Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს

ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს

737

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო შუა აზიასა და ევროპას შორის, ბოლო ხანებში კი დანარჩენ მსოფლიოსთანაც, იარაღის კონტრაბანდის ტრანზიტისა და უკანონო ვაჭრობის პუნქტადაა აღიარებული. ამგვარი ვაჭრობის შეწყვეტა კი სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის სამსახურების უშუალო ინტერესების სფეროს უნდა წარმოადგენდეს. ამასთანავე, ამ სავაჭრო ქსელებს შორის კავშირების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ამა თუ იმ «ინტერესების ჯგუფების», მათ შორის ტერორისტული ქსელებისა და მთავრობების, საქმიანობებთან დაკავშირებით, რომლებიც ასეთი ვაჭრობის შეწყვეტით უფრო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე მისი ხელშეწყობით.  ჟურნალისტური გამოძიების სფეროს წარმომადგენელი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც უკვე უკვე 20 წელია საქართველოში ცხოვრობს, «საქართველო და მსოფლიოსთან» დეტალურად საუბრობს ამ საკითხებზე, რომლებსაც იგი «შიგნიდან» იცნობს, როგორც ყოფილი პროფესიონალი სამხედრო და ამჟამად ჟურნალისტური გამოძიებებით დაკავებული პირი.

_ ბატონო ჯეფრი, როგორ იარაღდებოდა საქართველო და ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში?

_ აქ ჩართული იყო ამერიკა, სერბეთი, იორდანია, უკრაინა და ისრაელი – ზოგი მათგანი ოფიციალურად, ზოგი – არაოფიციალურად. შეიარაღების პროცესი, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო, ხოლო იარაღის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენებული იქნა საქართველო, კერძოდ _ მისი საპორტო და სარკინიგზო ქსელები. შემდგომში იარაღი მასობრივად «მოზღვავდა», როდესაც ამერიკის 64-მილიონდოლარიანი «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამა ამოქმედდა. როგორც იმ პერიოდში აღნიშნავდნენ, პროგრამის მიზანი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა იყო, მაგრამ ეს არ იყო მისი ძირითადი მოტივაცია.

საქართველოში აღმოჩნდა ასევე გერმანული წარმოშობის სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის «ჩემრინგის» ნაწარმი, სერბული წარმოშობის იარაღი, აგრეთვე, იორდანიის იარაღის ექსპორტის სახელმწიფო სააგენტოსთან გაფორმებული კონტრაქტით შემოზიდული, KADDB-სა და მელვეილის კორპორაციის _ სეიშელში დაფუძნებული ოფშორული კომპანიის მიერ მოწოდებული იარაღი. ჩემს ხელში მოხვდა ამ მოწოდებების საბოლოო მომხმარებლების სერთიფიკატები და შევთავაზე კიდეც ისინი აშშ-ის საელჩოს გასაცნობად, მაგრამ ამ საკითხით იქ არავინ დაინტერესებულა.

იარაღის სხვა სახეობები, რომლებმაც ოფიციალურად და არაოფიციალურად გამოიარეს გზა და მოხვდნენ საქართველოში, არის  ისრაელში წარმოებული კასეტური ბომბები მ-85 და ჩინეთში დამზადებული ავტომატები AK-47, საქართველოსა და რუსეთის არმიები ასევე ჰყიდდნენ იარაღს ჩეჩენ მეომრებზე, განსაკურებით მაშინ, როდესაც რუსებს ჯერ კიდევ ჰქონდათ სამხედრო ბაზები საქართველოში. საქართველო იარაღის ერთი დიდი ბაზარია.

ეს სია კიდევ უფრო გრძელია, ხოლო საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს იარაღით საერთაშორისო ვაჭრობაში, არა მხოლოდ მისი ტერიტორიული თვალსაზრისითა და საპორტო შესაძლებლობებით, არამედ საბანკო სისტემის მხრივაც. მე მაქვს ასევე დოკუმენტაცია აშშ-ში წარმოებული იარაღის თურქმენეთში გადაზიდვის მცდელობების შესახებ. 

_ რა კავშირი არსებობს კონგოში ჩამოგდებულ თვითმფრინავს, ბატონ კოდუასთვის იარაღის ტრანსპორტირების შესაძლებლობების ჩამორთმევასა და ქართველ მეზღვაურებს შორის?

