Home რუბრიკები საზოგადოება ვენერა სტეფანიშვილი: «ნაციონალებმა» ქართული მეფუტკრეობა დაასამარეს

ვენერა სტეფანიშვილი: «ნაციონალებმა» ქართული მეფუტკრეობა დაასამარეს

2972

«ცოცხალი აფთიაქი» _ ასე შეარქვა ამ ღვთაებრივ მწერს, ფუტკარს, ხალხმა! მართლაც, ფუტკრის მიერ წარმოებული შვიდი სახის პროდუქტი: თაფლი, ცვილი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ჭეო და შხამი თავისი ეკოლოგიური სისუფთავით  შეუდარებელია ბუნებაში არსებულ ყველა საარსებო პროდუქციათა შორის, ასევე, გამოირჩევა უმაღლესი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით. მეცხრამეტე საუკუნის დიდმა აღმოჩენებმა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გააძლიერა მთელ მსოფლიოში ფუტკრის მეცნიერული შესწავლა და, შედეგად, გამოავლინა ყველაზე პროდუქტიული, ყველაზე სასარგებლო ნიშანთვისებიანი ქართული ფუტკარი! მისი ღირსებებისთვის მეფუტკრეობის მსოფლიო კონგრესმა 1961, 1965 და 1971 წლებში ჩვენი ფუტკარი სამჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით.

ავადხსენებული კომუნისტების მონობის დროს, როდესაც ადამიანის პირადი თავაშვებულობა, ბოდიში, პირადი თავისუფლება განიცდიდა არნახულ იდეოლოგიურ წნეხს, როდესაც ჩამოყალიბდა ფუნდამენტური სამეცნიერო სკოლები და მიმდინარეობდა მათი უხვად დაფინანსება, რაც, საბედნიეროდ, არ ასცდა მეფუტკრეობის დარგსაც, 1958 წელს ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად, საქართველოს ტერიტორია გამოცხადდა ნაკრძალად. რასისტი ქართველი კომუნისტები თითოეული მოქალაქისგან მკაცრად მოითხოვდნენ ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოეყვანათ უცხო ქვეყნების ფუტკრები, რითაც (და ამაში დაუფიქრებლადაც დამეთანხმებიან «ნაცმოძრაობა» არასამთავრობოებითურთ) უხეშად არღვევდნენ ჩინური, აფრიკული, ფილიპინური, თურქული, ირანული და ღმერთმა უწყის, კიდევ რომელი წარმოშობის ფუტკრების დემოკრატიულ უფლებებს!..

რა დღეშია მეფუტკრეობა ამჟამად «დემოკრატიის შუქურად» წოდებულ საქართველოში? საკითხის გასარკვევად მივმართე ამ დარგში ყველაზე დიდ ავტორიტეტს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიური ნაშრომის (სახელმძღვანელოს) «ფუტკრის ბიოლოგია და მოვლაპატრონობა» ავტორს _ ვენერა სტეფანიშვილს.

_ მეფუტკრეობის განვითარებისთვის, _ მიყვება ქალბატონი ვენერა, _ 1959 წელს დაარსდა მეფუტკრეობის საცდელი სადგური. საქართველოს მინისტრთა საბჭომ ოქროყანაში, მის დაქვემდებარებაში არსებულ სააგარაკო მიწის ნაკვეთიდან გამოგვიყო სოლიდური ფართობი, რომელზეც აშენდა მეფუტკრეობის საცდელი სადგურის შენობა, რომელიც შემდეგ ინსტიტუტად გადაკეთდა. მეფუტკრეობის საცდელი სადგური დააკომპლექტეს იმ დროისათვის საქართველოს ყველა რეგიონში მოძიებულ მეფუტკრეობაზე შეყვარებული ენთუზიასტებითა და პრაქტიკოსებით. შეიქმნა ექვსი სამეცნიერო განყოფილება: ფუტკრის მოვლა-მოშენების, დაავადებათა შესწავლისა და მათთან ბრძოლის, საკვები ბაზის, ბიოქიმიის, ეკონომიკისა და ინფორმაციისა. საცდელმა სადგურმა ექსპედიციური ხასიათის შემოწმებით შეისწავლა რეგიონების მიხედვით გავრცელებული ფუტკრები და გამოავლინა გურული, მეგრული, იმერული, ქართლური და კახური პოპულაციები, რომლებიც, ექსტერიერული, ინტერიერული და პროდუქტიული მონაცემებით, ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული პირობების ზემოქმედებით, ხორთუმის სიგრძით გამოირჩეოდა მეგრული და გურული ნაირსახეობები, ამიტომაც ქართულმა ფუტკარმა თავისი სასარგებლო ნიშან-თვისებებით _ ხორთუმის სიგრძე, მაღალპროდუქტიულობა, თვინიერება, შრომისმოყვარეობა და მცირე წვიმაში მუშაობის უნარი _ მსოფლიოში აღიარება მოიპოვა!

