Home რუბრიკები საზოგადოება ხანუქა თბილისში

ხანუქა თბილისში

593

ხანუქის დღესასწაულის დაწყება ქართველმა იუდეველებმა ტრადიციისამებრ თბილისის სინაგოგაში საზეიმოდ აღნიშნეს. სახელწოდება «ხანუქა», მიიჩნევენ, რომ წარმომდგარია გამოთქმიდან «ხანუქატ ჰამისბეახ» _ სამსხვერპლოს განწმენდა (განახლება), რაც მაკაბელთა მიერ ბერძენსირიელთა ჯარისგან ტაძრის გათავისუფლებას მოჰყვა. აღდგა ღვთისმსახურება. ეს მოხდა 165 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

_ ამ წმინდა ადგილზე, _ თქვა «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში მსოფლიოს სეპარატული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა თეთრუაშვილმა, _ აღმოჩნდა პატარა დოქი, რომელშიც სანთლების ზეთი იყო ჩასხმული, 24 საათის სამყოფი _ რვა დღე-ღამე ჩაუქრობლად ენთო სანთლები.

ეს იყო სასწაული, ღმერთის ნიშანი, და იმ დღიდან მოყოლებული მსოფლიოს ებრაელობა აღნიშნავს ამ დღეს, როგორც გამარჯვების, გათავისუფლების, დამოუკიდებლობის დღეს. ვლოცულობთ, მადლობას ვწირავთ ღმერთს ყველა იმ გაჭირვებისგან დახსნისთვის, რაც ებრაელობას ჰქონია თავსდატეხილი.

ყველა გამარჯვება სასწაული იყო, თუნდაც გასულ საუკუნეში გადატანილი ომი, როცა პატარა ისრაელს რვა სახელმწიფო თავს დაესხა და ჩვენმა ხალხმა შვიდ დღეში გაიმარჯვა. იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, ისრაელი კი არსებობს, არის და იარსებებს იმიტომ, რომ იგი არის მშვიდობისათვის, აღმშენებლობისათვის, ერთა შორის ძმობისთვის მოწოდებული. ამ ერმა გამჩენის წინაშე თავისი დამსახურებით მოაღწია დღევანდლამდე.

ვლოცულობთ, რათა დამკვიდრდეს მშვიდობა და ადამიანმა ადამიანის წინააღმდეგ არასოდეს აღმართოს იარაღი.

თბილისის სინაგოგას ახლახან ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და ხანუქაც ამ განახლებულ სამლოცველოში იზეიმეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა.

_ ამ დღის აღნიშვნას დაესწრო ისრაელის კონგრესის ხელმძღვანელობა, _ განაგრძობს ბატონი შალვა თეთრუაშვილი, _ და ამას დაემატა საქართველოს პრემიერმინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის სტუმრობაც. იგი ქართველი ერის ჭეშმარიტი მამულიშვილია, მოწოდებულია ხალხში სიკეთის დასათესად. დაე, მისი ხელით გამთლიანებული საქართველო მალე გვენახოს. ამენ!

_ ამენ! _ თქვეს ჩვენს გარშემო მყოფმა იუდეველებმა, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ ბატონ შალვას საუბარს.

პრემიერმა ამ შეკრებაზე მოკლე სიტყვა წარმოთქვა და ისურვა, ჩვენი ქვეყნის ისე განვითარება, რომ საქართველოში კვლავ იმდენი ებრაელი ცხოვრობდეს, რამდენიც უწინ იყო და რისი მოწმენიც ყველარი ვართ.

_ ბატონი ბიძინა დღეს ისეთი ჩვენიანია, როგორიც ზოგი ჩვენებური არ არისო, _ ამბობდნენ სინაგოგის ეზოში პრემიერის გასაცილებლად გამოსული მლოცველები, რომლებსაც წრეში მოექციათ ივანიშვილი და ქვეყნის ჭირვარამზე გულწრფელად ესაუბრებოდნენ.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here