Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ გრძელდება „ობიექტივის“ მიმართ სუბიექტური შეთქმულება?

რატომ გრძელდება „ობიექტივის“ მიმართ სუბიექტური შეთქმულება?

626

წინააღმდეგობის მოძრაობამ  შარშანდელი წლის მიწურულს მეტად სარისკო ნაბიჯი გადადგა _ პოლიტიკურ პარტია,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსად“ (სპა) დარეგისტრირდა. დიახ, სარისკო, რადგანაც ისედაც „მრავალპარტიულ საქართველოში“, შინაარსობრივი სიახლის გარეშე, ოდენ მყვირალა აბრევიატურის ამარა, ძნელია  ქართველი ამომრჩეველის გულის მოგების იმედის ქონა. „შინაარსობრივ სიახლედ“ კი, საზოგადოებას იმას სთავაზობს „სპა“, რომ იგი, არც პროამერიკული და არც პრორუსული, არამედ პროქართული პარტია იქნება!

თუმცა, ეს ისე, „სიტყვამ მოიტანაო“, ანუ, ცნობისათვის, რადგანაც სულაც არ გახლავთ წინამდებარე წერილის მთავარი მიზეზი „სპა“ და ახლა მართლაც მთავარზე…

თუ დრო არ მეშლება, ჯერ კიდევ გასული წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ნებით თუ უნებლიედ ნაადრევად „გაბაზრდა“ წინააღმდეგობის მოძრაობის განაზრახი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  სარჩელის შეტანისა ბრიუსელის სასამართლოში, სოსო მანჯავიძემ გამანდო _ „ეგ არაფერი, თუ ნაცების ლობისტებმა სტრასბურგში ამ სარჩელის დაბლოკვა შესძლეს, შემოდგომაზე ისეთ ბომბს ავაფეთქებთ, რომ ნაცებს საერთოდ დავამთავრებთო“!..

სულო ცოდვილო და მაშინ ეს უბრალო ბაქი-ბუქად აღვიქვი _ ვერ წარმოვიდგინე, რა ბომბი უნდა ჰქონოდათ ისეთი ამ ხალხს, რომ ის მონსტრი დაემთავრებინათ, რასაც მთელმა საქართველომ წლების მანძილზე ძვრა ვერ უყო?..

ჰოდა, ეს ხალხი თვეების მანძილზე ჩუმად, გადაუჭარბებლად ვიტყვი, სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებდა საქმეს. დიახ, სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად, რადგანაც, არა თუ მოქმედება, არამედ ასეთი ინფორმაციის უბრალოდ ფლობაც კი, ნაცების ფაშისტური რეჟიმის პირობებში, აშკარად საფრთხის შემცველი იყო!

 სწორედ პირადად ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა მოახერხეს ჯერ ლადო ბედუკაძის და მისი ოჯახის გაყვანა საქართველოდან, შემდეგ იმ კადრების ექსპერტიზა და ევროპარლმენტის „მაღალ“ კაბინეტებში შეტანა. საიდანაც სავარაუდოდ გაჟონა კიდეც ინფორმაციამ, რამაც ნაცების საპასუხო ქმედებები განაპირობა, როგორც დღეს უკვე დანამდვილებით, გამოძიებით არის ცნობილი, ადეიშვილის მიერ დადგმული, წამების კადრების სახით, რაც ქართულ ოცნებას უნდა დაბრალებოდა!

თუმცა აქაც ჩაუვარდათ კოვზი ნეხვში, რადგანაც სტრასბურგიდან ირმამ და დათომ ის ნამდვილი კადრები მიაწოდეს მაესტროს, რომლებმაც მართლაც დაამთავრეს ნაცები…

სანაცვლოდ კი რა მიიღეს ამ ხალხმა? ღვარძლი, შური, ტალახის სროლა _ 2 მილიონი გადაუხადა ბიძინამ და იმიტომ ქნეს, რაც ქნესო!

ერთი წუთით დავუშვათ დაუშვებელი (ჩემის ღრმა რწმენით) და ვთქვათ  ასეც იყო, რა მერე, მთავარი ხომ შედეგია? მაგრამ არა, ეს იმას ჰგავს, დღემდე რომ არ წყდება ხელმოცარულთა ღვარძლი და შხამის ნთხევა იმის სარკვევად, გიორგი სააკაძემ მას მერე გადაწყვიტა მარტყოფში გმირობა, რაც შაჰის წერილი ჩაიგდო ხელში, თუ მანამდეც უნდოდა ქართლის გადარჩენა!?

