Home რუბრიკები პოლიტიკა ბჟეზინსკი რუსეთ-საქართველოს კავშირზე ალაპარაკდა

ბჟეზინსკი რუსეთ-საქართველოს კავშირზე ალაპარაკდა

833

«საქართველო რუსეთთან კავშირის შესაძლო კანდიდატი ხდება და ეს, ბაქოჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, შეიძლება აშშთან მეგობრობის ფასად დაუჯდეს», _ ეს განცხადება წამყვანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, «ამერიკის ხმის» ცნობით, გასულ კვირას, კონგრესში გამოსვლისას გააკეთა. ის, რაზეც ბჟეზინსკი საუბრობს, ბევრს საქართველოსა და რუსეთში დღეს ხანგრძლივი კონფრონტაციის, ომისა და კონფლიქტურ რეგიონებში ჩიხური სიტუაციის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, იმის დადგენას, თუ რას ეფუძნება ცნობილი ექსპერტის ეს მოსაზრება, ალბათ, გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ. მითუმეტეს, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი ხელწამოსაკრავი ფიგურა ნამდვილად არაა. მას ყურადღებით უსმენენ როგორც საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე პოლიტიკოსები; მისი იდეები (მაგალითად, «გლობალური პოლიტიკური გაღვიძების» შესახებ) ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე არცთუ უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენენ.

ძია სემის რუსული თავსატეხი

ბჟეზინსკიმ საქართველო «ევრაზიის კავშირზე» საუბრისას ახსენა. მისი აზრით, მოსკოვის ეს ინიციატივა მთლიანობაში უპერსპექტივოა, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ კავშირში შესვლა არ მოუნდებათ. ყაზახეთი, მისი თქმით, «ისედაც მშვენივრად მანევრირებს რუსეთს, ჩინეთს და დანარჩენ მსოფლიოს შორის», უზბეკეთი «ძალიან მტკიცეა სახელმწიფო დამოუკიდებლობის საკითხებში», ხოლო უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფლებებს არ სურთ, კონტროლი თავიანთ ქვეყნებზე კრემლთან გაინაწილონ. საინტერესოა, რომ საქართველოს შემთხვევაში, მან შემაფერხებელ ფაქტორად არა ქვეყნისა და მისი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე გარემოებები, არამედ აშშ-ის პოზიციის შესაძლო ცვლილება დაასახელა.

ამერიკელები ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ რუსულ ინტეგრაციულ პროექტებს პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დუბლინში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ «არსებობს მოძრაობა რეგიონის რესოვეტიზაციის მიმართულებით. მისი სახელი ზუსტად ასეთი არ იქნება. ამას ეწოდება «საბაჟო კავშირი», «ევრაზიის კავშირი» და ასე შემდეგ. ეს შეცდომაში ვერ შეგვიყვანს. ჩვენ ვიცით, რაში მდგომარეობს მიზანი და ვცდილობთ, შევიმუშავოთ ეფექტური მეთოდები იმისთვის, რათა შევაფერხოთ ან შევაჩეროთ ეს». რაც შეეხება ზბიგნევ ბჟეზინსკის, ის ამ თემას ბოლო თვის განმავლობაში ორჯერ შეეხო და კონგრესში გამოსვლამდე, რუსულ «კომერსანტთან» საუბარში «ევრაზიის კავშირის» შექნას «ნაძალადევი პოზიორობა» უწოდა. ყველა ეს განცხადება ერთად და ამერიკულ მედიაში მოხშირებული პუბლიკაციები, რომლებიც ამავე პრობლემატიკას ეძღვნება, ნათლად მიანიშნებენ იმაზე, რომ «ევრაზიის კავშირის» თემა ვაშინგტონში საკმაოდ აქტუალური გახდა.

