Home რუბრიკები პოლიტიკა ოქროს მოწმე

ოქროს მოწმე

553

ავი დედინაცვალივით შეხვდა ოქრუაშვილს სამშობლო _ თავისი «უძღები შვილი» მკერდში არ ჩაიკრა, დააპატიმრა და მისივე ყოფილ თანაპარტიელთანამოძმეთა მიერ აგებულ გლდანის არქიტექტურის «შედევრში» _ მერვე საპყრობილეში მოათავსათუმცა ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ასეთმა დახვედრამ არ დააბნია, პირიქით, სტოიკოსი ფილოსოფოსის სიდინჯით განაცხადა: ყველას აქვს სურვილი, სახლში დაბრუნდესო.

თუმცა მშობლიური მიწის «ყინული» თბილისის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ «გაალღო», როცა იქ შესულ ირაკლი ოქრუაშვილს ლამის ოვაციებით შეხვდა. რას ვიზამთ, ცნობილია, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო, ხოლო უგმიროში _ ოქრუაშვილიც გმირად მოგეჩვენება, სანამ პირჯვარს არ გადაიწერ.

აი, პირჯვრის გადაწერის შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილი პირვანდელი სახით წარმოგიდგებათ. «ნაციონალთა» რიგით მეორე შინაგან საქმეთა მინისტრ  ირაკლი ოქრუაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ის ამაზრზენი «ქუჩაში დაკავებები», რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში მყარი საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო ტერორსა და შიშს.

თუნდაც 2004 წლის ზაფხული გავიხსენოთ, როდესაც სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის მიერ ცხინვალის რეგიონში მოწყობილი პირველი ავანტიურის დროს ქართველი ძალოვანების მთელი დანაყოფი ოსმა სეპარატისტებმა ერთი გასროლის გარეშეც განაიარაღეს, ცხვრებივით გარეკეს ცხინვალში და იქ, ცენტრალურ მოედანზე, დააჩოქეს!.. მართალია, ამის სანაცვლოდ კუნთმაგარი შინაგან საქმეთა მინისტრის რამდენიმე მგზნებარე მუქარა გაისმა ოსებისა და რუსი სამშვიდობოების მისამართით, მაგრამ ამან მოწინააღმდეგეს ზიანი ვერ მიაყენა და ლიახვის ხეობაში ექოსავით გაქრა!..

ბატონმა ოქრუაშვილმა ვერც თავდაცვის მინისტრობისას ისახელა თავი _ გააუქმა სამხედრო აკადემია, ჯარიდან პროფესიონალები გაყარა და მათი  ადგილები ახლობლებითა და ნათესავებით შეავსო, ანუ დააკომპლექტა ე. წ. პირადი ერთგულების პრინციპით… მისი მინისტრობის პერიოდიდან გახსენდება ჩეხეთთან დადებული მრავალმილიონიანი კონტრაქტიც, რის შედეგადაც ქართული ჯარი შეიარაღდა წუნიანი ჩეხური იარაღით!..

ოქრუაშვილის სახელმწიფო მოღვაწეობის მწვერვალად სამართლიანად ითვლება არა რომელიმე უნარიანი ქმედება, არამედ მისი ერთადერთი ფრაზა: რუსეთში ფეკალიებიც გასაღდებაო… რამაც გაანაწყენა არა მხოლოდ რუსეთის შავრაზმელობა, წარმოიდგინეთ, საქართველოსადმი დიდი სიმპათიით განწყობილი მრავალი მოქალაქეც! აბა, თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობ, როცა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი იტყვის: საქართველოში საკვებად ნეხვიც გასაღდებაო?.. მინისტრის ეს უპასუხისმგებლობა ბუმერანგივით დაგვიბრუნდა 2008 წლის აგვისტოში.

ასეა თუ ისე, ბატონი ირაკლი ნაცხროვაში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ჯერჯერობით გაუგებარი მიზეზის გამო სააკაშვილსა და ოქრუაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა. მიშამ აითვალწუნა ირაკლი, შედეგად, ამ უკანასკნელმა თითქმის ყველაფერი დაკარგა და 2007 წელს მოგვევლინა სააკაშვილის ნიღაბჩამომხსნელად, ერის გამომფხიზლებლად და .. .., რაც მისი ემიგრანტობით დამთავრდა!

მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, დანაშაული გამოისყიდოს. ბატონ ოქრუაშვილის მხრიდან ეს იქნება ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მისი გულწრფელობა, რათა ნათელი მოეფინოს იმ გახმაურებულ თუ ჯერაც გაუხმაურებელ საქმეებს, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე რომ იმსხვერპლა. ვინ ვინ და მან, ოქრუაშვილმა, ძალიან ბევრი რამ იცის სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, ადეიშვილსა და სხვა ურჯუკებზე, რომლებმაც თავისი დანაშაულებრივი მოღვაწეობით საქართველოს მოსახლეობას ჯოჯოხეთის ცხრავე წრე გამოატარეს.

ოქრუაშვილი მართლაც რომ ოქროს მოწმეა ივანიშვილის ყულაბაში. ასე რომ, მიეცით, მიეცით ექსმინისტრს საწერკალამი და ფურცელი! ირაკლი მაგარი ბიჭია _ ყველას ჩაუშვებს!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here