Home რუბრიკები პოლიტიკა გიგა ნასარიძე: ასე აღარ უნდა გაგრძელდეს…

გიგა ნასარიძე: ასე აღარ უნდა გაგრძელდეს…

1254

 „საქართველო და მსოფლიო“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ხედვა საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ნასარიძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა:

ბოლოდროინდელ დაკავებებს პროკურატურის მხრიდან როგორ აფასებთ?  დაჭერები იმიტომაა აქტუალური, რომ ხალხს დრო არ დარჩეს იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების ასრულება არ მოთხოვოს?


 

 

 

 

 

 

– ბოლოდროინდელი დაკავებები რომ სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური დევნა, ეს უკვე აღარავისთვის საიდუმლო არაა. ამაზე არათუ ოპოზიცია უკვე უცხოელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. სხვა საქმეა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ არჩევნების წინ უხვად გაცემულ დაპირებებს ვერ აასრულებს და ცდილობს იოლას გავიდეს ამომრჩევლისათვის მხოლოდ სანახაობის შეთავაზებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი უკვე ხვდებიან, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ ახალი არქიტექტურული პროექტების გამო, რითაც იგი ოპონენტების აზრით, ქალაქს იერსახეს უკარგავდა. თქვენი აზრით, ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს?

– მე პირადად რომელი არ მომწონს ეს იმდენად საინტერესო საკითხი არაა. მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ აშენება ცალსახად დადებითი მოვლენაა, ხოლო ესა თუ ის ნაგებობა ვინმეს გემოვნებას თუ არ შესაბამება, აქაც ერთი რამის თქმა შეიძლება, ვერ ააშენებ ისეთ რამეს, რაც ყველას მოეწონება. ამის გამო აშენებაზე უარს ვერავინ ვერ იტყვის. ახალმა მთავრობამ დაანონსა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ გაგრძელდება, მე ეს მგონია პრობლემა და არა ის, რომ ახალაშენებული ობიექტი ვინმეს არ მოსწონს.

– საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?

– წინა ხელისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო. მე პირადად უფრო შორსაც წავიდოდი და მთლიანად პოლიტიკურ ცენტრს გადავიტანდი ქუთაისში. ბოლო პერიოდში ქუთაისმა საერთოდ დაკარგა ფუნქცია და ამ გადაწყვეტილებამ დასაბამი დაუდო ქალაქის აღორძინებას.

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოებაში. საუბრობდნენ იმაზეც, რომ სტატია თითქოს ბოკერიას შეკვეთილი იყო. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ სტატიის მიმართ?

– სტატია ერთ–ერთი პირველი ნიშანი უნდა იყოს ივანიშვილისათვის, რომ ის არასწორი მიმართულებით მიდის და თუკი მართლაც ისეთი გონიერი მმართველია, როგორადაც მის მომხრეებს წარმოუდგენიათ, მაშინ რადიკალურად უნდა შეცვალოს მმართველობის სტილი. დაანებოს თავი პირადი შურისძიების მიზნით პოლიტიკურ დაკავებებს და მიხედოს იმ დაპირებების ასრულებას, რაც წინასაარჩევნოდ დაარიგა. რაც შეხება იმას, რომ ეს სტატია „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილი იყო. ის, რომ თითქოს ვინმე ქართველმა პოლიტიკოსმა შეუკვეთა, ეს რა თქმა უნდა თავის მართლების ინფანტილური მცდელობაა.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბოლო დროს ხშირად ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ის, რა პროგრამითაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, არც სრულდება და როგორც ჩანს, არც ასრულებაზე ფიქრობს ვინმე. გაირკვა ისიც, რომ დენის და გაზის ტარიფების განახევრების ნაცვლად, ის მხოლოდ 10%–ით მცირდება.

– დიახ, არც საწვავი გაიაფდება. ირკვევა, რომ ყოფილი ოპოზიცია რა ლეგენდებსაც თხზავდა, მაგალითად ის, რომ ყოფილი ხელისუფლება ბენზინის წილში იჯდა, ტყუილი გამოდგა. უბედურება ისაა, რომ მგონი ყოფილმა ოპოზიციამ ეს ტყუილები თავად დაიჯერა და ახლა ამ ლეგენდების მსხვრევის მსხვერპლი აღმოჩნდა.

დენი ტარიფის განახევრების ნაცვლად ახალაია დაიჭერს, პენსიების მომატების ნაცვლად გიორგი კალანდაძე, ბენზინის ფასის შემცირების ნაცვლად შოთა ხიზანიშვილიკიდევ რა გნებავს ერო? შენ ოღონდ თქვი“– ეს სიტყვები თქვენი facebook-ის გვერდიდანაა. რა იქნება შემდეგი?

– დიახ, და ეს სწორედ იმაზე მინიშნებაა, რომ ამომრჩეველს ახალი ხელისუფლება მხოლოდ სანახაობას სთავაზობს და ისიც უხარისხოს. ხალხს კი იჭერს, მაგრამ სასაცილო და შეთხზული ბრალდებებით.

თუკი ხელისუფლება ოპზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა განიზრახავს, რა რეაქცია ექნება თქვენი აზრით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს?

– საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს ლუკაშენკოს მდგომარეობაში, ანუ დასავლეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფიგურა.

ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, მე არ ვკარნახობ კბილაშვილს ვინ დაიჭიროს და ვინ არაო.

