Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ აწყობს გაფიცვებს და ვის აწყობს გაფიცვები?

ვინ აწყობს გაფიცვებს და ვის აწყობს გაფიცვები?

551

გასულ კვირას თბილისელებმა, «ყვითელი ავტობუსების» მძღოლების გაფიცვის გამო, გარკვეული დისკომფორტი იგრძნეს, თანაც სწორედ იმ მომენტში, როდესაც გაფიცულების დაპირისპირება ქალაქის ხელისუფლებასთან კულმინაციას უახლოვდებოდა, გაჩნდა ცნობები მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვის თაობაზე და რომ პროტესტს ახლო მომავალში შეიძლება სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც შეუერთდნენ. ყოველივე ეს მთლიანობაში, დედაქალაქის შესაძლო პარალიზების არცთუ სახარბიელო წარმოსახვით სურათს ქმნიდა. რა მოტივები იდგა გაფიცულების მოქმედების უკან და რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს გაფიცვების ტალღამ მომავალში?

რატომ მაინც და მაინც ახლა?

საინტერესოა, რომ ნებისმიერ ახალ გაფიცვასთან დაკავშირებით მყისიერად ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ჩნდება: ა) მათ პროვოცირებას ყოფილი ხელისუფლება ახდენს, რათა ახალს პრობლემები შეუქნას; ბ) ამას აკეთებს ახალი ხელისუფლება, რათა კედელთან მიიმწყვდიოს სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებული ჩინოვნიკები ან საწარმოების მეპატრონეები (უპირველესად კი, თბილისის მერი _ გიგი უგულავა), რომლებიც, თავის მხრივ, აქტიურად უპირისპირდებიან მას. მესამე, ყველაზე მარტივი, ლოგიკური და ნაკლებად კონსპიროლოგიური ვერსია, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დომინანტური გახდებოდა, გ) «მშრომელები თავიანთი უფლებების დაცვისთვის იბრძვიან», ამ ორ ვერსიას შორის თითქოსდა იჭყლიტება და მას კომენტატორების შედარებით მცირე ნაწილი იზიარებს. ვერაფერს ვიზამთ, სამამულო კონსპიროლოგიას, რომლის ფარგლებში ნებისმიერი ადამიანი განიხილება, უპირველეს ყოვლისა, როგორც სხვა ძალების მარიონეტი, ჩვენს ცნობიერებაში ფესვები მყარად აქვს გადგმული და მათ ამოძირკვას წლები, თუ არა ათწლეულები, დასჭირდება.

აუცილებელი წინაპირობა გაფიცვის დაწყებისთვის საქართველოში დასაქმებულის მკვეთრი უკმაყოფილებაა; მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, ნებისმიერმა მათგანმა იცის, რომ ტოტალური უმუშევრობის პირობებში, უამრავი ადამიანი მისი სამუშაო ადგილის დაკავებას ნაკლები გასამრჯელოს სანაცვლოდაც დათანხმდება, ხოლო მონათმფლობელური შრომის კოდექსი, დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს, ის, პრაქტიკულად, უპრობლემოდ ქუჩაში გამოაგდოს. ამიტომ საქართველოში არავინ გაიფიცება, თუ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი არ იარსებებს და მდგომარეობა აუტანელი არ გახდება.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენი ითმინეს ქუთაისის ქარხანა «ჰერკულესის» მეტალურგებმა, სანამ გასული წლის სექტემბერში გაიფიცებოდნენ. საწარმოს მფლობელები და ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ. მაგალითად, როდესაც 2010 წლის ივნისში საწარმოს თანამშრომლებმა ხელფასის დაგვიანება გააპროტესტეს, 7 მათგანი დაიჭირეს და ხულიგნობისთვის 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი მთელი თვის განმავლობაში შეირაღებული პირების (სავარაუდოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელების) ზედამხედველობის ქვეშ ამუშავებდნენ. მეტალურგებს არ უნაზღაურებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ სასადილოთი, საშხაპითა და ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა, ღამის საათებში, როდესაც ტრავმების რისკი იზრდება, მედპუნქტი დაკეტილი იყო. მეტალურგებს უკრძალავდნენ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნას, ამისთვის დაჭერით ემუქრებოდნენ და სამსახურიდან აგდებდნენ. როდესაც ისინი გაიფიცნენ, პოლიციამ მათი («საია»-ს შეფასებით, სრულიად უკანონო) დაკავება დაიწყო, «მეტს არ ვიზამ» შინაარსის გაურკვეველ ხელწერილებს აწერინებდა და მუშაობის განახლებას აიძულებდა.

