Home რუბრიკები პოლიტიკა ირმა ინაშვილი: რეჟიმის მონა და მსახური ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ

ირმა ინაშვილი: რეჟიმის მონა და მსახური ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ

538

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ირმა ინაშვილი.

_ მთავარი, რასაც საზოგადოება ახალი ხელისუფლებისგან ელოდება, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დაგროვილი გამოუძიებელი საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. მთავრობის დამტკიცებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მხრივ კოალიცია პროცესს, ცოტა არ იყოს, აჭიანურებს. თქვენი აზრით, ის, რაც არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად გაკეთდა, რამდენად საკმარისია და როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა რეალურად დროის ამ მონაკვეთში უფრო მეტი შესაძლებელი?

_ თავიდანვე მინდა ერთი რამ ვთქვა: რომ არა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაბადა “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში და რომ არა ის პოლიტიკური ცენტრი, ორბიტა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ასეთი შედეგი არ ექნებოდა ციხის კადრების გავრცელებას და მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. შედეგში ხელისუფლების შეცვლას ვგულისხმობ, თორემ კონკრეტული დამნაშავეები, რა თქმა უნდა, ისედაც დაისჯებოდნენ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მე არ ვაკნინებ ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში, მაგრამ ვიმეორებ, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ის პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, რომელმაც განაპირობა, ამ კადრების გავრცელების შემდეგ, რეჟიმის დასრულება.

რაც შეეხება კითხვას, ის ერთი თვე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩემი აზრით, ერთის მხრივ არის ძალიან მცირე დროის მონაკვეთი, რომ კონკრეტულ შედეგზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მონაკვეთი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ გამოკვეთილიყო უსამართლობის კონკრეტული მაგალითები. თუნდაც საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე რეგიონებში არაერთ თანამდებობაზე ინიშნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევენ. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ეს საკადრო პოლიტიკაც დაიხვეწება და ახალი ხელისუფლება რაღაცნაირად შეძლებს, ქვეყანაში ქაოსი არ დაუშვას.

_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში თავიდანვე გაჩნდა განცდა, რომ ახალი ხელისუფლება ნელა და დროში გაწელილად მოქმედებს, მათ ძალიან დიდი ხანი მოანდომეს მთავრობის ფორმირებასაც და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას. დღემდე არჩეული არ არის ომბუდსმენიც.

_ გეთანხმებით და ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აზრი აქვთ, იმიტომ, რომ ამდენი ორომტრიალი არ იყო საჭირო სახალხო დამცველის კანდიდატურასთან მიმართებაში. მარტივად შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაკეთებულიყო, თუნდაც იგივე პრაიმერის გზით ან რამე სხვა საშუალებით; ტელევიზიებიც უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, ეთხოვათ მათთვის საჯარო კენჭისყრა და საზოგადოების აზრი გამოიკვეთებოდა. ესაა დემოკრატია და არა ის, რომ უმრავლესობას სურს ნინა ხატისკაცი. უმრავლესობას რომ სურს ერთი საქმეა, ხალხს რა უნდა, ესაა საინტერესო.

_ არის მსგავსება წინასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ასეთი საკითხების გადაწყვეტაში?

_ ჩემი აზრით, რაღაც-რაღაც ნიუანსებში არის მსგავსება. თუნდაც იგივე იმ საკადრო პოლიტიკას ვგულისხმობ, როცა უმრავლესობა ამბობს, ეს კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია და მორჩა. მინდა, ვკითხო ამ ადამიანებს: თქვენთვის რომაა მისაღები, დარწმუნებული ხართ, რომ ხალხისთვისაც მისაღებია?! რამდენად ხდება ამის გათვალისწინება? მე ვიცი, რომ სახალხო დამცველობის ძალიან ბევრ კანდიდატს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნინა ხატისკაცს…

_ ხატისკაცმა თავის დროზე თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, მაგრამ თავის მხრივ გურჩიანი საზოგადოებისათვის აღმოჩნდა მიუღებელი. როგორ ფიქრობთ, რატომ დაასახელა საპარლამენტო უმრავლესობამ მაინცდამაინც ის კანდიდატი, რომლის ხედვაც და ორიენტირებიც ფაქტობრივად დიდად არ განსხვავდება ურეიტინგო თამარ გურჩიანის შეხედულებებისგან? არის საუბარი იმაზეც, რომ რესპუბლიკური პარტია ლობირებდა მის დასახელებას.

