Home რუბრიკები საზოგადოება «ქართული ოცნების» (უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილის) მხარდამჭერის რეპლიკა

«ქართული ოცნების» (უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილის) მხარდამჭერის რეპლიკა

723

«უმრავლესობის სამივე ფრაქცია შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატი იქნება ნინა ხატისკაცი», _ განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემადამიანის უფლებები ჩვენთან ყველაზე მეტად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ირღვევა. ამიტომ სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს, თავი უნდა შეეკავებინა ნებისმიერი კანდიდატის დასახელებისგან ომბუდსმენის ვაკანტურ თანამდებობაზე. მან კი სწორედ ხატისკაცი დაასახელა ამ ოციოდე დღის წინ. მართალია, ხატისკაცმა მაშინვე უარი თქვა ამ არაოფიციალურ შეთავაზებაზე (თამარ გურჩიანის სასარგებლოდ), მაგრამ, როგორც ახლა ირკვევა, სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავების საწინააღმდეგო მას არაფერი ჰქონია. ჩემდა და, ალბათ, ბევრისთვისაც სამწუხაროდ, «ქართულმა ოცნებამ» ერთხმად(!) იგი შეარჩია პარლამენტში წარსადგენად, რაც, ფაქტობრივად, დანიშვნის ტოლფასია.

ახალ ხელისუფლებას თავისი შეხედულებისამებრ რომ გაეკეთებინა არჩევანი მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატებიდან, ამაში ცუდს ბევრს ვერაფერს აღმოვაჩენდით, მაგრამ სახალხო დამცველის პოსტზე აბსოლუტურად(!) შეუფერებელი კანდიდატურის წარდგენა, არამარტო  მოულოდნელი, არამედ კატეგორიულად მიუღებელიცაა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის!

ენერგეტიკისა და სხვა მინისტრების დანიშვნას რომ არ ეკითხებიან ხალხს, ამაში არაფერია უცნაური, ასეც უნდა(!) იყოს, მაგრამ ხალხს არ შეეკითხო, თუ ვინ სურს მას საკუთარი თავის დამცველად _ «სახალხო დამცველად»,  ეს, უბრალოდ, არ ეკადრება «ქართულ ოცნებას»!

რა მაქვს სიმპათიური ქალბატონის, ნინა ხატისკაცის, საწინააღმდეგო პირადად მე? პირადულად _ არც არაფერი! მისი სახელი და გვარი 2012 წლის აგვისტომდე არც გამეგონა, ისევე, როგორც _ სხვას. მას გულით თანავუგრძნობდი, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს, და შემდგომშიც, როცა მეუღლე ჟორჟოლიანი, მესტიაში «ქართული ოცნების» საარჩევნო შტაბის უფროსი, დააპატიმრეს წინასაარჩევნოდ. 

მაშ, რას ვერჩი ამ პატიოსან ადამიანს? _ თითქმის(!)  არაფერს. თითქმის იმიტომ, რომ, როდესაც იმ სფეროში წარგადგენენ უმაღლეს(!) თანამდებობაზე, რომელ სფეროშიც საერთოდ არასოდეს გიმუშავნია, თუ ცოტა ჭკუა გიჭრის და სინდისიც გყოფნის, არაფრის დიდებით არ უნდა დასთანხმდე.

გავიხსენოთ ძველი ხელისუფლების მიერ მინისტრებად, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრადაც(!), დანიშნული გოგო-ბიჭები ან სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებად «არჩეული» შემთხვევითი ადამიანები. რა განსხვავება იქნება ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის, თუ «სახალხო დამცველად» ახალიც არა უფლებადამცველს, არამედ «საარჩევნო(!) საკითხებზე» მომუშავე სპეციალისტს დაგვისვამს?! აკი, თავად ხატისკაცი აცხადებს: «საზოგადოებრივი უფლებადამცველი» – ასეთი სტატუსი არასოდეს მქონია»! ხატისკაცის  შრომითი საქმიანობიდან გამომდინარე, სრულებით არ იქნება მოულოდნელი, თუ მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედაც ვიხილავთ მას, მაგრამ ახლა _ სახალხო დამცველად?! რაღა ეკა ტყეშელაშვილი _ საგარეო მინისტრად და რაღა ნინა ხატისკაცი _ სახალხო დამცველად!

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დიდი იმედებისა და დაპირებების ასრულების მომლოდინე საზოგადოებას არ შეიძლება დამცველად დაუნიშნო ადამიანი, რომლის სახელი სულ ორჯერ გაიგონა (მხოლოდ სახელისთვის ხომ არ ჰქვია ამ საპატიო თანამდებობას «სახალხო დამცველი»!), და რომელსაც თითქმის არავითარი თეორიული ცოდნა და, რაც მთავარია, უფლებადაცვის სფეროში მუშაობის არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია.

არ შეიძლება ისეთი პირის კანდიდატად წარდგენაც კი, რომლის პოზიცია, პოლიტიკური შეხედულებანი სხვადასხვა მტკივნეულ საკითხზე, კერძოდ, მართლმადიდებლობაზე, ე. წ. უმცირესობებზე და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია, რომელსაც სხვა ოთხი კანდიდატის (თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე) მსგავსად არც ერთ საჯარო გამოსვლასა და დისკუსიაში არ მიუღია მონაწილეობა და არ უპასუხია იმ ხალხის შეკითხვებზე, რომლის დამცველობის პრეტენზიაც თურმე გააჩნია.

