Home რუბრიკები საზოგადოება აზარტული თამაშების ყველა სახეობა სერიოზულად უნდა შეიზღუდოს!

აზარტული თამაშების ყველა სახეობა სერიოზულად უნდა შეიზღუდოს!

843

უმჯობესია, მკითხველს ახლავე გამოვუტყდე: სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების ძველ და ახალ მომხრეთა მიმართ ძველი ანგარიშები მაქვს. კერძოდ, იმ სამარცხვინო დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს აზარტული თამაშების ორგანიზაციისა და მათში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და, ამასთან ერთად, სათამაშო ბიზნესის სრული, პრაქტიკულად უკონტროლო დაშვება მოხდა, რამაც ამ საერთაშორისო მასშტაბით ორგანიზებულ დანაშაულს ცალსახად მიკუთვნებულ, თანამედროვე ყომარბაზობას (როგორც ამ დიდ სოციალურ ანომალიას, უკვე მრავალი წელია, მოვიხსენიებ ხოლმე) საქართველოში ფართო გზა გაეხსნა, თანაც, რაც მეტი დრო გადიოდა, იგი სულ უფრო ფართოდ ვრცელდებოდა და მახინჯ ფორმებს იღებდა. და ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა თავისი პირუთვნელი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სათამაშო ბიზნესის შემდგომი, ყოვლადუკონტროლო წარმოება შეუთავსებელია ქართველი ხალხისა და მისი წარმმართველი ძალის _ «ქართული ოცნების» სახელით ცნობილი პოლიტიკური კოალიციისთვის.

გამოგიტყდებით, რომ მე უფრო პესიმისტურად ვიყავი განწყობილი იმ ცნობილი და ქვეყანაში დამკვიდრებული მოსაზრების გამო, რომლის მიხედვით,  სათამაშო ბიზნესი, მართალია, ბინძური საქმეა, მაგრამ მისი ორგანიზატორებისა და ხაზინისთვის დიდად მომგებიანია, ამიტომ ამ მუქთი შემოსავლის წყაროს ვერ შეველევითო.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა, ალბათ, სხვაგვარად განსაჯეს და დაასკვნეს, რომ ბოროტების წყარო, რაგინდ ფინანსურად მომგებიანი  იყოს, უნდა გადაიკეტოს, რადგან ამგვარი შემოსავალი, რომელიც მრავალი ათასი ადამიანისთვის, მათ შორის და პირველ რიგში, სწორედ მოსახლეობის შეჭირვებული ფენებისთვის არის დიდი ზიანის მომტანი, არც თუ იშვიათად ნამდვილი უბედურების წყარო ხდება ხოლმე მოზარდი თაობისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი გადაგვარებით დაწყებული და წაგებით მოტივირებული, ბოლო ხანს გახშირებული თვითმკვლელობებით დამთავრებული.

რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის მომგებიანობას თუნდაც სახელმწიფო ხაზინისთვის, მართალია, ეს მოსაზრება დღემდე სახელისუფლო წრეებშიც (რომელიც ფულის შოვნის წყურვილით შეპყრობილი არავითარ, მათ შორის, უზნეო და, გნებავთ, დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენებას არ თაკილობდა) და სამოქალაქო საზოგადოებაშიც ჭეშმარიტად მიიჩნეოდა (მომგებიანობა) და ამ თვალსაზრისით ეჭვს არ იწვევდა. სინამდვილეში, ჩემი სრულიად საფუძვლიანი ვარაუდით, ამ პრობლემის სათანადო მეცნიერული მეთოდებით გამოკვლევის გზით შეიძლება დამტკიცდეს, რომ ყველაფერთან ერთად იგი, ანუ სათამაშო ბიზნესი, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მითუმეტეს მთელი საზოგადოებისთვის წამგებიანი უფროა, ვიდრე მომგებიანი, თუ იმ ზარალს დავთვლით, რომელსაც ამ მავნე ჩვევისა თუ გატაცების გავრცელება საბოლოო ჯამში იწვევს.

კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრასთან არსებულმა დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ლოთობის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის დავალებითა და დაფინანსებით, ჩაატარა სსრ კავშირში, ალბათ, პირველი და უკანასკნელი ლოთობისა და ალკოჰოლიზმის მძიმე შედეგების სოციალ-ეკონომიკური გამოკვლევა, რისთვისაც შეიქმნა ჩემი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დროებითი სამეცნიერო-კვლევითი კოლექტივი, რომელმაც სამი წლის მანძილზე გამოიკვლია ამ პრობლემის ეკონომიკური ასპექტები. კერძოდ, სერიოზული კვლევითი სამუშაოს შესრულების გზით დავადგინეთ, თუ რა შემოსავალსა და მოგებას აძლევდა სახელმწიფოს სპირტიანი სასმელების წარმოება და რეალიზაცია, რომელიც სახელმწიფო მონოპოლიად იყო გამოცხადებული, რადგან არავის ეპარებოდა ეჭვი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში, რომ სპირტიანი სასმელების წარმოებისა და რეალიზაციის ინდუსტრია სახელმწიფოსთვის დიდი მოგების წყარო იყო. ამ კვლევის შედეგად, რომელსაც სსრ კავშირში ანალოგი არ აღმოაჩნდა, დადგინდა, რომ, მართალია, სპირტიანი სასმელების რეალიზაციიდან სახელმწიფო ხაზინაში დიდი ფული შედიოდა, მაგრამ, ზარალის დეტალურად და მაღალკვალიფიციურად დათვლისა და მოგებასთან შედარების შემდეგ, დამაჯერებლად დამტკიცდა, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის სსრ კავშირის მასშტაბით ამ  გზით მიღებულ მოგებას მნიშვნელოვნად სჭარბობდა მიღებული მატერიალური ზარალი, მორალურსა და სოციალურზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც იმ დროს დიდ აღმოჩენად იქნა მიჩნეული.

ამ მართლაც უნიკალური გამოკვლევის შედეგები რუსულ ენაზე გამოქვეყნდა გრიფით «სამსახურეობრივი სარგებლობისთვის» სპეციალურ კრებულში და გავრცელდა სათანადო წესების დაცვით სსრ კავშირის იმ ორგანიზაციებში, რომელთაც ასეთი ინფორმაცია ესაჭიროებოდათ. ინფორმაციის კონფიდენციალურობის იმ დროს არსებული წესების ზუსტი დაცვის მიუხედავად, ამ ინფორმაციამ უცხოეთში გაჟონა და მოხდა ის, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა: ორი დღის განმავლობაში რადიოსადგურები «ამერიკის ხმა», «ბიბისი» და სხვა, რომელთაც იმ დროს აქტიურად ახშობდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები, რუსულ და ქართულ ენებზეც გადმოსცემდნენ მრავალჯერ მოკლე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ანზორ გაბიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა კოლექტიური გამოკვლევა, რომლის შედეგები ცხადყოფენ, რომ სპირტიანი სასმელების წარმოება და რეალიზაცია საბჭოთა კავშირში, რომელიც მონოპოლიზირებულია სახელმწიფოს მიერ როგორც დიდი მოგების მომტანი, სინამდვილეში თურმე ზარალიანი ყოფილა.

ამგვარად, მკითხველი ვგონებ დარწმუნდა, რომ მაქვს მსგავსი სამეცნიერო-ანალიტიკური კვლევის განხორციელების საკმაო გამოცდილება, ამიტომ ბაქიაობაში ნურავინ ჩამომართმევს, თუ პრეტენზიას ვაცხადებ იმ მითის გაქარწყლებაზე, რომ სათამაშო ბიზნესი თურმე იმიტომ უნდა შევინარჩუნოთ, რომ სახელმწიფო ხაზინისთვის ძალიან მომგებიანია და ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობის ამ მდგომარეობიდან გამოყვანისთვის აუცილებელი რამ არის.

თუ საქართველოში ვინმესთვის მომგებიანია სათამაშო ბიზნესი, თუნდაც კომერციული თვალსაზრისით, ესენი საქართველოს აწ უკვე ოპოზიციაში გადასული ე. წ. ნაციონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც, ჩემი მონაცემებით, სწორედ იმიტომ უწყობენ ხელს სათამაშო ბიზნესს და მის სრულიად უკანონო რეკლამირებას, რომ პირადად იყვნენ დაინტერესებულები. ამ, აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების რიგი ლიდერებისა არც იმას თაკილობდნენ, რომ «შავად» დაებეგრათ აზარტული თამაშების კონკრეტული ობიექტები, მაგალითად, რაოდენობრივად ძალზე გაზრდილი სლოტკლუბები, როგორც უკანონო შემოსავლების სერიოზული წყაროები, და ამ გზით ათეულობით მილიონი დოლარის უკანონო შემოსავალს იღებდნენ.

სათამაშო ბიზნესის ყველაზე საშიში ობიექტების, სამორინეებისა და სლოტკლუბების, გაზრდილი რაოდენობა კარგახანია ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეს საკითხი საფუძვლიანად არის გაშუქებული გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის 6 ნოემბრის #41-ში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პუბლიკაციაში «სამორინეების «მორევში», რომლის ავტორია ასმათ ჯაღმაიძე.

