Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ივანიშვილი და თავლაფდასხმული «ნაცები»

ბიძინა ივანიშვილი და თავლაფდასხმული «ნაცები»

566

წინათქმა

დაილოცოს მისი მადლი, მამაზეციერმა ერთხელ კიდევ მოწყალე თვალით გადმოხედა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს და მხსნელად მოუვლინა სწორუპოვარი ერისკაცი ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახით. ამ უდიდესი მამულიშვილის, შეუდარებელი ქველმოქმედისა და მეცენატის სამშობლოსთვის ყველაზე უმძიმეს პერიოდში პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა ცაზე ცისარტყელის გამოჩენას ჰგავდა. ეს რეალობა უთუოდ ავად ენიშნათ ანტიეროვნულ «ნაცმოძრაობას» და თავად მიშა სააკაშვილს. მათ წინასწარ იგრძნეს მოსალოდნელი ხიფათი და მხეცივით გამძვინვარდნენ.

სიმართლე უნდა ითქვას. ნაცხელისუფლება, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ქართველი ერის წინაშე, უძლეველობის მანიით იყო შეპყრობილი. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები კი მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდნენ. ამ პარტიებს ისე ატრიალებდა წაღმა-უკუღმა, როგორც თავად მოეპრიანებოდა. ასე რომ, საშველი თითქმის არსაიდან ჩანდა.

ასეთ ჟამს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ და კოალიცია «ქართული ოცნების» ჩამოყალიბებამ სიმშვიდე დაუკარგა სააკაშვილის მოძალადე რეჟიმს. მრავალნაირ ვერაგულ მეთოდებს მიმართავდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. უპირველეს ქართველ მამულიშვილს საქართველოს მოქალაქეობაც კი წაართვეს. ეს არ იკმარეს და თავხედურად დაუყადაღეს «ქართუ ბანკი». დაუწესეს დიდძალი ჯარიმები; ამასთან, დააყადაღეს ემიგრანტი ბიზნესმენების მიერ გამოგზავნილი ტელეანტენები, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური ტელეარხებიდან ხელისუფლების მამხილებელი ინფორმაციები ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო.

გაბოროტებულმა «ნაცებმა» ესეც არ იკმარეს და ცილისწამების ზღვარდაუდებელი ნიაღვარი ააჩუხჩუხეს. ტელეეკრანებიდან ისტერიულად  აღავღავდნენ და აწკავწკავდნენ «ნაცები»: მინაშვილები და გაბაშვილები, წიკლაურები და დარჩიაშვილები, ნოდიები და თაქთაქიშვილები. რას არ ალაპარაკებდნენ უძვლო, ძირში წასაწყვეტ ენას თავისას ეს ცილისმწამებელნი. ბატონ ბიძინას უწოდებდნენ პუტინის პროექტს, საბჭოთა წარსულში დამბრუნებელს, ოლიგარქს და კრიმინალსაც კი.

ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერი აუმღვრევლად, გაწონასწორებულად განაგრძობდა წინასაარჩევნო ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეკუნჭულში. ბიძინა ივანიშვილის ტრიუმფალური საარჩევნო სვლის გვირგვინი იყო თბილისის თავისუფლების მოედანზე არნახულად ხალხმრავალი დასკვნითი თავყრილობა, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე მიშა სააკაშვილის გაცოფებამ აპოგეას მიაღწია. იგი ერთი კუთხიდან და ქალაქიდან მეორეში წამდაუწუმ დაქროდა ყვითელი ავტობუსების კოლონებით, დაქირავებული ხალხით, ცეცხლის ალივით წითლად აბრიალებული პლაკატებითა და მაისურებით, ხუთჯვრიანი დროშებით, წკირებზე წამოსკუპებული ღაჟღაჟა ხუთიანების ასავსავებით. ახალგაზრდა გოგო-ბიჭების მიერ «მიშა, მიშას» შეძახილებით. ტრანსპარანტზე გამოსახული სლოგანით «მეტი სარგებელი ხალხს!», თუმცა ხსენებული სლოგანი უმრავლესობის თვალში ისეთივე ფარსი იყო, როგორც მათივე ადრინდელი ლოზუნგები  «საქმე _ ლაპარაკის ნაცვლად» და «საქართველო _ სიღარიბის გარეშე». ტაშით, ოვაციებით, გრიალ-გრიალით შემოიარეს «ნაციონალებმა» და თავად პრეზიდენტმა სრულიად საქართველო.

