Home რუბრიკები საზოგადოება წინ და უკან მორბენალი ცარიელი ვაგონები

წინ და უკან მორბენალი ცარიელი ვაგონები

685

«საქართველო და მსოფლიოს» წლევანდელ მეორმოცე ნომერში გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, რომელშიც სხვა პრობლემებთან ერთად გაკვრით ვილაპარაკე ყარსიახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის გაგრძელების უაზრობაზედღეს შევეცდები, უფრო დეტალურად ვილაპარაკო ამ და სხვა პროექტების უარყოფით მხარეებზე.

ჯერ იმას ვიტყვი, რომ, ზემოთ ნახსებები პროექტის გარდა, ხორციელდება ორი პროექტი და სამივეზე შეიძლება ითქვას, რომ მავნებლურია.

ჯერ პირველზე ვილაპარაკებ.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ჩვენი მონაკვეთი ახალქალაქი-მარაბდის უბანია, რომლის მშენებლობაზე დახარჯული სახსრები ქვეყნისთვის ფუჭად გადაყრილი ფულია. 700 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა და… სამუშაოების 10 პროცენტიც არ არის გაკეთებული.

იგი მომგებიანი არის თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის კი, ვიმეორებ, წამგებიანია მისი ამოქმედება. ყოველწლიურად დავკარგავთ _  პორტებიც და რკინიგზაც _ 100 მილიონ დოლარს. აქ კიდევ ერთი მილიარდი ლარიც რომ დაიხარჯოს, ამ მონაკვეთზე შეიძლება გატარდეს წელიწადში ერთი მილიონი ტონა, დიდი-დიდი _ მილიონ-ნახევარი ტონა. მარაბდიდან ახალქალაქამდე მონაკვეთზე ვლაპარაკობ, სადაც 35-ათასიანი ქანობია. მატარებელს აქ გაზრდილი სიჩქარით ვერ ვამოძრავებთ, მაშასადამე, გამტარუნარიანობას ამით ვერ გავზრდით. იგი უცვლელი დარჩება, ანუ დაბალი.

ჩემი გათვლების სისწორეს ნებისმიერ ოპონენტს დავუდასტურებ, თუ ამის საჭიროება იქნება.

მშენებლებს რკინიგზის გაყვანა ხელს აძლევს: დასაქმებულებიც არიან და შემოსავალიც აქვთ. ამიტომ მხოლოდ მათ არგუმენტებზე დაყრდნობა რეალურ სურათს ვერ წარმოგვიდგენს. საჭირო იქნება სხვადასხვა დარგების სპეციალისტების ერთობლივი დასკვნა, რომელიც ეფექტიანობის რეალურ პერსპექტივას დაგვისახავს.

ახლა მეორე პროექტის შესახებ, ანუ თბილისის შემოვლითი ლიანდაგის შესახებ, რომლის მშენებლობა დაწყებულია და რომელიც, აგრეთვე, გადაყრილი თანხაა.

ჯერ ერთი, მცდარია ის პრინციპი, რომელიც ამ პროექტს საფუძვლად დაედო _ რკინიგზის ქალაქის ცენტრიდან გატანა, რაც სურთ, წარმოგვიდგინონ,  თითქოს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ამ დროს კი, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში რკინიგზა ყველგან ცენტრზე გადის და მას თვალისჩინივით უფრთხილდებიან.

ასევე უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს მოსახლეობა წუხდება იმით, რომ რკინიგზა მათი სახლების მახლობლად გადის და ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებასა და დასვენებას. ამის საწინააღმდეგოდ დავასახელებ ტექნიკურად დასაბუთებულ ნორმებს, რომელთა მიხედვით მოსახლეობა სარკინიგზო ლიანდაგს დაშორებული უნდა იყოს მაქსიმუმ 50, მინიმუმ 20 მეტრით, რაც გარანტიაა იმისთვის, რომ მოქალაქენი არ შეწუხდნენ შემადგენლობების გავლით გამოწვეული ვიბრაციითა და ხმაურით, მითუმეტეს, რომ შეიძლება დამატებითი ღონისძიებებით სრული სიმშვიდის, აბსოლუტურად ნორმალური პირობების შექმნა. ჩვენ, მაგალითად, დავიწყეთ ქალაქში გამავალი ლიანდაგის ორივე მხარეს კედლების ამოყვანა, ე. წ. მიწისზედა გვირაბში მაგისტრალის მოქცევა.

