Home რუბრიკები პოლიტიკა მოგზაურობა პერუში, ანუ ბალადა შიშსა და თავისუფლებაზე

მოგზაურობა პერუში, ანუ ბალადა შიშსა და თავისუფლებაზე

1290

გასული კვირის მთავარ თემად შსს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება იქცა. ,,ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები თავიანთ კომენტარებში ცდილობდნენ, მომხდარი მასშტაბური რეპრესიების დაწყებად და პოლიტიკური დევნის ნაწილად წარმოეჩინათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალს, რომელიც დაკავებულებს წაუყენეს თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან, არასანქცირებულ მოსმენებთან და .. დაკავშირებით, ერთი შეხედვით, პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ,,ნაციონალების» ლოგიკა არც ისე ძნელი გასაშიფრი იყო. ისინი, ერთის მხრივ, ცდილობდნენ, დასავლელი პარტნიორების თვალში წამებული მსხვერპლის მანტია მოერგოთ და მეორე მხრივ, მაქსიმალურად გაეწელათ დრო, რომელიც მათ აშორებს იმ დღეს, როდესაც შემსრულებლების ჩვენებების საფუძველზე (ზოგიერთი მათგანი უკვე ალაპარაკდა და დანაშაული აღიარა) გამოძიება დამკვეთებს მიადგება, მათ, ვინც შსს თანამშრომლებს დანაშაულებრივი ხასიათის მითითებებს აძლევდა.

რკალი ვიწროვდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზოგიერთ დაკავებულს ხელიდან საწერკალამს ვერ აგდებინებენ, თუმცა, ალბათ, არც არავის ჰქონდა ილუზია, რომ ისინი ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებდნენ. მრავლისმეტყველად იღიმიან მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. სულ მალე ყოფილი მმართველების მდგომარეობა შეიძლება კრიტიკული გახდეს.

ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის (რა ვიცით, რა ხდება), ალბათ, ურიგო არ იქნება, ერთი უცხო სახელმწიფოს გამოცდილებაზე ვისაუბროთ, რომელიც მალე ჩვენთვის შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი გახდეს.

როდესაც გასული წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილი პერუში პრეზიდენტ ოლანტა მოიზეს ჰუმალა ტასოს ინაუგურაციაზე ჩავიდა (რა ჯანდაბა უნდოდა იქ, ცალკე საუბრის თემაა) ,,საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებიდან ნახევრადხუმრობით ვურჩიე, ლეგენდარული მაჩუ-პიკჩუს მონახულების ნაცვლად, საპატიმროში შეევლო და პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი მოენახულებინა, რომელიც სტუმარს მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის გამოცდილებას გაუზიარებდა. ქართული დელეგაციის სხვა წევრებს კი ამ დროს შესაძლებლობა მიეცემოდათ, იმავე თემაზე, მეზობელ კამერაში, ფუხიმორის რეპრესიული მანქანის მთავარ ჭანჭიკს, ვლადიმირო მონტესინოსს, გასაუბრებოდნენ. საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ ეს რჩევა ადრე თუ გვიან აქტუალური გახდებოდა, თუმცა არ მეგონა, რომ ასე მალე.

ფუხიმორისა და სააკაშვილს არცთუ ცოტა აქვთ საერთო; ორივე «ნახევრადდიქტატორების» კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებიც «ცივი ომის» დროინდელი კლასიკური მონსტრებისგან განსხვავებით, სტრესნერი იქნებოდა თუ სომოსაუმცროსი, იძულებულები იყვნენ, მუდამ ეზრუნათ დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებაზე, რეპრესიების დროს ზომიერება გამოევლინათ და თამაშის გარკვეული წესები დაეცვათ. ორივე ძალიან ხისტ მეთოდებს იყენებდა და ამას რეფორმების სწრაფი გატარების აუცილებლობით ხსნიდა. ორივემ გააფართოა პრეზიდენტის უფლებები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და რაღაც მომენტში თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას მიაღწია. ორივეს რეიტინგი თავიდან სამ მეოთხედს უკაკუნებდა, ბოლოსკენ კი «პლინტუსზე დაბლა» დაეცა.

2009 წლის აპრილში ალბერტო ფუხიმორის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს «სიკვდილის ესკადრონების» ჩამოყალიბებისთვის, რომლებმაც 25 ადამიანი მოკლეს (ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდია, თუმცა უნაკლო მტკიცებულებებზე საუბარი მხოლოდ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება). ვლადიმირო მონტესინოსს 25 წელი მკვლელობებისა და გატაცებების ორგანიზებისთვის 2010-ში მიუსაჯეს; მასთან ერთად 15-25 წლით ციხეში კიდევ ოცი ძალოვანი ჩაჯდა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ყოველივე ეს რეჟიმის დამხობიდან ათი წლის შემდეგ მოხდა.