«მთავარი, რაც რუსეთში უნდა გაიგონ, _ განაცხადა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ კონგრესში, _ ისაა, რომ აყვავებისა და წარმატებისთვის, მას სჭირდება დაახლოება დასავლეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩინეთს ყველაფერს დაუთმობს». «კომერსანტთან» საუბარში კი მოუწოდა რუსეთს, გადაწყვიტოს ამბიციური ამოცანა და «გახდეს ევროპული ლიდერი სახელმწიფო, რომელიც გლობალურ როლს თამაშობს. და ეს მიზეზია რუსეთისთვის, რათა ევროპასთან და ამერიკასთან ერთად იყოს, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც ახალი, კონტინენტთაშორისი კავშირები იქმნება. რუსი რომ ვყოფილიყავი, აღმოსავლეთით გავიხედავდი და სწრაფად გავერკვეოდი ვისზე მქონოდა ორიენტაცია». ამ ორი ციტატის მოყვანა, ალბათ, აუცილებელია, იმისთვის, რათა გავიგოთ, რომ დღეს ბჟეზინსკის აქტუალურ ამოცანად დასავლეთისა და რუსეთის დაახლოების ხელშეწყობა მიაჩნია, რომლის მნიშვნელობაზე მან გასული წლის 14 ოქტომბერს, ნორმანდიაში, ალექსის დე ტოკვილის პრემიის მიღების შემდეგ ისაუბრა: «ეფექტური გლობალური პოლიტიკური თანამშრომლობაამერიკისთვის, რომელიც ერთდროულად ატლანტიკის და წყნარი ოკეანის ზესახელმწიფოა, ჩემი აზრით, განახლებულ და ამბიციურ ძალისხმევას უნდა ნიშნავდეს, რომელიც მიმართული იქნება იქეთკენ, რომ შინაარსი შესძინოს ატლანტიკურ თანამეგობრობის ცნებას, რომელმაც მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკა და ევროკავშირი, ხოლო გრძელვადიანში, თანდათან, ასევე რუსეთი და თურქეთი უნდა მოიცვას». ბჟეზინსკი მიანიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება და მისი ევრაზიული პროექტი დასავლეთისა და რუსეთის დაახლოებას ხელს უშლის. მისი თქმით, «პუტინმა საკუთარი თავისგან იმპერიული ნოსტალგიის მძევალი შექმნა. ის ტოვებს იმ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ერთგულია იმ იდეის, რომ რუსეთის დიდება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს მოსკოვი, გააცოცხლოს და ხელახლა დაამკვიდროს თავისი ჰეგემონია ყოფილი საბჭოთა ან რუსეთის იმპერიის სივრცეში».

საინტერესოა, რატომ გახდა «ევრაზიის კავშირის» თემა ასეთი აქტუალური ამერიკელებისთვის. რას აკეთებს ვლადიმერ პუტინი ისეთს, რაც ვაშინგტონის მზარდ გაღიზიანებას იწვევს? აისახება თუ არა ეს «გადატვირთვის” პოლიტიკაზე და (რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს) საქართველოს პერსპექტივებზე?

მეოთხე ცეკვა დათვთან

რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის (შემდგომ აშშ-ის) ურთიერთობების ისტორია ერთი დიდი «ცივი ომის» მატიანეს მოაგონებს, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მათ, სამჯერ შეექმნათ ალიანსი მესამე, სწრაფად აღზევებული ძალის წინააღმდეგ, რათა მისი გლობალური ამბიციებისთვის წერტილი დაესვათ. ეს ნაპოლეონის, I და II მსოფლიო ომების დროს მოხდა. კიდევ ერთი წამყვანი ამერიკელი პოლიტოლოგი, ედვარდ ლუტვაკი, დღეს შექმნილ სიტუაციას, ბჟეზინსკისგან განსხვავებით, შესაშური პირდაპირობით აღწერს: «კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის გარდაუვალია, ამას ეკონომიკური მიზეზები განაპირობებს. ჩინეთი ზრდას განაგრძობს, ხოლო აშშ პირველობას ასე უბრალოდ არ დაუთმობს. ორივე მხარე შეეცდება, მოკავშირეები შეიძინოს. ყველაზე დიდი ბრძოლა რუსეთისთვის წავა». თავის გამოსვლაში მოსკოვში, გასული წლის თებერვალში, ლუტვაკმა ჩინეთი კაიზერის გერმანიას შეადარა და, ისევე, როგორც ბჟეზინსკი, ქვეტექსტში დაემუქრა მოსკოვს, რომ პეკინთან პირისპირ დარჩენა კარგს არაფერს მოუტანს.

პუტინის სტრატეგიის არსი ამ ვითარებაში, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, დაპირისპირებული მხარეებისგან დათმობების მაქსიმუმი მიიღოს, მოიგოს დრო, რათა რუსეთმა საბჭოთა კავშირის ნგრევით გამოწვეული შედეგები დაძლიოს, პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლი თანდათან აღადგინოს, საბოლოოდ კი გააძლიეროს რუსეთი იმდენად, რომ ის გათავისუფლდეს აუცილებლობისგან, გააკეთოს არჩევანი დასავლეთთან ან ჩინეთთან ალიანსს შორის. ეს შეიძლება ბოლომდე ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდეს ან პროცესებში, გადამწყვეტ, ყველაზე მომგებიან მომენტში ჩარევას, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა I მსოფლიო ომის დროს გააკეთეს.

