Home რუბრიკები საზოგადოება არ გეკადრებათ, ბატონო გიორგი!

არ გეკადრებათ, ბატონო გიორგი!

707

ბატონო გიორგი!

მინდა გამოვხატო თქვენ მიმართ დიდი პატივისცემა და მადლიერება თქვენ მიერ შექმნილი თვალსაჩინო და შთამბეჭდავი შემოქმედებითი ნამუშევრების გამო. მე გული დამწყდა, უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა, გული ჩამწყდა, როცა თქვენ დაგინახეთ პარლამენტის სხდომაზე «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლებს შორის (დავიჯერე ის საგაზეთო სტატია, რომელშიც ეწერა, რომ თქვენ თითქოს აღარ აპირებდით ამ ჯგუფთან ერთად .. ოპოზიციაში ყოფნას). განმაცვიფრა თქვენმა შენიშვნებმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის  მიმართ, კერძოდ იმან, რომ ის, თქვენგან განსხვავებით, თურმე ვერ ამჩნევს იმ დიდ მიღწევებს, რომელთაც ამტკიცებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ყველაზე მეტად კი გული მატკინა იმან, რომ თქვენ, შემოქმედი ადამიანი, სიძულვილითა და ზიზღით უყურებდით ყველა დროისა და ქვეყნის შეუდარებელ და განუმეორებელ ქველმოქმედს _ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ღვაწლის ჩამოთვლა ამ წერილში შეუძლებელია (ამ ჩამონათვალს მთელი წიგნი მიუძღვნა «ნაციონალურმა მოძრაობამ» არჩევნების წინ, ოღონდ თითქმის ყველაფერი თავის თავზე მიიწერა. იხილეთ წიგნი «ახალი საქართველო»).

არ გეკადრებათ, ბატონო გიორგი! შეიძლება ეს იმით მოგდით, რომ რეალობას მოწყვეტილი ხართ და მწირი ინფორმაცია გაქვთ იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გთხოვთ, ნაკლებად დაუჯეროთ თქვენს გარემოცვას და გააკეთოთ ჯანსაღი ანალიზი, რაც მოხდა ამ 9 წელიწადში: იცით თუ არა თქვენ, რომ მოსახლეობის 35% სიღარიბის ზღვარზე და 45% კი ზღვარს ქვემოთ იმყოფება? (ამდენი მათხოვარი საქართველოში არასდროს ყოფილა!) ამ პერიოდში სამუშაოს საძებნელად და ოჯახის შესანახად ქვეყნიდან გავიდა მილიონზე მეტი ადამიანი. 2003 წლისთვის იმერეთში ცხოვრობდა 700 ათასი ადამიანი, ახლა 266 ათასი ცხოვრობს, კახეთში იყო 405 ათასი, ახლა 250 ათასია, გურიაში იყო 143 ათასი, ახლა 76 ათასია, სამეგრელოში 464 ათასი იყო, ახლა 266 ათასია და ა. შ. ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია; იძულებით გადაადგილებულთა დიდი ნაწილი საცხოვრებელი ფართის გარეშეა, 300 ათასზე მეტი ოჯახი ბანკის ვალის გამო ბინებიდან გამოსახლების საფრთხის წინაშეა. გაიზარდა კომუნალური გადასახადები, შემცირდა ან მოიხსნა მთელი რიგი დახმარებები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის; პენსია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის თვალის ახვევის მიზნით ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შემცირებული, ადამიანის ნორმალური ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი სურსათის საერთაშორისო ნორმების საფუძველზე გაანგარიშებულ ე.წ. კასტრირებულ, არარეალურ საარსებო მინიმუმსაც კი; განადგურდა მეცნიერება, განათლება, სოფლის მეურნეობა (2-ჯერ შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, მოხმარებული სურსათის 80% იმპორტულია, შემოტანილია მონოპოლისტი ჩინოვნიკების მიერ; გაძვირდა სურსათი, მედიკამენტები, ენერგომატარებლები 2-2,5 ჯერ და ზოგი სახეობა მეტადაც (მათი ფასები მნიშვნელოვნად (35-45%-ით) აღემატება აშშ-ის ფასებსაც კი, სადაც საშუალო ხელფასი ჩვენსაზე 8-10-ჯერ მეტია); ჩინოვნიკებისაგან წარმოიშვა ელიტარული, კორუმპირებული ფენა, რომელთა სასახლეები და ბიზნესები შესაბამისად ათეულ და ასეულ მილიონებად არის შეფასებული და მათი ოჯახების ფუფუნებაში ცხოვრებასა და გართობას ეწირება ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი; სასამართლო გადაიქცა პროკურატურის მიერ შედგენილი ბრალდებების დამმოწმებელ ნოტარიუსად (გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0,01%-ია, მაშინ, როცა სისხლიან 1937 წელსაც კი 7-8% იყო); სამსახურის დაკარგვისა და მოსალოდნელი შიმშილის შიშით მორალურად გაიხრწნა ახალგაზრდობის ნაწილი, .. ზონდერები, რომლებიც ხელისუფლების დავალებით არაფრად დაგიდევენ ასაკს, ქალს თუ ბავშვს და უმოწყალოდ, სიკვდილამდე სცემენ ადამიანებს სამოქალაქო, მშვიდობიან აქციებზე;