_ ქართველებთან მიმართებაში, ზემოაღნიშნული კავშირების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ საქართველოში ბაზირებულ ჰოლდინგურ კომპანიებსა და რუს და სლოვაკ იარაღით მოვაჭრეებზე. მე შემიძლია ზოგიერთი მათგანის გვარებიც კი ჩამოვთვალო, მაგალითად, რუსლან გილჩენკო და ვიქტორ დობრეგაიევი, რომლებიც ამჟამად აშშ-ის ფედერალურ ციხეში არიან საიდუმლო გამოძიების შედეგად, რომლითაც გამოვლინდა იარაღის ტრანზიტის მცდელობა საქართველოს გავლით.

სწორედ ამ გამოძიებაზე დაყრდნობით შემიძლია მოგაწოდოთ იარაღის კონტრაბანდის დეტალები. აშშ-ის ფედერალური მოსამართლე დრედერიკ ჯეი მარტონი, აშშ-ის საოლქო მოსამართლე, შეეცადა შეეჩერებინა ეს გამოძიება 2012 წლის 18 ივლისის დაცვითი გადაწყვეტილებით.

მაგრამ მან ვერ  მოახერხა, დაეცვა ფედერალური კანონი საპროცედურო განხილვისა და მართლმსაჯულების შესახებ. მოსამართლის მცდელობები, რომ დაეცვა ამერიკელი იარაღით მოვაჭრეები, წარუმატებელი აღმოჩნდა, გარდა «იუთუბიზე» და ინტერნეტში გავრცელებული კლიპებისა და ტიმ ბრინის, ახალგაზრდა ჟურნალისტისა და სამხედრო კორესპონდენტის, საქმიანობისა,  რომელიც ჩემთან ერთად მუშობდა და რომელიც ჩამოაშორეს საქმიანობას, როდესაც ავსტრალიაში იმყოფებოდა. 

თვითმფრინალი «ილ-76» რეგისტრირებული იყო საქართველოში, ისევე, როგორც ბევრი სხვა თვითმფრინავი, რომლებსაც კონტრაქტის საფუძველზე იყენებდა გაერო აფრიკაში. როდესაც ეს თვითმფრინავები არ ასრულებენ გაეროს სამშვიდობო მისიებს ან არ გადააქვთ სურსათი, არ გადაჰყავთ დამხმარე პერსონალი და ა.შ., ისინი დაკავებულნი არიან იარაღის უკანონო გადაზიდვით. ჩემს ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნულ თვითმფრინავს მართავდა ბათუმში დისლოცირებული დასავლეთის საჰაერო ბაზის ეკიპაჟი, რომელიც იყენებდა ახალი ზელანდიისა და ჰონგ-კონგის დოკუმენტაციას (Union Top Management), რაც სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის მიწოდების მექანიზმის ნაწილს წარმოადგენდა. ეს და სხვა თვითმფრინავები უკავშირდებოდა აშშ-ის კომპანიებს კალიფორნიაში და სომხეთში და შემდეგ დაუბრუნდა უკან ვიქტორ ბუტის კერძო კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია შვეიცარიაში, თუმცა იგი რამდენიმე წლის შემდეგ მფლობელობაში გადაეცა დასავლეთის ბაზას ბათუმში, საქართველოში. რაც შეეხება კონგოში ჩამოგდებულ თვითმფრინავს, იმ დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მოკლეს, ხოლო თქვენ მიერ ზემოთ ნახსენები ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ტყვედ იქნენ აყვანილი, ყველაფერი ეს იმ მექანიზმის ნაწილია, რომელიც უცხოურმა სადაზვერვო სამსახურებმა შეიმუშავეს.

 აქ მათი მოტივაცია ნათელი უნდა იყოს: საქართველო არის იარაღის კონტრაბანდის მთავარი სატრანზიტო პუნქტი, იარაღი ნარკოტიკებზე იცვლება. ამ ოპერაციის შედეგად მიღებული შემოსავალი კი გამოიყენება სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საიდუმლო საქმიანობებისთვის.

_ რა შეგიძლიათ თქვათ კრიალაშვილისა და ოთანაძის საქმის შესახებ და ერაყიდან ჩამოტანილ ხელოვნების ნიმუშზე?

_ ამ საქმეების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ არ გამიკვირდებოდა, თუ ერაყის საჰაერო ძალების რომელიმე ყოფილი გენერლის ვინმე ახლობელი, მაგალითად, შვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და მუშაობდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორთან. მე მითხრეს, რომ ქართველ ჯარისკაცებს ხშირად მოჰქონდათ სხვადასხვა «სამახსოვრო საჩუქარი» ერაყიდან.

