Home რუბრიკები საზოგადოება გივი ბერძენიშვილი: უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი, რომ მის მიერ დამხობილი ძეგლები თავისივე ხარჯით...

გივი ბერძენიშვილი: უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი, რომ მის მიერ დამხობილი ძეგლები თავისივე ხარჯით უკან დააბრუნოს!

716

რამ გამოიწვია აყვავებული საქართველოს დაცემაგანადგურება გასული საუკუნის 90-იან წლებში? დამეთანხმებით, საკითხი ურთულესია! და მაინც, შევეცადოთ მასზე პასუხი გავცეთ. მე ვესტუმრე ბატონ გივი ბერძენიშვილს _ მწერალს, სტალინის ეპოქის თვალსაჩინო მკვლევარს, რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერს, ორი აკადემიის _ ენერგეტიკისა და სამხედროს _ ნამდვილ წევრს, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატს, და ინტერვიუზე დავითანხმე.

_ ბატონო გივი, უკვე ოცი წელია, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს (ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით), ჩამოყალიბებას საშველი არ დაადგა, რატომ?

_ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლა-დაქუცმაცება შესრულდა ზუსტად იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებდა ე. წ. დალესის დოქტრინა. თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ ამ საინტერესო დოკუმენტიდან ერთ ამონარიდს: «…უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება, მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთისადმი, უსირცხვილობა, ნაციონალიზმი, ხალხთა შორის მტრობა, უპირველეს ყოვლისა, რუსი ხალხის მიმართ, _ ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით».

აბა, ჩაუფიქრდით ამ ნათქვამს და მითხარით, არის თუ არა ეს განხორციელებული დღევანდელ საქართველოში?

_ საიდან დაიწყო ყოველივე ეს, ბატონო გივი?

_ გორბაჩოვმა და მოღალატეთა კასტამ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოდან დაიწყეს. გავიხსენოთ 1990 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც მარტში უნდა ჩატარებულიყო. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მოახსენა კომპარტიის ცეკას პირველ მდივან გუმბარიძეს, რომ არჩევნებში იმარჯვებს კომპარტია. ეს, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდა გორბაჩოვისთვის. მოსკოვიდან _ ზარი გუმბარიძეს: «არ დაუშვათ კომუნისტების გამარჯვება, ჩაშალეთ არჩევნები» (!).

არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 28 ოქტომბერს. უმაღლეს საბჭოში «მრგვალი მაგიდა» უმრავლესობით შევიდა. ზვიად გამსახურდია გახდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

შემდეგში მოვლენები დრამატულად განვითარდა:

ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე მოღვაწეობა დაიწყო ი. სტალინის ბარელიეფის ჩამონგრევით «იმელის» შენობის ფასადიდან.

გამსახურდიამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა უარი განაცხადა დსთ-ში შესვლაზე. საქართველო გამსახურდიას დსთ-ში რომ შეეყვანა, ქვეყანა არ დაკარგავდა არც სოხუმს და არც ცხინვალს. და, აი რატომ: დსთ იყო დემოკრატიულ, სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. საქართველო მასში გაერთიანებით არანაირად არ კარგავდა დამოუკიდებლობას. პირიქით, ზუსტად იმ დროს და იმ ვითარებაში დსთ თავისი შეიარაღებული ძალებით იქნებოდა მტკიცე გარანტი მისი ტერიტორიული მთლიანობის.

_ შევარდნაძის მოღვაწეობას როგორ შეაფასებთ?

