Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ დაუშვილი სიმართლის გზას ეძებს

თამაზ დაუშვილი სიმართლის გზას ეძებს

1542

დღეს, როცა გაცხადდა, რომ საქართველოს პარლამენტის მთავარი კომპიუტერული სერვერი იუსტიციის სამინისტროში იდგა, როცა საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა, ფრიდონ ინჯიამ, განაცხადა, რომ შსს ისე ჰქონდა აწყობილი საქმე, რომ ამ სამინისტროს სპეციალურ დანაყოფს შეეძლო უშუალოდ, ოპერატორი კომპანიების გარეშე მოესმინა ნებისმიერი მოქალაქისთვის, როცა ეკონომიკის ექსპერტებმა გაშიფრეს სქემა, რომლითაც ძალოვანი სტრუქტურები არა მარტო ბიზნესმენებს სძალავდნენ ფულს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულსაც ითვისებდნენ და .. კვლავ და კვლავ რწმუნდები, რომ ქართული მთავრობა ჩამოყალიბდა, როგორც მაფიოზურკლანური სტრუქტურა, რომელიც ელიტური კორუფციის ინტერესებს იცავდა და აპარპაშებდა.

ეს არის ფაქტი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოვლენაა, ხოლო ცალკეული ფაქტები, რომლებიც უამრავზე უამრავია, თანდათან ვლინდება და დღეს და ხვალ ახალი მთავრობის შესაბამისი ინსტანციების ინტერესის საგანი გახდება.

ამათ რიგშია საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ თამაზ დაუშვილის საქმე, რომელმაც მისივე დაფუძნებული შპს «ვერძის» (რომლის ასი პროცენტის წილის მფლობელი თვითონ იყო) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (რომელიც თავის მეუღლეს ელეონორა დიმიტრიევას მიჰყიდა) საცხოვრებელი სახლის _ კორპუსის აშენება მოისურვა.

სახლები ხომ თბილისში ყოველ ნაბიჯზე შენდება და არაფერი საოცარი დაუშვილის გადაწყვეტილებაში არ იყო.

2007 წლის 13 ივლისს არსებული კანონმდებლობის დაცვით სანოტარო აქტით (#1-3540) დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «არენა სითი», რომლის წევრად მიღება, ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის გამგეობის კომპეტენციას მიენიჭა.

გამგეობის წევრებს  _ დავით ენუქიძეს, აკაკი ენუქიძეს, თამაზ დაუშვილსა და ლავრენტი ჯანიაშვილს შორის განაწილდა ფუნქციები და ვალდებულებები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი მშენებლობის განსახორციელებლად (მშენებლობის ორგანიზება და წარმართვა, დაფინანსება, დამთავრების უზრუნველყოფა და ა.შ.).

დავით და აკაკი ენუქიძეებმა სამშენებლო ფირმა «ნოლას» მეშვეობით დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები _ გაითხარა საძირკველი დაამით დამთავრდა თითქოს კარგად დაწყებული საქმე: «ნოლას» დამფუძნებლები დააპატიმრეს _ ენუქიძეებმა საქმის გაგრძელება ვერ შეძლეს, ამასობაში ამოიწურა ხელშეკრულებით მათთვის განსაზღვრული ვადა და ისინი კანონის მოთხოვნილებათა დაცვით გაირიცხნენ ამხანაგობიდან. ამხანაგობა ლიკვიდირებულად გამოცხადდა.

2011 წელს კი დავით და აკაკი ენუქიძეები თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ის, რაც უკვე წაიკითხეთ, ექსპოზიციად ჩავთვალოთ. კვანძის შეკვრა ამის შემდეგ იწყება, ანუ იმ პერიოდიდან, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა.

თამაზ დაუშვილი იხსენებს:

«ბატონ ბიძინას ამ გაბედულ და მამულიშვილურ ნაბიჯს განსაკუთრებული მოწონებითა და აღფრთოვანებით შევხვდი, რაც არც დამიმალავს, ან რატომ არ უნდა მეთქვა, როცა მასთან და მის ოჯახთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ მოეწონათ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» გავლენიან პირებს და რამდენიმე თვეში დაიწყო კარგად ორგანიზებული მოქმედება ჩემ წინააღმდეგ. კერძოდ, საიდანღაც გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თითქოს იყვნენ ამხანაგობა «არენა სითის» წევრები და მოითხოვეს იმ თანხის დაბრუნება, რომელიც მათ თითქოს გადახდილი ჰქონდათ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით სრულიად აშკარად დადგინდა, რომ ამხანაგობის მშენებლობისთვის შეტანილი ფული თაღლითურად ჰქონდათ მითვისებული დავით და აკაკი ენუქიძეებს, ხოლო მომჩივნები არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს სახეზეც არ გვიცნობდნენ და მათთან ჩვენს რაიმე ურთიერთობაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.