სამწუხაროდ, აზარტული თამაშების ფართოდ გავრცელება დღევანდელ საქართველოში, გარდა დიდი ეკონომიკური ზარალისა, სოციალურადაც არის საშიში იმის გამო, რომ ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის ანალოგიურად, იწვევს ისეთ ფსიქიკურ მოვლენებს (ძირითადად ახალგაზრდობაში), რომელიც უმთავრესად პათოლოგიურ მიჩვევასა და ამ უბედურებაში ჩათრეული ადამიანების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ დეგრადაციაში ვლინდება. ამ დაავადებას ფსიქიატრები ცალსახად მძიმე ავადმყოფობად მიიჩნევენ, რომლისგანაც განკურნება გაცილებით ძნელია, ვიდრე ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისგან.

ამ დიდ სოციალურ უბედურებას საფუძვლიანად განიხილავენ 2012 წელს ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პირველ, მსგავსი ხასიათის სამეცნიერო მონოგრაფიაში «აზარტომანია, როგორც XXI საუკუნის ნარკომანია» ფსიქიატრ-ნარკოლოგები, პროფესორები: შოთა გამყრელიძე, მისი აწ ტრაგიკულად დაღუპული შვილი აკაკი გამყრელიძე. ნაშრომის ავტორები დამაჯერებლად გვიჩვენებენ, რომ აზარტომანიის არსებული დიდი მასშტაბების დაძლევას არა მარტო საქართველოს ახალი ხელისუფლების, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სჭირდება.

ამ უმძიმესი სოციალური უბედურების აღკვეთისა და თავიდან აცილების თვალსაზრისით, ყველაზე უფრო უპრიანი აზარტული თამაშების სრული აკრძალვა იქნებოდა დღევანდელ გაჩანაგებულ საქართველოში, მაგრამ ამის ერთბაშად გაკეთებას მხარს ამჯერად არ დავუჭერ იმ იმედით, რომ გავა გარკვეული დრო და საქართველოს ისეთი ხანა დაუდგება, როდესაც ამ მეტად მძიმე პრობლემის გადაჭრის რადიკალური გზის განხორციელება შედარებით უმტკივნეულოდ გახდება შესაძლებელი.

დღეს კი გადაუდებელ საჭიროებად მიმაჩნია აზარტული თამაშების (ფულზე) ყველა სახეობის სერიოზული შეზღუდვა, მსგავსი სახის ყველა დაწესებულების რაოდენობრივი შეზღუდვის შემოღება, აგრეთვე, დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან კაზინოების პერიფერიებში გადატანა, საქართველოს თითო რეგიონში მათი დროებითი განთავსება დაახლოებით ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია. და, რაც მთავარია, სასურველია, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება აზარტული თამაშების ყველა სახეობის რეკლამის კატეგორიულად აკრძალვის თაობაზე, რადგან ის, რაც ამ მხრივ დღეს ხდება, ნამდვილი უმსგავსობაა.

 აბა, სხვა რა ვუწოდო იმას, რომ, სანამ საქართველო საარჩევნო პრობლემებით იყო დაკავებული, გარკვეულმა ძალებმა დრო იხელთეს და სატელევიზიო არხებიც კი აამოქმედრს აზარტული თამაშების დღედაღამ პოპულარიზაციის მიზნით.

სათამაშო ბიზნესის ასეთი აღვირახსნილი რეკლამირება, გარდა დიდი დანაშაულისა, აგრეთვე, დიდი სირცხვილიცაა, რადგან, როგორც ამას სათამაშო ბიზნესის ავკარგიანობაში კარგად ჩახედული სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, კაზინოს მოთამაშეებს ჰგონიათ, რომ ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ყველა მათგანი სინამდვილეში ეთამაშება კაზინოს, რომელთანაც მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო, თუ ვინმე ამას მოახერხებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ეს მეტად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. მკითხველი, ვგონებ, მიხვდება, თუ რატომ.

მაგრამ, თუ აღმოჩნდებიან ოპტიმისტები, რომლებიც მზად არიან, გადალახონ ყოველგვარი წინააღმდეგობა, გნებავთ, საფრთხე და მაინც მიმართონ კაზინოს, სპეციალისტები მათ ურჩევენ, რომ როგორმე გახდნენ კაზინოს მეპატრონეები, რადგან ამ მიზნის მისაღწევად ყოველი სხვა გზა ფუჭი მანამ იქნება, სანამ ამ ტიპის თამაშები მთლიანად არ აიკრძალება.

ანზორ გაბიანი,

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,

სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

 

1 COMMENT

  1. მეტად აქტუალური თემაა. მადლობა ავტორს ამ თემის წამოწევისათვის. თუმცა ერთი საკითხი არ უნდა გამოგვრჩეს: ინტერნეტთამაშები. სადაც კიდევ უფრო ჭირს იმის გაკონტროლება, არასრულწლოვნები რამდენად არიან ამაში ჩართული. მერწმუნეთ, ეს კიდევ უფრო საგანგაშოა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here