Home რუბრიკები სამართალი რატომ ებრძვის თამარ ჩერგოლეიშვილი დიმიტრი ლორთქიფანიძეს?

რატომ ებრძვის თამარ ჩერგოლეიშვილი დიმიტრი ლორთქიფანიძეს?

610

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი აუცილებელია, იყოს ყოველმხრივ გამართული და ყველასგან დამოუკიდებელი, რადგან ის სახალხო დამცველად გვევლინება. იგი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ხალხის, თუნდაც უმცირესობის, უფლებების დაცვას. ჩვენს ქვეყანაში ომბუდსმენის ადგილი ჯერ ისევ ვაკანტურია და ამ საკითხის გარშემო საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს. ვინ გახდება ომბუდსმენი? ამ კითხვას, ალბათ, მალე გაეცემა პასუხი, მანამდე კი აღნიშნულ თანამდებობაზე ერთერთ ყველაზე  მისაღებ კანდიდატად ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახელდება და ჩვენ დღეს მწვავე საკითხებზე სწორედ მას ვესაუბრებით.

_ ბატონო დიმიტრი, რას ფიქრობთ LGBT საზოგადოების შესახებ, თქვენი ომბუდსმენად დანიშვნის შემთხვევაში, რამდენად იქნება დაცული მათი უფლებები

_ უნდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს მართლაც მოზღვავებულია ჟურნალისტების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. შეუძლებელია უმცირესობების დაცვის თემას გვერდი ავუაროთ, რადგან ადამიანი იბადება თავისუფალი, განურჩევლად მისი რასის, სქესის, კანის ფერისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩამოყალიბებულია. მე არ მაინტერესებს ადამიანის პირადი ცხოვრება და მისი პირადი არჩევანი, რადგანაც ადამიანი ხელშეუხებელია და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. მაინტერესებს, რამდენად შეიძლება თანხვედრაში ან დისონანსში მოდიოდეს იმავე  LGBT  საზოგადოების ინტერესები საერთოდ საზოგადოების ინტერესებთან. გაგახსენებთ 2012 წლის 17 მაისს, როცა საქართველოში იყო მცდელობა, ჩატარებულიყო გეიაღლუმი, თანაც ეს ღონისძიება ტარდებოდა 51-ე სკოლასთან, თქვენ გახსოვთ ფართო საზოგადოების პროტესტი ამ ფაქტთან დაკავშირებით. იქ იყო ორი უცხოელი მამაკაცი, რომლებსაც  ჰქონდათ მკერდზე ჩამოკიდებული აბრა, წარწერით; “I love him”  და ახორციელებდნენ უზნეობის აქტს, რასაც უყურებდნენ ბავშვებიც. რა თქმა უნდა, ასეთი აქტი დაგმობილი იქნებოდა ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოებაში.

_ თქვენ თვლით, რომ ამით ისინი LGBT-ის პოპულარიზაციას ახორციელებდნენ?

_ მე ვთვლი, რომ ისინი ეწეოდნენ უზნეობის პროპაგანდას და, რა თქმა უნდა, მსგავსი აქტი უნდა იყოს შეზღუდული. ასეთი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც თითქოსდა მიზნად ისახავს LGBT საზოგადოების წევრების  მიმართ სოლიდარობას, სინამდვილეში ატარებს წმინდა წყლის პროპაგანდისტულ ხასიათს. ეს ერთგვარად თავისუფალ ნებაზე თავსმოხვეული ფსიქოლოგიური ტვირთიც არის, მითუმეტეს მათ აღლუმში ჩართული ჰყავდათ ბავშვებიც, რომლებსაც ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერით “გაფერადდი”.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ LGBT-ის საკითხთან დაკავშირებით თქვენ წინააღმდეგ აგორებულია ერთგვარი შავი პიარი?

