Home რუბრიკები საზოგადოება ჩაანაცვლა თუ არა კეზერაშვილმა ივანიშვილი, ანუ ოპერის თეატრის დიდი ანტრაქტი

ჩაანაცვლა თუ არა კეზერაშვილმა ივანიშვილი, ანუ ოპერის თეატრის დიდი ანტრაქტი

1180

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე და ტექნიკური დირექტორი ზურაბ ლომიძე იანვრის მოჟამულ ამინდში სამეურნეო ეზოში დამხვდნენ თეატრის რეკონსტრუქციაგანახლების სამუშაოების დასათვალიერებლად მიპატიჟებულ და პატივდებულ საქართველო და მსოფლიოს კორესპონდენტს.

ორნი, როგორც ერთი გუნდი, ამ საშვილიშვილო საქმეს შეჭიდებულნი და მისი ღირსეულად დაგვირგვინებისთვის თავდადებით მოღვაწენი.

ბატონი დავითი ისტორიით იწყებს:

–162 წლის წინათ, 1851 წლის 12 აპრილს თბილისში პირველი ოპერა დაიდგა. შენობა, სადაც სპექტაკლი წარმოადგინეს, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, იმ მიწაზე იდგა, რომელიც ქართველ დიდვაჭარს ეკუთვნოდა _ დიდი რუსი მომღერლის _ თეოდორე შალიაპინის მამას. ამაზე ლაპარაკი კომუნისტების დროს აკრძალული იყო.

რომ შალიაპინი ქართველი იყო?

– ქართული სისხლისა და გენის.

(ესეც ერთი დამატებითი შტრიხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დღეს განსაკუთრებით გააქტიურებული პრობლემისთვის).

პრემიერის მეორე დღეს (`ლუჩია დი ლამერმური~ იყო პირველი სპექტაკლი) თბილისელები, კინტოებიდან მოყოლებული და სერიოზული ქალაქელებით დამთავრებული, ამ ოპერის არიებს ქართულად მღეროდნენო, წერდა იმდროინდელი პრესა.

– ასე აიტაცეს ქართველებმა იტალიური ოპერა, _ ამატებს ზურაბ ლომიძე.

– და დღეს, _ განაგრძობს ბატონი დავითი, _ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საოპერო ცენტრების სცენებზე ქართველი მომღერლები წამყვან პარტიებს მღერიან. ახალგაზრდა თაობა _ 20-25 წლისანი. 4 იანვარს პატრიარქის 80 წლის იუბილესა და აღსაყდრებისადმი მიძღვნილ კონცერტზე მათი ერთი ნაწილის მონაწილეობა შეიძლება ჩაითვალოს ამ შემოქმედთა საჯარო დათვალიერებად, რამაც დაგვარწმუნა, რომ უბრწყინვალესი ხმები გვყავს მსოფლიოში `მივლინებული~.

წარმომიდგენია, საოპერო ხელოვნების როგორი ზეიმი გველოდება, როცა განახლებული თეატრი გაიხსნება და ვარსკვლავთცვენის დიდი სეზონი დაიწყება თბილისში.

–  ეს ხელოვნება `მოძრავია: მომღერალი დღეს თუ პარიზის ოპერის სცენაზე დგას, ხვალ და ზეგ პრაღაში, სოფიაში, ნიუ იორკში, თბილისში, ტოკიოში მღერის. ასეთია ამ ხელოვნების თავისებურება და ხიბლი: ერთი და იგივე სპექტაკლი სხვადასხვა სოლისტის მონაწილეობით ახალი და ახალი წახნაგით გაბრწყინდება.

მეტროპოლიტენ ოპერის დირექტორის _ პიტერ გელბის სიტყვებს გავიმეორებ: საქართველო არის ხმების დაუშრეტელი ჭა. უამრავი ქართველია დღეს მეტროპოლიტენ ოპერაში, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს პირველ სცენაზე.

საქართველოში ოპერის თეატრი რუსეთის იმპერიის პერიოდში დაარსდა. ხომ ასეა?