_ შევარდნაძემ, თითქოს გამოასწორა გამსახურდიას შეცდომა, ქვეყანა შევიდა დსთ-ში, მაგრამ ეს მოხდა სოხუმის დაკარგვის შემდეგ, როდესაც შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია უკვე რადიკალურად იყო შეცვლილი. თავის მხრივ, შევარდნაძემ დაუშვა უმძიმესი შეცდომები, რაც გამოიხატა პრივატიზაცია-ვაუჩერიზაციაში, რამაც დასაწყისი მისცა ქვეყნის უზარმაზარი ღირებულებების _ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში არსებული ძირითადი ფონდების განადგურება-გაჩანაგებას. ამან განუზომლად უფრო დიდი მასშტაბები მიიღო «ნაცმოძრაობის» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მათ არ დატოვეს ეროვნული სიმდიდრის არც ერთი სტრატეგიული ობიექტი გაუყიდავი, ყიდდნენ მიწებს უცხოელებზე, ქართველ გლეხს კი ტოვებდნენ მიწის გარეშე. ეს იყო ქვეყნის გაყიდვა, ე.ი. სამშობლოს გაყიდვა, გლეხობის სრული მოსპობა!

…და ჩვენი ქვეყნის ამ დამაქცევარ ქმედებებს ეძახიან «წარმატებულ რეფორმებს და დემოკრატიის აღმაფრენას».

_ ბატონო გივი, რეფორმირებული პოლიცია არაა პროგრესი?

_ პოლიციის «რეფორმა» ფორმით იყო მიმზიდველი, შინაარსით კი _ უბოროტესი ურჩხული, რომელიც პერმანენტულად იკვებებოდა ქართველი საჯიშე გენოფონდის სიცოცხლით! ასე, მაგალითად: «ვარდების რევოლუციის» წლისთავზე, 2004 წლის 23 თებერვალს პატრულმა (რომელსაც მაშინ კანიბალი _ ქალაქის პატრულის უფროსი, ვინმე მიქაძე ხელმძღვანელობდა) დიდუბის პანთეონთან ხელაწეული, ოციოდე წლის აბსოლუტურად უდანაშაულო ვაჟკაცი ბუტა რობაქიძე იარაღის მიბჯენით დახვრიტა, რითაც «პირნათლად» შეასრულა თავისი შეფების _ სააკაშვილისა და მერაბიშვილის ბრძანება: «ესროლეთ დამიზნებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე».

სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ წაქეზებული და დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული მაღალჩინოსნები, წახალისებული მერაბიშვილის ცოლის, ვინმე სალაყაიას მიერ, ჩადიან გაუგონარ სისასტიკეს _ რესტორნიდან იტაცებენ დედისერთა ქართველ ვაჟკაცს, სანდრო გირგვლიანს, აჰყავთ ოქროყანის სასაფლაოზე და წამებით კლავენ.

პატრულმა უმიზეზოდ ქუჩაში დახვრიტა უდანაშაულო 32 წლის სამი მცირეწლოვანი შვილის მამა გიორგი გამცემლიძე. კორტებთან დახვრიტეს ასევე უდანაშაულო ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი; ქუჩაში დღისით, მზისით, დახვრიტეს აკადემიკოსი გურამ შარაძე და ა.შ. და ა.შ.

ქუჩაში დახვრეტილ უდანაშაულო ახალგაზრდათა რაოდენობა 140- აღწევს.

არც ერთი მკვლელი სათანადოდ არ დასჯილა!

«პოლიციის წარმატებული რეფორმის» შედეგად ქართული პოლიცია გახდა ძირფესვიანად პოლიტიზირებული და უსაზღვრო უფლებებით აღჭურვილი. იგი ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებსა და მის ხელმძღვანელებზე, ასევე საზოგადოების ყველა წევრზე. ტელეფონებით ისმინებოდა ყველა და ყველაფერი. ყოველივე ეს მოითხოვდა უნიკალურ ტექნიკურ, ძვირადღირებულ საშუალებებს, რაც დაკავშირებული იყო კოლოსალურ საბიუჯეტო ხარჯებთან. თუმცა შსს-ს მილიარდიან ბიუჯეტს სახსრების ხარჯვაში პრობლემები არ შექმნია, იგი ხელგაშლილად იძენდა უახლესი ტიპის, მიტინგებისა და თავყრილობების დასარბევ საშუალებებს: ხელკეტებს, ცრემლმდენ გაზმფრქვევ მანქანა-დანადგარებს, მძლავრი წყლის ჭავლის მანქანა-აგრეგატებს, ძალიან მტკივნეულ და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ რეზინისა და პლასტმასის ტყვიამფრქვევებს, რაც მათ 2007 წლის დემონსტრაციის დარბევისას გამოიყენეს.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია 2011 წლის 26 მაისს დატრიალებული «ბართლომეს ღამე», რომლის დროსაც ადამიანების სისხლზე დაგეშილმა მანქურთებმა, ასობით დემონსტრანტი ფიზიკურად და მორალურად გაანადგურეს, დაასახიჩრეს, დააინვალიდეს, ღირსება აჰყარეს, სიცოცხლე მოუსპეს!..

