Home რუბრიკები პოლიტიკა ხუთი მანქანა, ერთი ქოლგა და… ჯერ სადა ხარ, ივანიშვილო!

ხუთი მანქანა, ერთი ქოლგა და… ჯერ სადა ხარ, ივანიშვილო!

657

ქართველი ხალხი ყველაფერს გაგებით ეკიდება. ყველაფერს და ყოველთვის. ვერ მოასწრო ბიძინა ივანიშვილმა იმის თქმა, რომ მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს ტარიფების განახევრების ნაცვლად მცირედით შემცირებას, რომ ქართველმა ხალხმა ჩვეულად, ანეკდოტით უპასუხა: 90 წლის დედაბერს მანიაკი აუპატიურებს, ის კი ჩუმადაა. მანიაკმა შეუძახა: – რას გაჩუმებულხარ, იკივლე მაინცო! დედაბერმა ამოიოხრა და უპასუხა: – გაგებით ვეკიდები, შვილოო!

არადა, ტარიფის სერიოზული კლება, დემურ გიორხელიძის განცხადებით, სრულიად რეალური ყოფილა: „ ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი სრულად ინფორმირებული არ იყო, ანაც მიზანმიმართულად იყო ინფორმირებული. წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე თემატურ ჯგუფში ამ თემაზე სერიოზული კონსულტაციები ჩატარდა საუკეთესო ენერგეტიკოსებთან. მათ დაასაბუთეს, რომ ელექტოენერგიის ტარიფი 10 თეთრის ფარგლებში, უფრო სწორად, ზამთრის სეზონზე 10,8 თეთრი და ზაფხულში 9,4 და 9, 5 თეთრი სრულიად შესაძლებელია. ტარიფის შემცირება არანაირ პრობლემას არ წარმოდგენს და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენ არავის ბრალდებებს არ ვუყენებთ. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ უჭკუო და ბოთე ხალხის როლში, რომელსაც გათავხედებული ჯგუფები ამდენი წელია ათამაშებს. სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდა ხალხი, რომელთაც მუქთა ფულის ხელიდან გაშვება არ უნდათ და ამიტომ, პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება არ შეიძლება“.

პრემიერ–მინისტრს რომ სწორ ინფორმაციას არ აწვდიან, ეს საქართველოდან შორს მყოფმა სალომე ზურაბიშვილმაც დაინახა: „მიხეილ სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე დღეს კიდევ მყოფი ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები, ახალ ხელისუფლებას კი არავინ იცავს.  რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენი? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია?“ – წერს ფეისბუქზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. ამჟამინდელი მისი კოლეგა კი თავს იმით იწყნარებს, რომ „ელჩები დისკომფორტს იგრძნობენ და თვითონ წავლენ“.

მისი წინამორბედის ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, „ქაჯები კი არ მიდიან – მოდიან“: მაგალითად, „თელასის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას დევი კანდელაკი შეუდგა. ეს ის დევი კანდელაკია, რომელიც მანამდე „მტკვარი ენერგეტიკის“, „ხრამჰესი 1-ის“ და „ხრამჰესი 2-ის“ გენერალური დირექტორი იყო. მოკლედ, ნაცები მიდიან თუ მოდიან, ქართველმა ამომრჩეველმა ვეღარ გაარკვია ისევე, როგორც ახალი მთავარი პროკურორის ამბავი. დარეჯან მეფარიშვილმა სოციალური ქსელით მიმართა არჩილ კბილაშვილს:

