Home რუბრიკები პოლიტიკა სად არის „პარაშა“?!

სად არის „პარაშა“?!

1275

გლდანის მე–8 დაწესებულებაში ბაჩო ახალაია სამარტოო საკანშია მოთავსებული. ჟურნალმა „ლიბერალმა“ არც აცია, არც აცხელა და „ნომერ პირველ“ პატიმართან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. „საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმარი, თავდაცვისა და შსს ექსმინიტრი ბაჩო ახალაია იზოლატორში სრულიად მარტოა. პატარა მაგიდა, რადენიმე ორსართულიანი საწოლი და პირსაბანისულ ესაა, რაც მის საკანში შეგიძლიათ ნახოთპატიმარს დაღლილი სახე აქვს, ბევრს ეწევა და დაბალ ხმაზე საუბრობს. ოდნავ წვერი მოუშვია, საწოლის კიდეზე, წელში მოხრილი ზის და საუბრისას ცდილობს, არ ჩაეძინოს, – ასე გულის ამაჩუყებლად აღწერს ჟურნალისტი საკნის მკაცრ გარემოს. იყო თუ არა კამერაში ცოცხი, დაზუსტებული არ არის. არც „პარაშის“ შესახებ არის რაიმე ნათქვამი.

სამაგიეროდ, „პარაშა“  ბაჩო ახალაიას გლდანის ციხეში შესახლებისას დაახვედრეს: პატიმრები ხმამაღალი შეძახილებით და სალანძღავი სიტყვებით შეხვდნენ ყოფილ მაღალჩინოსანს. ამის შესახებ „ივერონს“ გლდანის ციხის ერთ-ერთმა პატიმარმა განუცხადა: „ამის მიზეზი ის ზიზღი და სიძულვილი იყო, რაც ახალაიამ პატიმრებში დაიმსახურა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ექცეოდა იგი პატიმრებს და რა დღეში ვყავდით მას. მან ნამდვილად დაიმსახურა, რომ დღეს თვითონაც პატიმარია“.

ამ „დამსახურებას“ არ იზიარებს ახალაიას ოჯახი, მისი თანაკლასელები, თეა თუთბერიძე, ნორჩი დეპუტატი მარიამ საჯაია და თავად ბაჩანა. ეს უკანასკნელი ჟურნალ „ლიბერალის“ კითხვას –აქვს თუ არა სასამართლოს იმედი, ასე პასუხობს: „არა! ძალიან გაბედული მოსამართლე უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. ცოტა პარადოქსულ რამეს გეტყვით. როცა ვბრუნდებოდი, მეგონა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მექნებოდა. თუნდაც აი ასე, ჟურნალისტებთან. ჩემზე ხომ ბევრი რამ ვრცელდებოდა, ის ბრალდებები, რითაც დამაკავეს, გაგიგიათ? გსმენიათ? ყველა დანარჩენ ბრალდებაზე მე კონკრეტული პასუხი მაქვს, ვინმემ შეიძლება ზოგი რამ გადაცდომად ჩათვალოს, მაგრამ, კრიმინალი არსად არ იყო. ჩემი დაკავება რომ პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი, ადვილი მისახვედრია. ავიღოთ ბოლო ერთი წელი, რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა სიები, – თითქოს უკანონო ბანდფორმირებების. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვაქვს იარაღი, და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?“

მარიამ საჯაიას, როგორც ჩანს, დედამ – ყოფილმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ – ნაზი არონიამ დაუწერა „აღშფოთების წერილი“, რომელშიც ნათქვამია: „დანის ტარი ჩაარტყა თავში“; „წაართვა მანქანა და 2 დღეში უკან დაუბრუნა“; „ჯარს აიძულა ეყვირა – გაუმარჯოს მე–4 ბრიგადას“! სასამართლო პროცესზე გაჟღერდა ეს ბრალდებები იმის ფონზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალაიასგან შექმნეს სადისტი კრიმინალის სახე. ბრალდების მხარის პოზიცია ადასტურებს, რომ არ არსებობს სამართლებრივი დევნის რეალური საფუძველი“.

ბრალდების მხარე, უფრო სწორად, მისი „პირველი ნომერი“ – არჩილ კბილაშვილი კი საკუთარ პოზიციას საპირისპიროდ აფიქსირებს: „რა ეპიზოდიც გახდა მათი დაკავების საფუძველი, ეს სრულიად საკმარისი იყო დასაკავებლად, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის. მეორე დღეს საზოგადოებამ მოისმინა ახალი ეპიზოდის შესახებ. ორშაბათს კიდევ ახალ ეპიზოდს მოისმენთ. ეპიზოდების უამრავი რაოდენობა არის“, – განაცხადა კბილაშვილმა. ორშაბათს ნორა კვიციანის განცხადება გახდა ცნობილი: „ორთაჭალის ციხეში ბუნტი რომ მოხდა, ჩემი სიძე გიორგი ავალიანი იქ იჯდა. მას ერთ–ერთმა ნიღბიანმა ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა. გიორგიმ ნიღაბი ჩამოგლიჯა და ბაჩო ახალაია შერჩა ხელში!  ისე სცემეს, რომ სამი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, ჯანმრთელობა გაუნადგურეს, დღესაც „რესბალნიცაზე“ წევს“.