მერაბიშვილის «რეფორმირებული» პოლიციის მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულთა ნუსხას ტომები დასჭირდება! ეს უწყება, რომლის დანიშნულება-მოვალეობაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა, თვითონ გადაიქცა იმავე ადამიანების უდიდეს საფრთხედ! შედეგად, ადამიანებში დაისადგურა უსაშველო, საკუთარი სიცოცხლის დაუცველობით გამოწვეულმა შიშის გრძნობამ…

სააკაშვილ-მერაბიშვილის პოლიციურმა რეჟიმმა ქვეყანა გადააქცია ერთ დიდ უზარმაზარ ციხედ, სადაც სიკვდილმისჯილი პატიმრები ცხოვრობდნენ!

_ ბატონო გივი, თქვენი აზრით, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?

_ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სრული სიმართლით აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, რამაც გამოიწვია აბსურდული ცილისმწამებლური გამოხდომები მაშინდელი ოპოზიციის მხრიდანაც, თუმცა ეს არც არის გასაკვირი, ძნელია, გადააჩვიო ოპოზიცია, როგორც იტყვიან, «იმის» ჭამას.

აი, რა წერია ეუთოს მისიის დასკვნაში, რომელსაც ქართული მხარეც აწერს ხელს: «2008 წლის 7 აგვისტოს 23 სთ. და 35 წუთზე მიხეილ სააკაშვილმა ბრძანება გასცა, გაეხსნათ საარტილერიო ცეცხლი მძინარე ქალაქ ცხინვალის მიმართულებით, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი როგორც სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში. ამ თავისი ქმედებით მ. სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ» (!).

მან ომის პირველივე დღეს მიატოვა ფრონტის ხაზი, ჯარისკაცები, ბრძოლის ველი, სტუმარი _ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი და თავქუდმოგლეჯილი გაქანდა თბილისისკენ, ანუ იქცა ქართული ჯარის #1 დეზერტირად; ამ ლაჩარს, როგორც ტრიუმფატორს, შეხვდა ქალაქი… ამ შეშინებულმა ვირთხამ ომი მოგებულად გამოაცხადა და, მიტოვებული დაჭრილი და დახოცილი ჯარისკაცების ფონზე რუსთაველის გამზირზე ტაშფანდური გამართა!.. საინტერესოა, მსოფლიო ისტორიაში სადმე მომხდარა ასეთი რამ?! ის კი ვიცი, რომ დეზერტირებს ასამართლებენ სიკვდილის განაჩენით. უცნაურად იქცევა ამ დროს ჩვენი «სახელოვანი ოპოზიციაც». იმის ნაცვლად, რომ დარაზმოს ხალხი, დააპატიმროს მოღალატე «მთავარსარდალი», გადასცეს სამხედრო ტრიბუნალს, ქ-ნი ნინო ბურჯანაძე და დავით გამყრელიძე მორატორიუმს აცხადებენ, ლევან გაჩეჩილაძე კი მხარდაჭერას უცხადებს დეზერტირს და ამბობს: ჩემს პრეზიდენტს არავის დავაჩაგვრინებო.