„ჩემო პროკურორო! ბატონო არჩილ! ტკბილეული, სეზონური ხილი და შავი ქოლგა (დიმი წვიმიანი ადგილია, კი…) ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან კი არა, თქვენი პატივცემული ჯიბიდან უნდა იყიდოთ! ჰოდა, ის „საცოდავი“ ზოდელავა, ერთი მანქანით რომ დადიოდა და თქვენ ხუთი (მაინც რა კაი ციფრია ეს ხუთი) მანქანით დაბრძანდებით, რავა, სამი არ გეყოფოდა, ერთი წინ და ერთი უკან, შუაში კიდევ შენააა?… არა, მესმის უსაფრთხოება (ძალიან ცუდი რამეა დაცვის წესები, ჰიჰი… ) მაგრამ… ამფერი? რავა, მოგდევს ვინმეეე? გჩაგრავენ ნენააა… ცნობისთვის ახლა კბილებმილეწილი ადეიშვილი, რუხი კარდინალი ქე რო იყო, იმ დროსაც კი ორი მანქანით დაიარებოდა… ჩემო პროკურორო, დარჩა ვინმე კიდევ საქართველოში (არადა ყველა გაქცეულია, ან ციხეშია), ვინც შენს სიცოცხლეს ხელყოფს? წაიღე ჩემი, გაჩუქებ… შენ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი… ეჰ, არადა, არავის დაუწყია ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ქოლგით სიარული… მარა რაცხა ხომ უნდა მოხდეს პირველად“…

ხუთი მანქანით მოსიარულე მთავარ პროკურორს სოციალური ქსელის კარგა მოზრდილი ნაწილი გამოესარჩლა და ჟურნალისტს მოუწოდა, ვაცადოთო, ანუ „გაგებით მოვეკიდოთო“! გაგებით როგორ არ მოვეკიდებით, მაგრამ არც ახალ მთავრობას აღმოაჩნდა ნაკლები მადა, რაც პიარის ნაკლებობასთან ერთად ფეთქებად ნივთიერებას წარმოქმნის. „ნაციონალები“ კი ამასობაში ფიგურების გადაჯგუფებით არიან დაკავებული და გავლენის მისხალის დათმობასაც არ ფიქრობენ. აკი უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ მდივნის პირველმა ნახევარმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილს ფეისბუქზევე შეუთვალა: „ვინმემ აუხსნას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ელჩებს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს!“

თავის დროზე პრეზიდენტის დანიშნული ხალხი კი ნელ–ნელა ისევ ბრუნდება აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობებზე და „ოცნება“, რომელმაც „შუა გაკრიფა“, სულ უფრო ემსგავსება „სააკაშვილის ყოფილი მეგობრების კლუბს.“ გაგებით როგორ არ მოვეკიდებით, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში არჩევნებამდე თავად ივანიშვილთან ბინძური მეთოდებით მებრძოლი ადამიანების დანიშვნის „გაგება“ უკვე მეტისმეტია! თუმცა… 90 წლის დედაბერს მანიაკი აუპატიურებს, ის კი ჩუმადაა. მანიაკმა შეუძახა: – რას გაჩუმებულხარ, იკივლე მაინცო! დედაბერმა ამოიოხრა და უპასუხა: – გაგებით ვეკიდები, შვილოო!

 

 

 

 

1 COMMENT

  1. ბიძინა ივანიშვილმა ერთერთ შეხვედრაზე ხალხთან თქვა,რომ,ქვეყნისთვის და გაღატაკებული ხალხისთვის ყველაფერს გააკეთებდა.თუ ბიუჯეტი არ იქნება საკმარისი ,საკუთარი ფინანსებსაც წამოაშველებდა.ახლა ტონალობა თითქოს შეიცვალა და შეგუების რეჟიმში მიგვანიშნებს ცხოვრების გაგრძელებას….

  2. მატყუარა ხარ ვიღაცა ზუსტად პროკურატურასთან ვცხოვრობ და უნდა გადავუღო ესკორტს რომ დაინახონ შენმა თვალებმა რომ სულ ორი მანქანა მოძრაობს დაცვა და თვითონ

  3. არ გრცხვენია დარეჯან? კბილაშვილი პატიოსანი და მცოდნე პროკურორია, ვინ მოგცა უფლება მის კუთხეს, რომ ეხები. თუ სოფელში დაიბადა ცუდი რით არის, მაგრამ შენ ალბათ თემა გამოგელია და ამით რისი თქმა გინდოდა თვითონ არ იცი, არადა როგორ მენანები ადრე რა კარგ სტატიებს ქვეყნებდი …./

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here