ეპიზოდებს რა გამოლევს ამ სერიალში, მაგრამ ბაჩანას დამცველები მაინც თავისას გაიძახიან: „ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, რაც თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად“, – ნათქვამია ახალაიას ოჯახის განცხადებაში. შემდგომ ბაჩოს „მრწამსის, ბუნების, მსოფლმხედველობისა და ხასიათის“ ქება–დიდება მოდის, ბოლოს კი – „მადლობა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში ჩვენ გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. მადლობა თქვენ, რომლებიც ბაჩოსადმი კეთილგანწყობამ მოგიყვანათ სასამართლო პროცესზე დასასწრებად შორი თუ ახლო მანძილიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (თუმცა დარბაზმა ვერ დაგიტიათ), და რომელთა შორის უმეტესობა ჩვენთვის სრულიად უცნობი სახეები იყავით“.

ამ ზეაწეული წერილის ავტორებიც კი მიხვდნენ, რომ მეტისმეტად შეტოპეს და ერთი სიმართლე თავადვე თქვეს: „საკუთარი ოჯახის ქება რომ უკადრისი საქციელია, ყველამ იცის“. თუმცა „თავმდაბლობის“ შემოტევა აქვე დაუსრულდათ და იმავე ტონალობაში განაგრძეს: „მხოლოდ ერთში გვენდეთ: ბაჩო ახალაიას და მთელი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და მისი დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან“.

ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვს საერთო არც იმ მიმართვას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ბაჩო ახალაიას სახელით: „შეწყვიტეთ მოწოდებები ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით. ნუთუ ვერ ხვდებით, თუ რატომ ვარ მე დღეს აქ, სადაც ვარ?! ბაჩო ახალაია ის კაცი არ არის, რომ ჩეჩნების და ქურდების შეეშინდეს და ამიტომ თავის ნებით მიადგეს პროკურატურას. წლების განმავლობაში ყველაფერი ვიღონე, რომ გავქცეოდი ერთადერთ არსებას, სად არ ვცადე მისგან დამალვა, მაგრამ მივხვდი, რომ ალქაჯი თუთბერიძისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ჩემი ციხეში ჩაჯდომა იყო (მე თქვენ გეტყვით, გამიჭირდებოდა). ამიტომ მივედი ჩემი ფეხით პროკურატურაში. როგორც იქნა, ვიგრძენი თავისუფლების გემო, ის აღარ დამდევს, აღარ მითვალთვალებს, აღარ მესმის მისი შემზარავი ხმა. გაიგეთ, რომ მე გარეთ არ გამოვალ, მეღირსა მშვიდი ცხოვრება! ვარ თავისუფალი, როგორც ჩიტი( ჩიორა არა)!
ეხლა გლდანის ციხეში ვზივარ ნეტარი და ლაღი. მითხრეს, რომ თუთბერიძე აპირებს ციხესთან მოსვლას და კივილ-წივილს, რათა გამომიშვან. მოვუწოდებ ადამიანთა უფლებების დამცველებს: არ დაუშვათ ასეთი ფაქტი, დაიცავით ჩემი უფლებები! მზარავს ყველაფერი, ამ ვამპირთან დაკავშირებული! ძირს მოძალადე თუთბერიძე! კმარა თუთბერიძე, კ მ ა რ ა ! გაუმარჯოს დემოკრატიულ პროკურატურას“!

„დემოკრატიულ პროკურატურაზე“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს გივი თარგამაძე, რომელსაც რეალური შანსი გაუჩნდა, ბაჩოს გვერდით იგემოს თავისუფლება. რუსმა ოპოზიციონერმა ლეონიდ რაზვოზჟაევმა გამოძიებას კონსტანტინე ლებედევის მეშვეობით გივი თარგამაძისგან გადაცემული 3300 აშშ დოლარი გადასცა. ამის შესახებ რაზვოზჟაევი საკუთარ ჩვენებაში წერს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ოპოზიციონერმა ჩვენება ნებაყოფლობით მისცა. ეს სიმართლეს უნდა ჰგავდეს, რადგან 10 გვერდზე წვრილად ნაწერი სწორედ ავტორის მონდომებასა და ნებაზე მეტყველებს. ლეონიდ რაზვოზჟაევს, კონსტანტინე ლებედევს და სერგეი უდალცოვს რუსეთში მასობრივი არეულობის მზადებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივნისში ისინი მინსკში გივი თარგამაძეს დაფინანსებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად შეხვდნენ.

სამარტოო საკანში ბატონკაცურად გაჯგიმულ ბაჩო ახალაიას მალე შეიძლება სხვა „უდანაშაულო“ თანამოაზრეებიც შეუერთდნენ და მაშინ მისი ყოფა აღარც უსაფრთხო იქნება და აღარც ასეთი უდრტვინველი; „ნაცმოძრაობის“ ელიტა ხომ საკუთარი მარცხის მიზეზად სწორედ მის „თავგანწირულ მოღვაწეობას“ მიიჩნევს! და მერე არ დაიწყოთ ისევ „სად არის მტკიცებულებებიო“! მთელი საქართველო, ერთი მუჭა „ნაცების“ გარდა, ფეხით მოსიარულე მტკიცებულებები ვართ და არ მოგვიყვანოთ, დამწკრივდით და თქვენი ფეხით მიბრძანდით ბაჩოს აპარტამენტებში!

ისე, „პარაშა“ სად არის მაინც? ამათ დასაჯდომი ადგილი ხომ უნდათ?!

თამარ დავითულიანი 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here