Home რუბრიკები პოლიტიკა ამაოდ ხომ არ გავისარჯეთ?

ამაოდ ხომ არ გავისარჯეთ?

559

«ისტორიის შემოქმედნი ერთეულები არიან, მაგრამ ისტორიაში მონაწილეობა ყველა ჩვენგანის ვალია»,  _ ალბერ კამიუს ეს ცნობილი თეზისი, მგონი, ჩვენთვისაც სახელმძღვანელო დებულებაა, განსაკურებით დღეს. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალა და ორიოდ სიტყვა, რჩევა ან წინადადება შევაწიოთ ჩვენს საზოგადოებას.

ლიტერატურული «წაბორძიკებიდან» _ «იმპულსურ» ეკონომიკამდე

ისეთი დრო დადგა, როცა იმის დამტკიცება გვჭირდება, რომ ამაოდ არ გვიბრძოლია ძველი რეჟიმის დასამარცხებლად, რომ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიზაციის გზაზე მიაღწია, ჩვენი ძალისხმევის შედეგია,  ამიტომ თავს ძალა უნდა დავატანოთ და გამოვიდეთ  ყოველდღიურობის ჩვეული რიტმიდან, უნდა ვიცხოვროთ მომავალზე მიმართულებმა, ჩავერთოთ აღმშენებლობის დიდ პროცესში. ამ მიზნით, უნდა შევძლოთ ჩვენი აზრი გამოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, სხვა შემთხვევაში, მერმისზე ფიქრით ღამენათევი ხალხი კვლავ ნოსტალგიის ტყვეობაში აღმოვჩნდებით, რაც არაერთხელ დაემართა ჩვენს თაობას.

საქართველოს ბოლო პერიოდში რაიმე თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა არ ჰქონია. მაქსიმალურად დერეგულირებული ეკონომიკური პროცესი ერთი კაცის იმპროვიზაციებით იმართებოდა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენთან და ჩვენებრ პატარა ქვეყნებში დამოუკიდებელი, ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც თავის უმთავრეს პარამეტრებში რეგლამენტირებული არ იქნება, შეუძლებელია.

მთავარი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ისეთ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შიდა ბაზრის განვითარებას, ბაზრის ოპტიმიზაციას. ეს შექმნის პირობებს საკუთარი რესურსების _ საწარმო კაპიტალისა და მარაგების, ბუნებრივი შემადგენლისა და ტექნოლოგიების, ასევე, ადამიანური კაპიტალის სწორი გამოყენებისთვის. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ერთდროულად დასაქმებისა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლება. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ისეთი სიტუაციაა, რომ გლობალურ პროცესებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები მიესალმებიან ჩვენ მიერ შიდა ბაზრის ოპტიმიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას, განსაკუთრებით ისეთ წამოწყებებს, რომლებიც ადგილობრივი რესურსების სწორ გამოყენებას გულისხმობს.

მაგრამ ამის გაკეთება იმ კადრებით, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ეკონომიკას უძღვებოდნენ, შეუძლებელი იყო, ამიტომ არ არსებობდა ეკონომიკური პოლიტიკა, ამიტომ იწონებდნენ სააკაშვილის ყველა გაუთვლელ, იმპულსურ ნაბიჯს. მათ საწინააღმდეგო მისაზრების გამოთქმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ცოდნისა და გამოცდილების უქონლობის გამო. ასე მგონია, კიდევ ცოტა რომ დასცლოდათ, პრეზიდენტის ლიტერატურულ «წაბორძიკებებსაც» ქართული ენის ნორმად დაგვიდგენდნენ.

ამჟამად, ექსპერტული გაანგარიშებით, საქართველოში მბრუნავი ფულის მასა შეადგენს 3,4 მილიარდ ლარს, აქედან 1,5 მილიარდი არის საზღვარგარეთ საშინელ პირობებში მყოფი ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული, დაახლოებით ორი მილიარდი კი ადგილობრივ გამომუშავებული სახსრებია.

ადგილზე ამ ფულს ხვდება თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოტანილი კვების პროდუქტი, უფრო განვითარებული ქვეყნებიდან შემოსული ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, აღმოსავლეთიდან იმპორტირებული ენერგოშემცველები და ფართო მოხმარების საგნები. შესაბამისად, ფული გადის საქონლის სანაცვლოდ. 

