Home რუბრიკები საზოგადოება ფრიდონ ინჯია: გამარჯვება მოსმენების გარეშე შეიძლება

ფრიდონ ინჯია: გამარჯვება მოსმენების გარეშე შეიძლება

1850

გთხოვთ, აღიჭურვოთ მოთმინებით, რადგან “საქართველო და მსოფლიოს” დღევანდელი სტუმრის ტიტულების ჩამოთვლას კარგა ხანს მოვუნდებით.

ფრიდონ ინჯია _ საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობის მინისტრი, ყოფილი დეპუტატი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი  წევრი, საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის წევრ-კოროსპოდენტი, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების დარბაზის თავმჯდომარე, პროფესორი, `ახალი ქსელებისა~ და `ახტელის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, `ტეტე ჯგუფის~ პრეზიდენტი, რომელიც აერთიანებს კავშირგაბმულობისა და დარგთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდის `მერანის~ პრეზიდენტი.

 

_ ბატონო ფრიდონ, თქვენ ჯერ კიდევ კავშირგაბმულობის მინისტრი იყავით, როცა ედუარდ შევარდნაძემ დაგიმოწმათ: ფრიდონ ინჯია ისეთი ტელეფონის დადგმას დამპირდა, რომ ვერავინ მოგისმენსო. მაშინ ვერ მოვახერხე დამეზუსტებინა, ახლა მინდა გკითხოთ: როგორ ტელეფონზე ესაუბრებოდით პრეზიდენტს?

_ უნდა გამოგიტყდეთ, რომ თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების პირობებში არაფერი არაა შეუძლებელი. ყველას შეუძლიათ მოუსნინონ. სხვა საქმეა მომსმენს რა ტექნიკა გააჩნია და რა დრო აქვს იმისათვის, რომ განახორციელოს მოსმენა.

იმ პერიოდში  საქართველოს პირობებში შეიძლება გვეგარაუდა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი შემაერთებელი სადენები დაცული იქნებოდა მოსმენისგან,  მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ. დღეს სიტუაცია საგრძნობლადაა შეცვლილი, რადგან, თუ ერთი მხარე, პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მუშაობს პრობლემაზე, თუ როგორ უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვა, პროფესიონალთა მეორე ჯგუფი ცდილობს დაამუშაოს ამ ინფორმაციის მოპარვის ტექნოლოგია.

_ ესე იგი, მოსმენები დიდი პოლიტიკის თამდევი აუცილებლობაა? დიდ საქმეებთან არის დაკავშირებული?

_ დიდი საქმეები შეიძლება მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს შორის იყოს, ხოლო ჩვენისთანა სახელმწიფოს გამოიყენებენ დიდი ქვეყნები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე დროის გარკვეულ მონაკვეთში. თუ ჩვენ დიალოგი გვაქვს რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან, იგი თვითონ დაიცავს იმ საიდუმლეობას, რომელიც შეიძლება ამ დიალოგს თან ახლდეს. ჩვენ არა გვაქვს ამის არავითარი ტექნიკური საშუალებები _ თანამგზავრები, მძლავრი რადიოსალოკაციო სადგურები, წყალქვეშა ნავები, მზვერავი ლაბორატორია-თვითმფრინავები და ასე შემდეგ.

მოსმენები ჩვენს ქვეყანაში ხორციელდებოდა `ადგილობრივი~ საჭიროებისთვის: სხვადასხა `კომპრომატების~ შესაგროვებლად როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე, ბიზნესმენების წინააღმდეგ. შემდგომ როგორ იყენებდნენ ამას, კარგად გვახსოვს. წინა ხელისუფლება მყავს მხედველობაში, რომელიც სპეცსამსახურების უზარმაზარი აპარატის საშუალებით თავისი მოქალაქეების ტოტალურ მოსმენას განახორციელებდა.

_ ასე აპირებდა იგი საზოგადოებაზე გაბატონებას და გამარჯვებულის ტახტზე დაბრძანებას.

_ უსმენდნენ `ოცნების~ წევრებს. კოალიციის შექმნამდე მებრძოლ ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებს არა მარტო უსმენდნენ, არამედ უკანონო მოსმენების საფუძველზე ასამართლებდნენ კიდეც.