შეიძლება ზემოთქმულმა ოდნავ პათეტიკურად გაიჟღეროს, მაგრამ იმ პირობებში გაფიცვა და ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გმირობის ტოლფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვის დროს «ჰერკულესის» არაერთი თანამშრომელი დაზარალდა, მათ საწადელს ნაწილობრივ მიაღწიეს. გაფიცვამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უცხოური პროფკავშირების, საელჩოების ყურადღება მიიზიდა და საწარმოს მეპატრონეები იძულებულები გახდნენ, შრომის პირობები ნაწილობრივ მაინც გაეუმჯობესებინათ. იმ დღეებში რამდენიმე საწარმოს თანამშრომლები,  სოლიდარობის ნიშნად, თუნდაც მცირე ხნით რომ გაფიცულიყვნენ, ქუთაისელ მეტალურგებს პროტესტი სტალინგრადის ბრძოლასავით ძვირი არ დაუჯდებოდათ და ხელისუფლებას, ისევე, როგორც დამსაქმებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, გონზე მოიყვანდა, თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ, შესაძლოა იმიტომ, რომ «სოლიდარობა» საქართველოში ბოლო დროს ცარიელ სიტყვად იქცა, ან იმიტომ, რომ სამსახურის დაკარგვის და რეპრესიების შეეშინდათ.

დღეს, როდესაც საწარმოს არაერთმა თანამშრომელმა ერთბაშად გადაწყვიტა ყველა გულისტკივილის გამოთქმა, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის წლებში დაუგროვდა, თანაც ისე სწრაფად, რომ ახალ მთავრობას, 100 კი არა, 50 დღეც არ აცალა, კითხვა «აქამდე სად იყავით, თქვე ოჯახაშენებულებოხმამაღლა არავის დაუსვამს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კითხვა საზოგადოებაში არ გაჩენილა; მისი კვალის აღმოჩენა არაერთი კომენტარის თუ გამოსვლის ქვეტექსტში შეიძლებავერაფერს ვიზამთ, თავის დროზე ყველამ «ჰერკულესის» თანამშრომლებს არ მიბაძა და გამბედაობა ვერ გამოავლინა; შედეგად კი მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს.

 შანტაჟი თუ საბოტაჟი?

მართალია, «ყვითელი ავტობუსების» მძღოლების მოთხოვნების გაცნობის შემდეგ აშკარა ხდება, რომ ისინი პრეტენზიებს თბილისის ხელისუფლების მიმართ გამოთქვამენ და ახალ მთავრობასთან გასაყოფი არაფერი აქვთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ როგორ აღიქვამს შექმნილ სიტუაციას ჩვეულებრივი «ობივატელი», რომელსაც კონფლიქტის არსში ჩაწვდომა ნაკლებად აინტერესებს და შეიძლება ძალიან მარტივ სააზროვნო შაბლონამდე მივიდეს, რომელიც მის ქვეცნობიერში დაილექება: «ადრე ტრანსპორტი ნორმალურად მუშაობდა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი პრობლემები შემექმნა». ასე რომ, კრიზისი არა მხოლოდ უგულავას, არამედ, ირიბად, ახალ ხელისუფლებასაც აზარალებს და მისთვის არასასურველია, ის დიდხანს გაგრძელდეს. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია გამოიყენოს შექმნილი სიტუაცია იმისთვის, რომ გაარღვიოს «ნაციონალების» პოზიციები დედაქალაქის ხელისუფლებაში და, მარტივად რომ ვთქვათ, უგულავა კუთხეში მიიმწყვდიოს, თუმცა დაპირისპირების გაწელვა, მისი მიყვანა იმ სტადიამდე, როდესაც თბილისს, ახალი გაფიცვების შედეგად, ტრანსპორტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნება, მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

გიგი უგულავას, ალბათ, მაინც არ აქვს შანსი, პოსტი ვადის ბოლომდე შეინარჩუნოს. მართალია, ფორმალური თვალსაზრისით, ის არჩეული მერია, მაგრამ ყველას ახსოვს, რა პირობებში ჩატარდა ის არჩევნები და მერის მდგომარეობა ამ მხრივ ერთობ საეჭვოდ გამოიყურება. ამასთანავე, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობამ «ნაციონალურ მოძრაობას» ლამის ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა და აშკარაა, რომ დაპირისპირებაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან უგულავას არ აქვს შანსი თბილისელების უმრავლესობის კი არა, რამდენადმე წარმომადგენლობითი უმცირესობის მხარდაჭერას დაეყრდნოს. სტრატეგიული თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა უიმედო ჩანს, თუმცა ის წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს, ისევე, როგორც სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში; ორივეს აღარ ძალუძს რაიმე პრინციპულად შეცვალოს, თუმცა ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამ გააფუჭოს.

გაფიცვების ტალღასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მოედო, არსებობს ფართოდ გავრცელებული ვერსია, რომლის მოკლე შინაარსის გადმოცემა დაახლოებით ასე შეიძლება «გაფიცვების პროვოცირება «ნაციონალებმა» დაიწყეს, რათა ახალი მთავრობისთვის მყისიერად პრობლემები შეექმნათ, შემდეგ კი «ქართულმა ოცნებამ» პრინციპით «თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო» იგივე იარაღი მათ წინააღმდეგ (გაფიცვების «თბილისურ» ეტაპზე) გამოიყენა». ამ ვერსიის თანახმად, ორივე მხარე ცდილობს, მშრომელების უდავოდ სამართლიანი, წლების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნები (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) მოწინააღმდეგის დასასუსტებლად გამოიყენოს.