_ დიახ, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავს ლიბერალური ღირებულებების ერთგულებად მიიჩნევენ, ფაქტობრივად, გაერთიანებულები არიან ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი ცდილობენ, პარლამენტის ყურადღება გაამახვილონ არა იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც მე ჩემი პროგრამული დებულებები გამაჩნია _ დაწყებული წამების პრევენციით და დასრულებული სამოქალაქო პოლიტიკური უფლებებით, არამედ ცდილობენ, LGBT-ს საკითხებზე გადაიტანონ პარლამენტის ყურადღება და გადაფარონ ზემოთ ჩამოთვლილი. ანუ ამით, ასე ვთქვათ,  აიძულონ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა გამომიცხადონ საქართველოს პარლამენტში, დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიღონ ჩემი ამგვარი დამოკიდებულება LGBT-ის მიმართ. თუ ჩავუღრმავდებით, დავრწმუნდებით, რომ ჩემი დამოკიდებულება LGBT-ის მიმართ საერთოდ არ სცდება საზოგადოებრივ ინტერესს, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფლებადამცველმა ისევე უნდა დაიცვას LGBT –ის უფლება, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისა.

_ ბატონო დიმიტრი, ხომ ვერ გვეტყვით, ვინ არიან ეს არასამთავრობოები?

_ ესენი, ძირითადად, არიან სწორედ სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის არიან თავის დროზე ჩამოყალიბებული რეფორმატორული ფრთის მიმდევრები და მათი მხარდამჭერები. ამ ფონზე კი ძალიან აქტიურობს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც მათ სულიერ ლიდერადაც შეიძლება გვევლინებოდეს.

_ ითვლება თუ არა LGBT- საზოგადოების წევრობა ერთგვარ ნორმიდან გადახრად, ანუ შეგვიძლია თუ არა ასეთი ადამიანები ავადმყოფებად მივიჩნიოთ?

_ იცით რა, არსებობდა ფსიქიატრიაში ამგვარი მოსაზრება და ამას ასაბუთებდნენ კიდეც ექიმები, რომ ეს არის ავადობა, მაგრამ შემდეგ ეს აზრი ორად გაიყო და დღეს, “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია” აცხადებს, რომ ეს არ არის ნორმიდან გადახრა, თუმცა მათაც ჰყავთ თავიანთი ოპონენტები. მე ვთვლი, რომ ეს არის ნორმიდან გადახრა და ოჯახი, რომელსაც თავისი თავი სახელმწიფოს აღმშენებლობის ნაწილად და ქვაკუთხედად მიაჩნია, ტრადიციებს უნდა ეფუძნებოდეს.

_ აქვე უნდა შევეხოთ შემდეგ საკითხს, კითხვა ეხება ბატონ გურამ კერესელიძეს, რომელიც სოზარ სუბარის მოადგილედ დაინიშნა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერესელიძე სააკაშვილის ზონდერია. ეს ინფორმაცია თქვენც გაიზიარეთ თქვენსავე ფაცებოოკის გვერდზე, რას იტყვით ამისEთაობაზე?

_ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ბატონ გურამს მართლაც ჰქონდა შეხება ოპერატიულ სამსახურებთან, ამას მოჰყვა ჩემი კომენტარიც აღნიშნულ პოსტზე. როგორც ჩანს, საბოლოო შეფასებისას სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო ბატონმა სოზარმა საბოლოო გადაწყვეტილება. ჰქონდა თუ არა ბატონ სოზარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია კერესელიძის დანიშვნამდე, ჩემთვის უცნობია.

 _ ბატონი სოზარი იძულებული იყო, მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება?

 _ სიტყვა “იძულებულს” მე ვერ ვიტყოდი. ვფიქრობ, ბატონმა სოზარმა თავი ვალდებულად ჩათვალა, არსებული ვითარება გაეთვალისწინებინა. ეს დემოკრატიული პროცესია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, ჩემი აზრით, კადრების შერჩევისას, უნდა მოხდეს გარკვეული ფილტრაცია, რათა შემდგომში პრობლემები გამოირიცხოს.