პერუს ხელისუფლებამ ძნელად გასავლელი, მაგრამ, ალბათ, ერთადერთი სწორი გზა აირჩია. მან ყველა ნორმა და ყოფილი მაღალჩინოსნების ყველა უფლება დაიცვა. გამოძიება იუველირული სიზუსტით მოქმედებდა და თითოეულ ფაქტს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა. თემიდა არ ჩქარობდა. ბოლოს ფუხიმორის არც მეტი, არც ნაკლები 15 თვის განმავლობაში ასამართლებდნენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი გახდა. მას 150 უცხოელი ჟურნალისტი ესწებოდა, სხდომების ტრანსლაცია ტელევიზიით გადაიცემოდა. ფუხიმორის პროცესმა შექმნა ერთგვარი სტანდარტი არა მხოლოდ ლათინური ამერიკისთვის, რომელშიც კოლუმბიელი მწერლის და დიპლომატის, ჰერმან არსიენგასის, თქმით, «ჯერაც გრძელდება კამათი შიშსა და თავისუფლებას შორის», არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ნამდვილი დემოკრატიისკენ ისწრაფვის.

რა თქმა უნდა, ფუხიმორისა და მისი გარემოცვის პრობლემის მოგვარება ხელის ერთი მოსმით შეიძლებოდა. პერუში, ალბათ, მოიძებნებოდა მოსამართლე, რომელიც რამდენიმე საათში ქვეყნის ყოფილ მმართველებს, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, სამუდამო პატიმრობას «მიარჭობდა», პრინციპით «ყველამ ისედაც ვიცით, რას სჩადიოდნენ ისინი», ან, უკიდურეს შემთხვევაში, ახალ ხელისუფლებას არ გაუჭირდებოდა ორი სერჟანტისა და ერთი ტყვიამფრქვევის პოვნა პრობლემის სამუდამო მოგვარებისთვის, მაგრამ ეს იქნებოდა არჩევანი შიშისა და იმ წარსულის სასარგებლოდ, რომლისგან თავის დაღწევას ლათინური ამერიკა ცდილობს. პერუმ კი არჩევანი სამართლიანობისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.

საინტერესოა, რომ სახელმწიფომ მოახერხა მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონის დაბრუნება იმ მილიარდებიდან, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ფუხიმორის გარემოცვის წევრებმა მიიტაცეს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ,,ყველამ ყველაფერი იცის», მაგრამ სახელმწიფოს მტკიცებულებების სიმწირის გამო არ შეუძლია რაიმე მოიმოქმედოს. ამ ფულმა უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ «ფუხიმორისტებმა» ძალთა გადაჯგუფება მოახერხეს და სერიოზულ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ. ოლანტა ჰუმალამ, რომლის ინაუგურციაზე სააკაშვილი 2011 წლის ივლისში ჩავიდა, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, კეიკო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სამპროცენტიანი სხვაობით დაამარცხა. ქვეყნის ყოფილი მმართველების რევანშსა და ფუხიმორის საპატიმროდან გამოშვებას (ეს კეიკოს ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო) ძალიან ცოტა დააკლდა. პერუს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეეძლო ბანალურად «გაეპარსა» ყოფილი მმართველები და «ფუხიმორისტების» პოლიტიკური რეინკარნაციის მატერიალური ბაზა მოესპო, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ოვაციით შეხვდებოდა, მაგრამ ეს ისევ და ისევ იქნებოდა არჩევანი შიშის და არა თავისუფლების სასარგებლოდ.

საინტერესო ნიუანსი: მანამ, სანამ ფუხიმორისა და მონტესინოსს 25-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ იმისთვის, რისთვისაც მათ დასჯას მათი ოპონენტები განსაკუთრებით აქტიურად მოითხოვდნენ, ისინი «შედარებით მსუბუქი» დანაშაულისთვის გაასამართლეს: ფუხიმორი სამჯერ _ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, კორუფციისთვის და უკანონო სატელეფონო მოსმენებისთვის; მას 6, 7, 5 და ბოლოს ისევ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ: «რა მოსმენები, რომელი ,,ბოროტად გამოყენება, ისინი ხომ ადამიანებს ხოცვდნენ!», თუმცა ფაქტია, საუბარი ჯერ იმ ეპიზოდებზე მიდგა, რომელთა მტკიცებულებების მოპოვება შედარებით იოლი იყო და ინფორმაციის უზარმაზარი მასივის გაცხრილვას არ საჭიროებდა. მაგალითად, 2007-ში ფუხიმორი დამნაშავედ სცნეს იმაში (ერთი შეხედვით, ეს ღიმილისმომგვრელი ეპიზოდია), რომ ხელქვეითს, სანქციის გარეშე, თავისი «მარჯვენა ხელის», ვლადიმირო მონტესინოსის ცოლის, ბინა გააჩხრეკინა (პრეზიდენტი მაშინ მისთვის საშიშ კომპრომატს ეძებდა). ვლადიმირო მონტესინოსი კი თავიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის და კორუფციისთვის გაასამართლეს (ამასთან დაკავშირებით ცალსახა ვიდეომტკიცებულება არსებობდა), შემდეგ საუბარი იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე მიდგა, ბოლოს კი მკველობების ორგანიზებაზე. საინტერესოა, რომ საბუთების გაყალბებისთვის (ეს მონტესინოსის ხვედრის შემსუბუქებისთვის დასჭირდათ) ციხეში 4-4 წლით მისი ცოლი და საყვარელი ჩასვეს.

