Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი გადატრიალებისთვის ემზადება?

სააკაშვილი გადატრიალებისთვის ემზადება?

1294

«ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში და მე, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 23 ნოემბერს. ძნელი სათქმელია, რას გულისხმობდა ამ «განსაცდელში»; შესაძლოა იმას, რაც «ნაცმოძრაობის» ლიდერებს დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ და რაზეც სააკაშვილმა შედარებით ვრცლად «ახალგაზრდული პარლამენტის» წევრებთან შეხვედრაზე 20 ნოემბერს ისაუბრა.

«საჯარო და პირად საუბრებში რამდენიმე ისეთი გზავნილი დაფიქსირდა, რომლებიც ცალსახად სანერვიულო და შემაშფოთებელია. გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა «ყველა დასაჭერია». მთავარი პროკურორი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ არ არსებობს ძველი მთავრობის არც ერთი წევრი, რომელიც არ გადის დასაჭერების სიაში. შეიძლება ზუსტი შედარება არაა, მაგრამ გამახსენდა საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი _ რობესპიერი. მისი გადაწყვეტილებით დღეში რამდენიმე ადამიანს ჭრიდნენ თავს. მერე შეკრიბა დეპუტატები და უთხრა, რომ ყველანი დასაჭერები იყვნენ. პარლამენტმა რა ქნა? მას გამოუტანეს სიკვდილით დასჯა», _ განაცხადა სააკაშვილმა. ყველა, ვინც საფრანგეთის რევოლუციის ისტორიაში ოდნავ მაინც ერკვევა, სავარაუდოდ, მივა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი პასაჟი ფრიად ავისმომასწავებელ სიგნალს შეიცავს და შეეცდება დაადგინოს, რა დგას მის უკან: მხოლოდ უძლური მუქარა, სააკაშვილის ჩვეულ სტილში, თუ თანამოაზრეების პროვოცირება მოქმედებისთვის გარკვეული სცენარის კალაპოტში, რამაც «ნაციონალებს» (თეორიულად) შეიძლება ხელისუფლება დაუბრუნოს?

ხშირად, როდესაც ამა თუ იმ ისტორიულ ეპიზოდს აღწერს, სააკაშვილი ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც მიანიშნებენ, რომ წაკითხულ წიგნს კი არა, ახლობლის მონაყოლს ეყრდნობა და მისი მოკლე შინაარსის გადმოცემას ცდილობს (საინტერესოა, ვინ დაინტერესდა 1794 წლის მოვლენებით მის გარემოცვაში? თუ ეს ისტორია რაფაელ ანდრეევიჩ გლუქსმანმა უამბო?). მაგალითად, იმ დღეებში, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, თავს ჭრიდნენ არა «რამდენიმე», არამედ ათეულობით ადამიანს: 1794 წლის 10 ივნისიდან 27 ივლისამდე, მხოლოდ პარიზში სიკვდილით 1351 ადამიანი დასაჯეს (სხვა მონაცემებით 20 ივნისიდან 27 ივლისამდე _ 1366 ადამიანი). ფორმულირება «შეკრიბა დეპუტატები» სავსებით მიესადაგება სააკაშვილის და მისი ძველი პარლამენტის, მაგრამ არა რობესპიერისა და კონვენტის ურთიერთობის პრაქტიკას. თუ დავწვრილმანდებით, არასწორია ფორმულირებები «მისი გადაწყვეტილებით» (საკვანძო პოლიტიკურ ფიგურებთან დაკავშირებით  გადაწყვეტილებას კოლექტიურად იღებდნენ, ხანდახან აზრთა სხვაობის პირობებში) და «გამოუტანეს სიკვდილის დასჯა»-ც, რადგან კონვენტმა მიიღო ორი გადაწყვეტილება: ჯერ რობესპიერის დაპატიმრების, მოგვიანებით კი კანონგარეშე გამოცხადების შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა მისი სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე. თუმცა ეს უმნიშვნელო ნიაუანსებია, მთავარია, რომ მაქსიმილიან რობესპიერს არ უთქვამს დეპუტატებისთვის, რომ «ყველანი დასაჭერები იყვნენ» და, გამორიცხული არაა, რებუსის გასაღები სწორედ ამ რეპლიკის ქვეტექსტში ვიპოვოთ.

