Home რუბრიკები საზოგადოება ვინ და რატომ ებრძვის «ობიექტივს»

ვინ და რატომ ებრძვის «ობიექტივს»

627

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე): «არა მგონია, სხვაგან იყოს ისეთი ქვეყანა, საცა ადამიანის პატიოსნება და ნამუსი ისე წინდაუხედავად, ტყუილუბრალოდ ილანძღებოდეს, როგორც ჩვენში»…

წინათქმა, ანუ იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირების გასაჯაროების შედეგად, სააკაშვილის რეჟიმი «ოპოზიციაში გადაბრძანდაახლადგამომცხვარმა ოპოზიციამ მედიაკავშირ «ობიექტივის» წინააღმდეგ მზაკვრული კამპანია წამოიწყო: უეცრად გააქტიურდა ყველა ტელევიზია, გაზეთი თუ ინტერნეტგვერდი, რომლებსაც მიშა და ვანო ჯერ კიდევ აკონტროლებენგადმოიღვარა უამრავი ტალახი, ტყუილი და ცილისწამება. სამწუხაროდ, ამ კამპანიაში სხვა კატეგორიის ადამიანებიც ჩაერთნენ, რომლებსაც არც მიშასთან და არც ვანოსთან კონტაქტი არასდროს ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. ზოგს შური ამოძრავებს, ზოგს _ არაჯანსაღი კონკურენცია, ზოგსაც, უბრალოდ, არ ვუყვარვართ. ისმება უამრავი შეკითხვა _ ზოგი გააზრებული, ზოგიც გაუაზრებელი; ზოგს გულწრფელად  სურს საკითხში გარკვევა, ზოგი კი ჩასაფრებულია და ცდილობს, რაღაცაში გამოგვიჭიროს და რაიმე დაგვაბრალოს. ამიტომაცაა, რომ  მეორე თვეა გაუთავებლად განვმარტავთ, განვმარტავთ, განვმარტავთ და კვლავ განვმარტავთ

ვინ მოგვაწოდა ვიდეოფირები

განვმარტავ, რომ ვიდეოფირებსა და ინფორმაციას ჩვენ სამი სხვადასხვა წყარო გვაწვდიდა. ერთი მხარე იყო ვლადიმერ ბედუკაძე, მეორე მხარე _ ფარულავააკობია, მესამე კი _ ჩვენი მოკავშირეები შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი წყარო იყო. მართალია, ბედუკაძეც, ფარულავაც და აკობიაც გლდანის ციხეში ერთად მუშაობდნენ, მაგრამ  ბედუკაძემ არაფერი იცოდა ფარულავა-აკობიასთან ჩვენი თანამშრომლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენი მოკავშირეების შესახებ. არც ფარულავასა და აკობიას ჰქონდათ ინფორმაცია ბედუკაძესთან ჩვენი თანამშრომლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენი მოკავშირეების თაობაზე.

რით განსხვავდებოდა ვიდეოფირები ერთმანეთისგან

ბედუკაძის კადრები პრინციპულად განსხვავდებოდა ფარულავააკობიას კადრებისგან. ბედუკაძის კადრები ასახავს ციხის ცალკეული თანამშრომლების სასტიკ დანაშაულს, ანუ ერთი პირის თანამდებობრივ ბოროტებას. ფარულავააკობიას კადრები კი კოლექტიურ ბოროტებას ხდის ფარდას, რასაც თავად სააკაშვილმა «სისტემური კრახი» უწოდა. ახლავე ვიტყვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროების შესახებ ინფორმაციას არ გავამხელთ მანამდე, ვიდრე სააკაშვილსა და მერაბიშვილს შურისძიების რაიმე ბერკეტი ექნებათ ხელთ. აქ კი მხოლოდ დავსძენ, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს ნამდვილი პატრიოტები. განვმარტავ, რომ ბედუკაძის კადრებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქართველ საზოგადოებაზე, რადგან აქ ქართული აზროვნებისთვის გამაოგნებელი წამების ფაქტები ვიხილეთ. დასავლეთში კი სხვა ვითარება იყო. დასავლეთისთვის ფარულავა-აკობიას კადრებს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ეს კადრები ქვეყანაში მთლიანად ხელისუფლებას ამხელდა და ცხადყოფდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არანაირ დემოკრატიულ ხელისუფლებას არ წარმოადგენს.

გიორგი ლომიას როლი ვიდეოფირების მოპოვების საქმეში

საიდუმლო არ არის, რომ «ობიექტივი» და «წინააღმდეგობის მოძრაობა» არაერთი წელიწადი იბრძვის პატიმართა უფლებების დასაცავად. ჩვენ ვაწყობდით ყოველკვირეულ მიტინგებს, საპროტესტო მსვლელობებსსაჯაროდ ვასახელებდით ჯალათთა გვარებს. ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ფართოდაა გავრცელებული.

2010 წლის მიწურულს ჩემი ძმა _ კოტე ინაშვილი დააპატიმრეს. ციხეში მან გაიცნო და დაუმეგობრდა ასევე პატიმარ გიორგი ლომიას. აღმოჩნდა, რომ გიორგი ლომია 2008 წლიდან იცნობდა «წინააღმდეგობის მოძრაობის» თავმჯდომარეს _ დავით თარხან-მოურავს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, კოტე ინაშვილი «ობიექტივსა» და «წინააღმდეგობის მოძრაობას» დაუბრუნდა. ამავე პერიოდში გიორგი ლომიაც გაათავისუფლეს და იგი ჩვენს გუნდს შემოუერთდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატიმრების უფლებებისთვის ვიბრძოდით და ყველანაირი ინფორმაცია გვაინტერესებდა, კოტეც და გიორგიც ამ მიმართულებით მუშაობაში ჩაერთნენ. სწორედ გიორგი ლომიამ ითამაშა განსაკუთრებული როლი კადრების მოპოვების საქმეში.