1959 წლიდან 1989 წლამდე მეფუტკრეობა აღმავალი ტემპით ვითარდებოდა, რაშიც ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკებს მოკრძალებული წვლილი შეჰქონდათ. ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა! ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების საწინააღმდეგოდ შემუშავებულმა ღონისძიებებმა ფუტკარი გადაარჩინა მმუსრავი დაავადებებისგან.

ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები იმაღლებდნენ კვალიფიკაციას, მონაწილეობდნენ როგორც მომხსენებლები მსოფლიო კონგრესებში. მათი სამეცნიერო ნაშრომები ქვეყნდებოდა მსოფლიო კონგრესის მასალებში, სოფლის მეურნეობის, ზოოვეტერინალური და მეფუტკრეობის ინსტიტუტების შრომათა კრებულებში, ჟურნალ «საქართველოს მეფუტკრეობის» ფურცლებზე და სხვაგან.

ინსტიტუტის არსებობის პერიოდში ტარდებოდა საკავშირო კონფერენციები, აგრეთვე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდებოდა გასვლითი სემინარები მეფუტკრეობის აქტუალური საკითხების განსახილველად. ინსტიტუტთან მოქმედებდა მეფუტკრეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კურსები. ჩვენი მოწინავე მეცნიერები იყვნენ ზოოვეტინსტიტუტის დისერტაციების დაცვის საბჭოს წევრები; ზოგიერთი მათგანი კი გახლდათ საკავშირო ტოქსიკოლოგიური საბჭოს, აპითერაპიის წევრი. პერიოდულად, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებებით გადაიცემოდა დარგის განვითარებისთვის ყველა საჭირო მასალა.

_ კეთილი და პატიოსანი, ქალბატონო ვენერა! მაგრამ, რაზეც თქვენ ახლა მოყევით, როგორც ამჟამინდელი დემოკრატები იტყვიან, ჩვენი შავბნელი წარსულის კუთვნილებაა. «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველს კი უთუოდ დააინტერესებს, რა მდგომარეობაშია მეფუტკრეობის დარგი დღევანდელ დამოუკიდებელ, ერთიან, აშენებულაყვავებულ, დემოკრატიულ, ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებულ (როგორც ამაზე ყველა დაქვემდებარებული მედია საშუალებით გვიმტკიცებდა «ნაცხელისუფლება») საქართველოში?

_ დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენი, მეფუტკრეების, ფუფუნება და წარმატებული მუშაობა დასრულდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ! (ქალბატონ ვენერას სახეზე მწარე ირონიულმა ღიმილმა გაიელვა), ინსტიტუტში დაუსრულებლად ხდებოდა შტატების შემცირება, დირექტორების ცვლა და ამ ადგილზე სხვადასხვა მიზეზით თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთა დანიშვნა, რომელთა არაპროფესიონალიზმმა გაანადგურა ბევრი რამ, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში იმ დროისთვის გამეფებულმა უკონტროლობამ და განუკითხაობამ. ამიტომაც, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად, მეფუტკრეობამაც დაღმასვლა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ინსტიტუტმა გაიარა რთული, ძნელი გზა და მოპოვებული წარმატებების გამო დაიმსახურა ინსტიტუტის სტატუსი, და ყოფილ უზარმაზარ საბჭოთა კავშირში, თავისი მნიშვნელობით იყო მესამე რუსეთში რიაზანისა და უკრაინაში კიევის ინსტიტუტების შემდეგ. აქვე აღვნიშნავ, რომ დარგისადმი აშკარა უპატივცემულობა დაიწყო 15 წლის წინათ, ხოლო აპოგეას მიაღწია სააკაშვილის მმართველობის დროს!

_ რაში გამოიხატა ეს?

_ მეფუტკრეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 50 წლის იუბილის აღნიშვნის ნაცვლად, «ნაციონალებმა» საერთოდ გააუქმეს იგი!.. დაიკარგა ინსტიტუტის ნამუშევარი ქართული ფუტკრის, კერძოდ, გურული და მეგრული ხაზების შექმნისა და მათი გავრცელების არეალების შენარჩუნების საქმე. აღარ არსებობს და ერთი ხელის მოსმით გააუქმეს ყველა საჯიშე მეურნეობა: მუხურის, სამტრედიის, ხარაგაულის, ყვარლის, რომლებშიც ხდებოდა სასელექციო დედა ფუტკრების გამოყვანა. აღარაფერს ვამბობ, გაცილებით ადრე ომით განადგურებულ სოხუმის საჯიშეზე… არადა, სულ ახლო წარსულში ეს საჯიშეები დედა ფუტკრებით აკმაყოფილებდა არამარტო საქართველოს შიდა მოთხოვნილებას, არამედ საზღვარგარეთის 40 ქვეყნის მოთხოვნილებასაც! ფაქტია, ქართული ფუტკრის ნიშან-თვისებების გასაუმჯობესებლად აღარაფერი კეთდება, ხელიდან გვეცლება უნიკალური, განუმეორებელი ჯიშის ქართული ფუტკარი! ამიტომაც საგანგაშო მდგომარეობაა ჩვენი ფუტკრის ხალასად მოშენების საქმეში.

