Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილის ძალაუფლების ბოლო ბასტიონი

სააკაშვილის ძალაუფლების ბოლო ბასტიონი

618

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას

მე უკრაინაში ვცხოვრობ და თვალყურს შორიდან ვადევნებ ჩემს მშობლიურ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მადლობელი დაგრჩებით, თუ ჩემ მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს გამოაქვეყნებთ.

პატივისცემით, ვანო დუმბაძე

«ერთიანი ნაციონაური მოძრაობის» ოპოზიციაში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შემდგომში პოლიტიკურ ბრძოლაზე უარს იტყვის. მისი მეთოდები ყველასთვის კარგადაა ცნობილი: რევოლუცია, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები, ბიზნესისა და ტელეკომპანიების მიტაცება, ოპოზიციის ჩახშობა, სამშვიდობო აქციების სისხლიანი დარბევა და სხვა ბინძური ღონისძიებები. იმავეს შეიძლება ველოდოთ პრეზიდენტისა და მისი გუნდისგან უახლოესი თვეების მანძილზე.

«ქართული ოცნების» ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის, თქმით, კოალიციაში «პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი არ გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას და კარგად მოიქცევა, ბოლომდე არ ენდობიან». კოალიციის სხვა წარმომადგენელი _ ვიქტორ დოლიძე კი თვლის, რომ «პრეზიდენტ სააკაშვილის ოდიოზური ფიგურისგან ყველაფერია მოსალოდნელი».

პრეზიდენტმა გაცემული ბრძანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გააცალკევა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც აკონტროლებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებს და გადასცა იგი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.  ეს სტრუქტურა კი უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება. ამით სააკაშვილმა მთლიანად წაართვა მთავრობას შესაძლებლობა, ეკონტროლებინა, თუ რა მიზნით ხარჯავს პრეზიდენტი და მისი გუნდი საბიუჯეტო სახსრებს.

ასევე, საქართველოს ლიდერმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადასცა სამთავრობო კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. ახლა სააკაშვილს შეუძლია მიიღოს წვდომა ახალი მინისტრებისა და მათი ქვემდებარე თანამშრომლების სატელეფონო საუბრებზე და სასურველ დროს დაბლოკოს კიდეც კავშირი.

გარდა ამისა, მისი პარტიის მარცხის შემდეგ, სააკაშვილი შეშფოთდა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამავე სახელმწიფო დაცვის სამსახურის სტრუქტურაში ახალი ოპერატიული დეპარტამენტი შექმნა. ამ ქვედანაყოფის ამოცანებში შევა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღსაკვეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება.

პრეზიდენტის კონტროლქვეშ რჩება, ასევე, სასამართლო სისტემა, მერები და გუბერნატორები. თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები.

ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ძალაუფლების ნარჩენების კონცენტრირებას ახდენს.

მოძრაობა «თეთრების» ლიდერის, თეიმურაზ შაშიაშვილის, აზრით, ასეთი ქმედებები გვამცნობს, რომ სააკაშვილი ახალი გადატრიალებისთვის ემზადება.

მოცემულ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ «ქართული ოცნების» ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, მიერ არჩევნების წინა საღამოს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ» თბილისის სხვადასხვა რაიონში 20 ბინა შეიძინა. სუბარის თქმით, აღნიშნული ბინები გამოიყენება იარაღის საწყობებად, იარაღისა, რომლის მეშვეობითაც საჭირო დროს დედაქალაქის კონტროლზე აყვანა გახდება შესაძლებელი.

აქტიური ქმედებები დაიწყება სანფორმაციო სივრცეშიც. კონტროლქვეშ არსებული ტელეკომპანიები შეეცდებიან, შელახონ ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის ავტორიტეტი. ეს არხები უკვე გადავიდნენ «საინფორმაციო მაუწყებლობის» რეჟიმზე და განაცხადეს, რომ გასართობ-შემეცნებით გადაცემებს ნელ-ნელა ფორმატიდან ამოიღებენ, საზღვარგარეთ მყოფ მაყურებელზე გათვლილ რუსულენოვან ტელეარხ «პიკს» კი უცებ ფინანსები აღარ ეყო და არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. ყველანაირი ძალისხმევა და საშუალება, როგორც ჩანს, მიმართული იყო შიდა აუდიტორიაზე მუშაობისკენ.

გარდა ამისა, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაცვის სპეციალური შეიარაღებული სამსახური შექმნა, რომელიც უშუალოდ ქალაქის მეთაურს დაექვემდებარება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. ქალაქის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაიცვას დედაქალაქის ობიექტები და, პირველ რიგში, პრეზიდენტის სასახლე, რომელიც გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი წერტილი გახდება.

ორი კვირის მანძილზე პრეზიდენტის სასახლეში შეაქვთ სხვადასხვა სამინისტროდან გამოტანილი დოკუმენტაცია, რომელიც «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის 9 წლის მანძილზე დაგროვდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროებისა და უწყებების დოკუმენტაციის ნაწილის გასაჯაროებას აპირებს, მთავრობის წევრებმა გააცნობიერეს, რომ ზოგიერთი საქმე «ქართული ოცნების» ხელში ჩავარდება და სამართლებრივ დევნას ისინი ვერ ასცდებიან. როგორც ცნობილი უფლებადაცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია «დედათა კომიტეტის» თავმჯდომარე ქეთევან ადამია ამტკიცებს, იუსტიციის სამინისტროში სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით დაჩქარებული ტემპით ნადგურდება ასეთი დოკუმენტაციის ნაწილი.

სანამ სააკაშვილი თავის პოსტზე რჩება, იგი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ ქართული ოცნება არ ახდეს. ასეთი აქტიური კანონშემოქმედების გამოხატვითა და დარჩენილი ძალების ერთ მუშტად შეკვრით პრეზიდენტი აშკარად ემზადება რევანშისთვის. და თუ უახლოეს ნახევარ წელიწადში იგი ვერ შეძლებს, მშვიდობიანი გზით მიაღწიოს ახალი მთავრობის დისკრედიტაციას, სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები ეცდებიან, ძალისმიერი მეთოდით დაიბრუნონ ძალაუფლება. ივანიშვილს ეს მშვენივრად ესმის და მხოლოდ ევროკავშირის უდიდესი წნეხის ქვეშ გახდა იძულებული, უარი ეთქვა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის წამოყენებაზე. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გზა ძალაუფლების მიტაცების თავიდან ასაცილებლად შეიძლება აღმოჩნდეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და მისი შემდგომი გადადგომა.

ვანო დუმბაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here