Home რუბრიკები პოლიტიკა მებრძოლი ჭკადუა: სამეგრელოში მხოლოდ იმათი შეწყალება ხდებოდა, ვის შეწყალებასაც საჭიროდ ჩათვლიდა როლანდ...

მებრძოლი ჭკადუა: სამეგრელოში მხოლოდ იმათი შეწყალება ხდებოდა, ვის შეწყალებასაც საჭიროდ ჩათვლიდა როლანდ ახალაია

1251

სამეგრელოზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად ადვოკატმა მებრძოლ ჭკადუამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, გაუგზავნა იმ უდანაშაულო მსჯავრდებულების ვრცელი სია, რომელთა მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადასინჯვას, გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

«მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობები არავის არ უნდა შერჩეს, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს იგი. მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები _ ეს იყო აგრესია ქართველი ერის მიმართ, მისი გადაგვარებისა და დაკნინების მიზნით ჩადენილი. ეს მოქმედება სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ზნეობრივი ზემოქმედების გზით და მსგავსი რამ ხდებოდა არამარტო სამეგრელოზემო სვანეთში, არამედ მთელ საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა შევეხო იმას, რაც კეთდებოდა სვანეთში მცხოვრებთა მიმართ იმ პერიოდში. ხელისუფლების მიერ სვანები, ეს თავისუფლების მოყვარე, მტკიცე ნებისყოფის ადამიანები, სპეციალურად იყვნენ მიზანში ამოღებულნი, რათა ჩაეკლათ მათში ეს სიამაყე», _ აცხადებს მებრძოლ ჭკადუა. მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო 2004 წლის მარტში აფრასიძეების ოჯახზე თავდასხმით და ამოწყვეტით. ეს იყო ერთ-ერთი რგოლი იმ უწყვეტი ჯაჭვისა, რომელიც მთლიანობაში მიზნად ისახავდა სვანი ხალხის დაშინებასა და სულიერად გატეხვას.

ადვოკატი ასევე იხსენებს სხვა ფართომასშტაბიან  ოპერაციას სვანეთში, რომელიც 2005 წლის ოქტომბერში ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსა და სპეცდანიშნულების რაზმ «ალფას»რამდენიმე ასეულ სპეცრაზმელთან ერთად. «მათ ღამით ალყაში მოაქციეს დაბა მესტია და მისი მიმდებარე ტერიტორია. მიზეზი თითქოსდა გამართლებული იყო _  ბრძოლა ნარკოდანაშაულთა წინააღმდეგ და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება. ამ ე. წ. ოპერაციას შეეწირა ბევრი უდანაშაულო ადამიანი: ბ. უშხვანი, ზ. ნიგურიანი, ზ. შამფრიანი, კ. ფარჯიანი, ა. ჯაჯვანი. ეს იყო იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო აფრასიძეების ოჯახზე მოწყობილი თავდასხმით», _ განაცხადა მებრძოლ ჭკადუამ. მისივე განმარტებით, ასეთივე მიდგომა იყო ნორა არღვლიანის მიმართაც: «როგორც ნორა არღვლიანის დამცველი, მეც ვღებულობდი მონაწილეობას მის სასამართლო პროცესში და ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, თუ რისთვის დააპატიმრეს ეს ქალბატონი, რატომ მიესაჯა ექვსი წელი, მაგრამ თავიდანვე აშკარა იყო, რომ ნორა არღვლიანის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. იგი აუცილებლად უნდა მოთავსებულიყო საპყრობილეში და თანაც ხანგრძილვი ვადით».

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზუგდიდის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენები ზუგდიდელი ნაპო გაბისონიასა და მისი ადვოკატის, ჯონი ზარანდიას, მიმართ. ამ სასამართლოებმა ზედმიწევნით შეასრულეს სამეგრელოზემო სვანეთის მაშინდელი საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, დავალება. ამ პირების ადვოკატ მებრძოლ ჭკადუას განცხადებით, ნაპო გაბისონიამ 1996 წელს შეისყიდა სს «ზუგდიდსოფტექნიკა», რომელიც, როგორც წარმოება, უმძლავრესი იყო დასავლეთ საქართველოში. იგი აწარმოებდა სვანეთის სატყეო მეურნეობებიდან ხეტყის შესყიდვას, მის დამუშავებასა და რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ისე საზღვარგარეთის ბაზრებზე. «სააქციო საზოგადოების წარმატებული საქმიანობა თვალში არ მოსდიოდათ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაიწყო ნაპო მესხიას დევნაშევიწროება. მიზანი მაშინვე გამოიკვეთა, როგორმე ხელში უნდა ჩაეგდოთ ეს წარმოება. ამ მიზნის სისრულეში მოყვანა განახორციელა სამეგრელოზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. შექმნეს სასაქონლო და საბუღალტრო ექსპერტიზის ყალბი დასკვნები და საოლქო პროკურატურამ ჩამოაყალიბა ყალბი ბრალდებები და ნაპო გაბისონიას ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ქუთაისის სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 10000 ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დააკისრა ჯარიმის გადახდა 5000 ლარის ოდენობით. იგი დაკავებულია და სასჯელს იხდის 2007 წლის აპრილიდან. სამეგრელოში მხოლოდ იმ პირების შეწყალება ხდებოდა, ვის შეწყალებასაც საჭიროდ ჩათვლიდა როლანდ ახალაია და ამიტომაც ნაპო გაბისონიას ოჯახის წევრთა თხოვნა შეწყალების შესახებ უპასუხოდ რჩებოდა. მას საცხოვრებელი სახლიც ჩამოართვეს და მისი ცოლშვილი, შვილიშვილები ქუჩაში აღმოჩნდნენ. ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენასა და ობიექტური დასკვნის გამოტანას ვითხოვთ და ეს უნდა მოხდეს ნაპო გაბისონიას სიცოცხლეში, რომელიც უკვე 77 წლისაა და ავადმყოფია», _ აღნიშნა მისმა ადვოკატმა მებრძოლ ჭკადუამ.

გამოძიებისა და საქმის სასამართლოში განხილვის დროს ნაპო გაბისონიას ინტერესებს იცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ადვოკატი ჯონი ზარანდია, რომელიც ასევე შეეწირა ამ საქმეს. «ჯონი ზარანდია წარდგენილ შუამდგომლობაში და საჩივრებში მოიხსენიებდა, რომ იქმნებოდა ყალბი დოკუმენტები და დასკვნები, რომ ნაპო გაბისონია უკანონოდ იყო მსჯავრდებული. იგი საჯაროდ აცხადებდა, რომ საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, ძალისხმევითა და ინიციატივით ხდებოდა ყოველივე ეს, რაც მიუღებელი აღმოჩნდა საოლქო პროკურატურისთვის და ნაპო გაბისონიას დაკავებიდან სამი წლის შემდეგ იგი დააპატიმრეს და შეუფარდეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა», _ დასძინა მებრძოლ ჭკადუამ.

ყველა სისხლის სამართლის საქმე  და არამარტო ზემოთ აღნიშნული პირების მიმართ შეთითხნილი ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა გადაიხედოს და აღდგეს სამართლიანობა.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here