ასე თუ ისე, სწორედ ჩვენი «შეურიგებელი», «რადიკალური» ოპოზიციის დამსახურებაა ის, რომ 2007-2008 წლების მოვლენების შემდეგ, სააკაშვილი ისევ «პრეზიდენტია», მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილი  იყო: 2008 წლის არჩევნები სააკაშვილმა ტოტალურად გააყალბა, რაშიც მთავარი როლი თვით ქალბატონმა ბურჯანაძემ ითამაშა, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ!

გაყალბებული არჩევნებით მოვლენილი «პრეზიდენტი» ნამდვილი შეურაცხადი გახდა. მისი ყველა ქმედება მიმართული იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. აფექტში მყოფმა, საზღვარგარეთიდან ბრძანება გასცა და დათქმულ ვადაზე 2 დღით ადრე, როცა ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული უსაფრთხოების კედელი, ააფეთქებინა ქართველთა დიდების მემორიალი, რომელიც იყო არქიტექტურის გენიალური ნიმუში და არა მარტო ქუთაისის, არამედ სრულიად საქართველოს სავიზიტო ბარათი.

ამ ვანდალურმა ქმედებამ ორი უმანკო არსების, დედა-შვილ ჯინჭარაძეების, სიცოცხლე შეიწირა. ამ ბოროტების ჩამდენს სხვა ქვეყანაში განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებდნენ!!!

_ რას იტყვით, პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე?

_ პარლამენტის გადატანა ქუთაისში, რომლის შენობა, როგორც აცხადებენ, 400 მილიონამდე დაჯდა, დანაშაულია! საინტერესოა, ვინ გასცა ყოფილი პარლამენტის შენობის ვანდალური დარბევა-განადგურების ბრძანება, ვინ აგებს ყოველივე ამ უმსგავსობაზე პასუხს? საინტერესოა, რას ფიქრობს სააკაშვილი, როცა ასე უდიერად ექცევა სახალხო ქონებას და ქვეყნის ბიუჯეტს, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობის არსებობის, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი. როგორ შეიძლება ქვეყნის ბედზე დაფიქრებულმა ხელისუფალმა უყაირათოდ ხარჯოს ბიუჯეტი, როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და უსახლკაროდაა დარჩენილი?!

ავიღოთ თუნდაც პრეზიდენტის სასახლის მშენებლობაზე გაწეული კოლოსალური სახსრები _ 800 მილიონი ლარი. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა; ასევე პარლამენტის შენობა ქუთაისში _ 400 მილიონი ლარი; «მშვიდობის ხიდი» _ 75 მილიონი; პრეზიდენტის თვითმფრინავი _ 65 მილიონი.

შევაჯამოთ: 800+400+75 +65=1 მილიარდ 370 მილიონ ლარს. ამ თანხით დაახლოებით 65 ათასი ოჯახის საცხოვრებელი პირობების მოგვარება შეიძლებოდა!

_ როგორ შეაფასებთ სააკაშვილის ბრძოლას ძეგლებთან?

_ იმ პირობებში, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში პერმანენტულად მიმდინარეობს იოსებ სტალინის ძეგლებისა და ბიუსტების დადგმა და რესტავრაცია, ფსიქიკურად მოშლილმა, დეგრადირებულმა სააკაშვილმა სტალინის ძეგლი ბელადის სამშობლოში დაამხო! ეს არ გაუკეთებია, არ უკადრებია თვით ხრუშჩოვსაც კი! აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ თვეში, როცა სააკაშვილმა გორში იოსებ სტალინის ძეგლი დაამხო, სტალინს ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს მოკავშირეების მიერ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის წლისთავზე.

სააკაშვილმა კი საქართველოში არ დატოვა სტალინის არც ერთი ძეგლი დაუმხობელი. რა ჰქვია ამას, თუ არა დანაშაული!

ქართველმა საზოგადოებამ უნდა აიძულოს სააკაშვილი, რომ მის მიერ დამხობილი ძეგლები თავისივე ხარჯით უკან დააბრუნოს!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო გივი, მომწერეთ, და გამოგიგზავნით წიგნს უცნობ სტალინზე, და როგორ მოკლეს სტალინი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here