Home რუბრიკები საზოგადოება დავით იაკობიძე: ყოფილი რეჟიმის «ცოდვების» თანამონაწილე ძალიან ბევრი უცხოელი ჩინოვნიკია

დავით იაკობიძე: ყოფილი რეჟიმის «ცოდვების» თანამონაწილე ძალიან ბევრი უცხოელი ჩინოვნიკია

864

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ცნობილი ეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე.

_ ბატონო დავით, დაიწყო საქართველოს პარლამენტში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა. ეს კი ის პროცესია, როგორც მახსოვს 2003 წლამდე საპარლამენტო ცხოვრებიდან, როდესაც დებატებში მონაწილე მხარეები, თავიანთი პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, მოქმედებენ და საზოგადოება მრავალი პოლემიკური დაპირისპირების მოწმე ხდებოდა.

_ მართლაც, ბიუჯეტი დროებით ავიწყებს დეპუტატებს პარტიულობას. მათი აქტივობის ძირითადი მოტივები იმ დაპირებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ამომრჩევლებს აღუთქვეს, ამიტომ გასაგებია ის ვნებათაღელვა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ფულადი შემოსავლების გამოყენების საკითხებს. ჩვენი, ძირითადად ორპარტიული, პარლამენტის წინასააჩევნო დაპირებებს თუ გავიხსენებთ, რომლებიც ერთმანეთისაგან პრინციპულად არ განსხვავდებოდა, რაიმე სერიოზული დისკუსია მოსალოდნელი არაა. გარდა ამისა, ტრადიციულად ახალი პარლამენტი, როგორც წესი, ბიუჯეტის განხილვას ცოტა «ზედაპირულად» უდგება. ეს იმიტომ, რომ დეპუტატებს ჯერ არ შეუძენიათ ამ რთული და მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტის განხილვისათვის საჭირო «უნარ-ჩვევები». ამიტომ ისინი არ იაქტიურებენ, მათი სიფრთხილის მიზეზი, ფინანსთა მინისტრიეს, ნოდარ ხადურის, პოლემიკური უნარიც იქნება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის სიმწვავეს ანელებს. ესაა, მასმედიის დაბალი ინტერესი სახელმწიფო ფინანსების ორგანიზაციისა და გამოყენების ეფექტიანობისადმი. შესამჩნევია, არა მარტო ინტერესის ნაკლებობა, არამედ საკითხების სიღრმისეული წვდომის უუნარობაც. ამიტომ დიდ და ცხარე დისკუსიებს არ უნდა ველოდოთ. სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ არა არსობრივ საკითხებზე, არამედ საერთო პოლიტიკური ბრალდებების სფეროდან.

_ მიუხედავად ყველაფრისა, დისკუსია პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის შესვლისთანავე დაიწყეს უმცირესობის დეპუტატებმა. ისინი მთავრობას ადანაშაულებენ პრეზიდენტის ვერტიკალზე ხარჯების მიზანდასახულ შეკვეცაში, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ფინანსების განაწილების პოლიტიზება და ა.შ.

_ არა მგონია, ოპოზიციამ ამ მიმართულებით წარმართოს დისკუსია, რადგან მაშინ მოუწევს, აუხსნას ხალხს, თუ რატომ უნდა დახარჯოს ქვეყანამ პრეზიდენტის «შესანახად» 9 მილიონი, ხოლო საჯარო ბიბლიოთეკის საჭიროებებისთვის _ მხოლოდ 5 მილიონი ლარი. ამ ალოგიზმს კი რაციონალური ახსნა არ აქვს. ასევე, მოუწევთ, დაასაბუთონ გუბერნატორების საქმიანობის შედეგობრივი მნიშვნელობა, რაც ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის არსებულ პირობებში, მასობრივ დემაგოგიაში მრავალნაცადი პოლემისტებისთვისაც კი ურთულესი რამ არის ის, რაც ამ საკითხებზე ითქვა «ნაცმოძრაობის» ორატორების მიერ, ოდენ «საარტილერიო მომზადება» იყო ევროპაში ჩვენი ხელისუფლების დე ფაქტო და დე იურე პირველი პირების ვოიაჟის წინ. ისინი შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ევროპელი პოლიტიკოსები «ქართული ოცნების» ტენდენციურობაში, ამიტომ ოპოზიციის «დარტყმებს» სხვა მიმართულებით უფრო უნდა ველოდოთ. კერძოდ, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის სფეროები იქნება მათი სამიზნე. ისინი არსებითად შეეცდებიან, რომ დაარწმუნონ, ჩვენს ქვეყანაზე მოყურადებული პოლიტიკოსები, რომელთა შორის უმეტესობა აქ მიმდინარე პროცესების მონაწილეა, რომ არაფერი არ შეცვლილა, რომ ივანიშვილი სააკაშვილის დაწყებულ საქმეებს აგრძელებს, რომ, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ლოგიკის თვალსაზრისით, არსებითი განსხვავება არ არსებობს. შეეცდებიან, დაარწმუნონ პირები მეგობარი ქვეყნებიდან, რომ მათი «დიადი» საქმეები გრძელდება, მაგრამ _ ცუდად; შეეცდებიან, პარლამეტს თავს მოახვიონ უნაყოფო და არაფრისმომცემი პოლემიკა. ჩაითრიონ დისკუსიაში საუბარს მოწყურებული «ოცნების» დეპუტატები და მასმედიის საშუალებით გაასაჯაროონ ეს პროცესი. მათი ტაქტიკა არ შეიცვლება, გაგრძელდება ერთგვარი პრესინგი, რადგან სხვაგვარად ბრძოლის რესურსი მათ არ აქვთ.