ვაშინგტონს ეს, ბუნებრივია, ხელს არ აძლევს. მას სურს, რომ რუსეთი გაცილებით დამყოლ პარტნიორად იქცეს. თუ ჩვენ სამი დიდი ალიანსის ისტორიას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ იმპერატორ ალექსანდრე I-ის მოქმედების კონტროლი დიდ ბრიტანეთს მხოლოდ ნაწილობრივ შეეძლო, ნიკოლოზ II მისთვის გაცილებით კომფორტული პარტნიორი იყო, ხოლო იოსებ სტალინი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი გახლდათ. პუტინს არ სურს დასავლეთთან ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც ნიკოლოზ II-ს ან სულაც, ალექსანდრე კერენსკის. მისი მიზანია, თავისუფალი მანევრისთვის გაცილებით მეტი სივრცე დაიტოვოს. ამ მხრივ, გარკვეული პარალელების გავლება იმპერატორ ალექსანდრე III-ს მმართველობის პერიოდთან შეიძლება. ცხადია, ნებისმიერი პარალელი პირობითია, ხოლო ძველი ალიანსების ისტორიის პროეცირება დღევანდელობაზე სიფრთხილეს მოითხოვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აშშ ორიენტირებულია ჩინეთის შეკავებაზე და დამყოლი რუსეთის გარეშე, მისთვის ამ ამოცანის გადაწყვეტა მეტად რთული იქნება.

1907 წლის რუსულ-ბრიტანულმა კონვენციამ დაასრულა (უფრო სწორად შეაჩერა) «დიდი თამაში» აზიაში, ორმა ქვეყანამ გავლენის სფეროები გაინაწილა და ეს უდავოდ წარმოადგენდა იმ დასავლური სტრატეგიის ნაწილს, რომელმაც რუსეთი ანტანტაზე მიაბა. არსებობს სხვა გამოციდილებაც: ლონდონმა ხელი შეუწყო შეთქმულებას მისთვის მოუხერხებელი პარტნიორის, პავლე I-ის წინააღმდეგ, რათა თავიდან რუსეთ-ფრანგული ალიანსის საფრთხე აეცილებინა. II მსოფლიო ომის დასაწყისში კი დასავლელმა მოკავშირეებმა სტალინთან ნაყოფიერი ურთიერთობის ფორმულა ვერ გამოძებნეს და კონფრონტაციას მასთან ბოლო მომენტამდე განაგრძობდნენ. დღეს ვაშინგტონმა თითქოსდა არჩევანი უნდა გააკეთოს «ვარიანტ 1907»-ს (რუსეთის გავლენის სფეროს აღიარება და მთელი რიგი დათმობები) და «ვარიანტ 1801»-ს შორის (რუსეთში ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობა, რაც, სავარაუდოდ, «ფერადი რევოლუციის» ან კარის გადატრიალების მხარდაჭერაში უნდა გამოიხატოს, ოღონდ XIX საუკუნის ბრუტალური მეთოდების გამოყენების გარეშე). თუმცა ორივე ვარიანტი შტატებისთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება. პირველ შემთხვევაში, კრემლმა შეიძლება ბანალურად გამოიყენოს დასავლეთი, გაძლიერდეს და სრულიად ახალი, გლობალური მასშტაბის თამაში დაიწყოს, ხოლო იმ (მეორე) შემთხვევაში, თუ პუტინი ზეწოლას გაუძლებს და მოიგერიებს შეტევას მის ხელისუფლებაზე, ის მეტად მოუხერხებელი პარტნიორი გახდება.

საბოლოო არჩევანი გაკეთებული ჯერაც არ არის. კრემლი სარგებლობს პაუზით და პოსტსაბჭოთა სივცეში გავლენას აძლიერებს. «ევრაზიული პროექტი» თანდათან «იქოქება» (ასე რომ არ ყოფილიყო, ამერიკელები მას ამდენ ყურადღებას არ დაუთმობდნენ და მასზე შეშფოთებით არ ისაუბრებდნენ). რაც უფრო გაძლიერდება რუსეთი ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირობებში, მათ შორის «ევრაზიული პროექტის» რეალიზების შედეგად, მით უფრო დაშორდება იმ როლს, რომელიც ბჟეზინსკიმ და ლუტვაკმა მიაკუთვნეს. აქ მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსის დაფიქსირება: დასავლეთის დღევანდელი მიზანი არ არის რუსეთის დაშლა ან მისი კრიტიკული დასუსტება, როგორც სააკაშვილის აპოლოგეტები მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ძლიერება გარკვეულ ნიშნულს ქვემოთ დაეცემა, ჩინეთი იოლად დაეპატრონება მისი გავლენის სფეროს ცენტრალურ აზიაში და ციმბირის რესურსებს, რაც «წითელ დრაკონს» უზომოდ გააძლიერებს. ამოცანა, რომელიც ამერიკელების წინაშე დგას ცოტა უფრო რთულია _ ფარდობითად ძლიერი რუსეთის შენარჩუნება (რაც, მათ შორის, რეგიონში მისი განსაკუთრებული ინტერესების აღიარებასაც გულისხმობს), მაგრამ ამავე დროს, მისთვის დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ნებელობის წართმევა, მისი გადაქცევა «უმცროს პარტნიორად», რომელსაც გლობალური ამბიციები და პრეტენზია «განსაკუთრებულ გზაზე” აღარ ექნება.