– რუსეთის იმპერიამ დააფინანსა, დააფუძნეს იტალიელებმა. ბარბიჩინი, პირველი ვიოლინო, დირიჟორი, რომელიც ჩამოჰყვა იტალიურ ოცკაციან დასს, დასთან ერთად დარჩა საქართველოში. სოლისტები ხან სანკტ-პეტერბურგში ჩადიოდნენ, ხან დიდ თეატრში, კრასნოდარშიც მღეროდნენ. დასის ერთ-ერთი წევრის შვილთაშვილის შვილთაშვილი ქალბატონი დღესაც მუშაობს ჩვენი თეატრის არქივში.

(მორიგი ხანძრის შემდეგ, 1886 წელს აშენებულ თეატრში დადგმული პირველი ოპერა გლინკას `ივან სუსანინი~ იყო. უდიდესი მომღერლები გამოსულან ამ სცენაზე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ერთ-ერთი პრესტიჟული და წამყვანი იყო უზარმაზარ საბჭოთა იმპერიაში).

მთელი პლეადა დიდი ქართველი მომღერლებისა მოსკოვის დიდი თეატრის სცენას წლების განმავლობაში ამშვენებდა. ჭაბუკიანის ბალეტი ბრწყინავდა).

დღეს, სამწუხაროდ, მილიონნახევრიან თბილისში ბევრმა არც კი იცის, სად არის ოპერა.

ერთ-ერთი მიზეზი ის „დიდი ანტრაქტია“, რომელიც თეატრის რემონტით არის გამოწვეული. ეგებ უთხრათ თბილისელებს, ბატონო დავით, რა ეტაპზეა ამჟამად მიმდინარე სამუშაოები?

_ ორ-ნახევარი წლის წინათ თეატრი სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით დაიხურა. ამას წინ უსწრებდა ათწლიანი მოსამზადებელი სამუშაო პროექტებზე, რომელთა განხორციელება გადაწყვეტდა ამ ისტორიული შენობის პრობლემებს. მათი უარყოფითი გავლენა წლიდან წლამდე მატულობდა.

რა პრობლემებზეა ლაპარაკი?

– თუნდაც – სინესტეზე, განსაკუთრებით, _ საძირკველში, სარდაფებში. ამას ემატებოდა უბნის წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ავარიულობა. თუმცა სხვა თეატრებთან შედარებით ჩვენი შეიძლება უკეთეს მდგომარეობაშიც კი იყო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამ შენობის `შიდა სათავსის~ საფუძვლიანი გადაკეთება მოითხოვა. 19 მეტრის სიღრმეზე შენობის გარშემო გაკეთებულია 80 სანტიმეტრის სიგანის მქონე `დერეფანი, რომელშიც ჰაერი მოძრაობს და სინესტეს `ებრძვის~. მთელი ნაგებობა დღეს უკვე დგას ბეტონის კაფსულაზე, რაც შეუძლებელს ხდის დანესტიანებას.

ასეთი პრინციპული მნიშვნელობისაა ამ პრობლემის მოხსნა?

– რა თქმა უნდა, რადგან იგი საფრთხეს უქმნიდა თვით შენობის მდგრადობას, აკუსტიკას, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, დეკორაციებს და ა.შ. 1978 წელს დაგეგმილი იყო გარშემო ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, მაგრამ არ მოხერხდა, და გამოვიდა ისე, რომ მთელი მომსახურე ტექნიკური პერსონალი ამ ერთ შენობაში იყო შეხიზნული.

ახალი პროექტით, ძირითად შენობაში დარჩება მხოლოდ შემოქმედებითი ნაწილი და ადმინისტრაცია ტექნიკურ პერსონალთან ერთად ახალ, 8 ათასი კვადრატული მეტრის შენობაში გადავა, სადაც განთავსდება ჩვენი საწარმოები, მთელი მომსახურება, დაწყებული ბუღალტერიით, დამთავრებული ტექნიკოსებით, იქ განლაგდებიან ყველანი, ვისაც ვერ ხედავს მაყურებელი, მაგრამ უდიდეს საქმეს აკეთებენ, რათა სცენაზე უმაღლეს დონეზე განხორციელდეს შემოქმედებითი კოლექტივის ჩანაფიქრი.

ამ ყველაფერმა კი მოითხოვა უდიდესი მოცულობის სამუშაოების გათვლა და პედანტური სიზუსტით შესრულება.

200-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია ამ საქმეში ჩართული _ ვენტილაცია-კონდიციონერებიდან დაწყებული, სანტექნიკით, ელექტროგაყვანილობით, გადახურვით და ა. შ. დამთავრებული.