_ რას დაუპირისპირებს «ქართული ოცნება» «ნაცების» ამ ვერაგობას?

_ რა თქმა უნდა, გამოწვევას მიიღებენ და აქტიურად შევლენ დისკუსიაში, პირველი, რაც, ჩემი აზრით, უნდა გააკეთონ, ძალების კონსოლიდაციაა ფინანსთა მინისტრის გარშემო. მეორე, რომელიც შინაარსობრივად პირველია, ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მართლაც უნდა იყოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მთავარი დოკუმენტი, რომელიც შექმნის საფუძვლებს, კონკურენტული საბაზრო მექანიზმებისთვის, რაც მიმართული იქნება წესრიგისკენ და გამორიცხავს ელიტარული კორუფციის შესაძლებლობებს. მესამე ისაა, რომ დაინახოს მოსახლეობამ, თუ რა სიბინძურეს იტევდა და მალავდა ქვეყნის საბიუჯეტო სისტემა, რა რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ამ სისტემის შემოქმედი ადამიანები. დისკუსიის ასეთი დიზაინი მინიმუმ ორ სერიოზულ, პრაგმატულ შედეგს მოიტანს: პირველი, თვით დეპუტატები გაერკვევიან ბიუჯეტირების პრობლემებში და, მეორე, გაიზრდება მოსახლობის ცოდნა, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების აშენებისთვის.

_ თქვენ მიგაჩნიათ, რომ რადიკალური ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში შესაძლებელია?

_ სავსებით. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იმართებოდა იმპულსურად, არარეალური და გაუთვლელი ღონისძიებების ურთიერთმონაცვლეობით. მეურნეობის ასეთი მართვა ნაწილი იყო ჩვენს ქვეყანაში «დისციპლინარული საზოგადოების» ნეომარქსისტული დოქტრინის  მიხედვით მიმდინარე პროცესისა. ამ პროცესის ლატენტურ ფორმას უზრუნველყოფდა: ერთის მხრივ, პენიტენციალურ სისტემაზე დამყარებული შიდა პოლიტიკა და მეორე მხრივ, პრიმიტიულად გაგებულ ლიბერტარიანულ ღირებულებათა საფუძველზე დამყარებული დემაგოგია. ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი კარგავდა თავის მნიშვნელობას და ფისკალური პოლიტიკაც ექვემდებარება ახალ ლოგიკას.

აბა, დავუკვირდეთ სულ ბოლოდროინდელ საბიუჯეტო დებატებს: უგულავა აცხადებს, რომ გადააქვს ქალაქის ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში რესურსი და სახელმწიფო ბიუჯეტს აკისრებს ვალდებულებას, გაწიოს ეს ხარჯები. იგი ერთდროულად რამდენიმე შეცდომას უშვებს. პირველი, ეს თანხები არის მხოლოდ თბილისელთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებელი რესურსი და არ არის საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრებთა დახმარების ნაწილი. ამგვარად, სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გახდება თბილისელთა სპეციფიკური მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ინსტიტუტი. მეორე, ეს ფული ქალაქმა მიიღო ცენტრალური ხელისუფლების თანხმობით, ტრანსფერის სახით და მისი ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა გამცემთან შეთანხმების გარეშე არ არის მორალური აქტი. ბიუჯეტში ცვლილებების დაგეგმვის უფლება ქალაქის მერს არ აქვს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი მთავრობა ცვლილებებს არ გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მაინც მოხდება, აქ პარლამენტმა ქალაქის მოთხოვნები შეიძლება გაითვალისწინოს, შეიძლება _ არა. როგორც წესი, არ უნდა გაითვალისწინოს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით თბილისელებისთვის პრეფერენციების გაცემა იმავე დროს სხვა მოქალაქეთა დისკრიმინაციას გულისხმობს.

_ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს დანაშაულია?

