Home რუბრიკები სამართალი მარინა ჟღენტი: ჩემს ძმას გული არსდროს აწუხებდა. სიმართლის დასადგენად ვის მივმართო, არ...

მარინა ჟღენტი: ჩემს ძმას გული არსდროს აწუხებდა. სიმართლის დასადგენად ვის მივმართო, არ ვიცი

1137

პატიმრების მიერ მოწყობილი არეულობის დროს, 23 ნოემბერს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 50 წლის ბადრაგი ჯამბულ ხოშურაული გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ამ დრომდე გულის შეტევა სახელდება. მწირი ინფორმაციის გამო ამ ფაქტის გაჟღერებისთანავე საზოგადოებაში კითხვები დაიბადა. გარდაცვლილის და, მარინა ჯღენტი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მის ძმას გული არასდროს აწუხებდა და გარდაცვლილი არც გაშავებული ყოფილა. მისივე თქმით, საუბრისგან თავს იკავებენ ექიმებიც. ქალბატონმა მარინამ ისიც გვითხრა, რომ, სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის, საჯარო განცხადების მიუხედავად, მათ მატერიალურად არავინ დახმარებია.

მარინა ჟღენტი, გარდაცვლილის და: _ ჩემი ძმა ნოემბერში გახდა 50 წლის. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. 15 წელი მუშაობდა ამ სფეროში. ყველას უყვარდა. მისი ნაწყენი კაცი არ უნახავთ. პატიმარი ეცოდებოდა. ლუკმა  როგორ გადამივა, პატიმარი როცა მშიერიაო. ბიჭები, მისი მეგობრები, ამას იხსენებდნენ და ტიროდნენ. ეტაპებზე მუშაობდა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, საავადმყოფოები პატიმრებით გაივსო. მორიგეობა ყოველ მეორე დღეს უწევდა. ბოლოს 22 ნოემბრის საღამოს ველაპარაკე.

_ ქალბატონო მარინა, ოფიციალური ვერსია ცნობილია. ხომ არ იცით, რა მოხდა სინამდვილეში 23 ნოემბრის ღამეს?

_ მე ეს ყველაფერი თვითმხილველის გადმოცემით ვიცი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პატიმრებმა ღამის პირველ საათზე ჯერ საჭმელი მოითხოვეს (სულ 3 პატიმარი იყო), შემდეგ ერთ-ერთს ექიმისთვის წამალი უთხოვია. გაგიკეთეთ და რაღა წამალი გინდაო, უთქვამს ექიმს. ამ დროს პატიმარმა თურმე დედა შეაგინა, რაზეც ექიმმა გინებითვე უპასუხა. ამის შემდეგ დაიწყო ბუნტი. პატიმრები ექიმებისკენ მიიწევდნენ, ხელბორკილები არ ედოთ. ჩემი ძმა შუაში ჩამდგარა, ექიმისთვის რომ არაფერი დაეშავებინათ. ამ შეხლა-შემოხლაში ჩემი ძმა წაქცეულა და პატიმარი ზედ დაცემია (თითი ჰქონდა ჩალურჯებული). 3 საათზე სპეცრაზმი გამოუძახებიათ და ამ დროს ცოტათი ჩაწყნარებულან.

_ მერე რა მოხდა?

 _ მერე ისევ აუტეხავთ ბუნტი: დერეფნებში დარბოდნენ, შუშები ჩალეწეს, ვენები გადაიჭრეს, მუცლის გამოფატვრით იმუქრებოდნენ, ერთ-ერთი პატიმარი საპირფარეშოში ჩაკეტილა. ჩემი ძმა მეორედ რომ დავარდნილა, გონება დაუკარგავს, 45 წუთი აპარატზე ჰყოლიათ შეერთებული, ცხრის ნახევარზე კი უკვე აღარ იყო.

_ მიზეზი რა გითხრეს, რით გარდაიცვალა?

_ ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რადგან გული არასდროს აწუხებდა და არც გაშავებული იყო. ვის მივმართოთ, არ ვიცით. სიმართლეს არავინ ამბობს. მედპერსონალს ეშინია, იმალება.

_ ექსპერტიზის დასკვნა არსებობს?

