Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჭკუასელი: ზუგდიდელები არ გაჰყვებიან ისეთ კაცს, რომელსაც ჭის სახურავი დაბოქლომებული აქვს,...

თემურ ჭკუასელი: ზუგდიდელები არ გაჰყვებიან ისეთ კაცს, რომელსაც ჭის სახურავი დაბოქლომებული აქვს, ვინმემ რომ არ მოუწამლოს

577

თემურ ჭკუასელი შეუდგა დეპუტატის მოვალეობის შესრულებას _ ჩოხატაურის რაიონის ამომრჩევლებმა იგი საქართველოს პარლამენტის წევრად მნიშვნელოვანი უმრავლესობით აირჩიეს. «მაჟორიტარი» ჭკუასელი მადლობას უხდის «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას საარჩევნო კამპანიის პროცესში უანგარო მხარდაჭერისთვის, აღნიშნავს, რომ ჩვენი პუბლიკაციები ყოველთვის დროული იყო, მიუკერძოებლად წარმოაჩენდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ხელს უწყობდა ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, მაშასადამე, ელექტორატს სწორ გეზს უჩვენებდა.

_ კოალიცია «ქართული ოცნების» გამარჯვებაში თქვენმა გაზეთმა თავისი ნამუსიანი სიტყვა თქვა, _ ასკვნის ბატონი თემური.

_ ბატონო თემურ, პარლამენტში ის სიტუაცია დახვდათ, როგორიც წარმოგედგინათ, როგორსაც ელოდით? შეეჩვიეთ პარლამენტარობას?

_ ამ ქვეყანაზე იმდენი რამ მაქვს გადატანილი, იმდენი ტყუილ-მართალი გადახარშული ჩემს გონებაში, რომ დაფეთებული არ ვიყავი _ ეს მოულოდნელი შემოთავაზება ნორმალურად მივიღე. აქტიურობას თანდათან ვეჩვევი. არსებობენ გარკვეული ყაიდის დეპუტატები, რომლებიც მოწოდებულები არიან სალაპარაკოდ, რაც მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სტილია. მე კი მხოლოდ მაშინ ვამბობ, რასაც და როგორც ვფიქრობ, როცა სათქმელია, როცა მეკითხებიან.

უფრო მეტად ვაქტიურობ პარლამენტის კომიტეტებში, სადაც საკითხების საქმიანი და საგნობრივი განხილვა მიმდინარეობს.

ქართველებს ისტორიული თავისებურება გვახასიათებს ზოგადად _ მოუთმენელი ხალხი ვართ. ამის გამო ბევრჯერ დავსჯილვართ ჩვენი ისტორიის მანძილზე. მაგალითად მარაბდის ომიც გამოდგება, როცა არ ისმინეს გიორგი სააკაძის, ამ სწორუპოვარი სარდლის, რჩევა, ახლა რომ იტყვიან, ტაქტიკური ხასიათის.

მცირენი იყვნენ ქართველები, მაგრამ გაიმარჯვეს, გაყარეს სპარსელები, მაგრამ შემდეგ შემოუბრუნდა მტერი და ცნობილია, რაც მოხდა…

_ «აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია»?

_ ეგრეა.

ყველაფერი ძალიან მალე გვინდა მოხდეს. მაგრამ საპარლამენტო მუშაობას, განსაკუთრებით, დღეს, როცა ქვეყანა გვაქვს დასალაგებელი, დრო სჭირდება: ფიქრისთვის, განსჯისთვის. შეცდომა რომ არ დავუშვათ. ხალხი, იცით, რას ითხოვს, უპირველეს ყოვლისა?

_ ?

_ სამართლიანობას. რომელიც ისეა შერყვნილი, რომ უცებ ვერ აღდგება.

_ მცირენი იყვნენო ქართველები, თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ახლა ხომ უმრავლესობა ხართ?

_ მართალია, მაგრამ ორივე მხარეს ქართველები ვდგავართ, თუმცა ეს ხელს არ უშლის საპარლამენტო უმცირესობას, განახორციელოს გამიზნულად ხელის შეშლის უაზრო ტაქტიკა.

ჩემი აზრით, პარლამენტში არ უნდა იყოს ისეთი კაცი, რომელიც ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყების მეორე დღესვე უფლებას მისცემს თავის თავს, დასვას ასეთი შეკითხვა:

_ სად არის თქვენი დაპირებული ტრაქტორები? ხალხი ელოდება ამ შემოდგომაზე ტრაქტორებს.