_ თქვენც ხომ მიგაჩნიათ? შისტემა, რომელიც ემყარება იმპროვიზებულ, იმპულსურ მართვას, შინაგანად ვერ იტანს ბიუჯეტს იმ ტრადიციული გაგებით, როგორც ეს ესმით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და ხარჯვის დემოკრატიული წესი არსებობს. ამიტომ საქართველოში მოხდა ბიუჯეტის, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ინსტიტუციური ტრანსფორმაცია. შეიცვალა სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტება, ის იქცა კანონის ფორმით არსებული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვად და იგი რომ არ გამხდარიყო მისი შემსრულებლების იურიდიული სასჯელის მიზეზი, მასში სისტემატურად შედიოდა ცვლილებები. წელიწადში _ საშუალოდ სამი ცვლილება. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებები გახდა ბიუჯეტის აღსრულების ატრიბუტი და ამას გულისხმობდა სწორედ ბატონი უგულავა, როდესაც ითხოვდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაერღვია კანონი და გამხდარიყო დანაშაულის თანამონაწილე.

_ ყოფილ ხელისუფლებას ბიუჯეტზეც თავისი «მონოპოლია» ჰქონდა დაწესებული?

_ ჰქონდა და ახლა მინდა მონოპოლიაზე გესაუბროთ. რატომ არ სჭირდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას ანტიმონოპოლიური სამსახური? იმიტომ ხომ არა, რომ ცნობილი გახდებოდა მის მიერ შექმნილი მონოპოლიური კორნერების (ცალკეულ საქონელზე სპეციალიზებული სავაჭრო ერთეულები) საქმიანობა საზოგადოებისთვის. ასეთი მონოპოლიური წარმონაქმნებს კი საგადასახადო კოდექსი, ეს ელიტარული კორუფციის ბუდე, უწყობდა ხელს. ამიტომ სასწრაფოდ და გადაუდებელად ჩასატარებელია საგადასახადო კოდექსის რევიზია. დაუშვებელია უცვლელად დარჩეს ან მომავლისთვის გადაიდოს ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის განსაზღვრისა  და მობილიზაციის წესი.

გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, მოვიყვან მაგალითს. მოქმედი საგადასახადო კოდექსით, თუ საქართველოში აწარმოე არაყი, ერთ ლიტრაზე იბეგრები 6 ლარით, ხოლო თუ საზღვარგარეთიდან შემოიტან, მაშინ აქციზის გადასახადი შეადგენს 1,5 ევროს, რომელიც დაერიცხება იმპორტიორს, ყოველ 100 ლიტრ პროდუქციაზე. შესაბამისად, ადგილზე წარმოებული პროდუქტი (100 ლიტრი) იბეგრება 600 ლარით, ხოლო იგივე ოდენობა იმპორტული არაყი დაიბეგრება 250 ლარით. ასეთი დისბალანსი შემთხვევით ხომ არ შეიძლება წარმოიშვას? იგი მონოპოლიური წარმონაქმნების სანქცირებული საფუძველია. ასეთივე მახინჯი და გაუგებარი ლოგიკით არის შედგენილი სხვა ცხრილებიც, რომლებიც სხვა საქონლისა და მომსახურეობის საგადასახადო განაკვეთებს განსაზღვრავს. სამაგალითო სიტუაციაში ვიმყოფებით: დავუშვათ, დავით კირვალიძემ გაარღვია ონიშენკოს ბარიერი, გაიტანა რუსეთში ჩვენი ღვინო (ახლა უკვე თავანკარა და ჯანსაღი), რომელიც ცოტაა, მაშინ როგორც კახელი კაცი იტყოდა: «ჩვენ რაღა დავლიოთ, ყვაილო»… რა და ფალსიფიცირებული არაყი. აი რევანშიც ასეთი უნდა.

დრამატულ სიტუაციას ქმნის აქციზის განაკვეთების დადგენის წესი, რაც დღეს მთლიანად სუბიექტურად ხდება. მოილაპარაკებენ და, ვისაც როგორ უნდა, ისე დაუდგენენ განაკვეთის ნორმატივს. ეს კი სხვანაირად არ კვალიფიცირდება, თუ არა ელიტური კორუფცია. ასეთი გარიგებების კვალს ყველა ეკონომიკურ კანონში ნახავს დაინტერესებული კაცი.

ჯერ მინდა ერთ რამეზე შევაჩერო მკითხველების ყურადღება, რომელიც წესრიგს ეხება, მაგრამ საზოგადოებრივი მორალის უშუალო შემადგენელია.

_ აქ ბიუჯეტი რა შუაშია?

_ ბიუჯეტი კი ის დოკუმენტია, რომელიც მოითხოვს კანონმდებელ და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კონსენსუსს.