_ თქვენი ომბუდსმენად დანიშვნის შემთხვევაში, რა მექანიზმებს აამუშავებთ ციხეებში ბალანსის აღსადგენად?

_ იმისათვის, რომ ციხეებში ბალანსი აღსდგეს და გამოირიცხოს ყოველგვარი ღირსებისშემლახველი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, საჭიროა ციხეების განმუხტვა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა, რომლითაც ძველი რეჟიმები უნდა აღდგეს, რითაც მოხდება დიფერენცირება მსჯავრის აღსრულების ხარისხებისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს ნახევრადღია და დაკეტილი სისტემები, რომლებიც, ძირითადად, მსჯავრდებულთა სასჯელის აღსრულებას გულისხმობს და აქაც იმდენად დიდი და გამოუსწორებელი შეცდომები და რეგულაციებია  ჩადებული, რომ შემიძლია გითხრათ, თავის დროზე ეს კოდექსი ახალაიას კაპრიზებზე იყო მორგებული. მაგალითად, ნებისმიერი პირი, რომელიც ათი წლით და მეტით იხდის სასჯელს განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, აპრიორი უნდა იხდიდეს სასჯელს დახურულ ციხეში. ხოლო, პირადი შეხედულების მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს უფლება აქვს, გადაიყვანოს ეს ადამიანი ნახევრადღია დაწესებულებაში, რაც წარმოადგენს, პირველ რიგში, კორუფციის წყაროს და ამავე დროს დათრგუნვის ინსტრუმენტსაც, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავდა ბაჩო ახალაია. აფრასიძეები გავიხსენოთ, რომლებიც, უკვე ცხრა წელია, სასჯელს იხდიან დახურულ ციხეში ცხრა კვადრატულ მეტრ ფართში და ისინი ორ დღეში ერთხელ მაინც არავის გამოჰყავდა ჰაერზე. ეს, არა მხოლოდ წამების კონკრეტული მაგალითია, არამედ წარმოადგენს პირდაპირ ადამიანის  ფიზიკური განადგურებისკენ მიმართულ კრიმინალურ აქტს.

_ და ბოლოს, ბატონო დიმიტრი, ორიოდე სიტყვით, რას იტყვით სოფელ ნიგვზიანში შექმნილ ვითარებაზე; როგორც ცნობილია, იქ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები მეჩეთის აგებას ითხოვენ.

_ რა თქმა უნდა, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ, როცა საქმე ეხება მეჩეთის მშენებლობას ან რომელიმე რელიგიური საკულტო ნაგებობის მშენებლობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი თავიდან ბოლომდე შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბოლნისის რაიონში აშენდა მეჩეთი, რომლის მშენებლობაც საერთოდ არავისთან იყო შეთანხმებული, რამაც ადგილობრივი მცხოვრებლების გულისწყრომა გამოიწვია. მაგრამ ეს არ იყო გათვალისწინებული და ამის გამო პროტესტი კიდევ უფრო გაღრმავდა.

ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახური, რომელიც შეაფასებს ამა თუ იმ რელიგიური დენომინაციის საქმიანობას _ ხომ არ შეიცავს ის გარკვეულ საფრთხეს საზოგადოებისთვის?! ეს არ არის ვინმეს შეურაცხყოფა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ისეთი რელიგიური მიმდინარეობა, როგორიც არის ვაჰაბიზმი, მკვეთრად იკიდებს ფეხს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მაგალითად, პანკისის რეგიონში. შესასწავლია, ხომ არ არის გარკვეული რელიგიური მიმდინარეობა საფრთხის შემცველი ზოგადად საზოგადოებისთვის. ჩვენ რასაკვირველია, ვიცავთ ყველას თავისუფლებასა და უფლებას, მაგრამ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს თავისუფლება და ინტერესი, როცა საქმე შეეხება ისეთი რელიგიური ნაგებობის მშენებლობას, როგორიცაა მეჩეთი, რომელიც გარედან ფინანსდება და ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას ემსახურება მისი აგება.

ესაუბრა ეკა კახიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here