გიორგი ლომიასა და ლადო ბედუკაძის დამეგობრება

პატიმრობის პერიოდში გიორგი ლომიამ ლადო ბედუკაძე გაიცნო. მათ შორის ნდობა გაჩნდა, შემდეგ კი ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

ვლადიმერ, იგივე ლადო ბედუკაძე მრავალი წლის მანძილზე სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. მისივე განცხადებით,  პატიმრებს თავად არ აწამებდა და მხოლოდ ვიდეოფირებზე აღბეჭდავდა მათ წამებას. ბედუკაძე ხასიათდება არამდგრადი, მერყევი ფსიქიკით. დღეს მეგობრად გაცხადებს, ხვალ _ მტრად. დღეს მწამებლები დამნაშავეებად მიაჩნია, ხვალ _ ფირების გავრცელებას ნანობს, თანაც ამას ღიად წერს ინტერნეტსივრცეში _ ეს, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს კაცისგან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხედავდა და ვიდეოფირზე აღბეჭდავდა ადამიანების ესოდენ სასტიკ  წამებას. მაგრამ მთავარია, რომ ბედუკაძეს პერიოდულად აწუხებს სინდისის ქეჯნა. სწორედ ამ სინდისის ქეჯნამ განაპირობა გიორგი ლომიასა და ლადო ბედუკაძის თანამშრომლობა.

გიორგი ლომიასა და ლადო ბედუკაძის თანამშრომლობა

ბედუკაძესთან ურთიერთობისას, გიორგი ლომიამ გაარკვია, რომ ბედუკაძეს ავალებდნენ პატიმრების წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას. ბედუკაძე ლომიას გამოუტყდა, რომ მას ეგრეთ წოდებული დაწუნებული კადრები ჰქონდა. «დაწუნებულს» იმ ვიდეომასალას უწოდებდნენ, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისთვის უინტერესო იყო. წარმოიდგინეთ, რა ვიდეოკადრები იგზავნებოდა ახალაია-მერაბიშვილ-სააკაშვილთან. თავად ბედუკაძე საშინელ სცენას აღწერდა, თუ როგორ აწამა და მოკლა მეგის ქარდავამ პოლკოვნიკი თეთრაძე. ამ ფაქტზე ბედუკაძემ ტელეეთერშიც ისაუბრა.

დაიწყო ბედუკაძესთან ხანგრძლივი საუბრისა და მსჯელობის, გნებავთ, მრავალთვიანი საიდუმლო მოლაპარაკებების ეტაპი. მოლაპარაკების პათოსი ასეთი იყო: წამების ფაქტების გამჟღავნება სიკეთეს მოუტანს როგორც პატიმრებს, ისე მთელ ქართველ საზოგადოებას. ეს ეროვნული და პატრიოტული საქმეა. მოლაპარაკებები შედგა!

ახლავე ვპასუხობ ცრუ ბრალმდებლებს: მოლაპარაკებები მორალის ფარგლებს არ გასცდენია და კადრები ჩვენ ზნეობრივად მოვიპოვეთ.

რა მიზანი აქვთ «ობიექტივის» მტრებს

მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ კამპანიის მიზანი არ არის მხოლოდ  «ობიექტივისა» და მისი ხელმძღვანელის, ანუ ჩემი დისკრედიტაცია. მიშასა და ვანოს ბელგიის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ბედი აღელვებთ. ეს სარჩელი პატიმრების წამების ფაქტებზე გამოძიებასა და კონკრეტული დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. კონკრეტულ დამნაშავეთა შორის ადვოკატ ამრანის დასახელებული ჰყავს ბატონები: სააკაშვილი, ზოდელავა, ახალაია, მერაბიშვილი. თუ მიშა და ვანო მოწმე ბედუკაძის ბრიუსელის სარჩელიდან «ჩახსნას» მოახერხებენ, ცხადია, ისინი დასჯას გადაურჩებიან.

ფარულავა და აკობია

ბედუკაძესთან მუშაობის პარალელურად ჩვენ ციხის სხვა თანამშრომლებთანაც ვმუშაობდით, ცხადია, საიდუმლოდ. გიორგი ლომიამ აკობიაფარულავასთან საერთო პოზიციები გამოძებნა. ისინი, ასევე, შეწუხებული იყვნენ ციხეებში არსებული ვითარებით. ჩვენ  ვიცოდით, რომ ციხის ჯალათები ყოველ პარასკევს «წითელს» უწოდებდნენ, რადგან ამ დღეს პატიმრებს კოლექტიურ ცემა-ტყეპას უწყობდნენ. ამ დანაშაულის მხილების მიზნით ჩვენ ფარულავა და აკობია აღვჭურვეთ ფარული ვიდეოკამერით. დანაშაულის აღბეჭდვა ვიდეოფირზე 24 აგვისტოს მოხერხდა, ფარულავამ და აკობიამ ჩანაწერი გიორგი ლომიას გადასცეს, ლომიამ ჩვენ მოგვაწოდა, ჩვენ კი ბრიუსელში ჩავიტანეთ.

ყურადსაღებია, რომ ფარულავამ და აკობიამ ვიდეომასალა სიცოცხლის ფასად ჩაწერეს; მათ ხელში ფარული ვიდეოკამერა რომ ეპოვათ ან ვიდეოგადაღების პროცესი  შეემჩნიათ, ორივეს წამებით მოკლავდნენ, ბედუკაძეს კი მსგავსი საშიშროება არ ემუქრებოდა, რადგან  ვიდეოკადრებს ხელმძღვანელობის დავალებით იღებდა.

ვიდეოფირების გასაჯაროების პირობები

ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ვიდეოფირების გასაჯაროების გეგმა. ცხადია, ეს გეგმა ბედუკაძის, ფარულავასა და აკობიას ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა. ლომიამ გეგმა შეუთანხმა როგორც ბედუკაძეს, ასევე ფარულავასა და აკობიას. გეგმის მიხედვით, ვიდეოფირები უნდა გაგვეტანა ბრიუსელში; ბრიუსელშივე უნდა გაგვეყვანა მოწმეები: ბედუკაძე, ფარულავა და აკობია და ევროპარლამენტში, საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე უნდა გაგვესაჯაროებინა ვიდეოკადრები. ნათელია, რომ უნდა შესრულებულიყო შემდეგი სამუშაო: ქვეყნიდან გაგვეყვანა ბედუკაძე და მისი ოჯახი, ასევე, ფარულავა და აკობია (არც ერთს ცოლ-შვილი არ ჰყავდა), გაგვეტანა კადრები, ექსპერტიზის გზით დაგვედასტურებინა კადრების უტყუარობა, მოგვეწყო ბედუკაძის, აკობიასა და ფარულავას შეხვედრები ევროჩინოვნიკებთან. სწორედ ამ დროს (ანუ უკვე ევროპაში) ბედუკაძეს უნდა გაეგო ამ საქმეში ფარულავასა და აკობიას მონაწილეობის შესახებ, ხოლო ფარულავასა და აკობიას _ ამავე საქმეში ბედუკაძის მონაწილეობის თაობაზე.

