Home რუბრიკები საზოგადოება «აჭარაში ჩვენი კანონები გვაქვს!»

«აჭარაში ჩვენი კანონები გვაქვს!»

1400

სააკაშვილის ზეობის ხანაში აჭარის ხელმძღვანელობა ისე ხშირად აგინებდა ასლან აბაშიძეს, რომზუსტად იმავე ბონაპარტიზმით დაავადდა, რისთვისაც ასლან იბრაგიმოვიჩს აკრიტიკებდნენ. ერთი მაგალითი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, და რომელიც თბილისელ ბიზნესმენს _ ავთანდილ ენუქიძეს გადაХდა, ამის დამადასტურებელია.

_ საქმე ეხება ბათუმის ცენტრალური ავტოსადგურის აქციებს, _ აზუსტებს ბატონი ავთანდილი და იწყებს «ფორსაიტების საგის» აჭარული ვარიაციის თხრობას.

_ ეს ავტოსადგური თავის დროზე სახელმწიფომ ვაუჩერებზე გაყიდა და ჩვენც ვაუჩერებით შევიძინეთ. 30,9 პროცენტი სახელმწიფომ დაიტოვა. ეს ასლან აბაშიძის დროს მოხდა. დანარჩენი შეისყიდა აქციონერთა ჯგუფმა, რომელშიც იყო ჩემ მიერ დაფუძნებული ფირმა და კიდევ რამდენიმე აქციონერი. ვფლობდით 51 პროცენტს _  საკონტროლო პაკეტი ჩვენ გვქონდა. არსებული კანონმდებლობით, ვინც ფლობს ამ პაკეტს, თუ დააყენებს საკითხს, უფლებამოსილია, იყიდოს სახელმწიფოს ხელთ არსებული წილი. ეს, რა თქმა უნდა, ეხება არასტრატეგიულ ობიექტებს. დავაზუსტებ, 51 პროცენტის მფლობელები შესყიდვის დროს პრივილეგიით სარგებლობენ. ლაპარაკია არა თანხის ოდენობაზე, არამედ წილის შესყიდვაზე.

ამ უფლების გამოსაყენებლად განცხადება შევიტანეთ ერთხელ, მეორედ.

პირველად _ უშედეგოდ. მეორედ რომ შევიტანეთ, გვიპასუხეს: შესყიდვის უპირატესობის კანონი კი არსებობს, მაგრამ აჭარაში სხვა კანონი გვაქვს მიღებული, საქართველოს ეს კანონი არ გადისო.

_ ვინ გითხრათ ეს ბრძნული უარი?

_ აჭარის ფინანსთა და ქონების მართვის სამინისტრომ.

მოხდა «ვარდების რევოლუცია» და «ახალმა რეფორმატორებმა» მოინდომეს ჩვენი ავტოსადგურის ხელში ჩაგდება.

_ ასეთი სახარბიელო რა ნახეს?

_ ჯერ ერთი, ობიექტი ქალაქის ცენტრშია; მეორე, ოთხივე მხრიდან გზები ერტყმის; შემდეგ, ფართობი 14550 კვადრატული მეტრია, შენობა კაპიტალურია.

ტრანსპორტს აქვს ერთი ასეთი თავისებურება: მგზავრის მიჩვევა იცის. სხვა ადგილზე, რაგინდ კარგი და თანამედროვე სადგური აუშენო, მაინც შეჩვეულს ამჯობინებს. ჩვენს ბიზნესში მგზავრების ნაკადი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია _ მგზავრების გადაყვანას მოაქვს შემოსავალი. ამასთან, თუ ხელს გაძლევს, შენს ტერიტორიაზე შეგიძლია გახსნა სავაჭრო მომსახურების ობიექტები, სХვა ინფრასტრუქტურა განავითარო, ანუ დაუმატო შენს ბიზნესს სხვა პროფილი და ეს დამატებით შემოსავალს მოგცემს.

ამიტომ დაინტერესდნენ ადგილობრივი ხელისუფალნი ამ ობიექტით და ჩვენ _ კერძო მეწარმეს, ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს მოგვთხოვეს ჩვენი 51 პროცენტის მათთვის მიცემა. ეს იურიდიული პირია «სისტემა სოლო პლიუსი», რომლის ასპროცენტიანი დამფუძნებელიც მე ვარ.

რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით.

_ ყიდულობდნენ?

_ არა, გვართმევდნენ «ძლიერის უფლებით», მაგრამ მაგრად დავხვდით, რადგან კანონი ჩვენს მხარეს იყო.

მაგრამ, როგორც ვთქვი, კანონი ამათ «თავისი» ჰქონდათ: ფინანსური პოლიცია, რომლის უფროსი იყო არსოშვილი შემოდის ავტოსადგურში და აკავებს დირექტორს, ბადრი სოლომონიძეს.