 დამკვიდრდა არნახული ფარული თვალთვალი და მოსმენები, დევნა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, მათი და მათი ოჯახის წევრების დათხოვნა სამსახურებიდან, ფართოდ გავრცელდა ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების გზით ხალხის დაჭერა, გადაივსო ციხეები უდანაშაულო, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანებით (პატიმართა რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში, მესამეზე _ მსოფლიოში); დაინერგა ადამიანების გაუგონარი მეთოდებით წამება და ა.შ. და ა.შ. მთელი საქართველო გადაიქცა საპატიმროდ და მასში მცხოვრები ადამიანები უვადო პატიმრობის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით.

ბატონო გიორგი! როგორ დავიჯერო, რომ თქვენი ოცნება სამშობლოს მომავლის მიმართ თანხვედრაში იყო ყოფილი ხელისუფლების მცდელობასთან _ საქართველო გადაექციათ სინგაპურად, რომელშიც სახელმწიფო ენა ინგლისურია, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის 15%-ღა არის დარჩენილი, რომელიც ჩამოსული, მდიდარი უცხოელების მომსახურე პერსონალს წარმოადგენს. სინგაპური ხომ ისეთი ქვეყანაა, რომელშიც სოფლის მეურნეობის პროდუქცია საერთოდ არ იწარმოება და ქვეყანა მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული. ქვეყანა, რომელიც გეორგიად (მიწის დამამუშავებლად) იწოდება, სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის, განადგურება და ქვეყნის იმპორტზე სრულად გადაყვანა იყო დაგეგმილი (სოფლის მეურნეობის არაპრიორიტეტულობაზე ღიად ლაპარაკობდა ხელისუფლება სინგაპურით გატაცების პერიოდში. მათი დამოკიდებულება ამ დარგისადმი ჩანს იმითაც, რომ სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი იყო მიზერული თანხა _ ბიუჯეტის 1-1,5% წელიწადში; 2010 წელს _ 0,44%, ანუ 30,6 მილიონი ლარი!).

საქართველოს სინგაპურიზაციის სურვილი გამოიხატებოდა ინგლისური ენის გაფეტიშებაშიც, ვიზების გამარტივებაში უცხოელი მოქალაქეებისთვის და მათთვის მიწების შესყიდვის ხელის შეწყობაში, დაუსახლებელ ადგილებში ახალი ქალაქების აშენების დაგეგმვასა და მათში საცხოვრებლად უცხოელების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა საქართველოს დემოგრაფიულ სურათზე და ა. შ. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ ამ პროექტს ემხრობოდით (ღვთის შეწევნითა და პატრიოტი ხალხის ძალისხმევით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გადარჩა!).

როგორ დავიჯერო, რომ თქვენ ყოველივე ეს მოგწონდათ, ან როგორც შემოქმედ ადამიანს, არ გქონდათ შენიშვნა მაინც ერთი ახირებული ადამიანის გემოვნებით და დაკვეთით დადგმული .. ქანდაკებების მიმართ? ასევე დედაქალაქის უნიკალურ, ძველ უბანში გაკეთებული შუშის ხიდისა და 2 უზარმაზარი შუშის მილის მიმართ, რომელშიც მუსიკალური კომედიის თეატრის ფუნქციონირებაა დაგეგმილი? ალბათ, დამეთანხმებით, რომ შუშის შენობებს კარგა ხანია დაემშვიდობა არქიტექტურა, თანაც ძველი ტრადიციული ქალაქისთვის იგი თავიდანვე შეუთავსებელი იყო. ამის მაგალითად პარიზიც საკმარისია, რომლის არა თუ ცენტრში, არამედ არც ერთ ქუჩაში ასეთ შენობებს ვერ ნახავთ, მას ადრევე (როცა მოდაში იყო) მიუჩინეს ცალკე ადგილი _  ე. წ. თანამედროვე პარიზად წოდებული უბანი.

