ის ბრალდება, რომელიც დღეს აქვს წაყენებული ლ. თუმანიშვილს, არ არის საბოლოო. გამოძიების პროცესში ახალი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე ბრალი, სავარაუდოდ, უფრო დამძიმდება და არა მარტო სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის ნაწილში. არ არის გამორიცხული, ლ. თუმანიშვილის ქმედებაში გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნებიც.

_ რა განაცხადა ლევან თუმანიშვილმა დაკითხვაზე?

_ თუმანიშვილმა დაკითხვაზე აბსოლუტურად ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ არც ერთი დოკუმენტი მისი დამზადებული არ არის, რომ მას უკანონოდ არ უწარმოებია არაფერი. ხელმოწერებზე განაცხადა, რომ შუამავლების საშუალებით ახდენდა ხეტყის შეძენას და შესაბამისად დოკუმენტაციას შუამავლები ავსებდნენ, თუმცა გამოძიებით ლ. თუმანიშვილის ეს ვერსია გაბათილდა. შემდგომ ლ. თუმანიშვილმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, ვფიქრობ, მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ იმიტომ, რომ გამოძიების პროცესში მას წარუდგინეს ყალბი დოკუმენტაცია, რომლის ნაწილი მისივე ხელით არის შევსებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აღიარებით არ შემოვიფარგლებით და ხელმოწერებს ექსპერტიზაზე გავუშვებთ. ახლა, რაც შეეხება ხეტყის უკანონო ჭრას, ამ ნაწილში გამოძიებამ დღეისათვის დაადგინა 6000 მ3-ზე მეტი ხეტყის უკანონო ჭრის ფაქტი და შესაბამისად 126 ათასი ლარის ზიანი, თუმცა ამ ნაწილში ლევან თუმანიშვილისთვის ბრალდების წაყენება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუმანიშვილს მიეცა წინადადება, 45 დღის განმავლობაში აანაზღაუროს ზარალი. თუ ამ 45 დღეში მისი ფირმა არ აანაზღაურებს ზარალს, დადგება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ ამ რეჟიმში ვართ ახლა. თუმანიშვილს წაყენებული აქვს ბრალი სსკ-ის  210-ე მუხლი მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ ჯგუფურად, ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება-გამოყენებისთვის. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების პროცესში დადგინდა ლევან თუმანიშვილის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტები. ეს კი წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელის შეშლას. უფრო მეტიც, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან თუმანიშვილი არამარტო ზემოქმედებას ახდენდა მოწმეებზე, არამედ ე.წ. შავი გაგებით ესაუბრებოდა ერთ-ერთ მოწმეს, რომელსაც  ეუბნებოდა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა «ბოზობაა» და, თუ ის «იბოზებს», მის შვილს «ბოზიშვილს» დაუძახებენ სკოლაში. იმ ფონზე, რომ წლების მანძილზე «ნაცმოძრაობას» დეკლარირებული ჰქონდა ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა, აღმოჩნდა, რომ თვითონ ვანო მერაბიშვილის ბიძა «შავობს».

ცნობილია, რომ რაიონში ლევან თუმანიშვილის გარეშე ვერავინ შეიტანდა პურს მაღაზიაში. მას ჰქონდა და ახლაც აქვს თავისი საცხობი, რომელშიც ცხვებოდა ე.წ. უდის პური. როდესაც მაღაზიაში სხვა ვინმეს შეჰქონდა პური, იქ ეუბნებოდნენ, რომ, სანამ უდის პური არ შემოვა, მანამდე თქვენს პურს ვერ მივიღებთ, ლევან სტეპანიჩს ეწყინებაო.

_ ვიცი, რომ სტეპანიჩის მხრიდან სიმულაციას ჰქონდა ადგილი

_ როდესაც ლ. თუმანიშვილი დააკავეს, მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში, ღამის საათებში ისე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, რომ გამოძიებისთვის არც კი შეუტყობინებიათ. ამის შესახებ ჩვენ პოსტფაქტუმ გავიგეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება მისი თბილისში გადაყვანის შესახებ და ჩავიყვანეთ თბილისში, იქ შემოწმდა, აღმოჩნდა სავსებით ჯანმრთელი და ჩამოვიყვანეთ უკან _ ახალციხეში, ანუ ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ აზრის დამკვიდრებას, რომ  ვანოს ბიძა დაკავების შემდეგ გახდა ავად.  ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და, რამდენადაც ვიცი, ამ ფაქტის გამო დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსი განთავისუფლდა სამსახურიდან.

_ რა სახის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს?

_ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს პირველ რიგში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი გარემოება, რომ გამოძიებას ხელი არავინ შეუშალოს. იმის გამო, რომ ჩვენ მიერ დადგენილ იქნა ფაქტი, რომ ეს პიროვნება ხელს უშლიდა გამოძიებას, სახელდობრ, მოწმეებზე ახდენდა ზემოქმედებას, რათა მათ არ მიეცათ ობიექტური ჩვენება, რაც აღძრავდა საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ ლევან თუმანიშვილი გააგრძელებდა მოწმეებზე ზემოქმედებას, ამიტომ  მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით ლევან თუმანიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის თაობაზე. იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ემსჯელა ჩვენს არგუმენტებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება, მოსამართლემ საერთოდ გვერდი აუარა ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებს და ისე მიიღო გადაწყვეტილება; სახელდობრ, მიუთითა, რომ ლევან თუმანიშვილის ასაკი (იგი არის 66 წლის), მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ის არ დაემალება გამოძიებას და ამის გამო მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრებმა ეს თანხა სულ რაღაც 15 წუთში გადაიხადეს და ლევან თუმანიშვილი გამოიყვანეს ციხიდან. ანუ პირს, რომელსაც უკვე დღეს, პირველადი ბრალის მიხედვით, 100 000 ლარზე მეტი ზარალი აქვს მიყენებული სახელმწიფოსთვის, ამასთან არსებობს დიდი ალბათობა, რომ ზარალის ოდენობა მომავალში გაიზრდება, სასამართლო უშვებს 50 000-ლარიანი გირაოთი, ეს ხომ სასაცილოა. ამ შემთხვევაში მის მიერ გადახდილი გირაოს თანხა როგორ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზანს, კერძოდ, იმას, რომ ამ თანხის დაკარგვის შიშით ის არ დაემალება გამოძიებას? განგიმარტავთ მარტივად: როდესაც პირს ედავებიან 500 000 ან 1 000 000 ლარის ზარალის მიყენებას, ის დაუფიქრებლად გაიღებს გირაოს სახით შეტანილ სულ რაღაც 50 000 ლარს და მიიმალება. ზუსტად ამიტომ ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება და ვითხოვთ ლევან თუმანიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევას.

 «საქართველო და მსოფლიომ»  მოიპოვა დოკუმენტთა ნუსხა, რომელთა მიხედვით, პირველ რიგში, ლევან თუმანიშვილის საქმეში მონაწილე მოსამართლის _ გიორგი ლონდარიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ესაა განჩინებების ექსკლუზიური ნუსხა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

მაშ ასე, ვანო მერაბიშვილის ბიძა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ გაათავისუფლა შემდეგი მიზეზების გამო:

1. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2. მისი ხანდაზმული ასაკიდან (66 წელი) გამომდინარე და გირაოს სახით 50 000 ლარი დაუწესა.

ამჯერად მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს ჩვენ მიერ მოპოვებულ განჩინებათა ნუსხიდან, საიდანც ჩანს, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ როგორ მიუსაჯა 74 წლის მოხუც ქალს რაღაც დოკუმენტაციური შეცდომისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (მისი ავადმყოფობის მიუხედავად), ხოლო მუშას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას და ავარია მოახდინა (რომლის შედეგად სერიოზულად არავინ დაზიანებულა), 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა. ამ განჩინებებს უცვლელად გთავაზობთ. აქვე წარმოგიდგენთ ლევან თუმანიშვილის ჯანმრთელობის ცნობას (გამოკვლევები მას მაღალი ტექნოლოგიების ცენტრში ე. წ. ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა), რის შემდეგაც დაისმის კითხვა _ რატომ გაათავისუფლეს, შავი გაგებისა და «ბოზიშვილური» მენტალიტეტის მოყვარული სტეპანიჩი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან _ ვანოს ბიძობის გამო?!

ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით ლევან თუმანიშვილს, მაგრამ, როგორც გაირკვა, იგი კომენტარს არ იძლევა. ამასთან, გახდება თუ არა ლევან თუმანიშვილის დაპატიმრების მიზეზი მისთვის ახალი ბრალდების წარდგენა,  მოგვიანებით შევიტყობთ.

თამარ ნაზღაიძე

 

1 COMMENT

  1. აი ხომ ხედავთ კარგო ქართველებო არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ და მერაბიშვილის ბიძას მაინც არ იჭერს. რა ხდება? ესენი ერთი გუნდი არიან მთელი პოლიტიკოსები და ხალხს გვატყუებენ. ხოდა ამათ რევოლუცია უნდათ ოღონდ ნამდვილი და არა ქაღალდის ან ხავერდიის

  2. უცენზურო არაფერი დამიწერია და ვინც ამოწმებთ ამ ნაბეჭდებს გთხოვთ ნუ დაბლოკავთ…….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here