მიუხედვად ყველაფერ ამისა კოალიცია `ოცნებამ~ მაინც გაიმარჯვა. ეს იყო გამარჯვება მოსმენის გარეშე.

დემოკრატიულ ქვეყანაში მოსმენების საკითხს კანონი არეგულირებს. დღეს ახალი მთავრობისთვის მოსმენები აქტუალური არაა. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის აღდგენა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დავკარგეთ.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ იმ სამეცნიერო-კვლევითი  მიმართულებების აღდგენას, რითაც გამორჩეული იყო საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირში. 

ფაქტია, რომ დღეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების დონე ძალიან დაბალია და არ აიწევს მანამ, სანამ უმაღლეს სკილაში არ აღდგება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. სწავლების დონის ამაღლება შეამცირებს ახალგაზრდა თაობის ქვეყნიდან გადინებას. დღეს მიდიან არა მარტო სასწავლებლად, არამედ იმისთვისაც, რომ სწავლების შემდეგ როგორმე მოძებნონ იქ სამუშაო ადგილი, რაც პოტენციურად ქვეყნის მოქალაქის დაკარგვის ტოლფასია.

პრაქტიკულად ყურადღება არ ექცეოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს:  დასაქმებას, საკუთარი პროდუქციის გასაღებას, ბაზრის დაცვის საკითხებს და მრავალ სხვას.

დღეს მთავარი პრობლემაა დასაქმება. ეს საკითხი თუ მიბმული იქნება მეწარმის ინტერესებს, ნამდვილად გამოიღებს შედეგს. მაგალითად, თუ მეწარმე სამუშაო ადგილს შექმნის მარტვილში, ან ჩოხოტაურში, ან კიდევ ახმეტაში ნაკლები  უნდა ჰქონდეს გადასახადი, ვიდრე თბილისში. ეს საკითხი ისეთ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რომ შეიძლებოდეს უცხოელების დაინტერესებაც. ამერიკელები `აიფონს~ ჩინეთში აწყობენ.

დაბოლოს, დაისაჯოს ყველა, ვინც კანონი დაარღვია იმ იმედით, რომ დარწმუნებული, რადგან ხელისუფლებაში იმყოფებოდა, არ მოეკითხებოდა. პრობლემა უამრავია, მათ ჩამოთვლას არ შევუდგები და იმედს ვიტოვებ, რომ  ახალი მთავრობა ღირსეულად გაართმევს თავს თავის დანაპირაბსა და მოვალეობებს.

_ ბატონო ფრიდონ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მაინც პოლიტიკას მივადექით. წლების მანძილზე თქვენ პოლიტიკაში იყავით ჩართული.

_ კი, 17 წლის მანძილზე ვიყავი საკმაოდ აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, ადამიანი ყოველთვის მეტ-ნაკლებადაა პოლიტიკაში: პოლიტიკა ოჯახში, პოლიტიკა სამსახურში, პოლიტიკა სამეგობროში, პოლიტიკა საზოგადებაში და ასე შემდეგ. მე მიკვირს, როცა ამბობენ პოლიტიკაში არ ვერევიო, ან კიდევ _ პოლიტიკა ბინძური საქმეაო. ალბათ, ამას ისინი ამბობენ, რომლებსაც ხშირად უწევთ შეცვალონ საკუთარი აზრები, შეხედულებები, მიდგომები, ქმედება და ეს ყველაფერი გაამართლონ ბინძური პოლიტიკით: რა ვქნა, ეს პოლიტიკააო… გამოდის, რომ პოლიტიკა აიძულებს მათ იყვნენ უპრინციპოები. რას იზამ! იმიტომაცაა, რომ ხალხი ხან ერთს ენდობა, ხან მეორეს, და როცა ცდება თავის არჩევანში ეს ძალიან ძვირდ უჯდება საზოგადოებას.

_ მაინც რატომ წახვედით პოლიტიკიდან? გული აგიცრუვდათ, არ გამართლდა ის, რაც გინდოდათ, თუ რა მიზეზი იყო?