კაცმა რომ თქვას, სააკაშვილს რობესპიერთან გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქართველ პოლიტიკოსს. ბავშვობიდან მომავალი  მძიმე კომპლექსები და ორივეს საყვარელი ყვავილი _ ვარდი, გვერდზე რომ გადავდოთ, ვნახავთ, რომ ორივე პრობლემურ სიტუაციებს ერთნაირად წარმოაჩენდა და ერთი და იმავე ალგორითმის მიხედვით მოქმედებდა. ერთის მხრივ, ამბობდნენ ისინი, არის «რევოლუციის მონაპავარი», მეორე მხრივ კი, _ მტრები, რომლებიც (გარე ძალების სურვილის შესაბამისად) მის განადგურებას ლამობენ. აქედან გამომდინარე, «ნამდვილი პატრიოტები» უნდა გაერთიანდნენ და ხსენებულ მტრებს მუსრი გაავლონ. მირაბო, ბარნავი, ლაფაიეტი, დანტონი, დემულენი, ჟირონდისტები, ებერტისტები, კომუნის ხელმძღვანელები _ მთავარი მტრის როლს რობესპიერი ხან ერთს, ხან მეორეს არგებდა (სააკაშვილი სხვას რას აკეთებდა?). რობესპიერმა გაანადგურა ყველა ძლიერი მოწინააღმდეგე, რის შემდეგაც, ერთობ მოულოდნელად, შეშინებულმა და ნაკლებად ორგანიზებულმა სადეპუტატო «ჭაობმა» ბოლო მოუღო და ეს არა იმდენად პოლიტიკურმა, რამდენადაც ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა განაპირობა.

სასიკვდილო განაჩენის გამოტანის პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებული იყო, გილიოტინა შეუჩერებლად მუშაობდა. ამ დროს რობესპიერის მოწინააღმდეგეებმა, ჩვენ დროში რომ იტყვიან, მეტად ეფექტური ტექნოლოგია გამოიყენეს და დაიწყეს ამ საშინელი რეპრესიების და რობესპიერის სამომავლო გეგმების წარმოჩენა კიდევ უფრო საშინლად ვიდრე სინამდვილეში იყო. საბოლოოდ, თითოეულ დეპუტატს ჩამოუყალიბდა განცდა, რომ მას «აი ახლა, ამ წუთს” უშუალო საფრთხე ემუქრება; პასიური დაცვითი რეაქცია «მე არ შემეხებიან” დაიძლია. 9 ტერმიდორის (1794 წლის 27 ივლისის) გადატრიალების წარმატება დეპუტატების შიშით მანიპულირებამ უზრუნველყო.

თუ ჩვენ ყურადღებით გავეცნობით რობესპიერის უკანასკნელ, 8 ტერმიდორის გამოსვლას კონვენტში, ვნახავთ, რომ დასაწყისში ის თითქოსდა ცდილობს, დაამშვიდოს დეპუტატები და ის კი არ უთხრას, რომ «ყველანი დასაჭერები არიან», როგორც სააკაშვილი მოგვითხრობს, არამედ პირიქით, რომ საფრთხე ყველას კი არა, ცალკეულ მტრებს ემუქრება. მაგრამ მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მტრებზე საუბრისას ბუნდოვანი ფორმულირებები გამოიყენა, არ დაასახელა კონკრეტული გვარები და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თითოეულმა დეპუტატმა ჩათვალა, რომ საფრთხე მას ემუქრება. მათ ამოიკითხეს რობესპიერის გამოსვლის ქვეტექსტში ის, რაც ყველაზე მეტად აშინებდა და შეესაბამებოდა მათ მშფოთვარე მდგომარეობას, თორემ «ყველანი დასაჭერები ხართ» ნამდვილად არავის უთქვამს, პირიქით, რობესპიერმა შესაბამისი განწყობის განეიტრალება (ერთობ მოუქნელად) სცადა.