იმის თაობაზე, თუ რა როლს ასრულებს პროვოკაცია გაფიცვების დაწყებაში, ალბათ, აჯობებს არა ორ ბანაკად დაყოფილ ქართველ კომენტატორებს, არამედ საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორს, ფადი ასლის, მოვუსმინოთ, რომელმაც ფოთის გაფიცვასთან დაკავშირებით 2 ნოემბერს შემდეგი განცხადება გააკეთა: «პალატა მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ინიციატორები არიან ამ ნეგატიური მოვლენების. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდა მოქმედი მთავრობის სისტემატიური დისკრედიტაციის მცდელობა, რაც გამოიხატება სოციალური უკმაყოფილებით და აისახება ქმედებებში, როგორიცაა: ლტოლვილების მიერ თბილისის მრავალ შენობაში არაკანონიერი შესახლება, რეგულარული არეულობები საქართველოს ციხეებში და უამრავი გაფიცვის ინციდენტი, ხელფასების 100%-იანი გაზრდის და სხვა მრავალი არარეალური მოთხოვნით. კარგად დაგეგმილი და შესაბამისად კონტროლირებული ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე, ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას» («ინტერპრესნიუსი»). თუ ამ განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამერიკელი ბიზნესმენი დარწმუნებულია იმაში, რომ გაფიცვები განგებ პროვოცირებული და მართულია. მან პირდაპირ თქვა ის, რასაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ერიდება იმის გამო, რომ «შეთქმულების თეორიების» შეთხზვაში არ დაადანაშაულონ.

დამოკიდებულება ფადი ასლის მიმართ ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანია, თუმცა არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ ის კარგად გრძნობს, რა მიმართულებით უბერავს ქარი აშშ-ის საელჩოს და საქართველოს მთავრობის დერეფნებში. თუ მსგავს განცხადებას, თავის დროზე, სააკაშვილი გაეცნობოდა, ის, სავარაუდოდ, გაიგებდა მას, როგორც მინიშნებას «კარტ-ბლანშის» არსებობაზე, დიდი ალბათობით, ფოთში პოლიციის დამატებით ძალებს შეიყვანდა და გაფიცულებს სასტიკად გაუსწორდებოდა. თუმცა ბიძინა ივანიშვილი, მისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ სწრაფმა და ხისტმა მოქმედებამ ასეთ სიტუაციაში შეიძლება ნეგატიური შედეგი მოიტანოს. პროვოკატორების მოქმედებისა და გაფიცულების სამართლიანი მოთხოვნების გამიჯვნა ერთმანეთისგან სერიოზულ დაკვირვებასა და გარკვეულ დროს მოითხოვს; ეს, სავარაუდოდ, ის სიტუაციაა, როდესაც სჯობს, სამი დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს. ამიტომ ის არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები, რომელზეც ფადი ასლი საუბრობს, უდავოდ არსებობს.

ცეკვები ბეწვის ხიდზე

პირველი და მთავარი, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოს, «შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა» (სხვათა შორის, ეს ციტატა ახალი მთავრობის პროგრამიდანაა). ამის გარეშე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობების (ან თუნდაც მათი კონფლიქტის) მოქცევა ცივილურ კალაპოტში ვერ მოხერხდება და ის, ისევე, როგორც სააკაშვილის მმართველობის წლებში, დარჩება «ბრძოლად წესების გარეშე». ასევე სასურველია, რომ «ქართულ ოცნებას» არ გაუჩნდეს ცდუნება, «ნაციონალების» წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენოს იგივე იარაღი, რომლის წაპოტინება მათ სცადეს, პოლიტიკური მიზნების მიღწევა, გიგი უგულავას კაბინეტიდან გაძევება იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამის გარეშეც შეიძლება.

პროფკავშირებმა, ალბათ, კეთილი ნება უნდა გამოავლინონ და მომავალში (რადგან ამჯერად ეს ვერ მოხერხდა) გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, თუნდაც 100 დღის განმავლობაში, გაფიცვებზე მორატორიუმი გამოცხადდეს (ეს შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ მათზე, ვინც დასაქმებულია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში); თუმცა მსგავს ინიციატივას არანაირი ფასი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე არ გამოავლენს შეგნებას და თვითონ არ შეიკავებს თავს გაფიცვისგან, მანამ, სანამ გარდამავალი პერიოდი არ დასრულდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება მოხვდეს ხაფანგში, რომელშიც რუსეთის იმპერია 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოხვდა, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი თითქოს დათვრა ესოდენ ნანატრი თავისუფლებით და ერთდროულად ყველა სურვილის ასრულება, ყველა მოთხოვნის დაუყოვნებლივი დაკმაყოფილება მოითხოვა. ამან უდიდესი როლი შეასრულა იმ მექანიზმების მოშლაში, რომლებიც სახელმწიფოსა და ეკონომიკის მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. დაიწყო ქაოსი, რომლითაც ბოლშევიკებმა ისარგებლეს, მათ ხელისუფლება აიღეს და «თებერვლის ოცნებები» სამუდამოდ დაასამარეს. იმედია, ქართულ საზოგადოებას ეყოფა ძალა და ნებისყოფა იმისათვის, რომ მსგავს პრობლემებს თავი აარიდოს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here