დაბრუნება გეორგიევსკში

დღეს ზბიგნევ ბჟეზინსკი აქტიურად მოუწოდებს რუსეთს, დასავლეთთან დააახლოებაზე იფიქროს და პოსტსაბჭოთა სივრცეს თავი დაანებოს: «თქვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ხართ. პირველი მიზანია ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეთ. ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე ასეთ ზიანს გაყენებთ!» («კომერსანტი», 07.11.12; სხვათა შორის, ბჟეზინსკის ბოლოდროინდელი განცხადებების მიღმა არა მხოლოდ «ანტიჩინური ანტანტის» ფორმირების, არამედ ევროპა-რუსეთის ურთიერთნეიტრალიზაციის სტრატეგიის კონტურების დანახვა შეიძლება). წინაღობად კი ის პუტინის ევრაზიულ პროექტებს განიხილავს და მათზე საუბრისას საკმაოდ მოულოდნელად ამბობს: «საქართველო რუსეთთან კავშირის შესაძლო კანდიდატი ხდება».

ერთი შეხედვით, რაიმე «კავშირზე» საუბარი დღეს უადგილოა, ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩიხშია შესული, თუმცა ზბიგნევ ბჟეზინსკი, მისი დიდი გამოცდილებიდან და ალღოდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხედავს საფრთხეს, რომელიც შეიძლება საქართველოში აშშის პოზიციებს დაემუქროს. ვაშინგტონს ამ ეტაპზე არ შეუძლია მიაღწიოს პრინციპულ გარღვევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის (ნატოში გაწევრიანება) საკითხში, რადგან ეს რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების ფასად დაუჯდება, რაც დღეს არ სჭირდება. სამაგიეროდ, რუსეთს ამის გაკეთება შეუძლია და ვლადიმერ პუტინმა ამაზე 2010 წლის 6 სექტემბერს სადისკუსიო კლუბ «ვალდაის» წევრებთან, ამერიკელი ექსპერტების თანდასწრებით მიანიშნა. «მას თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები არსებობს», _ განუცხადა «უოლ სტრიტ ჯორნალს» რობერტ ლეგვოლდმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ამავე თემაზე მაშინ «ამერიკის ხმასთან» შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, სემიუელ ჩარაპმა, ისაუბრა: «…აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარადიულ დამოუკიდებლობაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა»).

დღეს ეს წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა, თუ ჩვენ თეორიულად დავუშვებთ, რომ მოსკოვი შეიმუშავებს და (თუნდაც ნაწილობრივ) გააჟღერებს ფორმულას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესაძლებელს გახდის (ევრაზიული ინტეგრაციის ფარგლებში იქნება თუ რაიმე სხვა პროცესის კალაპოტში), ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მყისვე დაივიწყებს დასავლეთს და ნატოს და საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის რუსეთის მოკავშირედ გადაქცევას მოსთხოვს. ბჟეზინსკი, სავარაუდოდ, ხედავს სწორედ ამ საფრთხეს აშშ-ის ინტერესებისთვის, რადგან ძნელად წარმოსადგენია რაიმე სხვა გარემოებები, რომლებშიც რუსეთი და საქართველო მოკავშირეები გახდებიან, ჩაიხერგება საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთის (სპარსეთის ყურემდე) გაიხსნება.

ყოველივე ეს, ერთი შეხედვით, არასამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება, თუმცა, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს მის შეხედულებებთან, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტოლოგია, რომელსაც სტრატეგიული ხედვა და პროგნოზირების უნარი ნამდვილად აქვს. თუ ის ამა თუ იმ ვარიანტზე საუბრობს, ეს 99% შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ მოვლენათა განვითარება ამ სცენარით გამორიცხული არ არის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here