გადახურვა, ვიტყოდი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს _ სპილენძისაა, რაც არქიტექტურისა და მშენებლობის მაღალი კულტურის მაჩვენებელია. მახსოვს, როცა ბატონმა ბიძინამ იკითხა, შენობა რით უნდა გადახუროთო, ბატონმა ლერი მეძმარიაშვილმა უთხრა, უკეთესი იქნება, თუ სპილენძით გადავხურავთო. ბატონი ბიძინა დაუფიქრებლად დაეთანხმა, ღირებულებამ არ დაგაბრკოლოთ, ოღონდ არ შემარცხვინოთო.

ეტყობა, ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია მისთვის პრესტიჟის საქმეა.

– რა თქმა უნდა. ესეც და ყველაფერი, რაც თეატრში კეთდება, გამორჩეულია უმაღლესი ხარისხით.

თუნდაც ფასადის რესტავრაცია, რაც ძირითადად დასრულდა და თბილისელებს საშუალება აქვთ, შეაფასონ, კარგია თუ ცუდი.

– აღდგენილია პირვანდელი სახე, ოღონდ ახალი სუნთქვით, _ ამატებს ზურაბ ლომიძე, _ ამას წინ უსწრებდა დიდი მოცულობის და მრავალმხრივი კვლევითი სამუშაოები ამ კულტურული ძეგლის შესწავლისა და აღდგენის შეუცდომლად წარმართვისთვის. ამ სახის სამუშაოები საუკუნეში ერთხელ ტარდება.

ესე იგი, კეთდება საშვილიშვილოდ.

– შეცდომის დაშვების უფლება ამიტომაც არ გვქონდა. 10 წელიწადი ამ საქმეს შეალიეს პროფესიონალებმა.

(ეს ის დროა, როცა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ბედი ბეწვზე ჰკიდია, ავი წლები დგას, 90-იანი წლები მეოცე საუკუნის, რისი გახსენებაც `ახალგაზრდა რეფორმატორებს~ მკრეხელობად მიაჩნდათ და მიაჩნიათ.

სწორედ იმ წლებში ოპერის თეატრს სათავეში ედგა ზურაბ ლომიძე და რაღაც სასწაულით შეძლო ჩვენი ეროვნული კულტურის ამ ცენტრის (ძეგლისაც) დანაკარგების გარეშე გამოტარება.

დღეს საყვარელიძე-ლომიძის ტანდემი ოპერის რეიკარნაციის (ოპერადვე) ჭაპანს ერთობლივად არის შეჭიდებული. ორი თაობის _ მამათა და შვილთა ერთობის სახიერი მაგალითია, რომლის გახლეჩა-დაპირისპირებას, ამოძირკვას ასე მონდომებით ცდილობდა ყოფილი ხელისუფლება.

მაგრამ ამაოდ დაშვრა).

და დადგა დრო ფინანსების მოძიების.

– და სწორედ ამ დროს საქართველოს მოევლინა ადამიანი, მეცენატი, რომელმაც დაიწყო თბილისის თეატრების რესტავრაცია, _ განაგრძობს დავით საყვარელიძე, _ ეს იყო. ახლა ყველამ იცის, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარ თავზე აიღებს ოპერის განახლების სამუშაოთა დაფინანსებას. მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი თეატრის მმართველი, მაგრამ ვიცი, რომ ბატონებს _ ზურაბ ლომიძეს და ჯანსუღ კახიძეს წინასწარ ჰქონდათ მოლაპარაკება ბატონ ბიძინასთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

როდის იყო, ხომ არ დააზუსტებთ?

_ 2000 წელს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ამ იდეას და დაისახა კიდეც მისი განხორციელების გზაც. ბიძინა ივანიშვილმა თავი დაადგა დიდებულ საქმეს. მოსამზადებელი სამუშაოები სრულად რომ დამთავრდა, დავიკეტეთ ორ-ნახევარი წლის წინათ და მას შემდეგ წამითაც არ შეჩერებულა პრაქტიკული საქმე. მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელევიზიებით სრულიად გაუგონარი ჭორი და აშკარა სიყალბე ვრცელდებოდა…

რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელი აიღო ოპერაზე და რემონტი აღარ მიმდინარეობს?..