როგორ ნაწილდება ეს 3,4 მილიარდი ლარი? ექსპერტული შეფასებებით, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ფულის ამ მასის 28 პროცენტი ბინის შენახვისთვის, 18 პროცენტი ტრანსპორტის მომსახურებაზე, 20 პროცენტი კვების პროდუქტებსა და სასმელებზე, 7 პროცენტი ტანსაცმელზე, 12 პროცენტი ჯანმრთელობის დაცვაზე, 6 პროცენტი განათლებაზე, 4 პროცენტი გართობაზე, 5 პროცენტი სხვა საქონელსა და მომსახურებაზე იხარჯება. მართალია, ჩვენი სტატისტიკის სამსახური ამ მაჩვენებლებს სხვა სიდიდეებით ახასიათებს, მაგრამ დანახარჯების ასეთ სტრუქტურას იმიტომ ვიყენებ, რომ იგი ფართოდ არის აპრობირებული განვითარებულ ქვეყნებში, რაც კარგად ასახავს თითოეული ჩვენგანის მიერ გაწეული ხარჯების პრიორიტეტებს. თუ დავუკვირდებით ამ ჩამონათვალის რომელიმე სტატიას, დავინახავთ, რომ მის შემადგენელში სერიოზული რაოდენობა უჭირავს უცხოურ საქონელს. გამოდის, რომ საქართველო დაემსგავსა ერთგვარ პოლიგონს, სადაც უცხოეთიდან შემოსული, გაჭირვებით და ტანჯვით, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, მამასისხლად ნაშოვნი ფული იცვლება უცხოურ უხარისხო, ხშირ შემთხვევაში, კონტრაფაქტულ პროდუქციაზე.

 იქ, სადაც არ იქმნება საინვესტიციო რესუსი, მთელი ფულის მასა სამომხმარებლო კალათის შევსებას ემსახურება, ინფლაციური პროცესები კი ლარს ლიკვიდურობის ხაფანგში ითრევს. ფულის ეს მასა ბრუნავს, აღძრავს წარმოების ფაქტორებს და შედეგად იქმნება 24 მილიარდი ლარის მოცულობის მთლიანი შიდა პროდუქტი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკონომიკა მოხმარების ეკონომიკის მოდელით მოქმედი რეალობაა, მაშინ, როცა იგი სიღარიბის მორევში იღრჩობა.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს გაუგებრობები დავძლიოთ?

ფულო, ჩადექ საფულესა

ამისათვის საჭიროა, რომ ფული, რომელიც ჩვენებმა საზღვარგარეთ გამოიმუშავეს და ფული, რომელიც აქ, ადგილზე გამოვიმუშავეთ, იქცეს საინვესტიციო რესურსად, შეიქმნას მექანიზმები მისი ქართულ ეკონომიკაში დასაბანდებლად. ეს კი, ძალიან მარტივად, ნიშნავს შემდეგს: მოვეშვათ ყოველგვარ (ლიბერალურ, ლიბერტარიანულ, მონეტარულ) დემაგოგიას, თავი დავანებოთ დოქტრინორობას და საღ აზრზე დაყრდნობით მივცეთ საშუალება ხალხს  შექმნას დოვლათი. ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებმა აკეთონ თავიანთი საქმე, ხოლო  მეწარმეებმა _ თავიანთი.

დოვლათი როგორ შევქმნათ? აი პრობლემა, თორემ ვინ წავა ხალხის გამდიდრების წინაღმდეგ, რომელ პოლიტიკოსს უთქვამს, სიღარიბის დაძლევის მომხრე არ ვარ და გაიხარეთ თქვენს ხელმოკლეობაშიო?

თუმცა კაცობრიობის ხანგრძლივ ისტორიაში ამგვარი შემთხვევები მაინც იყო. საკმარისია, გავიხსენოთ ანარქიზმის მამა _ პრუდონი. ისე არც ლიბერტარიანელები (ჭეშმარიტი და არა მიმბაძველები) არიან შორს ამ აზრისგან. ვისაც ღამე არ ძინავს ქვეყნის ეკონომიკაზე ფიქრით, მის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენს ეკონომიკას აქვს დიდი რესურსი, რომლის ამოქმედებაც არის წარმატების საწინდარი. რაგინდ გასაკვირი გეჩვენოთ, პრობლემის სათავე ჩვეულებრივ, ბუნებრივ ენაში ძევს. საჭიროა სიტყვიერად, გასაგებად  ჩამოვაყალიბოთ იდეა-ინდიკატორები, რომლებიც აუხსნის ხალხს, თუ რა და ვის მიერ არის გასაკეთებელი. ვის რა უფლებები აქვს და როგორ იქნება მხარდაჭერილი სამეწარმეო ინციატივები.

