Home რუბრიკები სამართალი ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი კავკასიის პოლ პოტია

ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი კავკასიის პოლ პოტია

950

საქართველოში პოლიტპატიმართა ამნისტია ძალაში შევიდა. გათავისუფლებულთა შორის არის ვახტანგ მაისაია _ დიპლომატი, პოლიტოლოგი, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. «გოლოს როსიისთვის» მიცემულ ინტერვიუში იგი ყვება, როგორ შეუთითხნეს ბრალდება და ქართულ ციხეს საკონცეტრაციო ბანაკს ადარებს.

_ რისთვის დაგაკავეს და რაში დაგდეს ბრალი?

_ მე შპიონაჟში და სამხედრო შპიონაჟში დამადანაშაულეს, ანუ ორი მუხლით წამიყენეს ბრალი. ბრალი დამდეს როგორც ნატოს, ასევე რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში, რაც თავისთავად პარადოქსია. ასეთ ბრალს უყენებდნენ ქართული ოპოზიციის არაკეთილსაიმედო წარმომადგენლებს. თუმცა რეალურად მოტივი პოლიტიკური იყო _ მე თავს უფლებას ვაძლევდი, სააკაშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკული აზრი გამომეთქვა. მე მას ომის დროს ჩადენილი მოქმედებებისთვის ვაკრიტიკებდი, იმისთვის, რომ მშვიდობიანი ცხინვალი დაბომბა და როგორც მთავარსარდალი, უღირსად მოიქცა. ჩემი საქმე ძალიან მოცულობითია _ ხუთ ტომს მოიცავს. წარმოგიდგენიათ? შეთითხნილი მასალების ხუთი ტომია!

_ მართალია, რომ წიგნი დაწერეთ?

_ წიგნი ინგლისურ ენაზე დავწერე და იგი 2009 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო. პირადად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ლონდონსა და ბრატისლავაში, რომ წიგნი გამომეცა. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის სრულ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიზს წარმოადგენდა.

_ მოგვიყევით თქვენი გათავისუფლების შესახებ. როგორ მოხდა ეს და რა იყო საბაბი?

_ მე პოლიტიკური ამნისტიით გამათავისუფლეს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრის ბოლოს მიიღო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია. აი, ამ ამნისტიით გავთავისუფლდი და, რაც მთავარია, პარლამენტის დადგენილებით, სხვა 190 პირთან ერთად პოლიტპატიმრის სტატუსი მომაკუთვნეს.

_ როგორ გესახებათ გამოსავალი რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ჩიხიდან?

_ რთულია რაიმეს თქმა ამ ეტაპზე. მაგრამ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა… ალბათ, ამ ნაბიჯებს შეუძლია შეარბილოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობები. ვფიქრობ, საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას პოლიტიკური კურსი აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიყავს. ეკონომიკური, კულტურული კავშირები უნდა აღდგეს. შემდეგ კი პოლიტიკური ურთიერთობებიც უნდა მოწესრიგდეს, თუმცა, ბუნებრივია, კონსენსუსი ორივე მხარეს შორის აუცილებელია.

_ რას ფიქრობთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე? რა ცვლილებები გველის? რა იმედები გაქვთ?

_ დიდი ცვლილებები გველის. სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმი მოუსავლეთში მიდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. საპარლამენტო არჩევნებმა ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დაინგრეს. ამ მიმართულებით უკვე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს ქართული დემოკრატიის დიდი წარმატებაა. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სრული უფლება აქვს იმ თავისუფლებისა, რომელსაც იმსახურებს.

_ სააკაშვილის რომელ ძირითად შეცდომებს გამოყოფდით რუსეთთან ურთიერთობაში და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირების თვალსაზრისით?

_ მიხეილ სააკაშვილის ყველა ნაბიჯი საქართველოს შიდა პოლიტიკაში იყო აბსოლუტურად მცდარი, იმიტომ, რომ მან რეპრესიული სისტემა დაამკვიდრა. ეს იყო «კავკასიელი პოლ პოტის» რეჟიმი. ერთ-ერთ ჩემს პუბლიკაციაში სააკაშვილს კავკასიელი პოლ პოტი ვუწოდე. ის ავანტიურული პოლიტიკაც, რომელსაც სააკაშვილი საერთაშორისო დონეზე ეწეოდა, სწორედ ამას ამტკიცებს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მილიტარისტული გამონათქვამებითა და არაკომპეტენტური პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ეს არის მთავარი. ის, რომ ქართველი ხალხი ამ კერპისგან გათავისუფლდა, ქართული დემოკრატიის განვითარებაში მთავარი გარღვევაა. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების წინაპირობაა.

_ გათავისუფლების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?

_ გათავისუფლება ჩემთვის მეორედ დაბადებაა; ყოველდღიურად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიდექი, რადგან ქართული ციხე, ციხე კი არა, საკონცენტრაციო ბანაკია. ეს ქართული გულაგი იყო, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი ხალხის ძვლებზე ააშენა. ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ამ გულაგში, ბევრი კი დღესაც იქ ზის.

«საქართველო და მსოფლიო» გულითადად ულოცავს ვახტანგ მაისაიას და ყველა პოლიტპატიმარს პატიმრობიდან გათავისუფლებას და წარმატებებს უსურვებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here