Home რუბრიკები პოლიტიკა ორნი ჟენევაში და რობინზონის დილემა

ორნი ჟენევაში და რობინზონის დილემა

580

არავინ ელოდა, რომ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პირველ შეხვედრას ჟენევაში, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, რუსეთსაქართველოს ურთიერთობებში რაიმე პრინციპული ხასიათის გარღვევა მოჰყვებოდა. აშკარა იყო, რომ დიპლომატებმა ჯერ ტექნიკურ დეტალებზე უნდა ისაუბრონ, შეეხონ იმ უთანხმოებებს, რომელთა აღმოფხვრა შედარებით იოლია, და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მიუახლოვდნენ იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა გარღვევის ელემენტი ამ შეხვედრაში მაინც იყო _ ორი ქვეყნის წარმომადგენელები ერთმანეთს შუამავლების გარეშე შეხვდნენ, რაც 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დიალოგის განახლებას მიესალმება და ეს ნათლად ასახა «საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის» უკანასკნელმა კვლევამ, რომელშიც ეს პოზიცია გამოკითხულთა 83%-მა დააფიქსირა; 52% კი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას მოახერხებს. 

ყოფილი ხელისუფლების აპოლოგეტები, პირველი შეხვედრის მოახლოების პარალელურად, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით, ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ამ დიალოგის დაწყება საქართველოს ლამის «ევრაზიულ კავშირში» გაწევრიანებამდე ან, როგორც მინიმუმი, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებამდე მიიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არაფერი მიანიშნებდა. შეხვედრის გამართვამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, განაცხადა: «მიგვაჩნია, რომ ეს კარგია როგორც საქართველოს, ისე რუსეთისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ურთიერთობა განვითარდება. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას რეგიონში, განავითაროს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა და ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო თავისუფალია, რათა აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადა, რომ ამ პრინციპს მხარს დავუჭერდით». ასეთივე შინაარსის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიამ გააკეთა: «ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან». ზოგადად კი, იმის თაობაზე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, განცხადება არაერთგზის, არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა გააკეთა.

ისტერიული საუბრები საფრთხეებზე, რომლებიც დიალოგის დაწყებას და მოსალოდნელ გაღრმავებას უკავშირდება, ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს, სავარაუდოდ, იმისთვის სჭირდებათ, რომ რამენაირად გაამართლონ სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც 2008 წლის კატასტროფით და ქვეყნის პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებით დასრულდა და მიიყვანონ საზოგადოება დასკვნამდე, რომ ურთიერთობა რუსეთთან ამ ეტაპზე შეიძლება მხოლოდ ისეთი იყოს, როგორიც იყო პერიოდში ომიდან საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდე. რაც უფრო წარმატებული იქნება აბაშიძის მისია და მკაფიო სხვა ქვეყნების დადებითი დამოკიდებულება მის მიმართ, მით უფრო აშკარა გახდება სააკაშვილივაშაძის საგარეო პოლიტიკის, რბილად რომ ვთქვათ, ერთუჯრედიანობა, რომლის ქვაკუთხედი მოსკოვთან კონფრონტაციის გაღვივება, რუსეთდასავლეთის წინააღმდეგობებზე ავანტურისტული თამაში (უფრო სწორად, მისი წამოწყების მცდელობა) იყო

«ჩარეცხილი რეჟიმის» ადვოკატებს (საინტერესოა, წარმოიდგენდა თუ არა სააკაშვილი, რომ ეს, გაუფრთხილებლად ნათქვამი სიტყვა ერთ მშვენიერ დღეს ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა?) შეუძლიათ ილაპარაკონ ის, რაც მოეხასიათებათ. ჩვენთან (იდეაში) სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაა, თუმცა მათმა გოდებამ შეიძლება აუდიტორიის ყურადღება მთავარი თემებიდან უმნიშვნელო დეტალებზე გადაიტანოს. ერთ-ერთი უმთავრესი კი უსაფრთხოების პრობლემაა, რომელსაც თავის განცხადებაში რიჩარდ ნორლანდი შეეხო (საინტერესოა, რატომ ამ კონტექსტში?).