ტერმიდორის სულისჩამდგმელების მიერ მართებულად შერჩეული სტრატეგია, უნივერსალურ ხასიათს ატარებს და უძველესი დროიდან გამოიყენება. მისი მსხვერპლი, გარკვეულწილად, სააკაშვილიც გახდა. მისი რეჟიმის რეპრესიული მოქმედება ხისტი და მასშტაბური იყო (და ისევე როგორც რობესპიერის შემთხვევაში, მათ უკან, ხშირად, ძნელად გასაშიფრი, სუბიექტური მოტივები იდგა), მაგრამ ოპონენტები მათ კიდევ უფრო მასშტაბურად და ალოგიკურად წარმოაჩენდნენ და, საბოლოოდ, მიაღწიეს იმას, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა თუ უბრალო ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ «გიჟი გილიოტინით» მისი ბინის კარებთან დგას და მისი შეჩერება, არა პოლიტიკის, არამედ ყოფნა-არყოფნის საკითხია. არაფერი ზებუნებრივი ამაში არ არის, ეს ფსიქოლოგიური ოპერაციების კლასიკაა, თუმცა თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ რობესპიერის ან სააკაშვილის რეჟიმი რამდენადმე ნორმალური და მისაღები იყო. ახლა სააკაშვილი, როგორც ჩანს, იმავეს გამეორებას და იმავე ალგორითმით «ნაციონალების» შიშით მანიპულირებას ცდილობს. შესაძლოა, იმიტომ, რომ თვითონ ბოლო დაპატიმრებების კვალობაზე ძალიან შეშინდა.

სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის მისი სპეკულაციები თემაზე «ყველას დაიჭერენ». მათი საბოლოო მიზანი, შესაძლოა, ისაა, რომ «ნაციონალებმა» თავი კუთხეში მიმწყვდეულებად იგრძნონ და მოწინააღმდეგეს გააფთრებით ეკვეთონ.

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არც სიმამაცე, არც სხვა სერიოზული რესურსი იმისთვის, რომ კლასიკური, ანტიკონსტიტუციური პუტჩი მოაწყოს და აღმოჩნდეს სახიფათო სიტუაციაში, როდესა მის პირად უსაფრთხოებას თუნდაც ჰიპოთეტური საფრთხე დაემუქრება. თუმცა კონსტიტუციის მრავალჯერადმა გაუპატიურებამ შექმნა წინაპირობები იმისთვის, რომ მან, ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ, სცადოს ფაქტობრივი გადატრიალების მოხდენა და ხელისუფლების დაბრუნება ისე, რომ, ფორმალური თვალსაზრისით, კანონი არ დაარღვიოს და, შესაბამისად, ნამოქმედარისთვის არ დაისაჯოს.

კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, სააკაშვილი უფლებამოსილია «საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები», ხოლო თუ პარლამენტი სამჯერ არ დაამტკიცებს მის მიერ წარდგენილ ახალ მთავრობას, მისი დათხოვნის შესაძლებლობა მიეცემა. ეს შეიძლება მოხდეს აპრილში (პარლამენტის არჩევიდან 6 თვე უნდა იყოს გასული, ხოლო სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლამდე 6 თვეზე მეტი უნდა რჩებოდეს). მთავრობისთვის ნდობის სამჯერ არგამოცხადებას პროცედურულად არცთუ მცირე დრო სჭირდება. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 20 იანვარს იწურება სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა და მისი მდგომარეობა, იურიდიული თვალსაზრისით, ერთობ ორაზროვანი გახდება (კონსტიტუციის 70-ე მუხლი თანამდებობაზე ყოფნის ხუთწლიანი ვადის შესახებ), მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ამ და რიგი სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, «ფანჯარა», რომელშიც სააკაშვილმა შეიძლება მთავრობა (ან დასაწყისისთვის, კრიზისის პროვოცირებისთვის რამდენიმე მინისტრი) გადააყენოს პარლამენტის  დათხოვნაზე დამიზნებით, იანვრის მეორე დეკადაში მცირე დროით «გაიხსნება». 