_ დიახ. სიყალბე იყო ისიც, რომ თითქოს ცდილობდნენ მოენახათ ვიღაც და იმ ვიღაცით ჩაენაცვლებინათ ივანიშვილი.

– აბა, ის რა იყო, `მაესტროს~ ეკრანზე ოპერის მეგობართა საბჭოს ხელმძღვანელად ერთი ავი ბიზნესმენი რომ გამოაჩინეს, რომელმაც არ იცოდა `ნაბუქოს~ ავტორის ვინაობა?!

_ აგიხსნით. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრისგან დამოუკიდებლად არსებობს ამ თეატრის მეგობართა ფონდი. თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას სახელმწიფო არ გვაძლევს. ეს დამოუკიდებელი ფონდი ჯანსუღ კახიძისა და ზურაბ ლომიძის დაარსებულია და მე მხოლოდ აღვადგინე. ამ ფონდს წელიწადში 300 ათასი ლარის ოდენობით დაეხმარა ბიზნესკომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობდა დავით კეზერაშვილი. ამ ფულით ჩვენ 22 ახალგაზრდა გავუშვით ლა სკალაში, ჩავატარეთ ფესტივალი, დავდგით სპექტაკლები, მათ შორის, `ლუჩია დი ლამერმური~ _ ბათუმში და ა. შ. ამაზე დაიხარჯა სპონსორის მიერ გაღებული თანხა, მაგრამ მასმედიამ ისე წარმოადგინა, რომ თითქოს ამ ბიზნესმენს უნდა ჩაენაცვლებინა ბიძინა ივანიშვილი. ამას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს, რაც ბატონმა ბიძინამაც შესანიშნავად იცის. თეატრის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია 40 მილიონამდე ჯდება. რომელი კეზერაშვილი გაწვდება ამ საქმეს?!

მაშ, საიდან ასეთი მოარული ხმები?

_ ჩემი ბრალია, ალბათ, რომ შეუფერებელ დროს მოგვიწია ამ ფაქტის საჯაროდ გამოტანა და გაშუქება, წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ იძულებულები ვართ, მეცენატებისგან მოვიზიდოთ თანხები.

არ გყოფნით ბიძინას ფული?!

_ ბიძინას ფული მთლიანად რემონტს ხმარდება, მაგრამ თეატრის 600-კაციან დასს, რომელსაც უნდა გადავუხადოთ ხელფასები, სჭირდება მუსიკალური ინსტრუმენტები და მათი შეკეთება, საკუთარი სცენის არქონის გამო დარბაზების დაქირავება, სპექტაკლების დადგმის, დეკორაციების, რეკვიზიტის ხარჯები და ა. შ., არ ჰყოფნის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, რაც საჭიროების მხოლოდ 40 პროცენტს ფარავს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თეატრის მსახიობებს, მათ შორის, ორკესტრისასაც, ბიძინა ივანიშვილი ე. წ. სტიპენდიებით ეხმარებოდა, თუმცა შარშან, ანუ 2012 წელს ეს დახმარება არ მიუღიათ.

რა თქმა უნდა, რადგან ამას ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩაუთვლიდნენ და 80-მილიონიან ჯარიმას, რომელიც ივანიშვილს დააკისრეს, მოგელაძე და მისი ჩინოვნიკები საკმარისად არ მიიჩნევდნენ. არბენინებდნენ მაშინ თქვენი დასის წევრებს დაკითხვაზე კონტროლის პალატაში.

– ერთი სიტყვით, იძულებული ვიყავით, კერძო სექტორში მოგვეძებნა ფული. აქ კი, ვინ როგორ იცნობს ოპერას, ამის მიხედვით სპონსორს ვერ შევარჩევდით.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩაივლიდა წინასაარჩევნო ქარტეხილები და ოპერის სახელი უწინდელივით სუფთა და კრისტალური დარჩებოდა.

ბატონო დავით, კეზერაშვილი ერთი შემოტანით შეგეწიათ 300 ათასი ლარით და ამით დამთავრდა მისი მეცენატობა?

– დიახ, ამით დამთავრდა. მისი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართე წერილობითი თხოვნით და ერთჯერადი დახმარება გაგვიწიეს.