_ ე. ი. ბიუჯეტი ამ კონსენსუსის გამომხატველი დოკუმენტია.

_ არ მომწონს ის ამბავი, რომ უნდათ დაგვარწმუნონ, თითქოს საქართველოში უდიდესი და სასიხარულო ფაქტი მოხდა: განხორციელდა ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული გზით, როგორც ამას ქვეყნის ოპოზიციონერი პრეზიდენტი ამბობს «უბარხატესად». ჩვენ, ამომრჩევლებს კი საქმის შინაარსი ცოტა სხვაგვარად წარმოგვიდგენია. მიგვაჩნია, რომ «ქართულმა ოცნებამ» გაიმარჯვა ურთულეს ბრძოლაში, არჩევნების გაყალბების პირობებში. აზრი, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდა «დემოკრატიულად», აკნინებს თითოეული ამომრჩევლის ვაჟკაცობას და შეურაცხმყოფელიც კია. უფრო მეტიც, რეალური ისტორიული პროცესის გაყალბების მცდელობაა.

_ აბა, რას უნდა მოელოდე პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც სიცრუესა და ძალადობაში გვაცხოვრა მთელი 8 წელიწადი?

_ დამარცხებული დღეს მორცხვად კი არ შეიყუჟა ოპოზიციურ ნიშაში, არამედ თავხედურად მოითხოვს გამარჯვებულისგან იმას, რაც თვითონ უნდა გაეკეთებინა. ასეთი ამორალიზმი დიდხანს ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი და გასცდა კიდეც საქართველოს საზღვრებს, საერთო ევროპულ სამსჯავროზე გავიდა. თუ დააკვირდით, ევროპელებს ამ თემაზე საუბრისას თანმიმდევრულობა აკლიათ. ცოტა შიშნარევია მათი მსჯელობის პათოსი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ მათი შემოქმედებაცაა ის, რაც საქართველოში ხდებოდა, არა მარტო მათი მხარდამჭერი დუმილით, არამედ მათი ექსპერტების მონაწილეობითაც. ეშინიათ, საქართველოში, როდესაც გაშიშვლდება ის ჰიპერტროფიები, რომლებიც ძველმა რეჟიმმა შექმნა, გამოაშკარავდება მათი შეცდომებიც. და არა მარტო მათი. ირიბად, ამერიკელი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩინოვნიკებიც იქნებიან მხილებულნი, რომლებსაც სასჯელი არ ასცდებათ.

_ ასე საკითხს არავინ აყენებს. მიმაჩნია, რომ ამგვარი მსჯელობა საკუთარი თავის ტკივილის სხვებზე გადაკისრების მცდელობაა.

_ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ყოფილი რეჟიმის «ცოდვების» თანამონაწილე ძალიან ბევრი უცხოელი ჩინოვნიკია. ხალხის კანონიერი უფლებების აღდგენისთვის, ბიუროკრატიულ-ტოტალტარული პოლიტიკური ფორმების მსხვრევის ქარი მათ ქვეყნებშიც დაბერავს.

_ გამოდის, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენა პრობლემურია ცივილიზებული სამყაროსთვის?

_ არა ცივილიზებული სამყაროსთვის, არამედ გლობალიზებული, საერთაშორისო ბიუროკრატიისთვის, რომელიც კოსმოპოლიტურია თავისი არსით. ბედმა ჩვენ გლობალიზებულ გარემოში ახალი მისია დაგვაკისრა და, რაც უფრო არსებითად წარვმართავთ პროცესებს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი როლი და მნიშვნელობა. ამიტომ ცალკეულ დამნაშავეთა დაჭერით შორს ვერ წავალთ, თუმცა ესეც აუცილებელია, საჭიროა სამართლიანობის ინსტიტუციური სისტემის აღდგენა და გაჯანსაღება. ამ მიმართულებით კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუქმდეს «სასჯელაღსრულების და ა. შ.» სამინისტრო (მიუხედავად სოზარ სუბარისადმი ჩემი პირადი უდიდესი პატივისცემისა), იგი უნდა მიუერთდეს იუსტიცის სამინისტროს, როგორც დეპარტამენტი. მასმედიამაც თავი უნდა შეიკავოს, რადგან ამჟამად მედიაში მიმდინარე  დისკუსია, რომელიც მკვეთრი პრესინგის ფორმატში მიმდინარეობს, «ნაცმოძრაობას» ძალის მოკრების საშუალებას აძლევს.

_ მერე მაგ პრობლემას როგორ გადაწყვეტს სამინისტროს  დეპარტამენტად გარდაქმნა.