არადა, სწორედ ეს იკითხა ერთმა ჩვენმა კოლეგამ.

ეს იმდენად აბსურდული შეკითხვა იყო, რომ, მგონი, უმცირესობის წევრებსაც გაეცინათ.

ასეთი ჩასაფრებული პოზიციით იწყებს შემოტევას საპარლამენტო უმცირესობა.

ჩვენი, უმრავლესობის ვალდებულებაა, გავუძლოთ და მოვუთმინოთ, მაგრამ ხალხი, ამას რომ ისმენს და უყურებს, ძალიან ღიზიანდება.

_ გავრცელდა ინფორმაცია ახალაიების მამის განცხადების სახით, რომ თითქოს ირაკლი ალასანია ზუგდიდში გეგმავდა სახალხო დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომის დაწყებას. თქვენი შეფასება.

_ ვინც ალასანიას ახლოს იცნობს, ის, რა თქმა უნდა, ამ ცილისწამებას არ დაიჯერებს. ეს ახალგაზრდა კაცი სახელმწიფოებრივად აზროვნებს, სულით ხორცამდე პატრიოტია თავისი ქვეყნის, კეთილშობილი და უპატიოსნესი ადამიანია. თავის დროზე მან ჩემი, ჩვეულებრივი მოქალაქის, ყურადღება სწორედ ასეთი თვისებით მიიქცია _ თავისი მოღვაწეობით, აზროვნების სიწრფელით, კულტურით.

ახალაიას უსაფუძვლო და სრულიად უსაგნო მტკიცების საწინააღმდეგოდ შეიძლება აშშ ელჩის ზუგდიდში ჩასვლა გამოვიყენოთ. ეს დიპლომატი იმიტომ ჩავიდა ზუგდიდში, რომ სწორედ «ნაციონალების» მხრიდან ელოდა არეულობის  საშიშროებას. მისი ვიზიტი პრევენციული ხასიათისა იყო.

ზუგდიდელებიც ამ აზრისანი არიან. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაჰყვებიან ისეთ კაცს, რომელსაც ჭა სახლში, შენობაში აქვს შეტანილი და ჭის სახურავი _ დაბოქლომებული, ვინმემ რომ არ მოუწამლოს.

ეს შიში კი მისდამი ხალხის ზიზღის შედეგად ჩაუდგა ტვინსა და სხეულში.

ერთ-ერთმა პარლამენტარმა თქვა, რომ პატიმარ ბაჩანა ახალაიას ოპოზიციონერები ასე გამწარებით იმიტომ იცავენ, რომ უმრავლეს მათგანს მისი ბედის გაზიარება მოუწევსო.

გოგლა ჟვანიამ თქვა, რომ ელოდა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბოდიშის მოხდით დაიწყებდნენ საუბარს.

მაგრამ მოხდა პირიქით და ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

_ მათ შორის, ალბათ, იმაზეც, რომ ერთმანეთს მიყოლებული დემარშები ნაციონალბოლშევიკების პარტიის ტაქტიკაა. ამას ადასტურებს გენერალური შტაბის დაპატიმრებული უფროსის ოჯახში სააკაშვილის დემონსტრაციული მისვლა. დინების წინააღმდეგ მიდიან?

_ თუ სათავეს მივაკითხავთ, ამ კითხვას პასუხი მარტივად გაეცემა. გამოდის პრეზიდენტი, საჯაროდ აღიარებს დამარცხებას, აცხადებს, რომ გადადის ოპოზიციაში. თავისთავად ამის განცხადება ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ნონსენსს. მისგან ასეთი ალოგიკურობა ადრეც გვსმენია. ასე აზროვნებს: მე მაქვს ბერკეტები კრიზისის გამოსაწვევად, შემიძლია ექვს თვეში დავითხოვო პარლამენტი და ა. შ. მაგრამ ახლადმოსულ ძალას ვაძლევ საშუალებას, ჩამოაყალიბოს მთავრობა და გაშალოს საქმიანობა. ეს განაცხადა სიტყვიერად, როგორც ყოველთვის ხდებოდა, საქმით კი პირიქით ირჯება. ხომ თქვა, რომ ახალმა ძალამ მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოსო? თქვა. მთავრობაში თავდაცვის ახალი მინისტრიც ხომ მოიაზრება? მოიაზრება. მაგრამ თავდაცვის მინისტრის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე იგი გენერალური შტაბის უფროსს ნიშნავს ისე, რომ არ ელოდება თავდაცვის მინისტრის მოსვლას.