ბატონო გიორგი!

ნუთუ თქვენ არ გაეჭვებთ «ქვეყნის წარმატებების განმახორციელებელ», უმაღლესი რანგის ხელისუფალთა ქვეყნიდან გაქცევა? განა ძნელია იმის გააზრება, რომ მათი . . რეფორმები და მოღვაწეობა კრიმინალთან იყო დაკავშირებული? ამ შესავლის შემდეგ საინტერესოა, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების რომელი წარმატებები გქონდათ მხედველობაში?

თქვენ, ალბათ, ბიზნესის იოლად დაწყების შესაძლებლობას გულისხმობდით, რითაც ჩვენი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ამაყობდა, რომ, მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, მე-16 ადგილიდან თურმე მე-9 ადგილზე გადავინაცვლეთ. ბიზნესის დაწყების პროცედურა, საბუთების გაფორმება და უფლების მიღება, მართლაც ძალზე იოლია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როგორია დაწყებული ბიზნესის შემდგომი ბედი? სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბიზნესის დიდი უმრავლესობა დატერორებული და დაყაჩაღებულია. ხელისუფლების მიერ ბევრ ბიზნესმენს ან მთლიანად წაართვეს ქონება (ან ზეწოლით აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის), ან ციხეებში ჩაყარეს (ამასწინათ გამოქვეყნებულ საგაზეთო სტატიაში მათი ჩამონათვალი ორ გვერდზეც კი ძლივს ეტეოდა, დანარჩენების ვინაობას, ალბათ, შემდგომში შევიტყობთ; დღეს ბიზნესის 95%-ს სახელისუფლო კლანი აკონტროლებს). გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ქვეყანა ინვესტიციებს ვერ მოიზიდავს, ამიტომაც ინვესტიციები საქართველოში ძალზე მცირეა და იგი მნიშვნელოვნად (7-ჯერ) ჩამორჩება აზერბაიჯანს, ჩამორჩება, აგრეთვე, სომხეთსაც. ყოველივე ეს ამუხრუჭებს ეკონომიკის რეაბილიტაციასა და მის შემდგომ განვითარებას, ბუნებრივია შედეგიც: საქართველო ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლის მიხედვით, მე-11 ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და იგი უსწრებს მხოლოდ შუა აზიის ყოფილ რესპუბლიკებს. ამით იწონებს თავს ჩვენი ყოფილი ხელისუფლება და ამით ამაყობთ თქვენ?

მე მინდა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და მათი დასკვნები გაგაცნოთ. მოვიყვან რამდენიმე მათგანის შეფასებებს, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორ ვცხოვრობთ:

_ Global Hanger Index-ის კვლევის თანახმად, საქართველო იმ სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდა, რომლებშიც შიმშილობის საშუალო დონეა (2010წ.).

ამავე კვლევის შედეგებით, საქართველო ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთსა და აზერბაიჯანს.

_ გაეროს 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 50% განსაზღვრულ მინიმუმზე (2100 კკალ) ნაკლებს იღებს, ხოლო 35% კი _ კრიტიკულ ზღვარზე (1800 კკალ) ნაკლებს, თანაც მათი საკვები რაციონის 60-70%-ს პური წარმოადგენს (ნორმალურ ქვეყნებში რაციონში პურს 12-15% უჭირავს);

_ საერთაშორისო ორგანიზაცია OXFAM-ის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80% ძალზე დაბალი სოციალური პირობების გამო ვერ იძენს საჭირო რაოდენობის, მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ცილოვან პროდუქციას (ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებს) და იძულებულია, იკვებოს (შიმშილი დაიოკოს) შედარებით იაფი (თუმცა 2-ჯერ გაძვირებული) პროდუქტით _ პურით და ასევე საეჭვო ვარგისიანობის იაფფასიანი იმპორტული სურსათით, რაც მთელ რიგ სხვადასხვა დაავადებას იწვევს და ფატალური შედეგებით მთავრდება. ყოველივე ამას ადეკვატურად შეესაბამება ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემები, განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვთა სიკვდილიანობა, რითაც ჩვენ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ;