1992 წლის 18 ივლისიდან, რვა წლის განმავლობაში ფუხიმორის  მმართველობის დროს და კიდევ ცხრა წლის განმავლობაში რეჟიმის დამხობის შემდეგ, ზონდერების მიერ ქალაქ უაჩიპეში მოკლული ცხრა სტუდენტის მშობლები ელოდნენ, როდის დაისჯებოდნენ მათი შვილების მკვლელები და ისინი, ვინც მათ მითითებებს აძლევდა: მაიორი მარტინ რივასი, გენერალი ლუის დოკუმეტი, გენერალი ჰერმოსა რიოსი, გენერალი ხულიო სალაზარი, ვლადიმირო მონტესინოსი და ბოლოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი ალბერტო ფუხიმორი. საბოლოო განაჩენი სასამართლომ მხოლოდ 17 წლის შემდეგ გამოიტანა. სანამ ეს დღე დადგებოდა, მათ, ალბათ, უამრავი სისულელის მოსმენა მოუხდათ მეზობელი ფუხიმორისტებისგან იმის თაობაზე, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა, თურმე მონტესინოსის ცოლის ბინის არასანქცირებული ჩხრეკა გახლდათ. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთ მათგანს გაუჩნდა ცდუნება, აეღო თოფი და ყოფილი ზონდერებისა და მათი ხელმძღვანელების ამოხოცვა დაეწყო, როგორც ეს არაერთგზის, არაერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მომხდარა, მაგრამ ისინი ითმენდნენ, მათ შორის იმიტომ, რომ ეს ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა.

არანაირი ანგარიშსწორება, არანაირი აჩქარება, პროცესების მაქსიმალური გამჭირვალობა, ნეიროქირურგიული სიზუსტე ნორმების დაცვასთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მეტიც, ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის გადაწყვეტა ეჭვმიტანილის სასარგებლოდ _ რაოდენ რთულიც უნდა იყოს ამის გაკეთება, კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევანს ამ პრინციპების სასარგებლოდ გააკეთებს (იგულისხმება ნამდვილი არჩევანი და არა ლამაზი დეკლარაციები). ეს მისაღები უნდა იყოს არა მხოლოდ იდეალისტებისთვის, არამედ პრაგმატიკოსებისთვის, რადგან ეს არჩევანი, სხვა ყველაფერთან ერთად, არავის მისცემს შესაძლებლობას, თავი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩინოს და ქვეყნაში თუ მის ფარგლებს გარეთ რამდენადმე სერიოზული რაოდენობის გულშემატკივარი დარაზმოს.

შემსრულებლები აუცილებლად ალაპარაკდებიან (ზოგიერთი მათგანი უკვე აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან), ისევე, როგორც ეს თავის დროზე პერუში მოხდა. სხვა გამოსავალი მათ, უბრალოდ, არ აქვთ. ერთის მხრივ, ბრალი შეიძლება დაუმძიმდეთ, მეორე მხრივ, გარეთ ელოდება არაერთი მოქალაქე, რომლებიც მათ მოსისხლე მტრებად თვლის და არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც მათში საშიშ მოწმეებს ხედავს; ასეთ სიტუაციაში, გამორიცხული არაა, ჩათვალონ, რომ გამომძიებელი მათი საუკეთესო მეგობარია.

რკალი ვიწროვდება. გადმოცემით, ერთი კარგი და, როგორც ჩანს, ფრიად მოხერხებული ადვოკატი სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს წინმსწრებად მომსახურებაზე ოცპროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს. თუმცა მთავარი, ალბათ, არა ეს (და სხვა მსგავსი) საინტერესო ეპიზოდია, არამედ ის არჩევანი, რომელსაც გააკეთებს საქართველო, ისევე, როგორც პერუმ ათიოდე წლით ადრე, შიშსა და თავისუფლების შორის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here