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ, მინიმუმ, არასახელმწიფოებრივად აზროვნებს და  ქვეყანაში შეგნებულად ქმნის კონფლიქტს. ამაზე რატომღაც არ ლაპარაკობენ. მისი ქმედება თქვენს შეკითხვაზე გაცემული პასუხია და მიმართულია იქითკენ, რომ ახლადმოსული ძალა რაც შეიძლება მალე დასამარდეს, ანუ, როგორც თვითონ ამბობენ, ექვს თვეში აიღონ რევანში.

_ ბაჩანა ახალაიას დაპატიმრება მართლა უკანონოა? რა განწყობილებაა ამასთან დაკავშირებით დეპუტატთა კორპუსში?

_ პარლამენტარები ძალიან მშვიდად და წყნარად ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება. განცხადებებიც არ კეთდება, პოლიტიკური ზემოქმედება რომ არ დაგვაბრალონ, თორემ სათქმელი ბევრია.

მთავარმა პროკურორმა და მისმა თანამშრომლებმა ძალიან კარგად იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ. ჩვენ კი თავი უნდა შევიკავოთ ჩარევისგან. ჩვენ მათ ვენდობით. თქვენს მკითხველებს შემიძლია პირდაპირ ვუთხრა, რომ არჩილ კბილაშვილი უაღრესად პატიოსანი ადამიანია. ყოველთვის მოქმედებს კანონის მიხედვით და, რახან ახალაია დაპატიმრებულია, ეს გაკეთებულია სავსებით კანონიერად, ამიტომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

_ ხელისუფლება ხალხმა ახალაიას გამო არ შეცვალა. თქვენს ამომრჩევლებს ბევრი საკითხი ჰქონდათ მოსაგვარებელი. ჩოხატაურში დაიწყეთ მუშაობა დაპირებების შესასრულებლად?

_ მე, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ჩოხატაურის საკრებულოში დასალაგებელ საქმეებში ჩარევის უფლება არ მაქვს, მაგრამ შევხვდი საკრებულოს დეპუტატებს, ვესაუბრე და მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები. მე ვუთხარი, რომ დამთავრდა ის პერიოდი, როცა ისინი წესიერად თუ უწესოდ, ყველანაირად მებრძოდნენ, მაგრამ დავივიწყოთ-მეთქი ყველაფერი, წელიწად-ნახევარი ერთად მოგვიწევს მუშაობა. თუ თქვენი კუთხე გიყვართ, ამ პერიოდში უამრავი რამის გაკეთება შეიძლება და დავიწყოთ ერთობლივად ხალხის საკეთილდღეოდ საქმიანობა.

დამეთანხმა ყველა. ოთხშაბათს, თქვენი გაზეთი რომ გამოდის, იმ დღეს ჩოხატაურში ვიქნები და შევუდგები პირველი რიგის საქმეების მოგვარებას. დავიწყებთ მოქალაქეების მიღებას _ ძალიან ბევრი ადამიანი მელოდება, ჩვენი პრინციპი იქნება პრობლემების ერთობლივად მოგვარება და არა მოწყალების ერთდროულად გაცემით ფონს გასვლა.

ბოლოთქმის მაგიერ:

_ არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს სოფელ ბუკნარში გურულებმა ღია ცისქვეშ დიდი სუფრა გაშალეს, _ იხსენებს თემურ ჭკუასელი, _ მიგვიწვიეს. რა თქმა უნდა, წავედით მე და ჩემი მეგობრები. ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო, გულიანი, გულითადი, გულწრფელი სიხარული.

აგვიტაცა სიხარულის ამ ტალღამ და ჩვენ, ბიჭებმაც ვიმღერეთ. სიმღერა ვთქვით. ძალიან მოიწონეს, ტაშით დაგვაჯილდოეს და შემდეგ ჩაილაპარაკეს (ერთი გურული მეორეს ეუბნებოდა):

_ აი (მე მგულისხმობდა, ეგო) ასე თუ აპირებს სოფლის შენებას, დავღუპულვართ და ეგ არისო!

(გულიანად ვიცინით, დიდხანს):

«სოფლის შენებას რა უნდა,

ერთი პირველი ხმა უნდა»…

და ასე შემდეგ.

ჩამოვა ჩოხატაურიდან ბატონი თემური და ახალ ნაკვესებს ჩამოიტანს.

მაგიდაზე კი იდო მისი წიგნის ბოლო კორექტურის ამონაბეჭდი გვერდები.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here