Home რუბრიკები საზოგადოება მოჩუხჩუხე მილიარდები

მოჩუხჩუხე მილიარდები

597

ელექტრონულ პრესას მიჩერებული და სააკაშვილისდროინდელ ვირტუალურ გარემოში არსებობას მიჩვეულ ჩვენს მოსახლეობას თანდათან უყალიბდება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების რადიკალური ტრანსფორმაცია პატიმრებისა და დევნილების რევოლუცია იყო: ტელესივრცე მაინც და მაინც ამ თემატიკითაა გაჯერებული.

ამ დროს კი ქვეყანა სოციალური ჭაობიდან არის ამოსაყვანი, დასაძლევია ეკონომიკის კატასტროფული რეცესია.

საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში ახალი მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად ჩვენი გაზეთი დღევანდელი ნომრიდან გთავაზობთ ახალ რუბრიკას «პრემიერმინისტრის საყურადღებოდ!», რომლითაც გამოვაქვეყნებთ მეცნიერების, ექსპერტების, სპეციალისტების წერილებს ეკონომიკის წარმართვის აქტუალურ საკითხებზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა წაადგება საქართველოს და ჩვენს თანამოქალაქეებს.

დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს «წყლის პროექტის» ინვესტირების იდეას, რომლის ავტორია ინჟინერი ვიტალი ნიშნიანიძე.

დადგა დრო, როცა ძველი რევოლუციური სიმღერის პოეტური შეძახილი ღარიბების დამშრალი ბედის წყაროსადმი _ «რამ დაგაშრო, შე ოხერო, ღარიბების ბედის წყარო, ამოქუხდი, რომ ქვეყანა ერთნაირად გაახარო», _ გარითმული სტროფიდან რეალობად უნდა იქცეს. ჩემი საქმიანი შემოთავაზებაც ამისკენაა მიმართული.

საქართველოს მიწისქვეშა წყლების რესურსების ფონდი, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, დაფუძნებულია აკადემიკოს იოსებ ბუაჩიძის მეცნიერული გამოკვლევებით მიღებულ მონაცემებზე. მისი საერთო მოცულობა შეადგენს 573 კუბურ მეტრს წამში, საექსპლუატაციოდ დასაშვები ნორმა 301 კუბური მეტრია, რაც შეეფარდება 26 მილიარდ ლიტრს დღე-ღამეში. ამ რესურსის გამოყენებით მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა შეგვიძლია წელიწადში 12 მილიარდი აშშ დოლარით გავზარდოთ. ეს სიმდიდრე გადაურჩა განიავებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაფინანსების ფონდები იდეის დამუშავების სტადიაზე ვერ მოიძიეს, ხოლო პროექტის სტრუქტურა არ იყო მზად ფონდების მოსაძიებლად.

ამიტომ «ქართული ოცნების» თემატურ ჯგუფში გაერთიანებულმა სპეციალისტებმა დავამუშავეთ იდეა, რომელიც სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებდა. ეს არის ფასიანი ქაღალდების პორტფელის კონტროლირებადი მართვა, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს, მიიღოს მიმზიდველი მოგება სტრუქტურირებული ინვესტიციური პროცესის გზით, რომელიც მის პირად ფინანსურ მოთხოვნებსა და მიზნებზე იქნება დამყარებული. ამ იდეის განსახორციელებლად ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მივიჩნიეთ არსებული წყლის რესურსების კაპიტალიზაცია და 12 მილიარდ აშშ დოლარზე მიბმული ბიზნესპროექტის განხორციელება (ქონების გადაქცევა ფულად კაპიტალად).

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მსოფლიო საფინანსო საინვესტიციო ბაზარზე ცნობილი ინვესტორის, ბიძინა ივანიშვილის, შემოსვლა საქართველოს საინვესტიციო კურსის 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავს. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საინვესტიციო სეგმენტი დაიკავოს ეროვნულმა ინვესტიციამ.

მოქმედება უნდა განვითარდეს საქართველოს «წყლის პროექტის» კაპიტალიზაციის გამოყენებით, კერძოდ, ინვესტორმა გამოუშვას 1 მილიარდი ლარის ღირებულების 3-პროცენტიანი კლასიკური (ჩვეულებრივი) «ოქროს ობლიგაცია» მინიმუმ 10-20 წლის ვადით (ეს ვადა შეიძლება დაზუსტდეს), რომლის ემიტენტი განსაზღვრულ ვადაში იხდის პროცენტს მოზიდულ საშუალებაზე, ხოლო ობლიგაციების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ გამოისყიდის მას, ე. ი. დარიცხული წლიური პროცენტი ნაწილდება საქართველოს მოსახლეობაში. ობლიგაციები უსასყიდლოდ მიეცემა სიღარიბის მიღმა მყოფ მოქალაქეებს, ყველა პენსიონერს, ყველა პატიმარსა და პრობაციონერს, ძალოვანი სტრუქტურების ყველა თანამშრომელს. ეს იქნება 220,6 მილიონი ლარის ობლიგაცია, დანარჩენი 779,4 მილიონი ლარის ობლიგაციის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს მოსახლეობას შორის მოქალაქეთა სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით.

ამ სქემას გააჩნია ის უპირატესობა, რომ ობლიგაციის შემოსავალი ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე ნაწილდება საქართველოს მოსახლეობაში, ერთი მილიარდი ლარის 3 პროცენტი შეადგენს 30 მილიონ ლარს წელიწადში, ე. ი. მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში მიიღებს 300 მილიონ ლარს შემოსავლის სახით და ვადის ამოწურვასთან ერთად დაიბრუნებს მასზე გაწეულ დანახარჯს _ ერთ მილიარდ ლარს.

ობლიგაციების რეალიზაციით მიღებული 779,4 მილიონი ლარი მოხმარდება ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რომელთა განხორციელებას გადაწყვეტს ობლიგაციის გამომშვები ინვესტორი. მაგალითად, ნაწილი სახსრებისა მიმართული იქნება ელექტრომეურნეობის გრძელვადიან დაფინანსებაზე, ანუ თბილსრესის მოდერნიზაციაზე, გადასაიარაღებელია აზოტოვანი სასუქების ქარხანა, განსავითარებელია სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, უწინარეს ყოვლისა, ბინათმშენებლობა.

ამრიგად, ჩემ მიერ შემოთავაზებული ფინანსური სქემა გათვლილია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელმაც წვლილი შეიტანა თავისი მხარდაჭერით ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცვლილებებში და დიდი მოლოდინი აქვს სწრაფი შედეგების, ბიძინა ივანიშვილის წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ვიტალი ნიშნიანიძე

ექსპერტის კომენტარი:

არსებული ბუნებრივი რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით, აღნიშნული პროექტი ძალზე საყურადღებოა და სერიოზულ განხილვას, აღქმასა და გააზრებას მოითხოვს.

ის, რომ სასმელი წყალი ახლო პერსპექტივაში ძალიან მოთხოვნადი იქნება მისი მზარდი დეფიციტურობის გამო, ეჭვს არ იწვევს. ამდენად, საქართველოს უჩნდება კარგი შესაძლებლობა, იყოს სერიოზული მიმწოდებელი სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტისა. ამასთან, წყლის რესურსის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სწორი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და თანმიმდევრული განხორციელება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანამ და ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი სარგებელი მიიღონ.

დემურ გიორხელიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here