მაშ, ვინ შეარჩია ეს კაცი ოპერის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარედ? დამეთანხმეთ, რომ ამ საზოგადოების თავმჯდომარემ კი უნდა იცოდეს ვერდის ოპერაა `ნაბუქო~ თუ ვინმე სხვისა.

_ არც ხელმძღვანელია, არც თავმჯდომარე. ერთ-ერთი წევრია. უფრო ზუსტად, _ იყო. ჩვენ გვაფინანსებს `ჯეოსელი~, `კორსტანდარტ ბანკი~, კავშირგაბმულობით უფასოდ უზრუნველგვყოფს `სილქნეტი~, გვაფინანსებს პატარა კომპანია `მარიგოლდი~, ეროვნული მუზეუმი და სხვ. ამ სუბიექტებისგან შედგება ჩვენი მეგობრების წრე _ ოპერისა და ბალეტის განვითარების ფონდი, რომელშიც დახმარების თავისი წილი შემოიტანა კეზერაშვილმა.

არადა, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოდიოდა, რომ კეზერაშვილმა ჩაანაცვლა ივანიშვილი _ ახლა ეს კაცი ააყვავებს ამ საქმესო. ძალიან ცუდად გაჟღერდა ეს და უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ფართო საზოგადოებაში.

– ოთხი საელჩოა გაერთიანებული ჩვენს მეგობართა წრეში. მათ შორისაა ამერიკის საელჩოც. მსოფლიოში მიღებული ფორმაა. ეს პრობლემის ერთი მხარეა.

მეორე მხარე კი ისაა, რომ თითზე ჩამოსათვლელია პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, რომლებიც ერკვევიან საოპერო ხელოვნებაში. დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა მათგანის ოჯახის წევრებმა იარონ საოპერო სპექტაკლებზე, დაესწრონ საბალეტო წარმოდგენებს. ეს აამაღლებს საერთო კულტურულ დონეს.

ევროპულობისკენ სწრაფვა ამასაც გულისხმობს.

_ უფროსი თაობა საერთოდაც და ამ თვალსაზრისითაც უფრო განათლებულია და საოპერო ხელოვნების უფრო დიდი სიყვარულით გამოირჩევა, ვიდრე საზოგადოებრივ ასპარეზზე ახლახან გამოსული ახალგაზრდა თაობა. მთელ მსოფლიოში ბიზნესმენები აცხოვრებენ საოპერო თეატრებს. ოპერას ქვეყნის კარიბჭეს უწოდებენ. კულტურულ კარიბჭეს. ჩვენ გვყავს გენიოსი კომპოზიტორები, წარმატებული მომღერლები, მაგრამ ხალხი მათ ნაკლებად იცნობს…

გინდათ, თქვათ, რომ კეზერაშვილის `გამობრწყინებამ~ გარკვეულად ცუდ დღეში ჩაგაგდოთ?

–კეზერაშვილის ფიასკოს შემდეგ არც ერთ ბიზნესმენს არ სურს ჩვენთან მოსვლა: არც ერთი ბიზნესმენი (ორიოდ გამონაკლისის გარდა) არაა გარკვეული საოპერო ხელოვნებაში და ეშინია, რომ  იმ კაცივით უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს.

ასეთი სიტუაციიდან ორი მარტივი გამოსავალი არსებობს: პირველი, წაიკითხონ პოპულარული ლიტერატურა ოპერაზე, მეორე, უშურველად გასწიონ სპონსორობა, ყოველგვარი პიარის გარეშე.

_ ვიმეორებ: ფონდი, რომელზეც ვილაპარაკეთ, კეზერაშვილის დაფუძნებული არ არის, მისი თავმჯდომარე საერთოდ არავინაა, მით უფრო, აღნიშნული ბიზნესმენი. ეს ფონდი თავის დროზე დააარსეს ბატონმა ჯანსუღ კახიძემ და ზურაბ ლომიძემ _ თეატრის მაშინდელმა დირექტორმა.

ჩემი შეცდომა ისაა, რომ შეუფერებელ დროს მომიწია საზოგადოების წინაშე ამ ამბის გამოტანა. ალბათ, ან ადრე უნდა მეთქვა, ან საერთოდ ხმა არ უნდა ამომეღო. იმდენად შორსა ვარ პოლიტიკისგან, რომ ვერ გავითვალისწინე ის ზიზღი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ხალხს  ჰქონდა, და ის შედეგი, რომელიც სააკაშვილთან დაახლოებული კეზერაშვილის ოპერასთან დაკავშირებით ხსენებას შეიძლებოდა ჩვენთვის მოეტანა.