ქვეყნიდან ბედუკაძის გაყვანა და მისი ფირების გატანა

ბედუკაძემ, ჩვენ მიერ შერჩეულ დროსა და ჩვენ მიერ დასახელებული მოტივით, დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ავადმყოფობის მიზეზით. ამის შემდეგ «ობიექტივმა» ბედუკაძე ოჯახთან ერთად გამიზნულად გააგზავნა ბორჯომში, მისსავე მეგობართან, თითქოსდა სამკურნალოდ. ეს ყველაფერი რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა. ამასობაში ჩვენ ვაკვირდებოდით, ხომ არ უთვალთვალებდნენ ბედუკაძეს. ამავე დროს, ჩვენი წყაროები შინაგან საქმეთა სამინისტროში თვალყურს ადევნებდნენ, _ ხომ არ იყო ინტერესი ბედუკაძის პიროვნების მიმართ. ბედუკაძე უსაფრთხო დროს ავტობუსით გადავიყვანეთ თურქეთში. ეს ვარიანტი თვითმფრინავზე უფრო უსაფრთხოდ მიგვაჩნდა. თურქეთში გავუკეთეთ ვიზა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. შემდეგ კი სამი ქვეყნის გავლით ის აღმოჩნდა ბრიუსელში, სადაც ჩვენი მოკავშირეები ელოდნენ. ცხადია, ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. ბედუკაძე დავაბინავეთ მერაბ ბლადაძესთან, რომელიც მაშინ «ობიექტივის» ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ბედუკაძე ბლადაძესთან დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში ცხოვრობდა. ბლადაძე სტუმრად მოსულ მეგობრებს ბედუკაძეს, როგორც მის ნათესავს, ისე აცნობდა.

ამის პარალელურად, სამი სხვადასხვა გზით ვიდეოფირები მე და ჩემმა მეგობრებმა ბრიუსელში ჩავიტანეთ. ბედუკაძეც და მისი ვიდეოფირებიც მხოლოდ აგვისტოში აღმოჩნდა ბრიუსელში, ხოლო ფარულავასა და აკობიასი _ სექტემბრის დასაწყისში. ამ პერიოდში ბედუკაძის მეუღლემ საქართველოს დატოვებაზე უარი თქვა. აქვე  აღვნიშნავ, რომ ბედუკაძესთან მოლაპარაკებისას ჩვენ ვიტვირთეთ მისი ცოლ-შვილის გადაყვანა კიევში, ან სხვა «უვიზო» ქვეყანაში. ჩვენ ბედუკაძეს ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ მის ცოლ-შვილს ვიზებს ვერ გავუკეთებდით.

რაც შეეხება ფირებს, ფირები ბედუკაძეს აღარ ჰქონდა, ხოლო ბლადაძეს ეს ფირები არც ჰქონია და არც უნახავს, _ მან მხოლოდ გადმოცემით იცოდა ვიდეოკადრების შინაარსი.

როდის გაიგეს ბედუკაძემ და ფარულავააკობიას ტანდემმა ერთმანეთის და «ობიექტივის» შესახებ?

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ბედუკაძემ იცოდა ფარულავასა და აკობიასთან ჩვენი მოლაპარაკებების, ანუ მათი თანამონაწილეობის შესახებ და არც ფარულავასა და აკობიას ჰქონდათ ინფორმაცია ბედუკაძესთან ჩვენი თანამშრომლობის თაობაზე. ფარულავასა და აკობიასთან მსჯელობისა და მოლაპარაკების პროცესში გიორგი ლომია არ ასახელებდა არც «ობიექტივს» და არც «წინააღმდეგობის მოძრაობასლომია ეუბნებოდა ბედუკაძესაც, ფარულავასაც და აკობიასაც, რომ არის სერიოზული ხალხი, ვინც კადრებსაც გაასაჯაროებს და თქვენს უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფსო.

ბედუკაძემ ფარულავასა და აკობიას თანამონაწილეობის შესახებ სექტემბერში  გაიგო, მას შემდეგ, რაც აკობიამ 24 აგვისტოს ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების კოლექტიური წამება ვიდეოფირზე აღბეჭდა და ეს ვიდეომასალა გიორგი ლომიას გადასცა, ჩვენ კი ეს ფირები ბრიუსელში ჩავიტანეთ. როცა ბედუკაძემ ფარულავასა და აკობიას თანამონაწილეობის შესახებ გაიგო, იგი ფარულავას რამდენიმეჯერ დაუკავშირდა. ეს არასწორი და სახიფათო ქმედება იყო, განსაკუთრებით, ქვეყანაში გამეფებული მასობრივი მოსმენების ფონზე.

ვიდეოფირების გასაჯაროებამდე, ანუ 18 სექტემბრამდე ბედუკაძესთან ბრიუსელში მხოლოდ გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე მუშაობდნენ. შესაძლოა, ბედუკაძე კიდევაც ხვდებოდა, ვინ იყო მისი ფარული პარტნიორი, მაგრამ დანამდვილებით მან ეს მხოლოდ კადრების გასაჯაროების შემდეგ შეიტყო. კვლავ აღვნიშნავ, რომ ბედუკაძემაც, ფარულავამაც და აკობიამაც კადრების გასაჯაროებამდე, ანუ 18 სექტემბრამდე არ იცოდნენ, რომ ამ გამოძიების სათავეში მედია-კავშირი «ობიექტივი» და «წინააღმდეგობის მოძრაობა» იდგნენ.

დასავლეთში შესრულებული სამუშაო

10-12 სექტემბრისთვის ვიდეოკადრები უკვე ნანახი ჰქონდათ როგორც ევროსტრუქტურების, ისე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებს. ამ დროისთვის ბედუკაძე უკვე შევახვედრეთ ადამიანის უფლებათა ევროკომისრის აპარატს. ევროსტრუქტურების სხვა  თანამშრომლებს ბედუკაძესთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამთ, მათ ვიდეოფირების ნახვა და ჩვენი ახსნა-განმარტება აკმაყოფილებდათ. 15 სექტემბრისთვის სამუშაო დასრულებული იყო და ჩვენ გვქონდა ევროპის მაღალჩინოსანთა თანხმობა მასალის გასაჯაროებაზე. რჩებოდა მხოლოდ ერთი პრობლემა _ ბედუკაძის ცოლ-შვილი; ასევე ქვეყნიდან უნდა გაგვეყვანა ფარულავა და აკობია და ისინი ბრიუსელში უნდა ჩაგვეყვანა. ბედუკაძის ოჯახის გაყვანა ვერ ხერხდებოდა, რადგან წინააღმდეგობას ქმნიდა მისი მეუღლე. იგი ძლივს დავითანხმეთ, 17 სექტემბრისთვის დაეტოვებინა საქართველო. შემდეგ, მისივე მიზეზით, ოჯახის გაყვანა გადავდეთ 19 რიცხვისთვის. ევროპარლამენტში პრესკონფერენცია 20 სექტემბრისთვის გვქონდა დანიშნული.