დღეს ქვეყანა ამ მხრივ ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაშია. მისი ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რეალურად დაბლოკილია და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომ რუსეთს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს, აშკარაა, რომ დე-იურე არარსებული ვეტო, ფაქტობრივად, არსებობს. დღეს აშშ-სა და ნატოს არ შეუძლიათ გადადგან ახალი, ალიანსში საქართველოს რეალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ნაბიჯები ისე, რომ რუსეთთან მწვავე დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რის გაკეთებაც ამ ეტაპზე არ უღირთ; ამავე დროს, საქართველოს გადასვლა ოდკბ-ს ქოლგის ქვეშ დღესდღეობით წარმოუდგენელი ჩანს. ყველაფერი ეს, კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.

სააკაშვილის პროპაგანდამ, თავის დროზე, ხელი შეუწყო ისეთი განწყობის შექმნას, თითქოსდა ნატოში გაწევრიანებას ორიოდე ნაბიჯი გვაშორებს. პირველი, რის აღიარებაც, სავარაუდოდ, მოგვიწევს, ისაა, რომ ეს ასე არ არის და საქართველო ტრანზიტულ მდგომარეობაში (მარტივად რომ, ვთქვათ, სრულ გაურკვევლობაში) იმყოფება და ეს შეიძლება არა მხოლოდ წლების, არამედ ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ამიტომ სასურველია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს არა ფანტაზიებს პრობლემის საბოლოო მოგვარებაზე სადღაც იქ, შორეულ მომავალში, არამედ _ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სწორედ ამ (პირობითად) «გარდამალ ეტაპზე».

უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, აქტივში აქვს ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმი, რომელსაც «ბირთვული კლუბის» წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მას შემდეგ მოაწერეს, რაც უკრაინამ ბირთვულ შეიარაღებაზე უარი თქვა. მის 1-3 პუნქტებში ნათქვამია, რომ რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი (შემდგომ შესაბამისი განცხადებები საფრანგეთმა და ჩინეთმა გააკეთეს) ადასტურებენ პატივისცემას უკრაინის სუვერენიტეტისა და მისი საზღვრების ურღვევობის მიმართ, აცხადებენ, რომ უკრაინასთან ურთიერთობაში თავს შეიკავებენ სამხედრო ძალის გამოყენებისა და მისი გამოყენების  მუქარისგან, აგრეთვე, ეკონომიკური იძულების ზომებისგან. ბუდაპეშტის მემორანდუმი არ არის სრულყოფილი დოკუმენტი, ის უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს არ ქმნის, თუმცა «სულ არაფერს» ნამდვილად სჯობს.

ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინელებმა ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ მიიღეს, საქართველოს მსგავსი არაფერი გააჩნია, თუმცა აქ მთავარია პრინციპი: უნდა ვისწრაფოდეთ თუ არა შუალედური გარანტიების მოპოვებისკენ და მათი გაფორმებისკენ კონკრეტული შეთანხმებების სახით? ერთის მხრივ, ეს სავსებით ბუნებრივი ჩანს, თუმცა ამავე დროს, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს იქნება ნაბიჯი ფინლანდიზაციისკენ, რომელთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს.

არც ერთ მხარეს დისკუსიის გამართვა არ სურს _ ერთნი დუდღუნებენ: «ნატოს ალტერნატივა არ აქვს», მეორენი კი ყვირიან: «ძირს ნატო, ძირს აშშ!». ამასობაში დრო გადის და არაფერი იცვლება, ნატოში არ გვიღებენ, აშშ და რუსეთი რუკიდან არ ქრებიან, ხოლო საფრთხეები დღევანდელ არასტაბილურ მსოფლიოსა და რეგიონში სოკოებივით მრავლდება.

პირველი, რის გაკეთებაც დღევანდელ სიტუაციაში მოგვიწევს, სავარაუდოდ, იმის გაცნობიერება იქნება, რომ ახლო მომავალში, სავსებით ობიექტური, მეტწილად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ისეთი სამხედროპოლიტიკური ალიანსის წევრი, რომელიც მისი პრობლემების თუნდაც ნაწილობრივ გადაწყვეტაში (უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული გამთლიანება) განმსაზღვრელ როლს შეასრულებს და, აქედან გამომდინარე, ალტერნატიული სტრატეგიების შემუშავება მოგვიწევს. ეს არ ნიშნავს შორეულ პერსპექტივაში ნატოში გაწევრიანებაზე ან პირიქით, რუსეთთან «ევრაზიულ» სამხედროპოლიტიკურ კავშირზე უარის თქმას (როგორც შეიძლება ერთი ან მეორე მიმართულებით წასვლის მომხრეებმა ჩათვალონ), არამედ ზრუნვას იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ, გადავრჩეთ და წინ წავიწიოთ დღეს, ხვალ და უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში.