_ რადგანაც ქვეყანა აშენებდა «დისციპლინარულ საზოგადოებას» (ეს დაუფარავად თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეარხ «პიკზე», ხოლო პროფესორმა ჯგერენაიამ შენიშნა, რომ ქარხანა, ყაზარმა, სკოლა, საავადმყოფო დისციპლინარული დაწესებულებებიაო), რომლისთვისაც ამოსავალ ინსტიტუციას წარმოადგენს ციხე, წარმავალი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო პენიტენციალური სისტემა. კერძოდ: «სასჯელაღსრულებისა და მოსახლეობის იურიდიული დახმარების სამინისტრო». საქართველო ერთადერთი ქვეყანა არის მსოფლიოში, სადაც სასჯელაღსრულება სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. იგი იყო კადრების სკოლა. აქ გამოიწრთო ახალაია, შაშკინი, ეს სკოლა უნდა გაევლო მომავალ ჯანდაცვისა და სამეურნეო ცხოვრების მესვეურებს. ამგვარად, საბაზრო ეკონომიკის ახლებური, თავისუფალი სამყაროსთვის მანამდე უცნობი საზოგადოების მშენებლობა, საქართველოში იყო გასაიდუმლოებული, თორემ მსოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ცნობილი გახლდათ. ამიტომ მოიხსენიებდნენ ისინი სააკაშვილს «მეოცნებედ», «დემოკრატიის შუქურად» და ა. შ.

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოში ტარდებოდა ერთგვარი ექსპერიმენტი და მის მსვლელობას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს? ეს ხომ შეთქმულების თეორიიდან გამომდინარე მსჯელობის ელფერის მქონე მოსაზრებაა?

_ და თქვენ გგონიათ, რომ ასეთი რამ არ არსებობს? წაიკითხეთ ბენტამი, პოპერი, ფუკო, თანამედროვე იტალიელი სოციოლოგები და თქვენ იპოვით საქართველოში მიმდინარე პროცესების თეორიულ საფუძვლებს. დისციპლინარული საზოგადოება გულისხმობს ისეთ საზოგადოებრივ სისტემურობას, სადაც ხელისუფლებამ შეძლებს დაიჭიროს საზოგადოების ყველა ნიშა, სიცოცხლით შეავსოს იგი და მოქალაქეთა საქმიანობა აქციოს საზოგადოების დისციპლინარულის შემადგენელ ელემენტად. ამ თეორიას ნეომარქსიზმადაც მოიხსენებენ პოლიტოლოგები, ხოლო ფსიქოლოგები (საქციელის ფსიქოლოგიის მიმდევრები) მას საზოგადოების «ვენტილაციას» (დამნაშავეთა იზოლაციისა და კეთილისმყოფელ მოქალაქეთა ერთობის ფორმირება) უწოდებენ. ამისათვის, ასეთი საზოგადოების შექმნისთვის, უკვე არსებული ინსტიტუტებისთვის, ვთქვათ პოლიციისთვის, უნდა მიენიჭებინათ ახალი სოციალური ფუნქცია, გამოეყენებინათ მცირე არქიტექტორული ფორმებიდან დაწყებული სხვა ორგანიზაციული ელემენტები და ასე შემდეგ. ამგვარად: საქართველოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, რომ თავისუფლებას ჩაენაცვლა ძალა, რომელიც მის უზრუნველსაყოფად იყო საჭირო, ხოლო სახელმწიფო აპარატი გარდაიქმნა ნამდვილ ლევიათანად. შედეგად მივიღეთ უკიდურესი მემარცხენეობა, სადაც სტალინის სოციალიზმისგან განსხვავებით ქვეყანა ყაზარმას კი არ წარმოადგენდა, არამედ ციხეს. ყოველივე ეს მოხდა მსოფლიო «მოწინავე» საზოგადოებრივი აზრის გამოყენებით და ცივილიზებული სამყაროს ჩუმი დასტურით.

რაც შეეხება «შეთქმულების თეორიას», იგი, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს, როგორც ჰიპერტროფიულ იდეათა პრაქტიკაში გატარების რეალური მცდელობა და ეყრდნობა ადგილობრივი ხელისუფლების უგუნურებას, ინფანტილიზმსა და საკუთარი ისტორიისადმი უპატივცემულობას. აბა, დააკვირდით, როგორ იქცევიან დამარცხებული «მიშისტები»? გამარჯვებულებივით, რადგან საკუთარი თავი მართალი ჰგონიათ იმაშიც კი, რაშიც ცდებოდნენ.

_ კი, ბატონო, გეთანხმებით, თავისუფლებას ჩაენაცვლა ძალა, დამარცხებულ  მოძრაობას ჰგონია, რომ მისი დამარცხება, მის მიერვე საზოგადოებაში შექმნილი თანაცხოვრების დემოკრატიული სისტემიდან მომდინარეობს, ეს მართლაც მეტყველებს მის ინფანტილურობაზე, მაგრამ გარკვეული ეკონომიკური აღმავლობა ხომ გვქონდა? თანაც თქვენი რიტორიკა მიმართულია ძველის მხილებისა და დანგრევისკენ, ხოლო ახალი როგორ ავაშენოთ, ამაზე არაფერს ამბობთ.