 უწინ საჯიშეებში დასაქმებული ცნობილი პრაქტიკოსები უმუშევრებად დარჩნენ, ზოგნი აღარც არიან ამქვეყნად… შემცვლელი თაობა კი არსად ჩანს!.. ასევე, გაუქმებულია ზაჰესში არსებული ფუტკრის სკების, ჩარჩოების, საბოლეების, სხვადასხვა წვრილი ხელსაწყოს, ხელოვნური ფიჭისა და სხვათა წარმოება! საჯიშეების გაუქმებით გამოუსწორებელი შეცდომაა დაშვებული და მის ადრინდელ მდგომარეობამდე მიყვანას ათეული წლებიც არ ეყოფა!..

_ კი მაგრამ, ქალბატონო ვენერა, მე პირადად ვიცნობ მეფუტკრეებს, რომლებიც ამ დიდ საქმეს ძალზე სერიოზულად უყურებენ.

_ ჩვენთან მიმდინარე ეკონომიკური ნგრევის წლებში, მეფუტკრეობა, როგორც დარგი, გადაარჩინეს ენთუზიასტებმა. კერძო სექტორში მოექცა ქვეყანაში არსებული (დაუზუსტებელი მონაცემებით) ფუტკრის ოჯახების 95 პროცენტი. ხუთასზე მეტმა მოყვარულმა მეფუტკრემ, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები არიან, კვალიფიკაცია აიმაღლეს მეფუტკრეთა კავშირთან არსებულ სახალხო უნივერსიტეტში. ამ ადამიანებმა ფუტკართან მუშაობა გაიხადეს ცხოვრების წესად და ოჯახის ბიუჯექტის შევსების წყაროდ, რითაც მეფუტკრეობა ინტელექტუალურ დარგად გადააქციეს. ამან კი დაამტკიცა, რომ მეფუტკრეობას, როგორც მატერიალური დოვლათის წარმოების დარგს, მხოლოდ აღმავალი გზით შეუძლია სიარული, თუმცა მან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა არ უნდა დაკარგოს. თუ სახელმწიფო სერიოზულად მიუდგება მეფუტკრეობას, მერწმუნეთ, ქვეყნის ბიუჯეტი მრავალმილიონიანი ვალუტით შეივსება!

_ ქალბატონო ვენერა, დღეს რამდენი ფუტკრის ოჯახია საქართველოში? ამის სტატისტიკა თუ არსებობს?

_ ფუტკრის ოჯახების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ციფრები სარწმუნო არაა, მეტიც, სინამდვილეს არ შეესაბამება და ფორმალურ ხასიათს ატარებს! ეს მდგომარეობა გამოიწვია რაიონებში მეფუტკრეობის ინსპექტორის შტატის გაუქმებამ. მათ ევალებოდათ ფუტკრის ოჯახების რაოდენობის აღრიცხვა და მონაცემთა წარდგინება შესაბამის სამსახურებში, რაც აისახებოდა რეგიონებში და, საერთოდ, ქვეყანაში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტიულ დაგეგმარებაში; ასევე, არ ხდება ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქციის აღრიცხვიანობაც. უფრო მეტსაც გეტყვით: დღემდე არ არსებობს შემუშავებული ფუტკრის პროდუქციაზე და სანაშენო პროდუქციაზე საერთაშორისო სტანდარტები, რის გამოც ჩვენი უმაღლესი კვებითი ღირებულების და სამკურნალო თვისებების მქონე ფუტკრის პროდუქტების საზღვარგარეთ გატანა ვერ ხერხდება! მხოლოდ კანონის გვერდის ავლით, ყოველგვარი კონტროლის გარეშე ზოგიერთი «მოხერხებული» პირი ახერხებს მათ გატანას, რაც არ გამორიცხავს, რომ ამან უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის და ქართული პროდუქტების იერ-სახეზე.

საზღვარგარეთიდან კი, იცოცხლე, შემოდის იაფფასიანი, ხშირად ლამაზ ქილებში დაფასოებული ფალსიფიცირებული თაფლი, ჩვენი კი _ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი თაფლი ვერ საღდება!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ჩვენ სეზონში 2 ტონამდე ტაფლს ვწურავთ.დზალიან შრომა ტევადია.და გვიჩირს მაგის გაყიდვა.

  2. როდის მიხვდებიან რომ სანაშენე საქმის დეპსრტამენტი არ უნდა გაუქმებულიყო

  3. მართალი ბრძანდებით ქალბატონო ვენერა ახალგაზრდობას ნაკლებად აინტერესებს მეფუტკრეობა,და ყველაფერ ამას თუ კიდე ხელისუფლება შეუწყობს ხელს (არ აქვს მნიშვნელობა გუშინდელი დღევანდელი თუ ხვალინდელი) მაშინ მართლაც გადაშენდება ფუტკარი საქართველოში.

  4. თქვენი ნაშრომი სადმე უნდა იკითხებოდეს კერძო სექტორების გარდა, ყველას ვერ მიუწვდება მასზე ხელი.

  5. ჩემი აზრით თუ დარგის გადარჩენაზე ვფიქრობთ საჭიროა მოვიძიოთ პროდუქციის გასაღების ბაზარი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here