ამ კითხვას პასუხი ისეთმა ბუმბერაზებმა გასცეს, როგორებიც თუნდაც ტატო და ვაჟაა, ხოლო მთავარი პასუხი მადლიერი ქართველი ერისა, მერაბ ბერძენიშვილის დიდი მოურავის ბრინჯაოს მხედარია კასპსა და თბილისში…

დრო მოვა და ნაცების წინააღმდეგ ბრძოლის ნამდვილ სურათსაც დადედბს ისტორია (შედარება არ მგონია, რომ უმართლო იყოს, დღესაც ისეთივე ამოგდება გვემუქრებოდა (თუ ისევ გვემუქრება?), როგორც 400 წლის წინ). მანამდე კი, ის 2 მილიონი სად წაიღეს, ამის სანახავად, მედია კავშირი ობიექტივის „ფეშენებელურ“ სტუდიაში მიბრძანდით, ან ირმა ინაშვილის ბინაში, დიდი დიღომის „პრესტიჟული“ რაიონის კიდევ უფრო „პრესტიჟულ“ ბოლო სართულზე, სადაც „კრიშიდან“ წყალი ჩამოსდის, გნებავთ სოსო მანჯავიძის ნაქირავებ ოთახნახევრიან „აპარტამენტებში“, ნუცუბიძის იმდენად „ვერხნი პლატოზე“, რომ ლისი უფროა, ვიდრე თბილისი…

31 დეკემბერს, მაესტროს ეთერში ერთგვარი შემაჯამებელი, წინასაახალწლო გადაცემა შედგა, თავისი ნომინაციებით და დაჯილდოვებებით, რომელთაგან მხოლოდ ერთს გამოვყოფ _ როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინაციაში, „ყველაზე რეზონანსული გადაცემა“, შალვა რამიშვილის იმ „სუბიექტურმა აზრმა“ გაიმარჯვა, სადაც ის ცნობილი ციხის კადრები გავიდა, რომელმაც მთელი მსოფლიო შესძრა და საქართველო შოკში ჩააგდო. რამაც გადამწყვეტი (!!!) როლი ითამაშა 1 ოქტომბრის არჩევნებში მიშნაცების დამარცხებაში!

 რომ იტყვიან, ბავშვმაც კი იცის ეს, მაგრამ ამის აღიარება ყველაზე მეტად ქართულ ოცნებაში უჭირდათ, დღესაც უჭირთ და არც მაესტროს ზემოთ ხსენებული ეთერის აუდიტორია იყო გამონაკლისი _ შალვა რამიშვილმა, ნომინაციაში გამარჯვებულის პრიზი კი აიღო, მაგრამ მიუხედავად ზემოთ თქმულისა, „ციხის კადრები ჩემმა წყარომ მომაწოდაო“ _ სხვა ვერაფერი „გაიმეტა“, არც გვარი, არც სახელი, მითუმეტეს არც ის უთქვამს თუ როდის აქეთ გახდა ირმა ინაშვილი და დავით თარხანმოურავი, შალვა რამიშვილის წყარო?

ვერც  გოგა ხაინდრავამ და განსაკუთრებით დავით მაღრაძემ ივარგეს ამ მხრივ. დიახ, განსაკუთრებით პოეტისგან დავრჩი გაწბილებული, რადგანაც დათო მაღრაძისგან არაერთხელ გვსმენია ადრე, სხვა ეთერებში, მისი პოეტური მეტაფორა თუ როგორ ჩამოიმსხვრა მთელი ნაცმოძრაობა ცოცხის ტარზე _ ახლა? მსგავსი არაფერი. ერთადერთი, ვინაც მეტნაკლებად „ გული არ დამწყვიტა“, ეს იკაკლი ბათიაშვილის კომენტარი იყო. დანარჩენებმა, ყველამ უკლებლივ შეასრულეს ის „ომერტა“, ანუ „ობიექტივის“, პირადად ირმა ინაშვილის, დავით თარხანმოურავის (არაფერს ვამბობ ამ საქმეში სხვა განდობილ, მთავარ ფიგურანტ, სოსო მანჯავიძეზე თუ გიორგი ლომიაზე) წვლილის არაღიარების პოლიტიკა, რომელიც ვიღაცის თუ ვიღაც-ვიღაცეების ნებით, დღემდე ხორციელდება!