როგორც აღვნიშნე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ფირები ჩვენი მოკავშირეების მეშვეობით აღმოჩნდა. მათვე შეგვატყობინეს, რომ 15-17 სექტემბერს სააკაშვილს დაუკავშირდნენ მისი ამერიკელი მხარდამჭერები და აცნობეს, რომ არსებობდა უდავო მამხილებელი ვიდეომასალა, რომ წინააღმდეგობის გაწევა უნაყოფო იქნებოდა და რომ სააკაშვილი არჩევნებში უნდა დამორჩილებოდა ქართველი ხალხის ნებას, ანუ არჩევნები არ უნდა გაეყალბებინა. სააკაშვილი პარლამენტში უნდა დასჯერებოდა 30, მაქსიმუმ 40 დეპუტატს, ანუ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს. ამიტომაც იყო, რომ სააკაშვილს არ უარუყვია ამ მასალების უტყუარობა და არავითარ რუსულ კვალზე არ უსაუბრია.

ფარულავასა და აკობიას დაკავება

სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ მოვასწარით ფარულავასა და აკობიას გაყვანა საქართველოდან. ფარულავა 17 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აკობია _ 18 სექტემბერს, როცა ჩვენ მის საზღვარზე გადაყვანას ვცდილობდით. დაკავების შემდეგ, ფარულავას სააკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა აიძულეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში უნდა მიიღოს. ვფიქრობ, სასამართლომ, ასევე უნდა გაითვალისწინოს ფარულავას წვლილი პატიმართა წამების ამსახველი კადრების მოპოვებაში.

სააკაშვილის დადგმული სპექტაკლი

18 სექტემბერს სააკაშვილმა დადგა ყველასთვის ცნობილი სპექტაკლი: რეჟიმმა დაკავებული ფარულავა კამერაში შეიყვანა და აიძულა, პატიმარი ეცემა, ეს ყველაფერი კი ვიდეოფირზე აღბეჭდეს. ვიდეოფირი ხელისუფლების არხებმა _ «რუსთავი 2»-მა და «იმედმა» ეთერში გაუშვეს და, რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, პატიმრების წამების ორგანიზება ივანიშვილის გუნდს დააბრალეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ პატიმარი თამაზაშვილი ბედუკაძესა და ციხის სხვა თანამშრომლებს კადრების გადაღებაში ფულს უხდიდა.

თამაზ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, ირაკლი ღარიბაშვილი კი _ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი თანამებრძოლი. ჩვენ ვერაფრით დავუშვებდით, რომ ეს უდანაშაულო ხალხი ბინძური ცილისწამების მსხვერპლი გამხდრიყო. ამიტომ იძულებული გავხდით, პრესკონფერენციას აღარ დავლოდებოდით და კადრები სასწრაფოდ გაგვესაჯაროებინა; პირდაპირ და ღიად განგვეცხადებინა, რომ «ქართულ ოცნება» და თამაზაშვილი უდანაშაულონი იყვნენ, რაც გავაკეთეთ კიდეც.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ კადრების არსებობის შესახებ «მე-9 არხმა» გაიგო კადრების გადაცემამდე ერთი საათით ადრე. მე პირადად ვესაუბრე კახა ბექაურს. ასევე, მე (ჩემი მეგობრების დახმარებით) კადრები მივაწოდე შალვა რამიშვილს. ამ ყველაფრის შემდეგ გამაოგნებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩნდებიან უზნეო ადამიანები, რომლებიც ხან ვანოს და ხან რუსეთის აგენტობაში, ხან ფულის აღებაში, ხან თანამდებობებისთვის ბრძოლაში და კიდევ არ ვიცი, რაში გვადანაშაულებენ.

რეჟიმის კრახი

ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თუ სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებები სწორედ ჩვენი გააზრებული მუშაობის შედეგია.

ბევრი მეკითხება, მოიგებდა თუ არა «ქართული ოცნება» არჩევნებს იმ შემთხვევაში, ეს კადრები რომ არ გაგვესაჯაროებინა? _ დარწმუნებული ვარ, კადრები რომ არ გამოგვექვეყნებინა, სააკაშვილის რეჟიმი არჩევნებს გააყალბებდა, 65%-70% დაიწერდა, ხოლო  დასავლეთი ამ გაყალბებას «გააპრავებდა». სინამდვილეში კი საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილს უჭერდა მხარს. კადრების გასაჯაროებამ სააკაშვილის რეჟიმი ამხილა დასავლეთის თვალში და  რეჟიმმა მასშტაბური გაყალბება ვეღარ გაბედა. მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, რეჟიმი არ შეიცვლებოდა. კადრების გასაჯაროება სახალხო პროტესტს უდაოდ გამოიწვევდა; ვფიქრობ, ამის შემდეგ ციხეებში წამებები შეწყდებოდა, მაგრამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მაინც დარჩებოდა.

აქვე მინდა ვურჩიო ცრუ ბრალმდებლებს, კარგად წაიკითხონ ეს წერილი. ვფიქრობ, ნათლად ავხსენით, თუ რატომ არ შეგვეძლო კადრების გასაჯაროება უფრო ადრე.

ბედუკაძის გადაყვანა სხვა ბინაში

კადრების გავრცელების შემდეგ, ბედუკაძემ სხვა ბინაში გადაყვანა მთხოვა; მას მიაჩნდა, რომ საიდუმლოება დაირღვა და ბლადაძის ბინაში ყოფნა უსაფრთხო აღარ იყო. ამ დროს ქალაქ ლიეჟში ჩვენი მეგობრის, გიორგი ლაფანაშვილის დედის ბინა იყო ცარიელი და ბედუკაძე ამ ბინაში გადავიყვანეთ. ამასობაში, ვატყობდი, რომ ბედუკაძე ძალზედ დაიძაბა. ის ნერვიულობდა ცოლ-შვილის გამო, არ გრძნობდა თავს დაცულად, სისტემატურად  ეცვლებოდა განწყობა, ხან ჩვენი სჯეროდა, ხან _ მუდმივად გვემუქრებოდა: ჩემი ოჯახი თურქეთიდან ბრიუსელში ჩამოიყვანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენებას ისე შევცვლი, რომ ყველას დაგაზიანებთო. ეს ჩვეულებრივი შანტაჟი იყო.