_ ახალი როგორ ავაშენოთ, ამისთვის საჭიროა ძველის ანალიზი. კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ სისტემის დანგრევაზე, ამიტომ მივესალმები პოლიციის დეპოლიტიზაციის მცდელობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მერაბიშვილის პოლიცია პოლიტიზირებული არ ყოფილა. იგი უფრო მნიშვნელოვანი როლის მატარებელი იყო. კერძოდ, საზოგადოებრივი ქსოვილის მაორგანიზებელ და მისი სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელ ინსტიტუტს წარმოადგენდა. იგი მოქმედებდა ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სასჯელაღსრულების სისტემას შორის. იგი ავსებდა მოქალაქეთა პიროვნულ აქტივობასა და ლევიათანად ქცეულ სახელმწიფოს პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის არსებულ სივრცეს, როგორც საყოველთაო დისციპლინარული ორგანო. ეს კი, არსებითად, სხვა რამეა, ვიდრე პოლიტიზირებული პოლიცია. მისი გარდაქმნა საზოგადოების მოთხოვნაა, აუცილებელია და, როცა გვეცოდინება, თუ რა უნდა გარდავქმნათ მისი ცვლილებები გაგვიადვილდება. ამიტომაც ვამახვილებ ყურადღებას გუშინდელ დღეზე, რომ ხვალინდელი დღის საზრუნავი გავაიოლო.

რაც შეეხება «გარკვეულ ეკონომიკურ წინსვლას», ეს კიდეც უნდა ყოფილიყო. რადგან იმ უპრეცენდენტო დახმარების ბაზაზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წლის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც კი არ გვიგრძვნია. სხვა უფრო მეტად განვითარდებოდა, ვინც უფრო ყაირათიანად გამოიყენებდა მის განკარგულებაში მოქცეულ ვებერთელა რესურსებს, მაგრამ საქართველოში არსებულმა ნეომარქსისტულმა სისტემამ ვერ შეძლო ამ რესურსის სწორად გამოყენება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონობდა ვოლუნტარიზმი და ეკონომიკა ერთი კაცის იმპულსებით იმართებოდა, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყნის საბაზრო სისტემა არსებითად იქნა დეფორმირებული დისციპლინარული საზოგადოების ინტერესებიდან და მისი ფუნქციონირების არსებული მექანიზმიდან გამომდინარე.

_ მაინც რა დეფორმაციებზე საუბრობთ, როგორ ეკონომიკურ სისტემას გულისხმობთ, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში ბატონობდა ლიბერტარიანული შეხედულებები და აქედან მომდინარე ეკონომიკური ინსტიტუციონალიზმი?

_ არავითარ შემთხვევაში. საქარველოში მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკას არავითარი საერთო არ აქვს ლიბერტარიანელობასთან, რაც ნიშნავს მორალური ფასეულობების საფუძველზე ეკონომიკურ პროცესების გაძღოლას. ჩვენთან კი ეკონომიკა იყო ტოტალურად ერთი ცენტრიდან, ერთი პიროვნებიდან წამოსული, იმპულსებით მართული მოცემულობა. საზოგადოებრივ მიზნებს ენაცვლებოდა პიროვნული ინტერესები, რომლებისთვისაც საჭირო იყო რესურსი. ქართულმა ლევიათანმა შექმნა სისტემა, რომელიც თითოეულისგან იღებდა იმდენს, რამდენიც მოესურვებოდა, და ასეთი მობილიზაცია განიხილებოდა, როგორც კონტრიბუცია. მგვარად, საკითხი ასე იდგა: გამდიდრდი, ეს არ მომხდარა ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე, ამიტომ გადაიხადე კონტრიბუცია. სად და როგორ გამოვიყენებთ შენ მიერ გადახდილ სახსრებს, ეს შენი საქმე არ არის, მისი განმკარგავი თვით უზენაესი ხელისუფალია. ეკონომიკური პროცესების მართვის ასეთ მიდგომებს საერთო არაფერი აქვს ლიბერტარიანელობასთან და არც ლიბერალიზმთან.

_ თუ ლიბერტარიანელობა არ იყო, მაშინ ჩვენი ხელისუფლება რა ეკონომიკურ კრედოს ეყრდნობოდა ისეთს, რომელსაც მსოფლიო ბანკი და მონეტარული ფონდი ეთანხმებოდა, ხშირად უწონებდა კიდეც საქციელს?

