Home რუბრიკები სამართალი ელენე ფოჩხუა: დღემდე არ ვიცით, რისთვის მოკლეს ჩემი ძმა

ელენე ფოჩხუა: დღემდე არ ვიცით, რისთვის მოკლეს ჩემი ძმა

1383

ადვოკატი ირმა ჭკადუა ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის, გიორგი ფოჩხუას, მკვლელობის ახალ ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გიორგის მკვლელობაში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. მკვლელობის რეალური მიზეზი არა უბრალო ძარცვა, არამედ გიორგის მიერ ანაკლიაში პრეზიდენტის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოები გახდა. აღნიშნული ვერსია დაღუპულის ოჯახისთვისაც სიახლე აღმოჩნდა და ის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. საქმეში არსებულ საეჭვო დეტალებსა და მკვლელობის ახალ ვერსიებზე «საქართველო და მსოფლიოს» ელენე ფოჩხუა ესაუბრა.

_ თქვენი ძმის, გიორგი ფოჩხუას, მკვლელობის საქმე გაიხსნა, მკვლელობაში ბრალდებული დაპატიმრებულია და მას 13 წელი მიუსაჯეს, მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ოჯახმა საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა ამ ეტაპზე?

_ პირველივე დღიდან, გამოძიება არასწორად და ძალიან არაპროფესიონალურად წარიმართა. მართალია, ჩემი ძმის მკვლელი დაიჭირეს, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. სასამართლო პროცესებიც ძალიან სუსტი იყო. პროკურორი ანა არონია ან ძალიან უვიცი პროკურორი იყო, ან საგანგებოდ, ვინმეს დავალებით მოქმედებდა, კითხვებიც კი არ გასჩენია, რომ ელემენტარულად დამნაშავისთვის დაესვა. არადა, გამომძიებელი ლევან საჯაია და ანა არონია თავად უნდა ყოფილიყვნენ საქმის ობიექტური გამოძიებით დაინტერესებულნი.

თავიდან მკვლელს 109-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას სისასტიკით, ყველაზე დამამძიმებელი გარემოებებით, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად რატომღაც ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალა და მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლი შეეფარდა. ამ ადამიანმა სრულიად უმიზეზოდ და ასეთი სისასტიკით მოკლა ჩემი ძმა და 13 წელი მიუსაჯეს, როცა ვიცი ადამიანი, რომელსაც მობილურის მოპარვისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. სად არის სამართალი?

ამას გარდა, საქმეში უამრავი საეჭვო დეტალი იკვეთება, რაც გვიქმნის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მკვლელს ვიღაცები «ზემოდან» მფარველობდნენ. ელემენტარულად, დღემდე ვერ გავარკვიეთ, დაკითხულია თუ არა ყველა მოწმე.  მკვლელობის დღეს ბულვარში ისხდნენ გიორგი და მისი მეგობრები, როდესაც ბექა ცობეხია თავის ორ მეგობართან ერთად მივიდა მათთან და გამოელაპარაკა, თავი შეახსენა. მისმა მეგობრებმა თითქოს სპეციალურად გაართეს გიორგის მეგობრები, რათა მკვლელს გიორგი ცალკე გაეყვანა. როცა გიორგის მეგობარი მივიდა ჩვენების მისაცემად, მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდა ცობეხიას,  ამოიცნო მკვლელი, რადგან გაახსენდა, როგორ უთხრა გიორგის, ბექა ვარ «როიალ პალასიდანო». იმ რესტორანში მუშაობდა დაცვის პოლიციელად და რამდენიმეჯერ ჰყავდა გიორგი ნანახი. გიორგისთვის უკითხავს თავის საქმიანობის შესახებ და თავადაც უთქვამს, რომ ძალოვან სტრუქტურას ვემსახურები, ციხეზე ვმუშაობო. სწორედ გიორგის მეგობარმა მოძებნა სოციალური ქსელის მეშვეობით და ამოიცნო მკვლელის ორი მეგობარიც, მაგრამ, როცა ამის შესახებ გააგებინა პოლიციას, მათ უთხრეს, ისინი უკვე დავკითხეთო. არადა, მანამდე აცხადებდნენ, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. თუ არ იცოდნენ, ვინ იყვნენ, როგორ დაკითხეს? ჩვენთვის დღემდე გაურკვეველია, მართლა დაკითხეს თუ არა ის ბიჭები.