მაგრამ, თურმე ჯერ სადა ხარო და ირაკლი ბათიაშვილის „აღიარების“ გაბათილება მყისიერად სცადა გია ხუხაშვილმა _ არაო, მე ვერ დავაკნინებ ქართველი ხალხის არჩევანს, მას, ციხის კადრების გარეშეც  არჩევანი ისედაც ჰქონდა გაკეთებულიო და აქედან „გონივრული ეჭვი“ გამიჩინა, რომ თუ ის „ვიღაც-ვიღაცეები“ არსებობენ, იმათგან ერთ-ერთი თავად ბრძანდება და იმაში ხომ ეჭვის ნატამალიც არ დამიტოვა, რომ არჩევნებამდეც და დღესაც, ალბათ სწორედ გია ხუხაშვილი წყვეტდა და წყვეტს ბევრ რასმე, მათ შორის ალბათ იმასაც თუ ვინ, როდის მივა ახლოს ბიძინა ივანიშვილთან, ან საერთოდ მივა თუ ვერა _ ალბათ გია ხუხაშვილის „დამსახურებაც“ არის ის ფაქტი, რომ ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ირმა ინაშვილის და დავით თარხანმოურავის აუდიენცია ბიძინა ივანიშვილთან, მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან დაბრუნდნენ, დღემდე ვერ შედგა!

თუმცა ეგეც იქით იყოს, ტელევიზიებმა, რომელთაც არჩევნებამდე ოპოზიციურობის პრეტენზია ჰქონდათ (მაესტრო, კავკასია, მეხრე არხი), საჭიროდ არ ჩათვალეს, რომელიმე მათგანის თუნდაც იმ მითიური მილიონების გამო სტუდიაში მიწვევა _ მასხარა ვასიკო ოდიშვილის შეურაწმყოფელი ღლიცინი სამშობლოში დაბრუნებული ირმა ინაშვილის მიმართ. აი, ის, რაც ოპერატიულად  მოახერხეს მაესტროში! ისე კი  სრული იგნორი, თანაც იმ ფონზე, როდესაც უწიგნურ თეა თუთბერიძეს მთელი კვირით თანაწამყვანად იწვევენ…

ამ სტატიაზე მუშაობისას, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ირმა ინაშვილის ღია წერილი „წამომეწია“, რომლის მთავარ ფიგურანტებსაც ეტყობა ერთი უხერხული ადგილი აეწვათ და გია ხუხაშვილმა შემრიგებლური ტონით _ ირმას ველაპარაკე, ის შეცდომაშია შეყვანილიო, ხოლო მამუკა ღლონტმა ისევ ნაცარი შეგვაყარა თვალებში _ მე, მაესტროს სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევი (მაშ მტყუანის!? დ.მ.), ვასიკო ოდიშვილი ხანდახან მეც მაღადავებსო!..

დემოკრატიულ დასავლეთშიც კი, არ არსებობს მედია, რომლის მფლობელებიც მეტნაკლებად არ მართავენ სარედაქციო პოლიტიკას და მამუკა ღლონტის ზღაპრების ვინმეს გჯერათ საქართველოში? თუ იმას ვერ ვარჩევთ, სად უწყინარი ღადაობაა და სად ბოროტი ღლიცინ-ქილიკი?  

 რაც შეეხება გია ხუხაშვილს, ალბათ მისი ხელიც ურევია იმაში, რომ არჩევნებამდე ვერ შედგა უფრო ფართო ოპოზიციური გაერთიანება. ანუ, ამ „ცოდვის“ მხოლოდ რესპებისთვის აკიდება, ალბათ არ არის მთლად უპრიანი.

მგონი ზედმეტად ბევრჯერ მომიხდა, „ალბათ“, ამ ჭოჭმანის შემცველი სიტყვის ხმარება, რაც ვინმემ შეიძლება ჟურნალისტურ ეშმაკობადაც ჩამომართვას, აქაოდა თავს იზღვევსო. იქნებ არც მთლად უმაგისობაა, მაგრამ ეს უფრო ის შემთხვევაა, რომ ყოველ „ალბათში“ სარწმუნო უფრო მეტია ვიდრე საჭოჭმანო…