_ თეორიების დონეზე ვერ ვიმსჯელებ, რომელი პარტია რომელ კანდიდატურას ლობირებს, მაგრამ საერთოდ, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ლობირების უფლება. მე ისევ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული. ვინ იყო გურჩიანი? მისმა კანდიდატურამ იმიტომ დაიმსახურა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და უნდობლობა, რომ მას არავინ იცნობდა. მოხდა რა, _ რეალურად ხალხისთვის უცნობი ადამიანი გაიყვანეს არენაზე, ხელოვნურად სხვათა შორის, და გვითხრეს, აი, ეს იქნება ომბუდსმენი. სწორედ ამის გამო გაჩნდა კითხვებიც: რატომ ჩვენთვის უცნობი პიროვნება, როცა არსებობენ კანდიდატურები, რომლებსაც მოსახლეობა მხარს უჭერს? იგივე გელა ნიკოლეიშვილი, რატომაა მიუღებელი? ან დიმიტრი ლორთქიფანიძე? რატომ იწვევ ნინა ხატისკაცს პარლამენტში მოსასმენად და არ იწვევ ამ ადამიანებს? ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და მივმართავ რეკომენდაციით უმრავლესობას, რომ არ დაუშვას ასეთი უსამართლობის ფაქტები, თორემ ჩვენ არ შევეგუებით, სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ, ამ ქვეყანაში მორიგი უსამართლობის დაკანონებას.

_ თუმცა არანაირი პროტესტი საზოგადოებაში, უმრავლესობის მიერ სხვა კანდიდატების იგნორირებას არ მოჰყოლია.

 _ პროტესტი არ მოჰყოლია იმიტომ, რომ საზოგადოება და მედია, მათ შორის მეც, ჯერჯერობით ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიმდინარეობს და ვაანალიზებთ. ჩვენ არ გვინდა, დასაწყისშივე ხელი შევუშალოთ ახალ ხელისუფლებას კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაში, თუმცა მე ვამბობ, რომ ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღები უნდა იყოს, როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც.

_ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმ ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც, რომლებიც წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდასა დანაცმოძრაობისოპონენტთა დისკრედიტებას ემსახურებოდნენ. მესმის, რომ ახლა ძნელია ამ საკითხზე კონკრეტული დასკვნების გამოტანა, მაგრამ თქვენი აზრით, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება, მათ დაეკისროთ?

_ რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი და ხშირადაც ვამბობდი, რომ რეჟიმის მონა და მსახური ჟურნალისტები უნდა დაისაჯონ. სიმართლე გითხრათ, მაშინ ზუსტად არ მქონდა წარმოდგენილი, ამ დასჯაში რას ვგულისხმობდი, მაგრამ უწინარესად, ალბათ, ვგულისხმობდი იმას, რომ ასეთი ტიპის ჟურნალისტები უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას გარკვეული ვადით. დღეს, ჩემი აზრით, თვითონ ამ ჟურნალისტებმა უნდა იფიქრონ ამაზე და მოერიდონ საზოგადოებას, რომელსაც აღიზიანებდნენ, ატყუებდნენ მთელი ცხრა წლის განმავლობაში. საერთოდაც უნდა არსებობდეს დისკვალიფიკაციის გამოყენების საშუალება მათ მიმართ და უნდა იყოს ქვეყანაში გარკვეული კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ პროცესს. ჩვენ ვიცით, რა სიუჟეტები მზადდებოდა წლების მანძილზე სახელისუფლო არხებზე და რა შედეგი მოსდევდა შემდეგ ამ ყველაფერს: ხშირად ადამიანები კვდებოდნენ, მათი რეპუტაცია ილახებოდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და ნებისმიერი დანაშაული კანონით დასჯადია…

_ ხელისუფლებისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში ერთგვარი მესიანისტური დამოკიდებულებაა, თუ კი ვინმემ კოალიციაზე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა, “ნაცმოძრაობისდაკვეთის შემსრულებლად აღიქმება. მიანიშნებს თუ არა ეს ყველაფერი სამოქალაქო საზოგადოების დეფიციტზე და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, კრიტიკის ნაკლებობა რამდენად ქმნის იმის საფრთხეს, რომ ახალი მთავრობა გარკვეულწილად წინამორბედს დაემსგავსოს?

_ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი რამ და მე ვიცი, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილიც არის განწყობილი ზუსტად ისე, როგორც საზოგადოება. რა თქმა უნდა, აუცილებელია კრიტიკული აზრი, ჯანსაღი პოლემიკა და სწორედ ეს ფუნქცია უნდა იკისროს მედიამ. არავითარ შემთხვევაში გაზვიადება და სიჩუმე, რაც ხდებოდა აქამდე. თვითოეული ჩვენგანის ვალია, უწინარესად ჟურნალისტებს ვგულისხმობ, ჯანსაღი, სამართლიანი კრიტიკა.

_ არ მიგაჩნიათ, რომ მედიასაშუალებისთვის ეს ყველაფერი ძალიან სარისკოა ამ ვითარებაში?

_ გეთანხმებით, სარისკოა, იმიტომ, რომ, შეიძლება, ხუთ წუთში გამოგაცხადონ ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის აგენტად, მაგრამ ეს არის უკულტურობის გამოხატულება და ჩვენ უნდა შევეცადოთ, ახალი ტიპის ჟურნალისტიკა დაიბადოს ქვეყანაში; სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, თუნდაც ჩემთან მიმართებაში. ორი თვეა, ვუმკლავდები შავ პიარს და პირდაპირ გეტყვით, ბოლო ორი დღის მანძილზე თითქმის ყველა გამოცემის, ყველა არხის მთავარ რედაქტორსა და წამყვან ჟურნალისტებს შევხვდი, რათა მათი აზრი გამეგო; ანუ მაინტერესებდა კოლეგების ანალიზი, თუ რატომ ხდება ეს, რაც მიმდინარეობს ჩემს გარშემო… ჟურნალისტმა შეასრულა თავისი უპირველესი მოვალეობა, მან შეძლო კადრების მოპოვება და გაავრცელა ეს კადრები, რატომ ისმევა დღეს ამდენი კითხვა და რატომ გადადის აქცენტები რაღაც დეტალებზე? რატომაა მუდმივი ფურთხისა და ლანძღვის ობიექტი ირმა ინაშვილი და ობიექტივი, მაშინ როცა სულ სხვა თემებზე უნდა იყოს საუბარი? უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა მდგომარეობაში არიან დღეს ის პატიმრები, რომლებიც კადრში ვნახეთ. სად არიან ეს ადამიანები, ვინმემ იფიქრა ამაზე? ვინმემ იზრუნა? ვინმე შეხვდა მათ ოჯახის წევრებს? ვინმე დაინტერესდა იმით, ვინც კადრში ვნახეთ, ისევ პატიმრობაში რჩებიან, თუ თავისუფლებაში არიან და რეაბილიტაციას გადიან. ყველაფერს თავი დავანებოთ, არასრულწლოვნების წამება ვნახეთ, ვინმე, რომელიმე ჟურნალისტი, უფლებადამცველი დაინტერესდა ამ ბავშვების მდგომარეობა როგორია დღეს? მე არცერთი სტატია ამ თემაზე არ წამიკითხავს და არცერთი სიუჟეტი მინახავს, სამაგიეროდ, ყოველდღე მიწევს ათას ტყუილზე, ცილისწამებაზე კომენტარის გაკეთება და ვსვამ კითხვას: რა დავაშავე? რა დანაშაული მიმიძღვის, ის, რომ ეს ქვეყანა გავათავისუფლე სააკაშვილის რეჟიმისგან და იმ ბოროტებისგან, რომელსაც ცხრა წელი ეპყრა ძალაუფლება?! რა თქმა უნდა, ანალიზსაც ვაკეთებ და ძალიან კარგად ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება იგივე სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ხაზით. უფრო დეტალურ ინფორმაციასაც მოგაწვდით, ჩემმა ანალიზმა გამოკვეთა მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ამ პიარში აქტიურად ფიგურირებს…