მკვლელობის ღამეს, პირველს აკლდა 15 წუთი, სახლის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და ხმას არ იღებდა. შემდგომში, როცა ეს გავიხსნეთ და ყველა დეტალით დავინტერესდით, წავედით და შემოსული ზარების ამონაწერი მოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ ყველა ზარია დაფიქსირებული იმ ზარის გარდა. ამის შესახებ მოვახსენე პროკურორს და ვთხოვე, გაერკვიათ, მაგრამ მას არაფერი გაურკვევია. პირიქით, ვიღაცამ გააქრო ზარი. რატომ, ეს უკვე ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, საქმე გამოუძიებელია. ასე, არაფრის გამო ადამიანს არ კლავენ.

_ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მკვლელობის ახალ ვერსიაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გიორგის ანაკლიაში პრეზიდენტის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოები ჰქონდა, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. რას ფიქრობს ოჯახი ამ ვერსიაზე?

_ ჩვენთვის უცნობია ეს ვერსია. ჩვენც ჭორის დონეზე გავიგეთ ეს ამბავი, არავის არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ მოვითხოვთ, საქმე კვალიფიციურად გამოიძიონ. თუმცა, რადგან ეს ჭორი გავრცელდა, შესაძლოა, საფუძველი მართლაც არსებობდეს და ვიღაცებს შეიძლება მართლაც ეგონათ, რომ გიორგიმ პიკანტური ფოტოები გადაიღო, ვინაიდან ის სულ ფოტოაპარატით დადიოდა და იმ დღესაც ასე იყო, როცა ანაკლიაში პრეზიდენტის ესკორტი იმყოფებოდა, მაგრამ გიორგის მსგავსი ფოტოები არ გადაუღია. პოლიტიკაში ის არ ერეოდა, საერთოდ არ აინტერესებდა. თან კიევში მიდიოდა რამდენიმე დღეში, მაგისტრატურაში აბარებდა და ტელევიზორის საყურებლადაც ვერ იცლიდა. 

დიდი იმედი მაქვს, ასე გამოუძიებელი არ დარჩება ეს საქმე. ოჯახის წევრებმა დღემდე არ ვიცით, რისთვის მოკლეს ჩემი ძმა და თანაც ასეთი სისასტიკით. ნიკოლოზ ბაძაღუამ, რომელთანაც მივიდა ცობეხია და გაუმხილა, რაც ჩაიდინა, თქვა, რომ შეუთავაზებია, წამოდი იქნებ არ არის მკვდარი, გადავარჩინოთო და, არა უკვე მოვკალიო, მკვლელს უთქვამს. რომ ვცემე, მერე კისერი გადავუტეხე, კოჭებიც გადავუმტვრიე და წყალში ჩავაგდეო.

_ რა ვერსია გაქვთ ოჯახს, თითქმის უცნობ ადამიანს რა მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ ასეთი სისასტიკით მოეკლა გიორგი?

_ არ ვიცით, ასე რატომ გაიმეტეს. თან გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ყოფილა ჩხუბი, როცა შემთხვევით შეიძლება შემოგაკვდეს ადამიანი. ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. თავიდან მას მაგრად სცემეს, თირკმელები, მთელი სხეული სულ დაბეჟილი ჰქონდა, ცხვირის ნესტოები, ტუჩი, ყურები, მოგლეჯილი, არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა. ჯერ სცემეს და შემდეგ ჩააგდეს წყალში. გიორგის თავის სახე არ ჰქონდა შერჩენილი. საშინელ მდგომარეობაში იყო.  