_ HDI-ის (ადამიანის განვითარების ინდექსი) 2011 წლის მონაცემებით, საქართველო განვითარების დონით აღმოჩნდა განვითარებადი ქვეყნების 75-ე ადგილზე;

_ Low-Income Food-Deficit Countries-ის (დაბალშემოსავლიანი, საკვების დეფიციტიანი ქვეყნები) 2012 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველო დაემატა იმ 66 ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა შემოსავლები ძალზე მცირეა და აღინიშნება სურსათის მწვავე დეფიციტი. ამ სიას კი თავი დააღწია ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა: ტუვალუ და ვანუატუ;

_ FAO-ს მონაცემებით (2010 წ.), სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ინდექსით განხილულ 194 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანასაც;  

_ იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, რაც ყოველწლიურად ეცემა და საქართველომ უღარიბესი ქვეყნების მე-5 ჯგუფიდან მე-6 ჯგუფში გადაინაცვლა;

_ UNFPA (მსოფლიო მოსახლეობის გაეროს ფონდის) მონაცემებით, 2011 წელს საქართველოს მოსახლეობის 13%-ს (თითქმის 600 ათასი ადამიანი) შეუძლია დახარჯოს დღეში 2 ლარი, მაშინ, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში ასეთი მოსახლეობის რაოდენობა 4%-ია, აზერბაიჯანსა და რუსეთში კი _ 2%; ეს ყველაფერი მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონობით თანხები იფანტებოდა კონცერტებსა და გასართობ პროგრამებზე, ე. წ. ტაშფანდურზე, მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახის წევრების საზღვარგარეთ ვოიაჟებზე, მრავალათასიანი, უძვირფასესი მანქანების შეძენაზე და ა. შ.

ბატონო გიორგი!

მე თქვენ გაგაცანით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების მხოლოდ ის ნაწილი (თანაც ზოგიერთი), რომელიც ჩემს პროფესიას ეხება. ამ შეფასებებს მიაღწია ყოფილმა ხელისუფლებამ 9-წლიანი «მოღვაწეობის» შედეგად.

აი, როგორი მემკვიდრეობა ერგო ახალ ხელისუფლებას! ხალხი თქვენი გუნდისგან არა უადგილო შენიშვნებს, უსაგნო კრიტიკას (თანაც დასაწყისშივე) და საბოტაჟს, არამედ მონანიებასა და ქვეყნის სამსახურში ჩადგომას ელოდება.

ვითვალისწინებ რა თქვენს ასაკს, თქვენდამი ჩემს და ქართველი ხალხის პატივისცემას, საერთაშორისო შეფასებებსა და რეიტინგების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. მგონი, ესეც ბევრი მომივიდა და, ალბათ, გული გატკინეთ, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პატივისცემით,

შოთა ჩხეიძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის აკადემიების წევრი, აკადემიკოსი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში

 

1 COMMENT

  1. რაც უფრო გიღრმავდება ადამიანს ცოდნა, მით უფრო ხვდები ბევრ სიბრძნეს მაგალიტად: კარგ კაცობას არც განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება არც გამორჩეულობა რაიმე დარგში, არც ეროვნება აქვს კარგ კაცობას, უბრალოდ ის ან ხარ ან არა ხარ მარტივად, ცოდნითადა ნიჭითაც ვერ მიიღწევა, ზ/ა პიროვნება სწორედ ამის თვაკსაჩინო მაგალითია

  2. ბატონო შოთა, თუ თქვენ ქუთაისელი ბრძანდებით, სასოფლოს კურსდამთავრებული, სასოფლოს ჯაზორკესტრის კონფერანს,ე,მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ, ვერ შეგინარჩუნებიათ წინანდელი, გაწონასწორებული სტატუსი და დამგვანებულხართ პატარა კაცუნას, რომელიც იდოლის წინ გართხმულა. რატომ ჩქარობთ, მოითმინეთ სულ ცოტაც, და თქვენი სოციოლოგური დასკვნები საუკეთესო ოპუსის სახელწოდებით, მარგალიტებად მოგეჩვენებათ ახალ(ივანიშვილის) სოციოლოგიურ გამოკვლევებთან.

  3. ეს წერილი გოგი ოჩიაურს კი არა, გაეროს, აშშ- კონგრესს ,Nატოს და მსოფლიოს სხვა წამყვან ორგანიზაციებს უნდა დაეგზავნოთ,რომ უფრო რეალურად შეაფასონ რეალური სიტუაცია საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here