ბედუკაძის ოჯახი და «ობიექტივი»

კვლავ აღვნიშნავ, რომ ბედუკაძეს არასდროს დავპირებივართ მისი ოჯახის  ბრიუსელში ჩაყვანას. ჩვენი მოლაპარაკება ითვალისწინებდა საქართველოდან ბედუკაძის ბელგიაში გაყვანას, ხოლო მისი ოჯახის  კიევში, ერევანში, ბაქოში ან სტამბოლში გადაყვანას. როცა ბატონი ბედუკაძე პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებდა, ოჯახის გადასვლას ბელგიაში არავითარი პრობლემა აღარ შეექმნებოდა. მანამდე «ობიექტივი» თავის თავზე იღებდა კიევში (ან სხვა ქალაქში) ბედუკაძის ოჯახის (საცხოვრებელი და სხვა პირობებით) უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, ბედუკაძის მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა, დაეტოვებინა საქართველო. ამასობაში სიტუაცია შეიცვალა და კადრები გასაჯაროვდა. ბედუკაძე მუდმივად ითხოვდა ჩვენგან, _ დაგვეცვა მისი ოჯახი და გაგვეყვანა საქართველოდან. მე ბრიუსელიდან დავურეკე  ცნობილ ქართველ უფლებადამცველებს და სწორედ მათი და «ობიექტივის» ჟურნალისტების თანდასწრებით გავიყვანეთ ბედუკაძის ოჯახი მეზობელ თურქეთში. ბედუკაძის მეუღლე ორჯერ სტუმრობდა ანკარას და საკონსულოში გასაუბრებაც გაიარა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზა ვერ მიიღო. ჩვენ მივმართეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, წითელ ჯვარსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს. სამწუხაროდ, უშედეგოდ, _ ბედუკაძის ოჯახმა ვიზები მაინც ვერ მიიღო. ამ ვითარებით უკმაყოფილო ბედუკაძე ბრალს გვდებდა, _ ჩემი ოჯახი ბრიუსელში არ გადმოგყავთ, სტამბოლში მძევლად გყავთო. რა მძევლობაზეა საუბარი? მძევლები რომ ყოფილიყვნენ, ამას კონსულს არ ეტყოდნენ? ღვთის წყალობით, დღეს, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ბედუკაძის ცოლ-შვილი თბილისში დაბრუნდა და მას აქ საფრთხე აღარ ემუქრება. იმედი მაქვს, ბედუკაძე ახლა მაინც მიხვდა, თუ რა სისულელეს გვაბრალებდა.

სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ «ობიექტივი» დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბელგიაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საქმის აღძვრას. სწორედ ამ საქმეს ხელმძღვანელობდა მერაბ ბლადაძე ბრიუსელში. «ობიექტივი» სხვადასხვა ადვოკატთან მუშაობდა. იმ პერიოდში, როდესაც ბედუკაძე ბრიუსელში ჩავიყვანეთ, ჩვენ ბელგიელ ამრანთან ვმუშაობდით. «ობიექტივი» ადვოკატ ამრანს ბედუკაძის დაცვაზეც შეუთანხმდა. სექტემბრის ბოლოს ამრანმა წარმატებას მიაღწია, ბელგიის პროკურატურამ მისი სარჩელი მიიღო. სარჩელის მთავარი მოწმე ბედუკაძე იყო. სარჩელი პატიმრების წამების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითვალისწინებდა. დამნაშავეებად მოიაზრებოდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და ზოდელავა.

ბედუკაძისთვის თავგზის აბნევა

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მერაბ ბლადაძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა უმნიშვნელოვანესი მოწმის დაცვის საქმეში; მას ბედუკაძე არ გაუცია და იგი ბოლომდე დაიცვა, როგორც მოწმე. ახლა კი ბედუკაძე ყველას გადაგვემტერა და მერაბ ბლადაძეს ხან ვანოს და ხან რუსეთის აგენტობას აბრალებს, ხან კი ფირების გაყიდვაში ადანაშაულებს, რაც აბსურდია. ბლადაძე ფირებს ვერავის მიჰყიდდა, _ უკვე გითხარით, რომ ეს მასალა მას არასდროს ჰქონია. ბედუკაძის ეს აბსურდული ბრალდებები ადამიანური ლოგიკის ფარგლებს სცდება.

დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი ჭელიძე ბლადაძეს ზოგჯერ მეუღლესთან ერთად სტუმრობდა და ბედუკაძეც იქ გაიცნო. დღეს ბედუკაძე და ჭელიძე  ამტკიცებენ, რომ ისინი მრავალი წლის მეგობრები არიან, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ბედუკაძეს სწორედ ჭელიძემ აუბნია თავგზა.

ჭელიძე ლაფანაშვილთანაც მეგობრობდა და სწორედ ლაფანაშვილისგან გაიგო ბედუკაძის ადგილსამყოფელი. ეს დანაშაულის ტოლფასია, რადგან ლაფანაშვილს არავისთვის არ უნდა გაემხილა ბედუკაძის ადგილსამყოფელი, მას ამის უფლება არ ქონდა. იმის გამო, რომ ბედუკაძე ცარიელ ბინაში მარტო იყო, ჭელიძე მას, ფაქტობრივად, ჩაუსახლდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ გვიან გავიგეთ.

ვინ არის სინამდვილეში პოლკოვნიკი ჭელიძე

ბრიუსელში ერთერთი შეხვედრის დროს გიორგი ლაფანაშვილს ჭელიძე მოჰყვა. ჭელიძემ შემომთავაზა ბედუკაძის მართვა საერთო ძალებით. მითხრა, რომ სამხედრო პირია და ფლობს არამდგრადი ფსიქიკის მქონე პირების მართვის ხელოვნებას. მე მას ვეჩხუბე და ვუთხარი, რომ ჩვენ ბედუკაძეს კი არ ვმართავთ, ის ჩვენი თანამებრძოლია; შენ ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რა საერთო გაქვს ჩვენთან ან ჩვენს საქმიანობასთანმეთქი. ასე დავშორდით.

