Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში ყოველი მესამე ორსული მწეველია

საქართველოში ყოველი მესამე ორსული მწეველია

695

დიდი ხანია, თამბაქოს ინდუსტრია მწეველთა რიგების შესავსებად  ცბიერ ხრიკებს მიმართავს. სულ ახლახან შემთხვევით, ერთერთი  სასამართლო  პროცესის დროს ცნობილი გახდა, რომ 1977 წელს  თამბაქოს 7 მსხვილი მწარმოებელი შეიკრიბა ინგლისის ქალაქ ბატში და იქ საიდუმლო შეთქმულების «ბერკშირის ოპერაცია» ფარგლებში თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობასთან საბრძოლველად ერთიანი ტაქტიკა შეიმუშავა. ამისთვის საგანგებოდ სამი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა: პირველი მოწევის სოციალური მისაღებლობის საკითხზე მუშაობდა, მეორე _ თამბაქოს სასარგებლო თვისებებზე და მესამე _ სამედიცინო პრობლემებზე. კომპანიები შეთანხმდნენ, რომ არასდროს აღიარებენ იმას, რომ მოწევა კიბოსა და სხვა დაავადებების გამოწვევის უშუალო მიზეზია. შესაბამისად, მათ აღარ მოუწევდათ დაავადებული მწეველებისთვის კომპენსაციის გადახდა. შეთქმულებამ თავისი  ნაყოფი გამოიღო: მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მავნებლობა ჯანმრთელობისთვის აშკარა იყო, სასამართლოებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში ეს ფიქციად მიაჩნდათ.

ყოველწლიურად მსოფლიოში მოწევისგან 5 მილიონი ადამიანი იღუპება; მოსახლეობის 1,2 მილიარდი მოიხმარს თამბაქოს და აქედან დაახლოებით 70% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000 პასიური მწეველია (ის, ვინც თავად არ ეწევა, მაგრამ თამბაქოს კვალით გაჯერებული ჰაერით უწევს სუნთქვა). 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 36% მწეველია, რითაც ევროპის რეგიონში ლიდერის პოზიციები გვაქვს. მამაკაცებში მწევლობის გავრცელება თითქმის 60%-მდეა, ქალბატონებში კი 14%-ს აღწევს.

სამწუხაროდ, ბოლო 35 წლის განმავლობაში 3,5 ჯერ გაიზარდა მწეველ ქალთა რაოდენობა და შესაბამისად იზრდება მკვდრადშობადობისა და სიმახინჯეებით შობადობის რიცხვი.

საქართველოში ორსულ ქალებს შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. დღესდღეობით ორსულ ქალთა 32%, ანუ ყოველი მესამე ორსული მწეველია. ასეთი მძიმე მდგომარეობის შექმნას განსაკუთრებით ხელს უწყობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც, ბოლო ათწლეულია, აქტიურად ეწევა აგრესიულ სარეკლამო და საპოპულარიზაციო კამპანიას. ყოველდღიურად ირღვევა კანონის მოთხოვნები: უკანონო გარერეკლამის, პრომო გოგონების საშუალებით გათამაშებებში მონაწილეობის მიღებით, ტელე-შოუებისა თუ სერიალების საშუალებით, ასევე, ინტერნეტით აქტიურად წარმოებს ახალგაზრდა გოგონებს შორის მოწევის პროპაგანდა.

ამას ემატება ისიც, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა ორსულობის დროს არაკვალიფიციურ რეკომენდაციებს იძლევიან სპეციალისტები და ურჩევენ ფეხმძიმეებს მოწევის გაგრძელებას.

«ლაითი» და «კუპრის დაბალი შემცველობის» სიგარეტის ნაკლები მავნებლობის პროპაგანდა თამბაქოს ინდუსტრიის მორიგი მითია. ასეთი სიგარეტის მწეველი ნიკოტინის ჩვეული დოზის მისაღებად უფრო მეტს ეწევა. ელექტრონული სიგარეტების გამოგონება ასევე თამბაქოს მწარმოებელთა კიდევ ერთი ხრიკიაადამიანი ჩვეულებრივ ღებულობს ნიკოტინს და სხვა მავნე ნივთიერებებს და ამასთან მოწევის ჩვევა და მოთხოვნა რჩება და ერთი სახის თამბაქოს ნაწარმიდან გადადის ელსიგარეტის მოხმარებაზე. ადამიანი უფრო ადვილად თანხმდება მოწევის დაწყებაზე, ვიდრე თავის დანებებაზე.

როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, მწეველი მოზარდები უფრო მიდრეკილნი არიან, გამოიყენონ ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ვიდრე არამწეველები. დაახლოებით 90% რეგულარული ზრდასრული მწეველისა იწყებს მოწევას 19 წლამდე ასაკში _ ზუსტად მაშინ, როდესაც საზოგადოებაში თვითდამკვიდრების სურვილი ძალზე დიდია. ზოგს მომავალი პროფესიაც არა აქვს არჩეული, მაგრამ თავდაჯერებული და წარმატებული ადამიანის ცრუ იმიჯის შესაქმნელად თამბაქო დიდი ხანია შეურჩევია. ბავშვები და მოზარდები თამბაქოს ინდუსტრიისთვის ყველაზე მარტივი სამიზნეები არიან. მოსალოდნელ შედეგზე ისინი არ ფიქრობენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ, თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი იცოცხლებდა, თუ მათი დედა არ იქნებოდა მწეველი. არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ გოგონებს 3-4-ჯერ უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია, რადგან მათში დაბალია ოვალუაციისა და განაყოფიერების დონე.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსი მრავალი წელია ებრძვის თამბაქოს მოხმარების გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი ალიანსი მის წევრ ორგანიზაციებთან და შესაბამის კლინიკებთან ერთად იწყებს მოძრაობას ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების რადიკალურად შემცირების მიზნით. ამავე მიზნით, უახლოეს პერიოდში ალიანსი მიმართავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს და საზოგადოებას გააცნობს სამოქმედო გეგმას, რომელიც გამომდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან. კერძოდ, რეალურად უნდა ამოქმედდეს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა და პოპულარიზაცია, პერიოდულად გაიზარდოს გადასახადები და თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისროს კომპენსაცია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზარალისთვის, შემოღებულ იქნებს ლიცენზირება თამბაქოს წარმოებაზე, იმპორტსა და ექსპორტზე, შეიქმნას თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველთათვის ხელმისაწვდომი სერვისები და ..

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადმინისტრაციული ბერკეტები ძალზე სუსტია _ არსებობს დაჯარიმების სქემა, მაგრამ მისი აღსრულების ფუნქცია, რომელიც პოლიციას აკისრია, ფაქტობრივად, არ სრულდება. იმედია, ახალი მთავრობის პირობებში, რომელმაც მთავარ ღირებულებად ადამიანი და მისი ჯანმრთელობა გამოაცხადა, რეალურად იქნება იმის პოლიტიკური ნება, რომ შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურებმა განახორციელონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები და დააჯარიმონ ყველა ის დაწესებულება, რომელიც არღვევს თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლეოსობა, უკვე წლებია, ელოდება ამ კანონის აღსრულებას, მათ შორისაა მწეველთა 60%, რომელიც მხარს უჭერს რესტორნებისა და ბარების 100%-ით თამბაქოს კვამლისაგან გათავისუფლებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ობიეტებზე, სადაც მხარდაჭერის დონე 80%-ს აჭარბებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და კვების ობიექტებში იშვიათად თუ ნახავთ მწეველებისთვის ცალკე გამოყოფილ ადგილებს. ეწევიან სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებიც და ექიმებიც, სავაჭრო წერტილებში სიგარეტს ღერებით მაინც ყიდიან არასრულწლოვანებზე… თუ ჩვენს შეხედულებებს თამბაქოსა და ჯანმრთელობის მიმართ რეალურად არ შევცვლით, დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული ჩვენი მომავალი კიდევ უფრო გაუარესდება…

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here