ცხადია, როცა ციხის კადრებს ვავრცელებდი, არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ცხოვრება იქნებოდა მარტივი; ძალიან კარგად ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება უფრო გართულდა, ვიდრე ამ ცხრა წლის მანძილზე იყო, ვინაიდან მე უკვე პირადი მტრები შევიძინე თუნდაც ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ოჯახის წევრების, ნათესავების სახით, რომელთა ამოცანაც დღეს არის ირმა ინაშვილის გაქრობა ამ ქვეყნიდან. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, არის ღმერთი და ხალხი, იმიტომ, რომ არც ერთი ცდება არასდროს და არც მეორე; ხალხის გული ყოველთვის გრძნობს, სადაა სიმართლე.

ჩვენ ვსაუბრობდით ახალი ტიპის ქართულ ჟურნალისტიკაზე და გითხარით, რომ ვერ ვხედავ მედიის გათავისუფლების, უკეთესობისკენ შეცვლის ნიშნებს. სამწუხაროდ დღეს ქართული ჟურნალისტიკა მართლაც იგივე სტანდარტებით განაგრძობს მუშაობას, რა სტანდარტებიც იყო მთელი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში და მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ როდესაც შენ ღიად ავრცელებ ტყუილს, ცილისწამებას, აქ ცხოვრობს ირმა ინაშვილი, ამ ქალაქში, აიღეთ ტელეფონი, დამიკავშირდით და მე მოგცემთ კომენტარს, განმარტებას, მე გეტყვით სიმართლეს.

_ თქვენ თქვით, რომ თქვენს წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებენ. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ პირადი შურისძიებაა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალაუფლების დაბრუნებაზე გათვლილი გარკვეული მცდელობა?

_ პირდაპირ გეტყვით, ის ილუზია არ მაქვს, რომ ოდესმე “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება ხელისუფლებაში და თავი დაანებონ ხალხის მოტყუებას. თქვენი გაზეთის საშუალებით ვეუბნები ამ ადამიანებს: ისე ვიმოქმედებთ ჩვენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერანაირად ვერ შეძლებს ხელახლა უმრავლესობით დაბრუნებას. როგორ გავაკეთებთ ამას, _ რა თქმა უნდა გვაქვს კიდევ ჩვენი პატარ-პატარა პროექტები, რომელთა განხორციელებაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს რევანშიზმი გამოიკვეთება უფრო მკაფიოდ. მეტსაც გეტყვით, “ნაცმოძრაობა”, როგორც კრიმინალური და დამნაშავე პოლიტიკური ძალა მთლიანად უნდა იქნეს გატანილი ასპარეზიდან.

_ დღეს არ არის საკმარისად გაყვანილი?

_ რა თქმა უნდა არ არის, ის წარმოდგენილია პარლამენტში და სხვათა შორის, იყო საშუალება იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი ადგილი მოეპოვებინა საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე რეალურად მოიპოვა. როგორ, რანაირად, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here