ამის შემდეგ, ჭელიძე ხელმეორედ და მოულოდნელად ქალაქ ლიეჟში დამხვდა, სადაც მე და გიორგი ფოფხაძე ბედუკაძის მოსანახულებლად ჩავედით. კაფეში უეცრად გამომეცხადა ჭელიძე და მითხრა, _ ბედუკაძეს შენთან შეხვედრა აღარ სურს, ამიერიდან მე უნდა მესაუბროო. ეს მოულოდნელი შეხვედრაც კონფლიქტით დამთავრდა. მოკლედ, მე და ფოფხაძე შანტაჟის მცდლობას პირველად აქ წავაწყდით.

პირველი რანგის კაპიტანი, ანუ პოლკოვნიკი ვიქტორ ჭელიძე 2006 წლიდან იძებნება სამხედრო პოლიციის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 323-ე და 399-ე მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურ მითვისებას, გაფლანგვას, თან _ არაერთგზის. ასევე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამხედრო ქონების წესის დარღვევას.

ვიქტორ ჭელიძე, მისივე განცხადებით, 1991 წლიდან მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში (ჩოლოყაშვილის ბატალიონში). ჩემთან შეხვედრისას განმიცხადა, რომ ხელმძღვანელობდა ამ ბატალიონს, რაც ტყუილია. აფხაზეთის ომში მონაწილე ჩემი ვეტერანი მეგობრები მას მხოლოდ ნეგატიურად ახასიათებენ.

 საინტერესოა ფაქტი, რომ თავის დროზე ვიქტორ ჭელიძე ოქრუაშვილმა რუსეთთან ფარული თანამშრომლობის მოტივით გაათავისუფლა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ვიქტორ ჭელიძე, საქართველოდან გაქცევის შემდეგ, აბსოლუტურად უდანაშაულოდ თვლიდა თავს და ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდა: მისთვის მოესმინათ, თუნდაც იმიტომ, რომ 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს, სწორედ მე ჩავშალე პრეზიდენტ სააკაშვილზე თავდასხმაო, ანუ ჭელიძე რევერანსს უკეთებდა სააკაშვილს, _ მე ოქრუაშვილმა აღმიძრა საქმე, გამომაგდო სამსახურიდან და შენ კი ჩემი ვალი გაქვს, მე შენზე თავდასხმა აღვკვეთე და ახლა მომისმინეო. მოკლედ, ჭელიძეს პრეტენზია უშუალოდ სააკაშვილთან არასდროს ჰქონია.

ინფორმაციის შეკრების პროცესში დამიკავშირდნენ ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები, რომელთა ვინაობასაც საჭიროების შემთხვევაში დავასახელებ. ეს ადამიანები ჭელიძეს ახასიათებენ, როგორც თაღლითს, რომელიც შეკრული იყო კრიმინალურ დაჯგუფებებთან და საზღვარგარეთ, კონკრეტულად, ესპანეთსა და ბრიუსელში მცხოვრებ (შედარებით შეძლებულ) ქართველებს სხვადასხვა ფორმით ატერორებდა. ბელგიის პოლიციამ ჭელიძე, როგორც ამბობენ, სწორედ ნაქურდალი ნივთების შენახვის ბრალდებით დააკავა.

ჭელიძეთან ჩემი პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ იგი ამ საქმეში სრულიად მიზანმიმართულად გაჩნდა. დღეს კი მაქვს ინფორმაცია, რომ  ჭელიძე  ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს.

რა დავალება ჰქონდა ჭელიძეს

ბედუკაძისთვის ჭელიძემ კეთილი გულშემატკივრის როლი მაღალ დონეზე ითამაშა და, საბოლოოდ, ბატონი ლადო არა მარტო ბლადაძეს, არამედ მე და გიორგი ფოფხაძესაც დაგვიპირისპირა. ჭელიძე ბედუკაძეს ეუბნებოდა, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ზოდელავამ რომ თქვა, ამ საქმეში 2 მილიონია გადახდილიო, ეს სიმართლეაო. ხან არწმუნებდა, _ ეს ფული რუსებმა გადაიხადესო, ხან უმტკიცებდა, _ ბიძინამ გადაიხადაოშენ გმირი ხარ, დაფნის გვირგვინი უნდა დაგადგან და ფულადი ჯილდო მოგცენ, ამათ კი 2 მილიონი აიღეს და შენ «გადაგაგდესო».

ჭელიძეს მარტივი დავალება ჰქონდა: მას ბედუკაძე ბრიუსელის სარჩელიდან უნდა «ჩაეხსნა» _ ამ შემთხვევაში სააკაშვილი და სხვანი სასჯელს გადაურჩებოდნენ. გარდა ამისა, ჭელიძეს ბედუკაძე უნდა წარმოეჩინა, როგორც პიროვნება, რომელიც ალოგიკურ და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს და, აქედან გამომდინარე, სანდო მოწმედ არ გამოდგება. კიდევ ერთი ამოცანა «ობიექტივის» კომპრომეტირებაა.

 

მითი ორი მილიონის შესახებ

ბედუკაძემ, ეტყობა, კარგად ვერ გაიგო, თუ რა თქვა მთავარმა პროკურორმა. ზოდელავამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრმა თამაზ თამაზაშვილმა ორი მილიონი გადაუხადა ციხის თანამშრომლებს, რათა მათ პატიმრები ეწამებინათ და ეს ყველაფერი ვიდეოფირზე აღებეჭდათ. ბედუკაძემ, ეტყობა, კარგად ვერ გაიგო, რომ ამ თანამშრომლებში იგი თავადაც მოიაზრებოდა.

თამაზაშვილი რომ სრულიად უდანაშაულო იყო, ეს ბედუკაძემაც კარგად იცოდა; ამ საქმეში რომ 2 მილიონის გადამხდელი არავინ იყო, ბედუკაძეს ესეც უნდა სცოდნოდა. ვიდეოფირები რომელიმე ბიზნესმენისთვის რომ გვეჩვენებინა, ჯერ ერთი, შიშით ხომ გული გაუსკდებოდა, მეორეც, _ პროვოკატორებად ჩაგვთვლიდა, იფიქრებდა, რომ ვაჭერინებთ, და მესამეც _  ჩვენში ეჭვი რომც არ შეპარვოდა, ამ საქმეში მონაწილეობას მაინც არ მიიღებდა, რადგან ეს სიცოცხლისთვის საშიში იყო. გარდა ამისა,  სააკაშვილის რეჟიმს უკლებლივ ყველა ბიზნესმენი დიდი ხანია ტერორში ჰყავდა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი აღარ ებმებოდნენ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას კადრებს თუნდაც იმიტომ ვერ ვაჩვენებდით, რომ მის ირგვლივ ყველაფერი ისმინებოდა, იწერებოდა და ვიდეოფირზეც აღიბეჭდებოდა. ამიტომ კადრების ჩვენება მისთვის ვერ მოხერხდებოდა. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ ივანიშვილი ამ საქმეში არ მონაწილეობდა; მას არცერთ გამოსვლაში არ უხსენებია არც «ობიექტივი», არც ირმა ინაშვილი და, საერთოდ, ამ საქმეზე კომენტარიც არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ «მეცხრე არხზე» ჩვენი მხარდამჭერი არც ერთი სიუჟეტი არ მომზადებულა.