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გიორგის ერთი გრამი წყალიც არ ჰქონდა ნაყლაპი. არადა, როცა ადამიანი წყალში იხრჩობა, ფილტვები წყლით ევსება. ამას გარდა, თავის ტვინში შეშუპება განუვითარდა. ასე ხდება, როცა ადამიანს ახრჩობენ. ჯერ სცემეს, შემდეგ გახადეს ტანისამოსი და მოაბეს ქვები ჩასაძირად. ამის მიუხედავად, ადვოკატი ბოლომდე იმ ვერსიას იცავდა, თითქოს გიორგი ცემის შედეგად არ გარდაცვლილა. როცა ღამე მოასვენეს სახლში და ოჯახმა გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც არ იცოდა, როცა მამაჩემს დაუნახავს, მაშინვე უთქვამს, ეს არ არის დამხრჩვალი, მოუკლავთ ბავშვიო. თუნდაც ჰგონებოდათ, რომ ფოტოები ჰქონდა, თუნდაც ძარცვის მიზნით, მაინც არაფრის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. მტერი მას არ ჰყავდა. გასვენებაზე გაოცებული ვიყავი, 26 წლის ბიჭს რამდენი სიკეთე და სიყვარული დაუთესავს ამქვეყნად.

ტანსაცმელი დაგვიბრუნეს, გარდა ჯინსის შარვლისა. ჯინსიდან ყველაზე რთულად გადადის სისხლის ლაქა, ამიტომ გააქრეს შარვალი _ ან დამარხეს, ან გადააგდეს. გამომძიებელი მეუბნება, ჯინსი თუ დაისვარა, მკვლელი ვერ ამორეცხავდა ზღვის წყალშიო, წარმოიდგინეთ ღამის პირველ საათზე მკვლელი რეცხვას დაიწყებდა? ანაბეჭდებიც არ აუღიათ. ძალიან არაპროფესიონალურად და გულგრილად ჩატარდა გამოძიება.

მობილური ტელეფონი როცა დაგვიბრუნეს, გვითხრეს, განმუხურში ხიდის ქვეშ გადააგდო ცობეხიამ და ლამის დავიხრჩვით მისი ძებნის დროს, ძლივს ვიპოვეთო, მაგრამ საინტერესოა, რომ 5 დღე ხიდის ქვეშ ნაგდებ ტელეფონს პატარა დაზიანებაც არ აღენიშნება. გვაქვს ეჭვი, რომ ტელეფონი, შესაძლოა, ამ ბიჭებს ჰქონდათ, იმ ორ ადამიანს, ხელს რომ აფარებენ. მოვითხოვთ, მკვლელის ორივე მეგობარი დაიკითხოს. ცობეხია მარტო ვერ მოკლავდა ჩემს ძმას, ვვარაუდობთ, რომ მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, მაგრამ ერთი იბრალებს და დანარჩენები დაუსჯელები დადიან. ცრუ ჩვენების მიხედვით შეიძლება განაჩენი გამოუტანო დამნაშავეს? უნდა ათქმევინონ სიმართლე, გამოიძიონ საქმე.

_ დამნაშავე მართლაც დედამ ჩააბარა პოლიციას?

_ ესეც გაურკვეველია. როცა ტელეკომპანია «მეცხრე არხის» თანამშრომლები მივიდნენ მასთან, ჩემი შვილი მთავრობას მე ჩავაბარეო, _ აქცენტს რატომღაც ამაზე აკეთებდა თურმე, პოლიციაში კი გვითხრეს, რომ  სპეცოპერაცია ჩავატარეთ _ გადავედით გალში, მოვიტყუეთ გარკვეულ ტერიტორიამდე და შემდეგ დავაპატიმრეთო.

ველოდებით სიმართლის დადგენას. ჩემს ძმას აღარაფერი გააცოცხლებს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმართლე გაირკვეს. ჯერჯერობით კითხვა ბევრი გვაქვს და პასუხი არა. ვითხოვთ, დაკითხონ და დააპატიმრონ დამნაშავეები, გამოიძიონ საქმე. მკვლელმა სიმართლე აღიაროს _ რატომ, რისთვის გაიმეტა გიორგი!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here