_ არსებობს თუ არა ალბათობა, რომ «არაბული გაზაფხულის» პერიოდში, მოწინაღმდეგე მხარეები, განსაკუთრებით – სირიასა და ლიბიაში, საქართველოდან გატანილი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი?

_ დიდად სავარაუდოა, რომ ასე იყო. მე ამ საკითხზე ახლაც კი ვმუშაობ. მე ნამდვილად ვიცი, რომ ე. წ. სირიული ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების წინ იმყოფებოდნენ საქართველოში და ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დიდი ალბათობით, ეს მოხდა უცხოური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით. ჩემმა წყაროებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში ამჟამადაც კი შემოაქვთ იარაღი იორდანიისა და სხვა ქვეყნების გავლით და ხორციელდება მათი შემდგომი ტრანსპორტირება თურქეთში ქუთაისის ადგილობრივი აეროპორტისა და სხვა წყაროების მეშვეობით.

ძირითადად, უცხოური მთავრობები, ნატოსთან დაახლოებული ქვეყნების ჩათვლით, საქართველოს იყენებენ, როგორც სატრანსპორტო დერეფანს მესამე ქვეყნებისკენ, და ეს პროცესი უკვე მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს დასკვნა ემყარება არა მხოლოდ საბოლოო მომხმარებლის დოკუმენტს, რომელიც ჩემს ხელში მოხვდა, ან ჩემს საგამოძიებო მუშაობას, არამედ, აგრეთვე, საერთაშორისო ცნობებსაც აფრიკაში ჩამოგდებული თვითმფრინავისა და ჰოლდინგური კომპანიების მფლობელობისა და რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც ამ მექანიზმშია გამოყენებული.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოზე გადის იარაღის კონტრაბანდის ძირითადი მარშრუტი მესამე ქვეყნებისკენ.

_ იარაღის კონტრაბანდის მექანიზმზე რას გვეტყოდით?

_ მე შემიძლია დეტალურად აგიხსნათ, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, და არა მარტო დოკუმენტურად, არამედ საიდუმლო ჩანაწერების მაგალითზე, რომელიც იარაღით ვაჭრობის ერთ-ერთი გარიგების დროს მოლაპარაკებებისას გაკეთდა ამერიკის მომხმარებელთა ოფისის აგენტებსა და დილონ აეროს _ იარაღის მწარმოებელს შორის არიზონას (საიდანაც გახლავთ სენატორი ჯონ მაკკეინი) შტატიდან:

«სპეციალური საიდუმლო აგენტი: _ … ეს იქნება კანონიერი გადაზიდვა აშშ-დან, მაგრამ უკანონო შეტანა თურქმენეთში. ეს დაახლოებით ასეა. ხოლო ის, თუ საით წავა შემდეგ ეს იარაღი, უკვე სხვა საკითხია. ასეთი მექანიზმები  იმ  კომპანიების თამაშის ნაწილია, რომელშიც გერმანიაც მონაწილებს და ყალბი დოკუმენტები და სერთიფიკატები გამოიყენება. ტრანზიტი განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით».

იარაღით მოვაჭრე: _ კარგი, ეს არის უკანონო ან ნაწილობრივ უკანონო მიწოდება თურქმენეთში. როგორ მოვამზადებთ კონტრაქტს?

სპეციალური საიდუმლო აგენტი: _ ჩვენ ვაპირებთ მოვამზადოთ კონტრაქტი, რომელიც არ იქნება უკანონო. ის, რასაც ვაპირებთ, არის, რომ დილონი ამას არ იზამს მანამ, სანამ არ მექნება დოკუმენტი, რომელსაც ისინი შეამოწმებენ. უკვე ითქვა, რომ დილონი უნდა გაეცნოს მას. იგი ყურადღებასაც კი არ მიაქცევს, ვინ მიუტანს. მან მომყიდა მე ეს გარიგება და მე შევკარი ყველაფერი. ამიტომ არსებობს რამდენიმე გზა, რომ ვიმოქმედოთ და შენი გადასაწყვეტია, რა ვქნათ. ყველაზე ადვილია, თუ მივიღებ საექსპორტო ლიცენზიას, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. მეორე უმარტივესი გზაა თქვენი ხალხი. შეგიძლიათ მიშოვოთ საბოლოო მომხმარებლის სერთიფიკატი თურქმენეთიდან? ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მე არ შემიძლია იქ შეტანა. ეს კი თქვენ გინდათ. ასე რომ, ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის საბოლოო მომხმარებლის პოვნა სხვა ქვეყნიდან. შეძლებთ ამას? თუ თქვენ მე გჭირდებიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გავაყალბო დოკუმენტები და მივიტანო იქ, სადაც უნდა წავიდე?