ამასთან ერთად, ეს შემოვლითი გზა რომ ამოქმედდება, გადაზიდვების ტარიფი 2-2,5 დოლარით გაიზრდება. ამის მიზეზი კი ის ქანობია, რომელიც გვაიძულებს, ორი წევით ვატაროთ მატარებლების შემადგენლობები. ეს კი გაზრდის ელმავლების, ამ ელმავლების მემანქანეების რაოდენობას: ერთი მატარებელი ორი ელმავლით რომ მოძრაობს, ორი მემანქანე და ორი თანაშემწე უნდა იყოს. პლიუს ლიანდაგების ცვეთა, ელექტროენერგიის ხარჯი და ა. შ., რაც ზრდის ტარიფს. ამ დროს კი ჩვენი მეზობელი ქვეყნები _ რუსეთი და თურქეთი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტვირთი წაგვართვან. და, თუ თვითღირებულებას გავზრდით, ჩვენკენ  არავინ გამოიხედავს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც ჩინეთის კომპანია ასრულებს, დღესვეა შესაჩერებელი, უკვე დახარჯულ 303 მილიონს უაზროდ გადაყრილი ფული კიდევ რომ არ დაემატოს.

საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმეჯერ იყო მცდელობა, გაეყვანათ ეს შემოვლითი რკინიგზა, მაგრამ საბოლოოდ ხელი აიღეს, იმდენად არაპერსპექტიულად მიიჩნიეს.

მესამე პროექტი ხაშურიზესტაფონის მონაკვეთია. მოლითიდან წიფამდე და წიფადან ლიხამდე სამი წევით დადის აქ მატარებლები _ ძალიან დიდი დანახარჯია. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რომლის ავტორია ინჟინერი ქუცნაშვილი,  (ზაქრო ქუცნაშვილის მამა), მივიყვანეთ ეს პროექტი ისეთ კონდიციამდე, რომ უნდა დაგვეწყო მშენებლობა. ამათ გადააკეთეს და, სამწუხაროდ, კეთდება ისე, რომ ხვალ და ზეგ ხელმეორედ იქნება გასაკეთებელი. ვფიქრობ, საჭირო იქნება სპეციალისტების კომისიის შექმნა და მისი დასკვნის მიხედვით ქუცნაშვილის პროექტთან მაქსიმალურად დაახლოვებული სამუშაოების გაგრძელება.

აქვე თავისთავად დგება გვირაბის პრობლემა. არსებული გვირაბი თავის დროზე ინჟინრებმა ზუსტად გათვალეს და გაიყვანეს ორლიანდაგიანი რკინიგზა. ახლა კი, 21-ე საუკუნეში, ახალ გვირაბს ერთლიანდაგიანს აკეთებენ(?!).

ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა.

მაშასადამე, სამი პროექტი _ ყარსი-ახალქალაქი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა და უღელტეხილის უბანი _ ყოვლად მიუღებელია.

არაფერს ვიტყვი ისეთ პროექტებზე, როგორიც თბილისის აეროპორტში მიმავალი სარკინიგზო შტოა და რომელშიც 17 მილიონი ლარი გადაყარეს, ვითომდა ტურისტების მისაზიდად. არ დაგიმალავთ, ამგვარი პროექტი ჩვენც გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ეს იქნებოდა ორვაგონიანი შემადგენლობა, მონიკელებული ორთქლმავლით _ სტილიზებული სიძველე, ძველებური სადგურით და ა.შ. ასეთ ეკზოტიკას მართლა შეიძლება მოეზიდა თბილისში ჩამოსული ტურისტები.

ახლა რა გამოვიდა? ტურისტი საქართველოში ერთიორი თუ ჩამოდის, მაგრამ ეს თანამედროვე მატარებელი არც იმ თითოოროლა ადამიანს იზიდავს და, მგონი, ვაგონები საერთოდაც ცარიელი დარბიან წინ და უკან.

აკაკი ჩხაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here