_ კონკრეტულად იყო ვინმე დაინტერესებული თქვენი ობიექტით თუ ინტერესი საერთო ტენდენციის გამოხატულება იყო?

_ ტენდენცია კი იყო საერთო, მაგრამ დაინტერესებული ბრძანდებოდა, თუ არ ვცდები, აჭარის პროკურორი _ ვინმე მაისურაძე. ბადრი სოლომონიძეს ციХეში წილის დათმობა მოთХოვეს.

_ მაშ, შევიდა თქვენს ობიექტზე ფინანსური პოლიცია

_ შევიდა და, სხვა დარღვევა რომ ვერ აღმოაჩინა, სადგურის დირექტორი დააკავა აბსურდული მიზეზით _ რატომ იყიდა ავტომანქანა (!), ეს ერთი, და მეორე, რატომ ჰყიდდა ელექტროენერგიას…

_ ვერ გავიგე

_ ახლავე გავშიფრავ. ეს ჩინური წარმოების მანქანა სადგურს აუცილებლად სჭირდებოდა საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე და შევიძინეთ კოლექტივის შრომის უკეთ ორგანიზების მიზნით, შინ არავის წაუყვანია. თითიდან გამოწოვილი მიზეზი იყო; მეორე _ დენის გაყიდვა _ საერთოდ ირეალური.

სადგურის ტერიტორიაზე არის გაქირავებული ფართები, პრაქტიკულად ყველგან ასეა. როგორც წესი, დამქირავებელი იხდის დენის გადასახადს დამოუკიდებლად, იმ მრიცხველის მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ადგილზეა. ყველა ხელშეკრულებაში ჩაწერილია დამქირავებლის ვალდებულება, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, მაგრამ აბონენტად რჩება გამქირავებელი, ჩვენს შემთХვევაში, ავტოსადგური.

ეს მიზეზიც თითიდან გამოწოვილი იყო. დირექტორს ჩაუწერეს, რომ ულიცენზიოდ ჰყიდდა ელექტროენერგიას.

იძულებული გავხდით, სემეკისთვის მიგვემართა განმარტებისთვის, და მოგვცეს ცნობა, რომ მილიონზე მეტ კილოვატსაათს უნდა აწარმოებდეს ორგანიზაცია, რათა სემეკმა მისცეს ელექტროენერგიის გაყიდვის უფლება.

ასეთი მასშტაბებია.

დამიბარეს მეც სხვებთან ერთად და ერთი პატარა ბიჭი, რომელიც გამოიძიებდა ამ საქმეს ასეთ სისულელეს მეკითხება: _ თანახმა ხართ თუ არა,  ციხეში რომ ზის სადგურის უფროსი, დაისაჯოსო?

_ უკვე მეორედ ვერ ვიგებ და გეკითხებით: ეს უაზრობა რას უნდა ნიშნავდეს?

_ ჩემგან ითხოვდნენ დადებით პასუხს, რათა სადგურის დაპატიმრებული დირექტორისთვის ეჩვენებინათ, რომ მე ვითხოვ მის დასჯას. ამით თავიანთი პოზიციის გამაგრებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა ორგანოებში მეც ვარ ნამუშევარი, უმაღლესი იურიდიული განათლებაც მაქვს მიღებული და მარტივად მივხვდი, რასაც აპირებდნენ, ამიტომ ვუპასუხე: _ თანახმა ვარ, დაისაჯოს ყველა, ვისაც დარღვეული აქვს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნილება და ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული…

თავი დამანება!

_ გამაგებინეთ, რად უნდოდათ ამხელა სიცრუის გორგალის დახლართვა ერთი ავტოსადგურის ხელში ჩასაგდებად? რომელი გრაფ მონტე კრისტოს საგანძური ეს იყო? თუ აქაც გამჟღავნდა პროვინციული «კროხობორობა» _ მენამცეცეობა?

_ არც ისეთი სანამცეცო ობიექტია. დავთვალოთ: ფართი _ 14550 კვადრატული მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება ბათუმის ამ უბანში 800-დან 1000 დოლარამდე მერყეობს. ეს რომ გავამრავლოთ 14 ათასზე, თოთხმეტი მილიონი გამოდის.

მსუყე ლუკმაა.

მაგრამ ისტორია არ დამთავრებულა.

სასამართლოზე, როგორც წესი, დადგებოდა საკითხი გირაოთი გათავისუფლების შესახებ. პროკურორი დაასახელებდა დიდ თანხას, იმიტომ, რომ შემდეგ უფრო ძვირად გაეყიდათ.

ასეთი იყო მათი სქემა.