იარაღით მოვაჭრე: _ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თქვენ გვჭირდებით.

სპეციალური საიდუმლო აგენტი: _ ამგვარად, გასაფორმებელ დოკუმენტებში ნათლად უნდა იყოს მითითებული საბოლოო მომხმარებელი, რადგან ის არის გადამხდელი ჩვენთვის. და ჩვენ გვჭირდება ეს დოკუმენტები. ჩვენ უნდა გამოვჩნდეთ, რადგან… დოკუმენტი, რომელიც შევა სერთიფიკატში, ზუსტად უნდა იყოს შედგენილი, რადგან ჩვენ არა მარტო გადავიხადეთ ფული, არამედ ჩვენც უნდა გადაგვიხადონ.

თურქმენეთის საბაჟო პროცედურები სხვადასხვაგვარია, თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ისინი ფულს გადაგვიხდიან მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ საბოლოო დანიშნულების ადგილი და საბოლოო მომხმარებელი იქნება თურქმენეთის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო. ეს მკაფიოდ უნდა მიეთითოს სატრანსპორტო დოკუმენტებში, რომლებსაც ჩვენ წარვუდგენთ საბაჟოს. და მეორე: NGჩძ, რომელიც ახლა არის ჩვენი კომპანია და ამავე დროს არის თურქმენეთის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს კონტრაქტორი, იგი ასევე  უნდა მიეთითოს სატრანსპორტო დოკუმენტებში. ეს არის გზა, რომელსაც ისინი ყოველთვის ამჯობინებენ».

_ როგორ შეაფასებთ დასავლელი ინსტრუქტორების ჩართულობას 2008 წლის ომის პერიოდში?

 _ ძირითადად, ისინი იყვნენ სამხედრო კრიმინალის ნაწილი. ისინი ამზადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს უიარაღო მოქალაქეების დასახოცად სამხრეთ ოსეთში, ხოლო ჯარისკაცების ქცევა, მორალური თვალსაზრისით, სრულიად მიუღებელი იყო, და არა მხოლოდ როგორც ჯარისკაცების შესაძლებლობებისა. მე მაქვს სურათები და შემიძლია გიჩვენოთ ისინი. მათი ტრენინგების ხარისხი, შესაძლოა, საკმარისი ყოფილიყო ეროვნული გვარდიისთვის, მაგრამ ახლოსაც კი ვერ მიდიოდა მომზადების იმ მოთხოვნებთან, რაც უნდა ჰქონდეთ ჯარისკაცებს ომში, სადაც მათ წინააღმდეგ გამოდის ისეთი ძლიერი და უკეთ მოტივირებული ძალა, როგორიც რუსეთია. მათი ტრენინგი მოიცავდა მხოლოდ დამხმარე როლს ნატო-აშშ-ის მისიისთვის ავღანეთში, ასევე მეორე უკანონო ომში, რომელსაც აშშ აწარმოებდა ერაყში. 

ჯარისკაცის პროფესიულ დონეზე მოსამზადებლად წლებია საჭირო. ცუდად შეიარაღებული და ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნა დანაშაულია, რადგან იქ მათ ამოხოცავენ. უკეთესი იქნებოდა, თუ ჩეჩენი ინსტრუქტორები გაწვრთნიდნენ ქართველ ჯარისკაცებს, თუ როგორ უნდა იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ ერთგვარი წარმატებით. მე აშშ არმიის ვეტერანი ვარ და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს გაწვრთნილი ჯარისკაცი და რას – მოუმზადებელი.

_ მართალია, რომ იარაღი, რომლის ყიდვაც აკრძალულია ირანში, იქ საქართველის გავლით შეჰქონდათ? იყო და დღესაც არის თუ არა საქართველო სატრანზიტო მარშრუტი ასეთი იარაღისთვის?

_ შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსური მექანიზმებისა და ნავთობგადაზიდვების მხრივ, ირანი იყენებს საქართველოს ბანკებსა და საგზაო ქსელს უკანონო ვაჭრობისთვის. ნავთობი საქართველოს გავლით გადაიზიდება აზერბაიჯანში ავტოცისტერნებით, დასავლეთის სანქციების დარღვევით. ამ მხრივ შემოსავლების მიღებაში ირანს, ძირითადად, მხარს უჭერს GoG-ი. ძალიან სარისკოა თამაში, რომელსაც სააკაშვილი თამაშობს ირანს, აშშ-სა და რუსეთს შორის. სულაც არაა გონივრული ის, რომ ირანს «სახლის ჩადგმის» ნება მისცე საქართველოში, რითაც იგი გვერდს უვლის სანქციებს, და დაეხმარო მას ნავთობის უკანონო ექსპორტში. ისეც კი ხდება, რომ ნავთობი უკან მიეყიდება ამერიკულ კომპანიებს და აზერბაიჯანის დახმარებით გადის დასავლეთის ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გავლით.

_ არიან თუ არა ინფორმირებულები ამერიკელები და კონკრეტულად თეთრი სახლი იმაზე, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ?

_ მათ ყველაფერი იციან, რადგან ყველაფერ ამის ნაწილს წარმოადგენენ. მე მათ რამდენიმე ანგარიშიც კი მივაწოდე არაოფიციალური კონტაქტების მეშვეობით აშშ-ის მთავრობაში საიდუმლო სამსახურების ფარგლებში, და ეს ინფორმაცია მათ გამოიყენეს აჭარის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის, მოსაშორებლად და მისთვის იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზების ჩასაკეტად, ყოველ შემთხევაში, რაღაც დროით მაინც.

_ რა იყო იმის მიზეზი, რომ რუსმა ჯარისკაცებმა და რუსულმა იარაღმა გაიმარჯვა ამერიკულ შეიარაღებასა და ამერიკელების მიერ მომზადებულ ჯარისკაცებზე?

_ ეს არ იყო რეალური ომი. საშუალო ქართველი ჯარისკაცი უკეთესად იბრძოდა და, ძირითადად, იმარჯვებდა, მაგრამ ომის მოგება არასოდეს ყოფილა იმ პირთა განზრახვა, რომლებმაც მისი დაწყების ბრძანება გასცეს. განზრახვა მდგომარეობდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის მექანიზმების გამოცდაში, თუ როგორ კოორდინირებდნენ ისინი ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში (ერთიანი კონტროლი), რომელი იარაღის გამოყენება შეეძლოთ. ამას დაზვერვის ენაზე ეწოდება «თამაშის თეორია», ანუ ის, რომ გამოიცნო, თუ რა ნაბიჯს გადადგამს მოწინააღმდეგე ნახევრადსაომარ პირობებში.

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი სისტემა განადგურდა. ქართული არმიის რადიოელექტრონული დაცვის სისტემა გაითიშა ერთი კვირით ადრე და მოსამსახურეები დაითხოვეს. ასე რომ, რუსეთმა სრულად შეძლო საჰაერო სივრცის გაკონტროლება. მათ სურდათ ენახათ, თუ როგორ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები. თავდაცვის დეპარტამენტის დამკვირვებელთათვის დიდად გასაკვირი იყო, რომ ქართული ჯარის ოფიცრები გარბოდნენ და ბრძოლაში სასიკვდილოდ წირავდნენ მიტოვებულ ჯარისკაცებს. თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი დონის ხელმძღვანელობამ მთლიანად დაკარგა მოვლენებზე კონტროლი.

მხოლოდ თურქეთის დახმარებითა და «ყარსის ხელშეკრულების» პირობების მეშვეობით გახდა შესაძლებელი ომის შეწყვეტა. მე ამაში ვერ ვხედავ საფრანგეთის პრეზიდენტის ან ფრანგული დიპლომატიის დიდ წვლილს. ეს უფრო ითქმის ძველდროინდელ შეთანხმებაზე, რომლის შესახებაც ქართველების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ იგი დღესაც მოქმედებს. 

_ თქვენ მუშაობთ აჭარის საკითხებზე და იცით, რომ იქ რელიგიური ხასიათის პრობლემებია. საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ელჩის სიტყვები ესმით, როგორც თეთრი სახლის პოზიცია; ბატონ ჯონ ბასს ქართველების უმრავლესობისგან განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე. ამიტომ ქართველები ფიქრობენ, რომ რელიგიასთან დაკავშირებული ყველა პროექტი ამერიკულია. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ თემაზე?