როდესაც კომენტატორები ყოველივე ამასთან დაკავშირებულ სცენარებს განიხილავენ, ძირითადად, პარლამენტის შესაძლო დათხოვნაზე მსჯელობენ. არადა, მთავარი, ალბათ, მთავრობაზე, ძალოვან სამინისტროებზე კონტროლია. თუ სააკაშვილის ჯგუფი მის მოპოვებას თუნდაც რამდენიმე დღით მოახერხებს (ამის დაშვება «ქართული ოცნებას» უდიდეს პრობლემებს შეუქმნის), ის, სავარაუდოდ, დაიწყებს «ოცნების» ლიდერების დაპატიმრებას, ტერორს მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ და ძალადობით შეეცდება ახალი მთავრობის დამტკიცება გაიტანოს და(ან) რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოიგოს.

როგორც «მესამე სამყაროს» გამოცდილება გვიჩვენებს, მსგავს სიტუაციებში საბაბად მთავრობის დათხოვნისთვის (ან სხვა, ხელისუფლების შეცვლაზე მიმართული მკვეთრი ნაბიჯებისთვის), როგორც წესი, გამოიყენება ტერორისტული შეტევების ტალღა, თავდასხმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებზე, ამბოხი რომელიმე ნაწილში, მასობრივი არეულობა სისხლისღვრით და ა. შ. მოკლედ, მასშტაბური ინციდენტი, რომლის პროვოცირებას ხშირად თავად გადატრიალების მომწყობნი ახდენენ. 

რა გზას აირჩევს «ქართული ოცნება» ამ საფრთხის გათვალისწინებით?

ყველაზე «უწყინარი» ვარიანტი პარლამენტის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მოძებნაა, რომელიც სააკაშვილს ყოველივე ამის გაკეთების შესაძლებლობას წაართმევს. უკიდურესი შემთხვევისთვის არსებობს კონსტიტუციის 76-ე მუხლის 1 პუნქტი «პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის» შესახებ და 2003 წლის 22 ნოემბრის პრეცენდენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ მასზე დაყრდნობით, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იწყებს, მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ თანამდებობაზე იმყოფებოდა და სავსებით ქმედუნარიანი იყო. არის ერთობ «მაკიაველისტური» (და არასასურველი) ვარიანტიც _ მიუშვა სააკაშვილის ჯგუფი ყოველივე ამის გაკეთებამდე და პირველ კანონდარღვევამდე, შემდეგ კი დაუპირისპირო ხალხის მასა და «საველე მართლმსაჯულების» ძალით, როგორც პუტჩისტებს, გაუსწორდე. ვარიანტი, ზოგადად, ბევრია, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, დიდი ზარალი არ განიცადოს, ხოლო კანონი და სამართლიანობა სრულად დაცული იყოს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი «ნაციონალების» შეშინებით დაკავდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამოუვალი სიტუაციის შეგრძნება შეუქმნას და თვითგადარჩენისთვის (სინამდვილეში კი _ მისი გადარჩენისთვის) თავგანწირული ბრძოლა აიძულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზამ მისი თანამოაზრეები შეიძლება პირდაპირ (პოლიტიკურ) გილიოტინამდე მიიყვანოს.

დიმიტრი მონიავა

 

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილის დაგეგმილ გადატრიალებას, მხოლოდ გონებადაბნელებულები აუბამენ მხარს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here