ვფიქრობ, ბედუკაძე ახლა მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ ორი მილიონის ამბავი  სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთხზული მითია.

სარჩელის ჩაშლა

აღსანიშნავია, რომ ჭელიძემ ბედუკაძეზე წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოიპოვა. ჭელიძემ ბედუკაძე არამხოლოდ ბლადაძეს, ფოფხაძეს და მე, არამედ ლაფანაშვილს და ლომიასაც კი გადაამტერა. ეს გასაკვირი და გასაოცარია, რადგან ამ ადამიანებს ბედუკაძე არც ერთხელ არ დაუღალატებია და მრავალი თვის განმავლობაში ედგნენ გვერდით.  მეტიც, ჭელიძემ ბედუკაძე ადვოკატ ამრანთანაც დააპირისპირა, ანუ სწორედ ის შეასრულა, რაც დავალებული ჰქონდა. ჭელიძე ბედუკაძეს ადვოკატთან დაჰყვებოდა და ადვოკატის ნათქვამს ბედუკაძეს განზრახ არასწორად უთარგმნიდნენ. საბოლოოდ, ბედუკაძემ ღიად დაიწყო ადვოკატის შეურაცხყოფა ინტერნეტსივრცეში. ადვოკატთან ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, სარჩელი ჩაიშალა. ადვოკატ ამრანს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებებით მისი საქმიანი რეპუტაცია შეილახა და, როგორც ჩემთვის ცნობილია, სათანადო რეაგირებასაც აპირებს.

რეჟიმის მხრიდან კონტროლირებადი მედია და ბედუკაძის თემა

ბედუკაძის გვერდით ვიქტორ  ჭელიძის აღმოცენების შემდეგ, სააკაშვილ- მერაბიშვილის სტრუქტურებმა «ობიექტივის» წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო როგორც თავად ჭელიძე, ისე სააკაშვილის დასაყრდენი მედიის ნაწილი. ამიტომაც ემთხვევა დროში ვიქტორ ჭელიძის ბრალდებების ტირაჟირება («ობიექტივის» წინააღმდეგ) და ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ციხის კადრებთან დაკავშირებით. ვიმეორებ: ამ კამპანიაში ყველა ის მედიასაშუალებაა ჩართული, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ახლაც აკონტროლებენ.

დააკვირდით ფაქტს: მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, არც ერთ ტელეარხს (გარდა «ინფო 9»-ისა) გადაცემაში არ მივუწვევივარ. ბეჭდური მედია ძირითადად ბედუკაძისა და ჭელიძის განცხადებებზე მთხოვდა კომენტარს, თუმცა ახლა ვითარება ცოტათი გამოსწორდა.

ჟურნალისტმა ეკა ასათიანმა ყველა ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით «კვირის პალიტრაში» დაკვეთილი სტატია დაბეჭდა, რომელიც საფუძვლად გამოიყენა ტელეკომპანია «იმედმა» და ფართო ასპარეზი მისცა ბედუკაძისა და ჭელიძის ცრუ ბრალდებებს.

დააკვირდით: მსჯელობა და კამათი მიდის არა პატიმართა წამებაში ეჭვმიტანილ ახალაიაზე, მერაბიშვილსა თუ სხვებზე, არამედ რატომღაც  აქტუალურია მოწმე ბედუკაძისა და თაღლითი ჭელიძის ცრუ ბრალდებები «ობიექტივის» წინააღმდეგ.

ბოლო შეხვედრა ბედუკაძესთან

ბრიუსელიდან წამოსვლამდე ერთი დღით ადრე ბედუკაძე ადვოკატ ამრანს ჩავაბარეთ. ადვოკატის თანდასწრებით ბედუკაძეს ბინის დასაქირავებლად გარკვეული თანხა გადავეცით. ბედუკაძე ამ შეხვედრაზეც ჭელიძესთან ერთად მოვიდა. ადვოკატს მოვთხოვე ბედუკაძის გარემოცვის შესწავლა და მოწმისთვის ბელგიის ფედერალური პოლიციის მხრიდან დაცვის უზრუნველყოფა. ამას დაადასტურებს როგორც ადვოკატი ამრანი, ისე ჩემი კოლეგა გიორგი ფოფხაძე.

გულსატკენი უსინდისობა

მინდა ზოგიერთ ჩემს კოლეგას შევახსენო, რომ, როცა ჟურნალისტი იმ ტიპისა და მნიშვნელობის ფაქტობრივი მასალის მოპოვების შესაძლებლობის წინაშე დგება, როგორიც იყო პატიმართა წამების ამსახველი კადრები, ის ვალდებულია, ყველა ზომას მიმართოს ამ მასალის მოსაპოვებლად და გასავრცელებლად. არ ვიცი, ვინ რას იგულისხმებდა «ყველა ზომაში». მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ წამების ამსახველი კადრები ჩვენ  პატიოსანი და ზნეობრივი გზით მოვიპოვეთ და გავავრცელეთ.

ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ყველა ქმედება, დაწყებული ბედუკაძესთან ურთიერთობით და დასრულებული ევროსტრუქტურებსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობით, იყო მხოლოდ ზნეობრივი, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი. ამ ვითარებაში გაოგნებული ვარ, როცა ზოგიერთი ჟურნალისტი და არაჟურნალისტი ლამისაა დამნაშავედ მაცხადებს და მუდმივად ეძებს «შავ კატას ნათელ ოთახში» მაშინ, როდესაც ეს კატა ამ სრულიად ნათელ ოთახში არ არის.

ქრისტეს სწავლებით, შური კაცობრიობის დაავადებაა. ასე მგონია, ჩვენს ქვეყანაში ამ დაავადებამ ეპიდემიის სახე მიიღო. ეს მადარდებს და გულს მტკენს. უმადურებს მინდა ავუხსნა: ეს საქმე რაიმე ეტაპზე რომ «გამსკდარიყო», მე და მასში მონაწილე ჩემს თანამებრძოლებს ისეთი წამებით ამოგვხდიდნენ სულს, კალიგულას წამებები მონაგონი იქნებოდა. უბედურება არ ასცდებოდათ ჩვენი ოჯახების წევრებსაც.

ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ ძალზედ ნაადრევად მიმაჩნია,  მოითხოვოთ ჩემგან დეტალური ინფორმაციის გამჟღავნება, გამომდინარე ჩემი, ჩემი ოჯახის და ჩემი თანამებრძოლების უსაფრთხოებიდან. ჩემი შვილები ერთხელ უკვე გავწირე; როცა ბედუკაძის შვილებს თურქეთში ვაცილებდი, ჩემი შვილები საქართველოში სრულიად დაუცველნი რჩებოდნენ… ვისაც გონება აქვს, უნდა მიხვდეს. გმირობას არ  ვიჩემებ, ჩემი საქმე და ჩემი გზა მაქვს. ფაქტია, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებით სააკაშვილის რეჟიმი გატყდა და არჩევნებში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

ვინ არის ბედუკაძე _ გმირი თუ ჯალათი?

ბედუკაძე გმირია თუ ჯალათი? _ ამ კითხვას უფრო ვრცლად ვუპასუხებდი, რომ არა  ბედუკაძესთან  შექმნილი დაძაბულობა და კონფლიქტი, რომელიც, საბოლოოდ, მისივე ხასიათიდან გამომდინარეობს.

უამრავი პატიმარი ამბობს, რომ ბედუკაძეს იგი არ უწამებია, მას კარგად ეპყრობოდა; ასევე ძალიან ბევრი პატიმარი ამბობს, რომ ბედუკაძე პატიმრებს საერთოდ არ აწამებდა. ამავე დროს, დღეისათვის გამოჩნდა რამდენიმე პატიმარი, რომლებიც პირადად ბედუკაძეს ადანაშაულებენ წამებაში. მაგალითად, მსჯავრდებულები: რატი რეხვიაშვილი, თამაზ რასოიანი, დავით და გიორგი მამულაშვილები. ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეომასალა, რომელშიც პატიმრები ასევე ადანაშაულებენ ბედუკაძეს. აქედან გამომდინარე, კვლავ ისმის კითხვა: აწამებდა თუ არა ბედუკაძე პატიმრებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოძიების პრეროგატივაცაა და ვალდებულებაც. მე კი არ მინდა, რომ ვინმემ მიკერძოებულობაში დამდოს ბრალი, ამიტომ ზოგადი და უკამათო მოსაზრებებით შემოვიფარგლები.

უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ასი კაცი სიკვდილს რომ გადაარჩინო და ერთი აწამო, მაინც დამნაშავე ხარ; შენ რომ არ გსურდეს და სხვისი ბრძანებითა და ძალდატანებით ადამიანი აწამო, მაინც დამნაშავე ხარ; ხელფასის ან ავადმყოფი მეგობრის გადასარჩენად ან თუნდაც შვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად კაცი რომ აწამო, მაინც დამნაშავე ხარ; მეტიც, სამშობლოს გადასარჩენად რომ აწამო კაცი, მაინც დამნაშავე ხარ! ეს სიტყვები ისე არ გაიგოთ, რომ ბედუკაძეს რამეში ვადანაშაულებ; მე მხოლოდ ზოგად პრინციპებზე ვსაუბრობ, ხოლო ბედუკაძის დამნაშავეობა-უდანაშაულობის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.

რაც შეეხება გმირობას: კაცი, რომელიც ვიდეოკამერით იღებდა არასრულწლოვანი ახალგაზრდის ხელკეტით გაუპატიურებას და ამასთან, ვიდეოკამერის წინ ეკითხება ამ ახალგაზრდას: «ხარ მოტ…ული?!», არის კი გმირი? კაცი, რომელიც თვლის, რომ სულიერად ავადმყოფს უკანალში ცოცხს თუ შეურჭობ, გაუპატიურება კი არა, დაცინვაა, არის კი გმირი?

ხმამაღლა ვაცხადებ: ბედუკაძესთან ჩვენ რომ არ გვემუშავა, იგი დღესაც ციხეში იმუშავებდა და წამების ამსახველ კადრებს ძველებურად გადაიღებდა, ხოლო ვანო მერაბიშვილი დღესაც პრემიერმინისტრი იქნებოდა.

კვლავ ვამბობ: ბედუკაძესთან მუშაობას ჩვენ განვიხილავდით, როგორც ცოდვების გამოსყიდვის შანსს მისთვის. თანაც, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბედუკაძე, როგორც თავად ამტკიცებდა, მარტოდენ ვიდეოოპერატორი იყო.

ბედუკაძის პრეტენზიების უსამართლობა

ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ აბსოლუტურად ყველა შეთანხმება, რომელიც კი არსებობდა გიორგი ლომიას, ჩემს თუ ჩემი გუნდის სხვა წევრებსა და ბედუკაძეს შორის, პირნათლადაა შესრულებული. ბედუკაძის პრეტენზიები უსაფუძვლო და გაუგებარია. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლებისა და პარტნიორების წინაშე. ამ თვალსაზრისით, არც ბედუკაძეა გამონაკლისი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არ ვებრძვით ბედუკაძეს, არც ვებრძოდით და არც მომავალში ვაპირებთ მასთან ბრძოლას. ბედუკაძე გვებრძვის, მაგრამ ესმის კი რატომ გვებრძვის? ჩვენ მასთან არაფერი გვაქვს არც გასაყოფი და არც საბრძოლველი. დარწმუნებული ვარ, რომ ბედუკაძის ბრალდებები სინამდვილეში ბედუკაძის ბრალდებები კი არა, ჭელიძისა და მის უკან მდგომი ძალების ცილისწამებებია. მათ სურთ, რომ ბედუკაძე ბრმა იარაღად აქციონ და უდანაშაულო ადამიანების კომპრომეტირებაში ჩააბან. დაუფიქრდით: ხვალ, შესაძლოა, ბედუკაძეს რომელიმე ყოფილ, პატიოსან და უდანაშაულო პატიმარზე ათქმევინონ, რომ ის .. ნასედკა იყო, ან რომ იგი ხელკეტით გააუპატიურეს, მაშინ, როდესაც მსგავსი არაფერი მომხდარა. კიდევ ერთხელ ვურჩევ ბედუკაძეს, რომ გონს მოეგოს და სიმართლის მხარეს დადგეს.

ირმა ინაშვილი,

მედიაკავშირ «ობიექტივის» ხელმძღვანელი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here