_ საქართველოში სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ და ეს პრობლემა არაა. რელიგია პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მისით მანიპულირებენ შიდა და გარე ძალები, სწრაფი სარგებლის მისაღებად. მე ძალიან კარგად ვიცი ჯონ ბასის ისტორია, მისი კავშირები ბეჩტელთან და KBR-თან, მისი გამოცდილება ლოჯისტიკაში. იგი საქართველოში დაინიშნა ამ გამოცდილების გამო, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინთან კარგი ურთიერთობების წყალობით და არა როგორც კეთილი ნების ელჩი. ჯონ ბასი აქ იყო იმიტომ, რომ აკონტროლებდა «ჩრდილოეთის მარშრუტს» და ადგენდა საქართველოში აშშ-ის ექსპანსიის გეგმებს მეტი სამხედრო ბაზების შექმნის, ლოჯისტიკის გაუმჯობესების და ირანთან შესაძლო ომის გეგმების შესრულების გზით. 

_ გქონდათ თუ არა საუბრები საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან თქვენ მიერ გამოძიებულ საკითხებზე?

_ დიახ, მე მქონდა საუბრები ახალი ხელისუფლებს მაღალი რანგის ჩინოსნებთან. იმ ღამეს, ეგზიტპოლები რომ გამოქვეყნდა, მე ვუთხარი მათ, რომ ახლა უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, რომ დამებრუნებინა საქართველოს მოქალაქეობა, განმეახლებინა 1993 წელს საქართველოს წინაშე დამსახურებისათვის ჩემზე გაცემული ქართული პასპორტი და ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ მეგრძნო თავი. იმ დოკუმენტების გარდა, რომლებიც უკვე გადავეცი ზოგიერთ მაღალჩინოსანს იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა და რა ხდებოდა გასულ წლებში, 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, მე მაქვს დოკუმენტები და სხვა ინფორმაციაც, რომელთა გაზიარებაც შემიძლია დამატებით. მე ასევე ვაპირებ, გადავცე მათ ჩემი გამოძიების მასალები ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერაც ფარდააუხდელია და რომლის გასაიდუმლობაშიც უშუალოდ მონაწილეობდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი აგენტი.

_ როგორ შეაფასებდით ბაჩო ახალაიას საქმეს და ციხეში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს?

_ ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ასეთი ფაქტების შესახებ იცოდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა, ისე ყველა სხვამ, მათ შორის უცხო ქვეყნების საელჩოებმა. მე ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც პირადად იცნობენ ბაჩო ახალაიას. მათი თქმით, ახალაია ავადმყოფია, იგი ხალხს აწამებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გართობა სურდა.

ბაჩოს ძმა _ დათა და მათი მამა _ როლანდი სააკაშვილის ვიწრო წრის დასაყრდენი იყვნენ. ისინი იმ პირებთან ერთად აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოს, რომლებიც მე ზემოთ დავასახელე. ასეთი ხალხის გარეშე სააკაშვილს არაფერი შეუძლია, რადგან ისინი, უკვე წლებია, ფაქტობრივად, აკონტროლებენ ყველაფერს. მათ უფრო მეტი რამ აქვთ დასაკარგი რეფორმებისა და კანონის უზენაესობის ამოქმედების პირობებში, ვიდრე სააკაშვილს. ადრე თუ გვიან, რაც უფრო მოიკრებს ძალას ახალი ხელისუფლება, ყველა ასეთი საქმე იქნება გამოძიებული. 

ციხის ბუნტი რამდენიმე წლის წინ მოეწყო იმიტომ, რომ გადაფარულიყო აზერბაიჯანელი ნარკომოვაჭრის მკვლელობა, რომელიც დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის გადამუშავებული ჰეროინით დააკავეს. ეს ჰეროინი არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოში მტკიცებულების სახით, იგი გაყიდეს, რითაც დიდი სარგებელი ნახეს. პატიმრებისგან, რომლებიც იმ დროს იხდიდნენ სასჯელს ციხეში, გავიგე, რომ ეს ნარკოდილერი ციხეში მოწყობილი ბუნტის დღეს მოკლეს, კვამლის გაშვებისას. ზოგიერთმა ისიც კი მითხრა, რომ ეს ბუნტი წინასწარ სწორედ ამ მიზნით იყო დაგეგმილი ბაჩოს მიერ.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here