_ რატომ წავედი? 2004 წელს არავის უთხოვია, დამეტოვებინა ლეიბორისტული პარტია. ის და ისე არ გააკეთეს, როგორც ვთხოვდი. ამიტომ ავდექი, მადლობა გადავუხადე და მშვიდად წავედი…

2004 წლის ოპოზიცია _ `მრეწველები~, `ახლები~, ლეიბორისტები, სოციალისტები რომ გაერთიანებულიყვნენ, მაშინ მარტო `ახლების~ 13 დეპუტატი კი არ შევიდოდა პარლამენტში, არამედ 40-45 ოპოზიციონერი და ეფექტიანად აღუდგებოდნენ იმ დრაკონულ კანონებს, რომლებსაც იღებდა პარლამენტი და რასაც ჩვენ დღეს ვიმკით კონსტიტუციის დამახინჯების გამო.

13 ოპოზიციონერის ანაბარა მიტოვებული პარლამენტის მიზეზით ის დღე რომ დაუდგებოდა საქართველოს, რომელსაც პირველ ოქტომბერს თავი დავაღწიეთ, ვგრძნობდი და ვამბობდი.

ცილისწამება და უსინდისობა, რაც თავს გადახდა ბოლო წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გუნდს, მე 14 წლის წინათ გავიარე. ახალგაზრდა `მოქალაქეებმა~ ჩემზე გამოსცადეს და დახვეწეს ის მეთოდები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მასშტაბურად მთელი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს.

მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა არ შეიძლებოდა, დავწერე განცხადება და გადავდექი. ეს იყო 1998 წელს. წავედი ემიგრაციაში. და როცა ეკა ბერიძემ თავის პროგრამაში, რომელიც `რუსთავი-2~-ზე ჰქონდა, მაყურებლებს დაუსვა შეკითხვა _ უნდა მისცენ თუ არა ფრიდონ ინჯიას პოლიტიკური თავშესაფარი, 81 პროცენტმა უპასუხა _ უნდა მისცენ.

საზღვარგარეთიდან, დაუსწრებლად მივიღე მონაწილეობა არჩევნებში, გავიმარჯვე და დავბრუნდი.

ვინმე წარმოიდგენდა, რომ ყოფილი მთავრობის პირობებში ვინმე წასულიყო საზღვარგარეთ და გაემარჯვა არჩევნებში?!

_ ამით გინდა თქვათ, რომ…

_ რამდენად უფრო დემოკრატიული იყო საქართველო შევარდნაძის პრეზიდენტობისას, მის შემდეგ მოსულებთან შედარებით. მე მგონი, შევარდნაძის წასვლა ძალიან ძვირად  დაუჯდა საქართველოს: ასეულობით დაღუპული ადამიანი,   ათიათასობით გაწამებული ოჯახი და საქართველოს ტერიტორიის დაკარგული 20 პროცენტი.

_ კიდევ ერთი `პოლიტიკური~ შეკითხვა: მთელ სამეგრელოში `ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ ეკა ბესელიამ გაიმარჯვა ფოთში. რა იყო ეს _ დემოკრატიის ზეიმი, ხალხის თავისუფალი ნების გამჟღავნება, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ტოტალური დაშინების შედეგი, თუ `კუთხური ნაციონალიზმის~ დემონსტრაცია? მიპასუხებთ?

_ რატომაც არა! ქალბატონი ეკა ძალიან ძლიერი, მებრძოლი პიროვნებაა, სუპერპროფესიონალი და უპატიოსნესი ადამიანია და ადამიანების მცნობი, მათი ჭირ-ვარამის გამზიარებელი და მხარში მდგომი. ფოთელებმა დაინახეს და დააფასეს მისი ყველა ეს თვისება, აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნებში, არ ერიდებოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს.

ზუგდიდში ირაკლი ალასანიამ რომ გაიმარჯვა, ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ განსაკუთრებით ზუგდიდში და მთელ სამეგრელოში ამუშავებული იყო გაყალბების დიდი მანქანა.

რაც შეეხება სხვა რაიონებს, კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ კარგი გაკვეთილია.

ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი

P.S.

არცთუ შორეულ წარსულში სხვისი წერილების კითხვა ამორალობად იყო მიჩნეული, აქსიომად, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს.

სხვისი საუბრების მოსმენა სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-ახალაიების ხელისუფლებას სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ჰქონდა აღზევებული. ასეთი იყო მათი მორალი.

 

გ.მ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here