– ნება მომეცით, ეჭვი შევიტანო ამ სიტყვების სიმართლეში. მაშ, როგორ მოხდა, რომ დაკავებულების უმრავლესობის საქმიანობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს, ან „ქართულ ოცნებას“ ეხებოდა? რატომ არ იძიებენ ეგრეთ წოდებულ გახმაურებულ საქმეებს, რაზედაც ასე გულმოდგინედ საუბრობდნენ არჩევნებამდე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები? ნუთუ იმ საქმის გამოძიება უფრო მნიშვნელოვანი იყო საიდან გაჟონა ინფორმაციამ, თუ როგორ საუბრობენ ერთმანეთზე ოცნების წევრები, ვიდრე თუნდაც ათი თვის ბარბარეს ტრაგიკულად გარდაცვალების გამოძიება? ან გირგვლანი საქმის გამოძიება, ხომ თვლიან, რომ ეს საქმე გამოსაძიებელია?

რატომ ვერ გამოიძიეს აქამდე კახეთში მომხდარი ცხრა თვის ბავშვის გარდაცვალება, რომელიც ღარიბაშვილს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი?

– არ ვიცი, არ მინდა ვიფიქრო, რომ უბრალოდ მათთვის არასასურველი შედეგის გახმაურებას ერიდებიან.

– „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის ცხრა წლის თავი არ აღნიშნა.

– ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თარიღი. მე მგონია, რომ ეს ყველას უნდა აღენიშნა, მათ შორის ახალ ხელისუფლებასაც.

რა აზრის ხართ „მეცხრე არხის“ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნაზე?

– ეს განცხადება გააკეთა ივანიშვილმა, მისი მეუღლე ამ არხის მფლობელია. დე-ფაქტო მფლობელი, რაღა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილია. ეს იყო დიქტატურის დაანონსება. საბედნიეროდ, მოგვიანებით ივანიშვილმა აზრი შეიცვალა, თუმცა მსგავსი იდეები რომ უჩნდება, ეს თავისთავად საგანგაშოა.

– როლანდ ახალაია სოზარ სუბარის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ვინ უნდა გადადგეს ახალი მთავრობიდან დაკავებული თანამდებობიდან თქვენი აზრით?

– მიუხედავად უამრავი შეცდომისა, ჯერ მგონია რომ მაინც არავინ. ჯერ უნდა მივცეთ დრო ამ შეცდომების გამოსასწორებლად. ვაცადოთ მუშაობა.

– ხშირად აკრიტიკებთ თეა წულუკიანს. გარდა იმისა, რომ მას თქვენი აზრით, ბიძინა მესია ჰგონია და მის გასაგონად მეტყველებს ზოსიმესდროინდელი ქართულით, რით დაიმსახურა თქვენი ასეთი ნეგატიური განწყობა?

– თეა წულუკიანი ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, იმდენად პრობლემა არაა, მაგრამ პრობლემაა როგორც ამ ხელისუფლების ნაწილი, რომლის პოლიტიკა ჯერ–ჯერობით პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებებია, რაშიც წულუკიანს წამყვანი ვიოლინოს პარტია აქვს.

– თვეზე მეტი გავიდა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, როგორ შეაფასებდით მათ ყოფნას ხელისუფლებაში და კიდევ რას უნდა ველოდოთ?

– მკვეთრად უარყოფითად. ჯერ არც ერთი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა. მხოლოდ პრობლემები შეგვექმნა დასავლეთთან. ცუდი პირი უჩანს ეკონომიკის განვითარებას, ტურიზმს და ინვესტიციებს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ტენდენციები, რაც გამოჩნდა, მხოლოდ მცირე გადაცდომებად დარჩება და მალევე გამოსწორდება ყველაფერი.

უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ვადამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა?

– არა, რა თქმა უნდა არა, მე ამ მოთხოვნის ლოგიკას საერთოდ ვერ ვხვდები. ბატონმა ბიძინამ კი ვერ გაიგო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რატომ ვერ შეცვალა პრეზიდენტი, მაგრამ იმედია მიხვდება დროთა განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს მართლა რთული კონსტიტუციაც არ გვაქვს.

უნდა აგონ თუ არა პასუხი მოდელირებული ქრონიკის ორგანიზატორებმა. როგორც ცნობილია მისი ეთერში გასვლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა, ანუ სახეზეა გაუფრთხილებლობით მკვლელობა…

– არ ვიცი ვისთვისაა ცნობილი ეგ ამბავი და ვინმეს გარდაცველება რამდენად იყო კავშირში ამ გადაცემასთან. თუმცა ასეც რომ იყოს, არც ეგ მგონია საკმაო მიზეზი გადაცემის ავტორთა პასუხისგებაში მიცემისათვის, ასე შესაძლებელია ვინმე გარდაიცვალოს საშინელებათა ფილმის ყურებისას, გადამღებ ჯგუფს ხომ ვერ დააპატიმრებენ?

ლილი მიროტაძე

 

1 COMMENT

  1. როგორ ლაპარაკოთ თქვე მასხარებო. რატომ ცხრა წლის მანძილზე არ გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობა

  2. პოლიტიკური ცენტრი ქუთაისში,სომხეთის დედაქალაქი თბილისში.ეს უნდათ ნაცმოძრაობის გვარგადაკეთებულ სომხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here