რობინზონი კუნძულზე აღმოჩენის პირველსავე დღეს წყალში რომ გადამხტარიყო და გაეცურა იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან შეხვდებოდა გემი, რომელიც გადაარჩენდა ან კონტინენტამდე ჩააღწევდა, ძალიან მალე დაიღუპებოდა. მას უკაცრიელი კუნძულის მკაცრი პირობების მიმართ ადაპტირება მოუხდა. ეს მდგომარეობა არ იყო ნორმალური და მისთვის სასურველი, ის სულ სხვა ცხოვრებისკენ მიისწრაფოდა და საბოლოოდ დაბრუნდა იქ, სადაც სურდა, მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდა ის, თავის «ტრანზიტულ პერიოდში» სავსებით ადეკვატურად იქცეოდა. შეიძლება ოდნავ პარადოქსულად გაიჟღეროს, მაგრამ საქართველოს წინაშე დღეს თითქმის იგივე პრობლემა დგას, მან, ცრუ იმედების გარეშე, რთულ პირობებში ცხოვრება, მათ მიმართ ადაპტირება უნდა ისწავლოს.

არის კიდევ ერთი საინტერესო პრობლემა; არავინ _ არც რუსეთი, არც აშშ, არც მამაზეციერი არ გვიკრძალავს, ვიყოთ შემოქმედებითები და გადარჩენის ორიგინალური სტრატეგია შევიმუშაოთ. თუმცა დღეს (შესაძლოა, ესეც სააკაშვილის რეჟიმის მემკვიდრეობაა) შეინიშნება სწრაფვა «ან ერთი, ან მეორე» ტიპის პრიმიტიული კონსტრუქციების აგებისკენ, რომლებიც ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს. სინამდვილეში, პოლიტიკასა და დიპლომატიაში არჩევანი ორ ვარიანტს შორის, როგორც წესი, ცრუ არჩევანი, ხშირ შემთხვევაში, საგანგებოდ დაგებულ მახეს წარმოადგენს, ხოლო თავისუფალი არჩევანი, მინიმუმ, სამი ვარიანტიდან იწყება. ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა «ან ნატო, ან რუსეთის» ჭრილში მეტად კონტრპროდუქტიული რამ არის, მითუმეტეს, რომ არც ერთი მათგანი საქართველოსთან ისეთი დაახლოებისთვის, რომელიც ჩვენი პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას უზრუნველყოფს, ამ ეტაპზე მზად არ არის. ქვეყანას სჭირდება მეტი სივრცე მანევრისთვის და ის მალე დასჭირდება ზურაბ აბაშიძესაც მოლაპარაკებებზე (ყველა როდი აცნობიერებს იმ მისიის სირთულეს, რომელიც მას დაეკისრა), როდესაც მხარეები ძირითად პრობლემებზე გადავლენ.

დაბრუნება რეალისტური საგარეო პოლიტიკის კალაპოტში, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული  შტატებით მანიპულირებას ცდილობდა (ამან მისი რეჟიმის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა) და თავის წარმოსახვაში ლამის კოსმოსური მასშტაბის საკითხებს აგვარებდა, მძაფრ შეგრძნებებს მიჩვეულ აუდიტორიას შეიძლება ერთობ პროზაულად და უინტერესოდ მოეჩვენოს, მაგრამ სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს; არ იქნება არანაირი ფანტასტიკური ბლოკბასტერი სპეცეფექტებით, არამედ _ მხოლოდ მეთოდური შრომა და ნელი წინსვლა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და გამთლიანების მიმართულებით. ვერაფერს ვიზამთ, ცხოვრება სწორედ ასეა მოწყობილი, ხოლო ის, თუ როგორაა მოწყობილი მენტალურად არამდგრადი ადამიანის წარმოსახვა, სჯობს, ფსიქიატრებმა გაარკვიონ, ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here