მიშა სააკაშვილის წინასაარჩევნო აქციების აკორდი იყო ქალაქ ფოთის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მცირერიცხოვანი მომხრეების თანხლებით დასწრება, სადაც მას საგალობელივით მოასმენინეს გოგა ხაჩიძის ტექსტზე შექმნილი სიმღერა «მიშა მაგარია».

ასე ლაღად დაასრულა სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია და თავის «სიმაგრეში» დარწმუნებული დაელოდა არჩევნების შედეგებს.

სულის ხუთვახუთიანებით

2012 წლის 1 ოქტომბრის შესანიშნავი დღე გათენდა და მეც პირჯვარი გადავისახე ლოცვით: ღმერთო დიდებულო, იხსენი ბოროტისაგან შენივე წილხვედრი დედასაქართველო!

იმ დღეს ნაკიფუს თემის #15 საუბნო-საარჩევნო კომისიაში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც დამკვირვებელი. უბანში დილიდანვე შეიმჩნეოდა ამომრჩეველთა აქტივობა. მკაფიოდ ჩანდა, რომ წინასაარჩევნო დრო ნაცაქტივისტებს ნაყოფიერად ჰქონდათ გამოყენებული. ისინი არაფერს ერიდებოდნენ, «ნაცები», რა თქმა უნდა, ფინანსებსაც არ იშურებდნენ ხმების მოსასყიდად, ოღონდ მიზნისთვის მიეღწიათ. მიზანი კი დამნაშავე რეჟიმის შენარჩუნება იყო. თვით საარჩევნო კომისიის ნაცწევრებიც არ მალავდნენ, რომ «ნაცმოძრაობა» არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვებდა.

თითქოს ლოგინიდან წამოყარესო ხეიბარი ადამიანები. საარჩევნო ყუთებთან რიგში დგებოდნენ ხელჯოხებზე ძლივძლივობით დაყრდნობილი, ყავარჯნიანი, ზოგიც ნამგალივით წელში მოხრილი, ვაივაგლახით მოლასლასე ხანდაზმული კაცი და ქალი.

აი, ეს ადამიანები სოფლის თავკაცებმა, ნაცაქტივისტებმა დაარწმუნეს იმაში, რომ, თუ ვერ გაიმარჯვებდა ნაცხელისუფლება, ისინი პენსიებს დაკარგავდნენ, ამასთან, მოეხსნებოდათ ყოველგვარი დახმარება.

საარჩევნო დარბაზის კართან ამომრჩევლებს წინასწარ აფრთხილებდნენ, ერთად ნუ მოდიხართ, ხუთ-ხუთი შემოდითო, ესეც მინიშნება იყო იმაზე, რომ ხუთიანი შემოეხაზათ.

საღამო ჟამს ხმა დაირხა: ვანო მერაბიშვილი განუდგაო პრეზიდენტს. ამის გაგონებაზე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ყოფილ ზვიადისტს, ამჟამად კი მამალ «ნაციონალს», გია ჭანიას, წნევამ აუწია, ისე, რომ ექიმის გამოძახება გახდა აუცილებელი. ნირი წაუხდათ სააკაშვილის მომხრე აქტივისტებს.

მალე გაირკვა, რომ ეს ცნობა ჭორი იყო და «ნაცებმაც» გული დაიმშვიდეს და დაელოდნენ არჩევნების შედეგებს. შედეგმაც არ დააყოვნა. საარჩევნო ბიულეტინების დათვლისას გაირკვა, რომ «ქართული ოცნების» მხარდამჭერები ცოტანი არ ყოფილან, მაგრამ ბოლოს მაინც ხუთიანების ისეთი კასკადი წამოვიდა, რომ ლამის სულის შეხუთვამდე შემძრა. იქვე ვთქვი ხმამაღლა: «მართლაც ყოფილხარ ფუ, საბრალო ნაკიფუ».