თუ მოვსპობთ: საკანონმდებლო ნორმებით ვაჭრობას, ხალხის დოვლათის უყაირათო ხარჯვას, ბიუჯეტის ფულით ფუფუნებას და განცხრომას, ანუ ელიტარულ, ყველაზე საშიშ და ამორალურ კორუფციას (რომელიც ვერ აიხსნება კორუფციის ჩვენთვის ცნობილი განმარტებებით), მაშინ მეწარმე თავისუფლად ამოისუნთქავს და ქვეყანა აღორძინდება. ამ იდეა-ინდიკატორებს უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ხასიათი და უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომელიც მათ შეუვალს გახდის.

ღია კარის მტვრევა თუ საქმე საკეთებელი?

ჯერ კიდევ 1992 წლის გაზაფხულზე განხორციელდა გაბედული და მასშტაბური რეფორმები მიწისა და საცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიმართულებით, რაც, სამწუხაროდ, შემდეგ აღარ განვითარდა. შესაბამისად, მოხდა საკუთრების დანაწევრება და შეიქმნა მრავალი დამოუკიდებელი წვრილი სამეურნეო ერთეული, რომლებმაც ვერ შეძლეს თანამედროვე პირობებში მუშაობა. როგორც ვიცით, ქალაქად საბინაო ფონდი თითქმის განიავდა, უძრავი ქონების განუვითარებელმა ბაზარმა იგი საკრედიტო ურთიერთობებში ჩართო და ათასობით ადამიანი ურთულეს საბინაო პირობებში ჩააყენა, ამიტომაც ბინის შენახვის ხარჯების დაფარვა ადამიანის მთავარი საზრუნავი გახდა. იგივე ელოდება სოფელში  მიწის წვრილ მესაკუთრეებს. აქ ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახის მასობრივი გაბოგანოების (ბოგანო _ მიწის უქონელი გლეხი, ამ ძველ ქართულ ტერმინს იყენებდა ილია ჭავჭავაძე) ფაქტორად გამოვიდა საკრედიტო დაწესებულებების უუნარობა, მასობრივად მოეცვა აგრარული სექტორი და თვით  სექტორში არსებული დაბალი შრომისნაყოფიერება. შესაბამისად, წვრილ მეურნეობათა კონკურენტუუნარობამ გამოიწვია ისედაც სუსტად განვითარებული სოფლის მეურნეობის მასობრივი დეგრადაცია. შემცირდა დამუშავებული სავარგულების რაოდენობა (840 ათასი ჰექტრიდან 1990 წელს, 245 ათას ჰექტრამდე 2012 წელს ), დაეცა მოსავლიანობა (3 ტონა ხორბალი 1 ჰა სავარგულიდან 1990 წელს, 1,1 ტონა 1 ჰა-დან 2012 წელს), გაძლიერდა მიგრაცია ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. მოკლედ, დაისადგურა სიღარიბემ.

სახელმწიფო საკანონმდებლო აქტებმა ერთბაშად შექმნა ეკონომიკის განვითარების პირობები, მაგრამ შემდგომი მხარდაუჭერლობის გამო გადაიქცა ეკონომიკის სტაგნაციის მიზეზად.  ეს გვაფიქრებინებს, რომ საჭიროა მუდმივი განვითარება, ადგილობრივი ბაზრის მუდმივი სრულყოფა. ბაზარი ის ინსტიტუტია, რომელიც არსებობს საქონელწარმოებისა და გაცვლის გასაიოლებლად, გაცვლისთვის საჭირო დანახარჯების შესამცირებლად. ამიტომ ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, შექმნას ისეთი სამეურნეო გარემო, რომელშიც ადამიანები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს სამეურნეო საქმიანობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მათი ძალისხმევის ეფექტიანობას საერთო საზოგადოებრივი მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემათა ურთიერთობებს, რადგან გლობალიზებული ეკონომიკური სივრცე ჩვენგან მოითხოვს,  სწორად გავიაზროთ თანამშრომლობის ზოგადი, საყოველთაოდ აღიარებული სამეურნეო ნორმები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის აუცილებელ პირობას წარმოადგენს არა მარტო  ეკონომიკური ფაქტორების ეფექტიანი შეერთება, არამედ მათი ერთიანობის სამართლებრივი საფუძვლებიც, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების სახით ყალიბდება. აქედან ჩნდება ეკონომიკური პოლიტიკის ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც საზოგადოება სამართლიანად აფასებს საბოლოო შედეგის სახით.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here