Home რუბრიკები საზოგადოება მეგრული პოეზიის საღამო _ ზუგდიდში

მეგრული პოეზიის საღამო _ ზუგდიდში

1195

სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» (თავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია) და ამ მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია (ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია) თავისი საქმიანობის მთავარ ფუნქციად ყოველთვის მიიჩნევდა მეგრული კულტურის, ფოლკლორის, ენის შენარჩუნებაგანვითარებისთვის ზრუნვას. ამ მიზნით ზუგდიდის ოფისში არაერთი შეხვედრა გაიმართა მეგრული სიტყვის ოსტატებთან, თუმცა იმას, რაც ამ დღეებში ჩატარდა, ანალოგი არ მოეძებნება.

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურაბ კვარაცხელიას, ძალისხმევითა და ჭეშმარიტი კოლხი ქალბატონის, ხატია ჯანაშიას, დახმარებით, ზუგდიდში ჩატარდა მეგრული პოეზიის გრანდიოზული საღამო ენგურს გაღმა-გამოღმა მოღვაწე მეგრელი პოეტებისა და მეგრელი მკვლევარების მონაწილეობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ზუგდიდისა და წალენჯიხის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

თავიანთი ლექსები წაიკითხეს გალში მცხოვრებმა პოეტებმა: ნარგიზა ბასარიამ, ნუგზარ შამუგიამ და თენგიზ ფეტელავამ; ზუგდიდში მცხოვრებმა ოჩამჩირელმა პოეტმა ავერიკო თორიამ, წალენჯიხელებმა _ ენათმეცნიერმა მამანტი ძაძამიამ, რინოს კვარაცხელიამ, ჩხოროწყუელმა კოტე ნაჭყებიამ, ზუგდიდელმა ედემ იზორიამ, ბეჯით ჯალაღონიამ, გიორგი შენგელიამ, შუკო ჯიქიამ, ფოთელმა _ ოთარ აძინბაიამ, ასევე ახალგაზრდა პოეტებმა ზაალ ჯალაღონიამ, ნიკა ლაშხიამ და გიგა ქავთარაძემ.

საღამო მუსიკალურად შესანიშნავად გააფორმეს ფოლკლორულმა ანსამბლმა «ოდოიამ»  და ცნობილმა მომღერალმა გურიელ ჭითანავამ. ისმოდა სიმღერები ქართულ, მეგრულ და აფხაზურ ენებზე.

გალელმა პოეტმა ნუგზარ შამუგიამ წაიკითხა გაზეთ «გალის» რედაქტორის, ეროვნებით აფხაზის, მეგრული ენისა და კულტურის თაყვანისმცემლის, ნუგზარ სალაყაიას, მიმართვის წერილი დამსწრე საზოგადოებისადმი, რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ გაზეთ «გალის» პირველი ნომრის გამოსვლის დღე, 5 ივნისი (1995 წ), გამოცხადდეს გალის რაიონში მეგრული ენის დღედ, რასაც მოჰყვა ზურაბ კვარაცხელიას შემხვედრი მოსაზრება. «დღეს ჩვენ ზუგდიდში გვაქვს მეგრული სიტყვისა და პოეზიის ზეიმი. უნდა დავანახოთ ყველას, რომ ვარსებობთ და ვიარსებებთ მომავალშიც. მეგრული ენის დღე უნდა იყოს ერთი ენგურს გაღმა-გამოღმა. ამიტომ შემომაქვს წინადადება, რომ მეგრული ენის დღედ გამოცხადდეს 29 მაისი _ ცნობილი მეგრელი ენათმეცნიერისა და მეგრული ენის მკვლევარის _ მამანტი ძაძამიას დაბადების დღე», _ აღნიშნა ზურაბ კავარცხელიამ და მის ამ მოსაზრებას დარბაზი აღფრთოვანებით შეხვდა.

ცნობილმა ენათმეცნიერმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია «აიას» პრეზიდენტმა მამანტი ძაძამიამ საზოგადოებას აუწყა, რომ მეგრული ენისა და კულტურის დარგში გაწეული წარმატებული საქმიანობის გამო მეცნიერებათა აკადემია «აიას» შემადგენლობაში არჩეულ იქნა ნუგზარ სალაყაია. «აიას» წევრობისა და აკადემიკოსობის დამადასტურებელი მოწმობა მისი არყოფნის გამო გადაეცა ნუგზარ შამუგიას. «დღევანდელი შეხვედრა იმდენად შთამბეჭდავია და განუმეორებელი, რომ აუცილებლად უნდა გამოიცეს ამ დღესთან დაკავშირებით წიგნი ან ალმანახი», _ განაცხადა მამანტი ძაძამიამ.

დამსწრეები, რომელთაც ვერ იტევდა პატარა დარბაზი, მადლობას უხდიდნენ ზურაბ კვარაცხელიას ასეთი ღონისძიების ჩატარებისთვის.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here