ოპერის სახელი, ისევე, როგორც კეისრის ცოლის სახელი, ყოველგვარ ეჭვზე მაღლა უნდა იდგესმოდით, აქ დავუსვათ წერტილი ამ კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც უკვე ჩავლილია.

შეგეკითხებით: რა გაკეთდა დღეის მდგომარეობით თეატრის შენობის რესტავრაციისა და სარემონტო სამუშაოების კუთხით?

–სამშენებლო სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. საძირკვლის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ _ უდიდესი შრომაა აქ ჩადებული, ხელით შრომა, რადგან ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. ათასი წელი შენობის საძირკველს ვერაფერი დააზიანებს. ასევე ასწლეულებს გაუძლებს სპილენძის გადახურვა და ამაზეც უკვე ვთქვით. ფასადის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. შენობის შიგნით ასევე მთავრდება სამუშაოები მუსიკოსებისთვის და მოცეკვავეებისთვის ისეთი კომფორტის შესაქმნელად, რომლის მსგავსიც, ხელი მომაჭერით, ლა სკალაშიც კი არ აქვთ. სარეპეტიციო გაკეთდა ისეთი, როგორსაც ნებისმიერი თეატრი ინატრებს. თანაც, ეს გაკეთდა ისტორიული შენობის შიგნით არსებული, ზოგ შემთხვევაში გამოუყენებელი ფართების, უმეტესად ხელახლა დაგეგმილი, შემოქმედებითი პროცესის მაქსიმალურად გათვალისწინებული პროექტირების საფუძველზე.

ისტორიული ავთენტურობა და თანამედროვე კომფორტი ორგანულადაა შერწყმული.

მაყურებელი დარბაზი ვიზუალურად არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ჭერი და კედლები მოიხატება 24-კარატიანი ოქროთი.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ჯდება სცენის მექანიზაცია, განათება და გახმოვანება. ამ სამუშაოებს შეასრულებს გერმანულ-ავსტრიული კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა ფონდ `ქართუს~ მიერ გამოცხადებულ ტენდერში. როგორც ვიცი, წლეულს დაიდება მასთან კონტრაქტი და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სამუშაოების დამთავრებას 11 თვე დასჭირდება. დაინერგება უახლესი ტექნოლოგია. ყველაფერი კომპიუტერიზებული იქნება. ხარისხი _ კოსმოსური ტექნოლოგიების დონეზე. მოსამზადებელი გვეყოლება კადრები ამ ტექნოლოგიის ასათვისებლად და ექსპლუატაციისთვის.

ეს რომ გაკეთდება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლა სკალა შურის თვალით შეგვხედავს.

ამ ყველაფერს ავტორი ხომ ჰყავს?

_ ეს არის ბატონი ლერი მეძმარიაშვილი. 1975 წელს ოპერის თეატრი რომ დაიწვა, მისი ხელმძღვანელობით აღდგა შენობა. ახლაც იგი ატარებს მთელს ამ სამუშაოს.

ამ პერიოდში, როცა საკუთარი ჭერის უქონლობა გვიდგას, ჩვენი მუსიკალური დირექტორის _ ჯანლუკა მარჩიანოს კავშირების წყალობით, წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ საზღვარგარეთ დიდ გასტროლებზე მივემგზავრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასის შემოქმედებითი ზრდისთვის.

* * *

2 იანვარს ჩინეთში გასტროლებიდან დაბრუნდა ოპერის დასი. ამ წარმატებულ გასტროლებზე, რომელიც პეკინის და ექვსი სხვა ქალაქის პრესტიჟულ სცენებზე გაიმართა, ცალკეა სასაუბრო. ამ ტურნეს მოჰყვება გასტროლები ლიბანში _ ბეირუთში, ესტონეთში.

მოკლედ: ოპერა შენდება, ოპერის დასი მოგზაურობს და ორივე მიმართულებით წარმატებებია.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S   როდის დამთავრდება ოპერის რემონტი? – ვეკითხები დავით საყვარელიძეს.

როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი  იტყვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here