უარყოფითად აღიქმება, აგრეთვე, ასეთ პოსტზე ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომლის მეუღლე კოალიცია «ქართული ოცნებაბიძინა ივანიშვილის», ანუ ხელისუფლებაში მოსული პარტიული გაერთიანების, აქტიური წევრია (საარჩევნო შტაბის უფროსი). კანდიდატების შერჩევა უნდა მომხდარიყო უპარტიოების ან ძველი ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი სხვა პარტიების რიგებიდან, ცხადია, შესაბამისი დამსახურებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

ოფიციალურად(!) დასახელებული ოთხი კანდიდატურის არგანხილვა პარლამენტში და მხოლოდ ერთზე, არაოფიციალური შეთავაზების მქონეზე შეჩერება, ეს, არსებითად, არა მარტო იმ კანდიდატების დამცირებაა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გამუდმებით მონაწილეობდნენ საჯარო გამოსვლებსა და შეხვედრებში (სამი მათგანი, გურჩიანის გამოკლებით, განსაკუთრებით კი დიმიტრი ლორთქიფანიძე, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა  თბილისის, ქუთაისის, ქსნის თუ რუსთავის საპატიმროებში), ეს შეურაცხყოფაცაა იმ 350 ორგანიზაციისა და დაახლოებით 100 ათასი ხელმომწერის, რომლებმაც სახალხო დამცველად ლია მუხაშავრია, თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე  წარადგინეს! ასეთ არაობიექტურ და საპატივცემულო ხალხის ღირსების შემლახავ  გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი «ქართული ოცნებისგან»! იმედს ვიტოვებ, ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს ბატონი ბიძინა!

იქნებ, განსაკუთრებული შრომითი ბიოგრაფია აქვს ხატისკაცს ან თავი გამოიჩინა რაიმეთი უკანასკნელ წლებში და ამან განაპირობა სახალხო დამცველად მისი, ყველასთვის მოულოდნელი წარდგენა? ამ მხრივაც ბევრს ვერაფერს ვპოულობთ, თუ არ ჩავთვლით, რომ ოთხი წელი, 2012 წლის აგვისტომდე, მუშაობდა ე.წ. არასამთავრობო კვლევით(!) ორგანიზაციაში «საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო» (2000 წელს დაარსებულსა და, რაღა თქმა უნდა, უცხოეთიდან დაფინანსებულში!), რომელიც თურმე მსოფლიოში კორუფციის აღმოსაფხვრელად იღვწის (იმიტომაც მოსპეს!) და ნაწილობრივ საარჩევნო საკითხებსაც აგვარებს (იმიტომაც მოაგვარეს!),  და რომლის მეთვალყურე ხელმძღვანელი და დამკვალიანებელი(!) საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ იმ ინსტიტუტის _ «ენ-დი-აის» ყოფილი დირექტორი,  რომელსაც დღეს ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი და პატივსაცემი ლუის ნავარო წარმოადგენს! ე. ი. არათუ ხატისკაცს, არამედ ამ ორგანიზაციას მთლიანად, დასახული მიზნებიდან გამომდინარე, შეხება არ აქვს უფლებადამცველობასთან. გურჩიანის ერთერთ მინუსად მისი, თითქმის მხოლოდ თეორიული საქმიანობა ითვლებოდა, ხატისკაცს კი ეს თეორიული მომზადებაც არ აქვს! მაშინ, როცა დანარჩენ სამს _ მუხაშავრიას, ნიკოლეიშვილსა და ლორთქიფანიძეს, შეიძლება ითქვას, ჭიპი აქვთ მოჭრილი ამ სფეროში.

მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ ერთ, ჩემის აზრით, ყველაზე ღირსეულ კანდიდატზე და დამატებით მოკლედ ვიტყვი იმათ გასაგონად, ვინც მას შარს სდებენ ჰომოფობიაში.

რამდენიმე წლის წინათ ვინმეს შეურაცხმყოფელი, გნებავთ, უტაქტოდ  ნათქვამი (ხშირად კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები) არ შეიძლება დღეს კაცმა ხელზე დაიხვიო და ხაზი გადაუსვა ამ კონკრეტული პიროვნების დამსახურებას, წლების მანძილზე უშურველად გაღებულ ამაგს, ეს დიდი უმადურობაა. ასეთი სიტყვიერი გადაცდომებისგან არავინაა დაზღვეული და ამის მოწმენი ვართ არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთის დემოკრატიულად წოდებულ  ქვეყნებშიც. პირიდან გამოფრენილი ამ კატეგორიის სიტყვები, რომლებზეც «შარის» მოდება შეიძლება (როცა ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს ვინმეს!), ჰქონიათ პრეზიდენტსაც, დეპუტატებსაც, მინისტრობის კანდიდატებსაც და პრემიერ-მინისტრსაც, მაგრამ არც ერთისთვის ეს არ გამხდარა ხელისშემშლელი მიზეზი არჩევის, დანიშვნის თუ მუშაობის გაგრძელების. რატომღაც მხოლოდ ლორთქიფანიძეზე მიდიან შტურმით «არასამთავრობოები», უფრო სწორად, მათი მარჩენალიპატრონები, რომლებმაც, დიდი ალბათობით, პირდაპირი, უფრო კი, ირიბი ზეწოლა განახორციელეს ახალ ხელისუფლებაზე! სხვაგვარი ახსნა ძალიან ჭირს, რადგანაც დიმიტრი ლორთქიფანიძესავით მომზადებული, განათლებული, წესიერი და ხალხის გულშემატკივარი კაცი სანთლით საძებნელია ყველა პატიოსანი ხელისუფლებისთვის!

იაკობ ლეჟავა,

7 ნოემბერი,  2012 .                                                                      

P.S. თუკი ყველაფერში თავის რელსებზე გადაგვიყვანს დასავლეთი, არა მგონია, ეს ჩვენს ქვეყანას წაადგეს!

 



LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here