აქვე გულწრფელად ვამბობ, ნამდვილად შემეცოდა ჩემი მშობლიური სოფლის ასე დაბეჩავებული, მწარედ მოტყუებული და გაბიაბრუებული მოსახლეობა, რომელსაც, უკვე 9 წელია, ბრმად სჯერა მიშა სააკაშვილის ანეგდოტური ტყუილებისა და არად აგდებს, თავისდა სამწუხაროდ, უდიდესი ერისკაცის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ წარმოთქმულ სიმართლეს.

ეს ხომ უბედურებაა.

დაპირება დაშესრულება

ყველას ახსოვს, წლევანდელ გაზაფხულზე რა საშინელი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მათ შორის წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯს. მიშა სააკაშვილმა არ დააყოვნა და ელვის სისწრაფით ჩამოფრინდა სტიქიის ზონაში, მითუმეტეს წინასაარჩევნო მარათონი დაწყებული იყო და პრეზიდენტი ასეთ შემთხვევას პიარისთვის ხელიდან როგორ გაუშვებდა.

წალენჯიხისა და ობუჯის თავკაცები დიდი მადლიერების გამოხატვით შეხვდნენ სასურველ სტუმარს, მათ შორის ყველაზე მეტად აქტიურობდა სოფლის დეპუტატი _ მარინე კაკაჩია. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელეეკრანზე ადიდებულ მდინარის ტალღებს ხელიხელჩაკიდებული როგორი შემართებით მოაპობდნენ პრეზიდენტი და მარინე კაკაჩია. ამ უკანასკნელმა დრო იხელთა და ასე მიმართა სააკაშვილს: ბატონო პრეზიდენტო, მთელი სამეგრელო გვერდით დაგიდგებაო მომავალ არჩევნებში.

ბევრმა წალენჯიხელმა გაიკვირვა, სამეგრელოს სახელით პირობის მიცემის რა უფლება ჰქონდაო კაკაჩიას. ეს თავხედობა არისო და დიახაც ასე იყო, მაგრამ დახეთ საოცრებას! მარინე კაკაჩიას მიერ პრეზიდენტისადმი მიცემული პირობა შესრულდა. ჩვენდა სავალალოდ, სამეგრელომ რატომღაც ჩაიმუხლა. ეს ხომ სამწუხაროა და საკვირველიც, მაგრამ უფრო გასაკვირი, ჩემი აზრით, ისაა, რომ დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის _ ლეო ქიაჩელის, სახელგანთქმული კინორეჟისორის _ ნიკოლოზ შენგელაიას, სწორუპოვარი ისტორიკოსის _ შოთა მესხიას და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მშობელი, დიდი ეროვნული ტრადიციის მქონე სოფელი ობუჯი და მისი მოსახლეობა ნაციონალ მარინე კაკაჩიას დონემდე ჩამოქვეითდა.

ეს ხომ საშინელებაა.

იგივე ითქმის წალენჯიხაზე. ახლა, როცა არჩევნების შედეგებზე ვწერ ამ წერილს, უნებურად მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას «დიდოსტატის მარჯვენადან» სულთმობრძავი გიორგი მეფის სიტყვები: «ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ერთგულებს, არა თუ სხვისი, საკუთარი თავის მოღალატენი…» გულახდილად ვამბობ, არჩევნებში ვინც ხუთიანი შემოხაზა, ნებით თუ უნებურად არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ საკუთარი თავის მოღალატეობაც დაამტკიცა. მით უმეტეს, როცა სამღვდელოებას კურთხევა ჰქონდა მიცემული მრევლისთვის, არ შემოეხაზათ ხუთიანი.