 _ ექსპერტიზამ ჯერ 10 დღის ვადა გვითხრა, შემდეგ კი ერთ თვეში წარმოვადგენთო პასუხს. პატიმრებს ექიმებისთვის რომ ეგინებინათ, ამდენის უფლება ნამდვილად არ უნდა ჰქონოდათ. სოზარ სუბარმა გამოაცხადა, რომ სიტუაცია გამკაცრდებაო, მაგრამ, ჩემი საღსალამათი ძმა რომ აღარ მყავს ცოცხალი… სანდო ადამიანმა მითხრა, რომ ვიღაც ამ ყველაფერს იღებდა, მაგრამ ამასაც ასაიდუმლოებენო.

_ სასჯელაღსრულების მინისტრმა ჟურნალისტებს ოფიციალურად განუცხადა, რომ, რადგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, ვალდებულები იყვნენ, ოჯახს მატერიალურად დახმარებოდნენ

_ ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ყველაფერი ვალით გავაკეთეთ, ახლა სასაფლაოც გასაკეთებელი გვაქვს. სიცოცხლე «ტაოპრივატბანკში» ჰქონდა დაზღვეული. საბუთებს ვაკეთებთ, მერე შესაძლოა დაგვიანდეს და საქმე გაგვიფუჭდეს.

_ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ორი შვილი დარჩა

_ ხომ ხედავთ, როგორი გაუბედურებულები არიან გოგოები. შვილები დედამ უარყო. 8-9 წლისანი იყვნენ, რომ ჩამომიყვანა და 5 წელი ვუვლიდი. ქირით ცხოვრობდნენ «მალაკნების» ბაზართან, სარდაფის ტიპის ბინაში. იქ რომ მივდიოდი, ჰაერი არ მყოფნიდა ხოლმე.

_ მიცვალებული საიდან გაასვენეთ?

_ იმ ბინაში შეუძლებელი იყო მიცვალებულის მისვენება, ამიტომ ჩემთან დავასვენეთ. ძალიან უჭირდათ, 450 ლარს იღებდა, 900-ლარიანი ხელფასის აღება მხოლოდ ერთხელ მოასწრო. ძალიან გახარებული იყო, გეგმებს აწყობდა, იანვრიდან ბავშვებს სარდაფიდან გადავიყვანო…

ქალბატონი მარინა რომ მესაუბრებოდა, გარდაცვლილის ქალიშვილები ბელა და ცირა ხოშურაულები ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

ბელა ხოშურაული: _ მამაჩემი ჩემთვის დედაც იყო და მამაც. იმ დღეს მეორედ რომ გამოიძახეს, არ ვიცი, გულმა მიგრძნო, თუ რა იყო, გავხედე, ჭიშკარში რომ მირბოდა… არ დამაგვიანდესო… ეტყობა გული მიგრძნობდა, რომ აღარ მოვიდოდა.

«საქართველო და მსოფლიო» სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის ხელმძღვანელ რეზო ხოფერიას ესაუბრა.

_ ბატონო რეზო, რა გახდა ჯამბულ ხოშურაულის გარდაცვალების მიზეზი?

_ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არსებობს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს ამბავი საავადმყოფოში მოხდა და ექიმებისგან ვიცით, რომ ეს იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და რომ ცდილობდნენ მის გადარჩენას.

_ ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას გული არასდროს აწუხებდა

_ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ოჯახის წევრებთან საუბარი არ გვქონია.

_ ბატონო რეზო, ფაქტის კომენტირებისას სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, რომ ოჯახს მატერიალურად გვერდით დაუდგებოდნენ

_ უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც ბადრაგი მუშაობდა, და სამინისტრომაც უზრუნველყვეს ამ ადამიანის გადასვენება. ისეთი ხარჯები დაფარეს, რომელიც პირველად სჭირდება მიცვალებულს. ეს ადამიანი რადგანაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს გარდაიცვალა, კანონით დადგენილი ნორმით, მის ოჯახს ეკუთვნის გარკვეული სახის კომპენსაცია, რომელიც გადაეცემა თუ გადაეცა… ეს ინფორმაცია ზუსტად არ მაქვს…

_ ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამინისტროდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

_ გარდაცვლილის თანამშრომელთან მქონდა სატელეფონო საუბარი და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ გადასვენების და სასახლის ხარჯები გაწეული იყო. საქართველოში ეს ჩვეულებრივი ამბავია, თანამშრომლები ყოველთვის აკეთებენ ამას.

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here