_ ეკონომიკური დოქტრინა, რომელსაც ახორციელებდა სააკაშვილი და მისი გარემოცვა (მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვა რამდენიმე კაცი) იყო თანამედროვე ამერიკული ნეოინსტიტუციონალიზმი. კერძოდ, ამ დოქტრინის შემქმნელი რონალდ ქოუზის თეორემა გვეუბნება, რომ, «თუ არსებობს საკუთრების მკაფიო განსაზღვრულობა, მაშინ რესურსების განაწილების ეფექტიანობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს მესაკუთრის ცვლილება». ეს უკიდურესად ლიბერალური საბაზრო კანონია, რომელიც გულისხმობს, რომ საკუთრების ბაზარი არ მოახდენს ზეგავლენას არსებული სამეურენო ინსტიტუციის საქმიანობაზე, თუ «ტრანსაქციული დანახარჯები» ნულის ტოლი იქნება, ე. ი. თუ საკუთრების ცვლილებები არ იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. ვის ხელშია საწარმო სიმძლავრეები, მნიშვნელობა არა აქვს, იგი ეფექტიანად იმუშავებს. ეს დოქტრინა, საქართველოს სინამდვილეში, მმართველი გუნდის ინტერპრეტაციით, გამოვლინდა უკიდურესად არასაბაზრო ფორმით. კერძოდ ასე: «შენი იყო, ახლა ჩემია, რადგან ასე უნდა ხელისუფლებას». საფუძვლად აიღეს თავდაპირველი დაგროვების (პრივატიზაციის) პროცესში დაშვებული უზუსტობები და, აქედან გამომდინარე, ყველას «აახიეს» საკუთრება და გადაუფორმეს სხვებს. ამ სხვებს, თუ ჭკუით არ მოიქცეოდნენ, შემდეგ «ახევდნენ» და «სხვა სხვებს» გადასცემდნენ. კოუზის თეორემა მოქმედებდა, მესაკუთრის ცვლილება არ იწვევდა არავითარ შეფერხებას სამეურნეო საქმიანობაში.

ეს გარეგნული შეხედვით, თორემ ასეთ სიტუაციში შეუძლებელი იყო მეწარმეობა და კიდეც დაბალეფექტიანად მიმდინარეობდა მეწარმეთა აქტივობა. შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი მეწარმეების დანიშვნისა და მათი როტაციის მექანიზმი. ეს სისტემა რომ არ გამოსულიყო კონტროლიდან, მას სჭირდებოდათ შესაბამისი კადრები _ დამჯერი და ხელმძღვანელთა შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანები. ამიტომაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ფინანსთა, ეკონომიკის და ა. შ. სამეურნეო სისტემებზე პასუხისმგებელ მინისტრებს ეკონომიკა ისე ესმოდათ, როგორც ვირს გაეგება, ხურმა რა ხილია. ასეთი სისტემა რომ ეფექტიანი არ იქნებოდა, ამას რა განსჯა სჭირდება და ამიტომაც საქართველო აღმოჩნდა ის ერთადერთი ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ვერ დაეწია თავის თავს, ვერ მიაღწია საქონლისა და მომსახურების გამოშვებას 1988 წლის დონეზე.

_ თქვენი წინა პუბლიკაციიდან კარგად გვახსოვს საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენის მიზეზები, განსაკუთრებით ადამიანის განვითარების ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით, მაგრამ არა მგონია, რომ სააკაშვილის ხელსუფლება რონალდ ქოუზის თეორემას იზიარებდა, ალბათ, რაღაც დამთხვევასთან გვაქვს საქმე.

_ ბატონო ჩემო, ის, რაც საქართველოში ხდებოდა, მსოფლიო პოლიტიკის, განსაკუთრებით გლობალიზაციაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსების განსჯის საგანიც იყო. ამიტომ ნუ გამორიცხავთ, რომ ამერიკელი სპეციალისტები, რომლებიც სააკაშვილს ჯამაგირში ჰყავდა, კარგად იცნობდნენ ნეოინსტიტუციონალიზმს, მით უფრო, რომ ამ თეორემისთვის რონალდ ქოუზს ნობელის პრემია მიენიჭა. მაგრამ მადა, რომელიც მხარჯველებს ჰქონდათ, და შემოსავლები, რომლებსაც უზრუნველყოფდა ეკონომიკა, ვერ ბალანსდებოდა. მათ საკუთარი მიზნების მისაღწევად მეორე ამერიკელის, ასევე ნეოინსტიტუციონალისტის, გერი ბეიკერის, ბრწყინვალე  მოსაზრება აქციეს გზამკვლევად. ბეიკერს მოჰყავს ერემია ბენტამის აზრი, რომ «ვნების გამოთვლა დიდი და მცირე მოცულობებით ხორციელდება ყველა ადამიანში». შესაბამისად, შესაძლებელია მისი შეფასება. როგორც ვიცით, ქურდობაც ვნებაა, ყველა სხვა დანაშაულიც და ა. შ. ამიტომ შესაძლებელია გამოვთვალოთ მისი ფასი. ასე მიიჩნევდა ხელისუფლება და ქვეყანაში ბატონობდა ჯარიმებისა და სხვა ფულადი სანქციების კულტურა.