მე არ მიკვირს როგორც წალენჯიხის, ასევე სოფლების თავკაცთა თავგამოდებული მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი. მათ ერთხელ კიდევ ორგანიზებულად გაიბრძოლეს როგორც სააკაშვილის, ასევე თავიანთი მოყანყალებული სკამების შესანარჩუნებლად, მაგრამ ამაოდ, ფუჭი გამოდგა ყველანაირი ბინძური და ვერაგული მეთოდები «ქართული ოცნების» წინააღმდეგ მიმართული.

იყო დრო, როცა სულმნათი ზვიად გამსახურდია ამბობდა: წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოდ მესახებაო. ამგვარ მაღალ შეფასებას იმდროინდელი წალენჯიხა მართლაც იმსახურებდა აქ შემოსული ბანდიტებისა და ყაჩაღების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით.

მე არც რიგითი წალენჯიხელების მიკვირს, ვინც საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებოდა და მარტოდენ ხელისუფლების ჯიბის ცრუ ტელეარხების ანაბარა იყო დარჩენილი.

მათთან შედარებით მაოცებს იმ პიროვნებათა ნამოქმედარი, ვინც სხვებზე მეტად ფილოსოფოსობენ, სხვებზე არანაკლებ ისტორიკოსობენ და ლიტერატორობენ და, რა თქმა უნდა, პატრიოტობენ კიდეც. ნუთუ ინტელიგენციის ამ საუკეთესო წარმომადგენლებმა ისეთი ტრანსფორმირება განიცადეს, რომ დღეს სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმს გუნდრუკს უკმევენ?!

ფაქტის სიჯიუტე რომ არა, ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ შეგნებული წალენჯიხა არჩევნებში მიშა სააკაშვილს მიემხრო; სააკაშვილს, რომელიც მთელი გააფთრებით ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეროვნულ იდეებს; იმ სააკაშვილს, რომელმაც ზვიად გამსახურდიას სრულიად უდანაშაულო ვაჟი ცოტნე გამსახურდია საპყრობილეში გამოკეტა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან მამამისის ნეშტი არ დაანება მას პიარისთვის.

გასაკვირია, წალენჯიხელთა უმრავლესობამ რის ფასად მისცა ხმა სააკაშვილის უსასტიკეს რეჟიმს, რომელმაც ღვთისმშობლის წილხვდომილი ჩვენი ქვეყანა ალამის საკონცენტრაციო ბანაკს დაამსგავსა. აი ესაა საკითხავთა საკითხავი!

არ არის დასამალი, რომ წალენჯიხამ თავისი არჩევანით შეურაცხყოფა მიაყენა თვით ზვიად გამსახურდიას სახელს და, ამასთან, იმ რაინდ წალენჯიხელ ბიჭებს, რომლებიც ჩვენი კუთხის ასაკლებად და ასაოხრებლად ტანკების გრუხუნით შემოჯირითებულ მხედრიონელებთან და სხვა ბანდიტურ დაჯგუფებებთან ბრძოლას მსხვერპლად შეეწირნენ.

სამაგალითო დიდსულოვნება

წლევანდელი 1 ოქტომბერი განსაკუთრებული დღე იყო, როცა ქართველ ხალხს ეძლეოდა შანსი, თავისი მომავალი ცხოვრების ბედი თავად გადაეწყვიტა. მას თავისი სწორი არჩევანი უნდა გაეკეთებინა ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ამ მხრივ ოქტომბრის არჩევნებს დიდგორის ომის ტოლფასი მნიშვნელობა ჰქონდა სრულიად საქართველოს გადარჩენისთვის.

ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი შემართებით, მუხლჩაუხრელი ბრძოლით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია. პოლიტიკურმა კოალიცია «ქართულმა ოცნებამ» დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, გაიმარჯვა სრულიად საქართველომ, გაიმარჯვა ქართველმა ერმა და მისმა ეროვნულმა სულმა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური კოალიციის ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ უდიდეს გამარჯვებას მშვიდად და გაწონასწორებულად შეხვდა. მან ხმამაღლა განაცხადა: «ძალიან მშვიდად მივუდგეთ ყველაფერს, გასაგებია, რომ მთელ საქართველოს ზეიმის სურვილი აქვს დღეს. ვიზეიმოთ, ვიმღეროთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არსად არ მოხდეს დაპირისპირება. იცოდეთ, ვინც ხუთი ნომერი შემოხაზა, ისინიც ჩვენი ძმები არიან. არავინ არ დააზიანოთ, არ დაუპირისპირდეთ. ყველანი ერთად დავდგეთ და გავამთლიანოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო».

ყოველივე ეს ისეთი ღვთიური მიმტევებლობაა ბიძინა ივანიშვილისგან, რაც ნამდვილად შემიძლია შევადარო სულმნათ ზვიად გამსახურდიას დიდსულოვნებას. როცა ტყვიას უშენდნენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ის კი ბრძანებდა: ჩვენ ყვავილები ვესროლოთო.

განა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რომ ხუთიანის შემოხაზვა ტყვიაზე არანაკლებ მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის? მაგრამ მან ასევე კარგად უწყის, ქართველი კაცის ოდინდელი სულიერი კრედო: «რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია».

რა დიდებულად უთქვამს ცნობილ ქართველ მწერალსა და ჟურნალისტს, ბატონ გიორგი გიგაურს:

«2012 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებით ქართველმა ერმა მოიპოვა უფლება, გააგრძელოს 1992 წლის 6 იანვარს ჩახერგილი გზა! დიახ, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებით საქართველოს კვლავაც გაუჩნდა შანსი, ააშენოს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, მილიონობით ქართველი პატრიოტისთვის საოცნებო თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი და, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფო!

ანტიქართული პუტჩი, რომელიც საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა!

ჩაძაღლდნენ!!!

გიხაროდენ!!!»

ბოლოთქმა

ამ წერილის დაწერა ნამდვილად არ მსიამოვნებდა, მაგრამ დაუწერლობაც არ შემეძლო, რამეთუ გული მატკინა მშობლიურმა წალენჯიხამ, რომელმაც ხმათა უმეტესობით გაამარჯვებინა ანტიეროვნულ ხელისუფლებას. არ მეგონა, რომ წალენჯიხა ასე იოლად დათმობდა ეროვნულ სულისკვეთებას, რომელიც მას ოდითგანვე მოსდგამდა.

ყველამ იცის, წალენჯიხაში ჩემზე უფრო ჯვარცმული ადამიანი არ დაიარება, თუმცა ამჯერად შედარებით გულმოცემული და ამასთან, სამშობლოს ბედ-იღბალზე კვლავ და კვლავ ძილმღვიძარეს და მჭმუნვარეს ხშირად იმაზე გაფიქრებაც კი მზარავს, ჩვენეული საძმოს ერთი ჯგუფის მიხედვით, დილის ნისლივით როგორ გაქარწყლდა ჭირსა და ლხინში ჩვენი ერთად ყოფნის, ერთად დგომისა და ბრძოლის ადრინდელი ჰეროიკა.

როგორ დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი მოჩვენება იყო და სხვა არაფერი.

და მაინც, ყველას ვულოცავ საქართველოს, ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვებას, უპირველესად, იმათ, ვინც აქტიური წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო გამარჯვებაში და იმათაც, ვინც ბოროტებასა და სიკეთეს შორის სწორი არჩევანი ვერ გააკეთა. ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის, მართალსაც და მტყუანსაც. თუმცა მტყუანს მართებს თავისი სიმტყუვნე გააცნობიეროს და მხარი აუბას სიმართლეს, რომ ერთად მეგობრულად ვიცხოვროთ ამ დალოცვილ მიწაზე.

აქვე ვამბობ: ამ ჩემს წერილს ლაიტმოტივად ვინმესადმი სიძულვილი კი არ უდევს, არამედ «მოძმეს პირში უძრახეს» პრინციპი.

რინოს კვარაცხელია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here