სასამართლო სხდომის დროს მოსამართლემ მართლაც დააყენა საკითხი გირაოს თაობაზე და ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა. პროკურორმა 180 თუ 200 ათასი ლარის გირაო დაასახელა.

სადგურის დირექტორი დათანხმდა. მაშასადამე, გირაოს გადახდისთანავე იგი გათავისუფლდებოდა. ეს ოქმში დაფიქსირდა.

აი, აქ საოცრად ჭკვიანური და ძალიან ეშმაკური რამ გათამაშდა. ჩვენმა პარტნიორმა აჭარლებმა ხულოს რაიონის ოთხ სოფელში აღწერეს თავიანთი ნათესავების ქონება (ეს კანონითაა გათვალისწინებული _ გირაოში თანხის ან შესაბამისი ქონების გადახდა). მთელი ბიძაშვილ-მამიდაშვილების ქონება მათი თანხმობით, აღუწერიათ (მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი) და ჩაუდვიათ გირაოში. როგორც კი გირაოს რაოდენობა გამოცხადდა, ამათ ეს ქონება ჩადეს და ეს ჩვენი ბიჭი გარეთ გამოვიდა.

ასე დაუსხლტა კანონის ძალით მოძალადეებს ავტოსადგურის უდანაშაულო დირექტორი.

სადგურის მუშაობის პარალიზება ამ გზით რომ ვერ მოახერხეს, აიღეს და სადგურის გარშემო შვიდი ახალი «სადგური» გახსნეს მგზავრების წასართმევად და ჩვენი ბიზნესის მოსაკლავად. ერთი ასეთი «სადგური» ვინმე ჩიჯავაძემ გასტრონომში გახსნა _ ხორცის დახლის გვერდზე იყიდებოდა ბილეთები. არც ერთ ასეთ მეკობრულ ობიექტზე მეპატრონეები არავითარ გადასახადს არ იხდიდნენ, ადგილობრივი მთავრობის ხელდასმულები იყვნენ და იმიტომ.

_ ამათ რა კონკურენცია უნდა გაეწიათ თქვენთვის?

_ რახან გადასახადს არ ახდევინებდნენ, მგზავრები იაფად გადაჰყავდათ. ბინძური კონკურენციაა.

ვარშალომიძის, ბათუმის მერის _ ჩხაიძის სახელზე ვწერთ საჩივრებს არსებულ წესებზე დაყრდნობით, რომ რეგულარული რეისები თბილისი-ბათუმი უნდა გადიოდეს საწყისი სადგურიდან, ვჩივით, ვაგზავნით. ვინ მოგაქცია ყურადღება!

ცალკე ისტორიაა ისრაელიდან ინვესტორის შემოსვლა, რომელსაც ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ყიდვა უნდოდა, და ჩვენც დაგვიკავშირდა. გვეგონა, საქმეს წაადგებოდა, თუ ეს კაცი _ ქართველი იუდეველი _ იყიდდა სახელმწიფოს კუთვნილ 30 პროცენტიან წილს, ჩვენც ამოვუდგებოდით ჩვენი 51 პროცენტით და ავტოსადგურსაც ფეხზე დავაყენებდით. აქაური რეკეტიორი ხელისუფლებაც შეგვეშვებოდა.

ამ კაცს რა დამართეს, სხვა ამბავია.

_ კერძოდ?

_ უმჯობესია, თვითონ მოგიყვეთ. მე კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, მიჰყიდეს გემთმშენებელი ქარხანა 2,5 მილიონ დოლარად.

ჩვენ ჩვენი საქმე გაგვჭირვებია.

ინვესტორთან ერთად შევქმენით შესაბამისი სტრუქტურა და ქონების მართვამ მოგვყიდა სახელმწიფოს კუთვნილი 30 პროცენტი. ეს ყველაფერი 2008 წლის 3 აპრილს გაფორმდა. მართალი გითХრათ, საკითХი უპრობლემოდ და სწრაფად გადაწყდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, რა ჩანაფიქრიც ჰქონიათ.

დაიწყო სადგურის სარეკონსტრუქციო პროექტის კეთება და ომიც დაიწყო, აგვისტოს ომი რუსეთთან.

ყველაფერი უკეთეს დღეებამდე გადაიდო (კრიზისიც ამ პერიოდს დაემთხვა), თუმცა პროექტი მაინც დასრულდა და ჩაბარდა ბათუმის მერიას.

ამასობაში საპატიმროდან გამოსული ჩვენი ავტოსადგურის დირექტორი კობა დავითაშვილის «სახალხო პარტიაში» შედის. ამის გამო მერიის ჩინოვნიკები ყალყზე დადგნენ და ამ ჩვენს ინვესტორს პირდაპირ უთხრეს, სანამ აჭარლებს (ჩემს აჭარელ პარტნიორებზეა ლაპარაკი) არ გააგდებ, პროექტს არ დაგიმტკიცებთო. მივიტანეთ მეორე პროექტი. არ ამტკიცებენ.