_ არა მგონია, ასე იყოს. ჯარიმების სისტემა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამათაც მზამზარეული აიღეს და საქართველოში დანერგეს.

_ შემთხვევით არ შეიქმნა რეესტრი. რეესტრი ჩვეულებრივი კოეფიციენტია, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანების რანჟირება. რის მიხედვით? უპირველეს ყოვლისა, ქონებრივი ცენზის მიხედვით. ამიტომ, რეესტრის არეალი რომ გაფართოებულიყო, იოლი გახდა ბიზნესში შესვლა, უნდა გამოვლენილიყო, ვის რა აქვს, რომ დაედგინათ, ვის რა და რამდენი უნდა გაეცა რეჟიმის საჭიროებისთვის. სამწუხაროდ, სანამ ძველს არ მოიშორებ, ახალს ვერ ააშენებ, ამიტომ ამ ინსტიტუციათა ჭკვიანური გარდაქმნა არის საჭირო. რეესტრი კი არ უნდა გააუქმო, არამედ მისი სოციალიზაცია უნდა მოახდინო. სხვა კრიტერიუმები, მაგალითად, ადამიანის განვითარების მაჩვენებელთა სისტემა დაუდო საფუძვლად და შესაბამისად მიიღებ უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას. ამ გარდაქმნას კი საჭიროა ისეთი ხალხი ჩაუდგეს სათავეში, რომლებიც თვით არიან საკუთარი რეფლექსიით სიახლის მატარებლები. ასეთია, ჩემს წარმოდგენაში, თეა წულუკიანი და მეიმედება ეს პიროვნება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო დავით, ძალიან სახიფათო პოლიტიკურ თამშს იწყებთ, თუ თქვენს პერიოდში არ მოხერხდა ის რაც ხალხს შეჰპირდით ისევ ნაციონალური მოძრაობა იქნება დამნაშავე? შეიდლება ილუზიები საბავშვო ბაღებში ჩამოარიგოთ. თუ ნაც.მოძრაობის დროს უცხოელი პოლიტიკოსები იყო დამნაშავე თქვენს შემთხვევაში მხოლოდ თქვენ და რუსეთი იქნება დამნაშავე. თქვენ კარგად იცით რომ თუ თქვენ ღუსეთს საქრთველოს დაჩოქილს გადასცემთ ამ შემთხვევაში რუსი ადვილად შეინარჩუნებს შემდეგ დაჩოქილ საქართველოს კიდევ ალბათ 80 წელი მაგრამ თქვენ ერი საფლავში არ გაგაჩერბს ან კიდევ თქვენი ოჯახის წევრებს Yოველ დილით თქვენი საფლავების რეცხვა მოუწევთ, ამაში კი ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.

  2. აუუუ, ესაა პროფესორი, მეც ვკითხულობ ლექციებს სინგაპურის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ამ აზრით რომ შეხვიდე იქ ლექციაზე 40-წუთში კამერაში იქნები. დავით შეუთანხმდი ხანდა-ხან ჟურნალისტებს თორემ სულელის შთაბეჭდილებას ტოვებ შე "კაცო". თუ ნაც.მოძრაობა ხალხს ასულელებდა რავა თქვენც ამის კეთებას აპირებთ სანამ თქვენ ძველს გაარკვევთ ახალი არჩევნების დროც მოვა ეს თვალებშიც საუბარშიც და შენს ცოდნაზაეც გეტყობა.

  3. ნამდვილად საჭირო მეცნიერულ-ფილოსოფიური ანალიზია ქვეყნის დღევანდელი ორხელისუფლებიანობის პირობებში, მკითხველიც და გამგებიც ბევრი ეყოლება ამ სტატიას.
    ბატონო დავით,ამასთან ერთი ჩემი მოკრძალებული რჩევა მინდა მოგაწოდოთ, მართალია თქვენს პიროვნებას გაცნობა არ სჭირდება , მაგრამ სტატია გასაგებია საზოგადოების გარკვეულად მცირე ნაწილისათვის. ხომ არ აჯობებდა მსგავსი პრობლემები აგეხსნათ ისე რომ მკითხველის ფართო მასებისთვის ადვილად აღსაქმელი იყოს, რაც თქვენთვის ძალიან ადვილია და საქმესაც წაადგება. პატივისცემით გულნაზი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here