 ეგრე არ არის თაყაო …

ანუ, ახლა იმაზე თუ რა,  როგორ, როდის და ვის „ჰქონდა არჩევანი ისედაც გაკეთებული“_ ქართველ ხალხს, მართლაც დიდი ხანია, როგორც მინიმუმ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ან გნებავთ 2009 წლის საკნების აქციების დროსაც, „ჰქონდა არჩევანი ისედაც გაკეთებული“, მაგრამ იქ, ამერიკის ნეონეოლიბალურ წრეებშიც „ჰქონდათ არჩევანი ისედაც გაკეთებული“, ოღონდ პირიქით, მათივე პოლიტიკური პროექტის, მანქურთი ნაცების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაზე. ის ციხის კადრები მაშინ რომ გასაჯაროებულიყო, ერთს „მაგრად შეშფოთდებოდა“ დასავლეთი, მაქსიმუმ ერთ კვირას ივიშვიშებდნენ და შემდეგ იმ „ორგვივოდებს“ დასჯერდებოდნენ და ჩვენც დაგვაჯერებდნენ, რასაც მაშინდელი მინისტრების: დიმა შაშკინის და ვანო მერაბიშვილის გადაყენება ერქმევოდა!

ანუ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე ციხის კადრები პრაქტიკული შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და პირიქით, ქართული ოცნება ციხის კადრების გარეშე „საპატიო“ მეორე ადგილს დასჯერდებოდა!..

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციის ლიდერად მოსვლის შემდეგ, იმას, რაზედაც დიდი ხანია „არჩევანი ისედაც გაკეთებული გვქონდა“, საფუძვლიანი იმედით დავუწყეთ ყურება. თუმცა იმასაც ვაცნობიერებდით, რომ იქ, ამერიკაში, სადაც სამწუხაროდ ბოლო 20 წელიწადია წყდება „ბედი ქართლისა“, ისევ ძველებურად ფიქრობდნენ. ამიტომაც იყვნენ ნაცები არხეინად და გიჟებს უწოდებდნენ მათ, ვისაც შემოდგომაზე ივანიშვილის პრემიერობისა სჯეროდა!

 ბიძინას ფაქტორის გამო,  ოკეანეს გაღმა, ციხის კადრების გარეშეც, ნაცების საკონსტიტუციო უმრავლესობით შენარჩუნებაზე სთქვეს უარი. ოღონდ ფორმალურად _ 60% 40-ზე, ნაცების სასარგებლოდ, ახალი სცენარის მიხედვით, ის 40%-ც კი, ქართულ ოცნებას ქდმ-ახლების ფსევდო ოპოზიციისთვის უნდა „გაეყო“. ამ „რასკლადით“ ქართულ ოცნებას უკეთეს ვარიანტში 20-25 % თუ ერგებოდა. ანუ, რეალურად მიშნაცები საკონსტიტუციო უმრავლესობასაც შეინარჩუნებდნენ.

არა, ასეთი სცენარის განხილვის დროს, ჰილარი კლინტონის იუბკის ქვეშ ნამდვილად არ შევპარულვარ ოვალურ კაბინეტში. ამ ყველაფერზე შინაური თუ გარეშე სერიოზული პოლიტოლოდ-ექსპერტები საუბრობდნენ არჩევნების წინ და ენდიაი-აირაის „კვლევებიც“ ასეთი შედეგის მიღებისთვის ამზადებდნენ ქართველ საზოგადოებას და ეს ელემენტალური არითმეტიკა, მიუხედავად ყინჩი რიტორიკისა, ქართულ ოცნებაშიც კარგად იცოდნენ. ეს რომ ასე იყო, იქიდანაც გამოჩნდა, რომ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, დიდი ხანი ვერ შესძლეს მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება _ გამარჯვებაზე ორიენტირებულ ძალას, როგორც წესი, ე.წ. „ჩრდილოვანი კაბინეტი“ იმ თავითვე მზადა ჰყავს!

იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოროტი განზრახვით გვატყუებდა, როდესაც წინასაარჩევნო შეხვედრებზე არჩევნების გზით ნაცების დამარცხებაზე საუბრობდა. იქნებ გულწრფელადაც სჯეროდა, მაგრამ შინაგანად რომ მზად იყო „საპატიო“ მეორე ადგილის მიღებისთვის, არც ეს არის წარმოუდგენელი _ ყინჩი რიტორიკის პარალერურად, ისიც არა ერთხელ განუცხადებია ინტერვიუებში (მათ შორის ირმა ინაშვილთანაც, შარშან აგვისტოში), რომ არავითარ შემთხვევაში არ მოუწოდებდა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ! რაც ქართველ ხალხს აღიზიანებდა, რადგანაც საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ მიშნაცები მშვიდობიანად არ დათმობდნენ ხელისუფლებას და რომ ხალხი არ ცდებოდა, არჩევნების დროს, ხაშურში გამოჩნდა _ ადვილი წარმოსადგენია, რომ არა ციხის კადრები, რამდენ ასეთ ხაშურს ჩაიდენდნენ მთელი ქვეყნის მაშტაბით!..

სწორედ ციხის კადრებმა გახადეს რეალური ქართული ოცნების ოცნება, არჩევნების გზით, ან ამ გზაზე ქუჩიდან დახმარებით, ნაცების უსისხლოდ გაშვებაზე. უფრო მეტიც, ციხის კადრებით გამოწვეულმა შოკურმა თერაპიამ გამოაფხიზლა საღათას ძილით მძინარე სტუდენტი ახალგაზრდობა, რომელთა მღელვარებით მოცულ თბილისში, რომ იტყვიან, ხელისუფლება ქუჩაში ეგდო და რომ ქართულ ოცნებაში იმის პოლიტიკური ნება არსებულიყო, ქუჩის პროტესტს სათავეში ჩასდგომოდნენ, დღეს ნაცბანდის ნასახი არ იქნებოდა პარლამენტში!

თუმცა, რომელ პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, როცა ციხის კადრებმა შესძრა საქართველო და ამ კადრების ავტორთა ვინაობაც ცნობილი გახდა, რესპუბლიკელების ლიდერმა _ კიდევ კარგი, რომ საარჩევნო სიები უკვე დახურულია, თორემ წინააღმდეგობის მოძრაობის კადრებით გაივსებოდაო!..

აი, საით ქროდა უსუფაშვილის გონება და თუ ახლა სამგლე გოჭივით ამიტყდება და გამჩენი არ მოასვენებს, შალვა რამიშვილისგან განსხვავებით, ჩემი საინფრომაციო წყაროს ვინაობასაც გავამხელ, მიუხედავად იმისა, წყარო მომცემს თუ არა ამის უფლებას, რადგან ქვეყანა სწორედ ნახევარ სიმართლის რიტორიკამ დაღუპა!

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, წინააღმდეგობის მოძრაობის, მედია კავშირი ობიექტივის მიმართ არსებული შეთქმულების რეალობაც და შეთქმულების მონაწილეთა სავარაუდო პერსონალიებიც. საკითხავი მხოლოდ ერთია _რატომ ხდება ასეთი არნახული დამახინჯება სინამდვილისა, შეთქმულება სიმართლის წინააღმდეგ? თანაც ასე უხეშად,  შეურაცხმყოფელი ფორმებით? ნუთუ მხოლოდ მავანთა ანტიპათია, ან „უჩემოდ ვინ იმღერითაა“ მიზეზი?

რასაკვირველია არც უმაგისობაა, მაგრამ სამწუხაროდ მთავარი აქ უფრო ღრმა და შემაშფოთებელია _ ხელისუფლებაში მოსული ე.წ. ნეოლიბერალთა ჯგუფი ძველებური მტაცებლური მეთოდებით ეპატრონება ჩვენს ეროვნულ აქტივებს, არასგზით არ უნდა ეროვნულ-პატრიოტული, ავტორიტეტული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელსაც ის ვერ გააკონტროლებს. მათ კარგად ესმით,რომ იმ დამსახურების პოლიტიკურ კაპიტალად კონვერტაცია, რომელიც „წინააღმდეგობის მოძრაობამ’’და ობიექტივმა ბოლო 2-3 წლის მანძილზე დააგროვეს,შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს მომავალ არჩევნებში. ამიტომაც ებრძვიან ამ ახალ ძალას უღირსი მეთოდების მთელი არსენალით: უტიფარი დეზინფორმაცია იქნება ეს,ბინძური ცილისწამება თუ ქვებუდანობა.

ნეოლიბერალების ამ ახალმა  დაჯგუფებამ მოახერხა და ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე თვეებში საქართველოს თავი ამ დიდი სიბინძურით დაამახსოვრა. რამაც  ნებსით თუ უნებლიეთ,ბატონ ბიძინასაც შეურყია ავტორიტეტი…

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here