_ აქედან რა ხეირი აქვთ?

_ დროს წელავენ, რათა პროექტის მიუღებლობით, მაშასადამე, ინვესტიციის ჩაუდებლობის მომიზეზებით, ანუ Хელშეკრულების პირობების დარღვევის გამო წაგვართვან ის, რაც უკვე ჩვენი საკუთრებაა, რაშიც ფული გადავიხადეთ.

_ პროექტი არ არის, ინვესტიცია არ ჩაიდო, სამუშაო არ დაწყებულა, .ხელშეკრულების პირობა ინვესტორმა დაარღვია.

_ ზუსტად ამ მიზეზთა წყების წამოყენება სურდათ: ჩვენს გადახდილ ფულსაც იბრუნებდნენ და საკუთრებაც კვლავ მათი ხდებოდა.

_ მერე, ალბათ, გაყიდდნენ ისევ. ეს ხომ ბინძური სპეკულაციაა!

_ ყაჩაღობაა… მესამე პროექტიც რომ დაიწუნა მერიამ, ამ ჩვენმა ინვესტორმა, ჩემი თანდასწრებით პირდაპირ უთხრა: რახან ჩემი არ მოგწონთ, თქვენი მომეცით და მე დავაფინანსებო.

ვითარება ისეთი ყალიბდება, რომ გრძნობს ის ჩვენი ებრაელი პარტნიორი, გემთმშენებელი ქარხანა რომ აქვს ნაყიდი, იმასაც წაართმევენ.

აიღო და დაინიშნა თავისი თავი ავტოსადგურის დირექტორად: უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჰაიჰარად ვერაფერს შემომბედავენო. შემოავლო სადგურს ღობე და დაიწყო რეკონსტრუქცია.

_ ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ინვესტიციის ჩადება და მოხსნა მოსალოდნელი ბრალდება ხელშეკრულების ვალდებულების დარღვევის თაობაზე.

_ მართალია. და მაშინ დაიწყო ის, რისი მოწმეც დღეს ვართ _ ლტოლვილებს მაინც და მაინც «ოცნების» კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოუნდათ ცარიელ შენობებში შევარდნა, მეშახტეებს, ავტობუსების შოფრებს ახლა გაახსენდათ, რომ გაფიცვის უფლება აქვთ, ხოლო პროფკავშირები, სადაც გაფიცულებს დაინახავენ, იქ მივარდებიან, და სათავეში ჩაუდგებიან, თითქოს წინა ხელისუფლების დროს მუშების თანადგომა მათი უშუალო მოვალეობა არ იყო.

ასეთნაირად აამხედრეს ადგილობრივები და ამ ჩვენს დირექტორს, სამუშაო კაბინეტში რომ იჯდა, უროთი კედელი შემოუნგრიეს. შეყვეს ოთახში თავები და აგინებდნენ, რატომ არემონტებ სადგურსო. ვიღაცები იყვნენ, ვისაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა არც სადგურთან, არც ჩვენთან.

ეს ყველაფერი ვიდეოფირზე გვაქვს დაფიქსირებული.

განცხადებასთან ერთად ჩვენი მტკიცებულებანიც მივიტანეთ პოლიციაში… დღემდე, ბარე ორი წელიწადია, არავინ არ დაუკითხავთ!

_ შემდეგ რა მოხდა?

_ როგორც კი 31 მაისი დადგა, ანუ ამოიწურა ვადა ინვესტიციის ჩადების, გაიტანეს სასამართლოზე და ჩამოგვართვეს ჩვენთვის მოყიდული 30 პროცენტი.

ასე უწყობდნენ ხელს ბიზნესის განვითარებას საქართველოში და ასე იზიდავდნენ ინვესტორებს!

ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე არაფერს ვამბობ.

ასე გაგვამწარეს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ, რადგან 55 პროცენტი ჩვენს ხელთაა.

ადგა ვარშალომიძე და «თურქმოლთან» ერთად თავის ძმას აუშენა ავტოსადგური, გამოვიდა ადგილობრივი ტელევიზიით და გამოაცხადა: _ ახლა ამ სადგურიდან ივლის ყველაო.

_ დღეს რა ვითარებაა?

_ ჩვენი პარტნიორი, ისრაელის მოქალაქე დღე-დღეზე ჩამოვა, მოითხოვს თავისი წილის დაბრუნებას და არა მგონია, რომ ახლა მაინც არ აღდგეს სამართლიანობა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here