საოცარია, მაგრამ მოხდა ისე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი აბსურდული სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე მოთხოვნის საფუძველზე 6 თვის წინათ დააყადაღა ჩემი საცხოვრებელი ბინები.

ჩემს წინააღმდეგ მოქმედება რომ კარგად ორგანიზებული იყო, გამოჩნდა იმ ფაქტიდანაც, რომ იდენტური სარჩელი შეტანილი იქნა ქუთაისის სასამართლოში და აქაც დაყადაღდა ჩემი ქონება. ვითომ ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი არ იყო. წინასწარ შექმნეს ილუზია დანაშაულის სერიოზულობისა და უტყუარობის შესახებ.

სასამართლო კი საქმის განხილვას არ ჩქარობს: სარჩელის შეტანიდან გავიდა 6 თვეზე მეტი, მაგრამ არ ეტყობა, რომ მოსამართლე შორენა ჯანხოთელი აპირებდეს საქმის განხილვას. რას ელოდება? ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდება და რატომ ჰგონია, რომ ადამიანების წვალების მეთოდები, რომლებიც სასამართლოს პრაქტიკაში იყო, ძალაში დარჩება?!»

კვანძი შეიკრა და მოქმედება ვითარდება: თამაზ დაუშვილს ახლა მეორე მხრიდან შეუტიეს _ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოულოდნელად დაიწყეს შპს «ვერძის» შემოწმება, რომელიც, როგორც მკითხველებს ვაუწყეთ, თამაზ დაუშვილს ეკუთვნოდა.

შეამოწმეს ეს ორგანიზაცია, რომელსაც ერთი თეთრის ბრუნვა არ გააჩნდა, დააჯარიმეს 335 ათასი ლარითა და 52 თეთრით.

«ამ ჯარიმის დარიცხვის ერთადერთი საფუძველი, _ ამბობს ბატონი თამაზ დაუშვილი, _ გახდა ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მე ჩემს მეუღლეს მივყიდე მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც ამხანაგობის კორპუსის მშენებლობა დაიწყო და შეჩერდა. დამაჯარიმეს დღგ-თი მაშინ, როდესაც შემოწმების დროისთვის მიწის ნაკვეთზე არავითარი შენობა-ნაგებობა არ იდგა, მიწა კი, მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არ იბეგრება. ასევე აბსურდულია მათი ექსპერტების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის 1 მილიონ 40 ათას 385 ლარად შეფასება.»

ბატონი თამაზი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა 1995 წლიდან იღებს სათავეს:

«1995 წელს ტრადიციონალისტთა კავშირიდან კენჭი ვიყარე მაჟორიტარ დეპუტატად კრწანისის რაიონში. მაშინ «მოქალაქეთა კავშირის» სახით დამიპირისპირდა ის ძალა, რომელიც ახლა «ერთიან ნაციონალურ მოძრაობად» არის ჩამოყალიბებული. მაშინ იმავე მეთოდებით გამისწორდნენ, რომლებიც აითვისა და მაღალ რანგში აიყვანა სააკაშვილის კლანმა: ჩამიდეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მაგრამ იმდროინდელი ცესკოს თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის, ძალისხმევით ვერ დამაპატიმრეს და იძულებული გახდნენ, გავეთავისუფლებინე. არჩევნებში 38 კანდიდატს შორის გავიმარჯვე, მაგრამ მაინც დაინიშნა მეორე ტური. აქ უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვე ყველა უბანში. ამიტომ ჩემი მოწინააღმდეგეები იძულებულნი გახდნენ, პარლამენტის სხდომაზე მთლიანად გაეუქმებინათ #4 ოლქში ჩატარებული შედეგები. ამ დროისთვის მე უკვე მიღებული მქონდა დეპუტატის მოწმობა. თვე-ნახევრის შემდეგ ჩემს საკითხზე პარლამენტში კვლავ ჩატარდა კენჭისყრა და ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ცნეს ჩემი რწმუნებანი.

ეს იყო, ეს გადავიტანე და დღეს, როცა 72 წლის კაცი ვარ, მყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, კვლავ მსგავსი წნეხის ქვეშა ვარ მოქცეული და სიმართლისკენ გზა ვერ გამიკვლევია.

ცოტა ხნის წინათ მაცნობეს, რომ ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული უკანონობის უკან შეიძლება იდგეს თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელსაც ძალიან მოწონებია ჩემი სახლი წავკისში და უარს არ იტყოდა მის ხელში ჩაგდებაზე

დრონი მეფობენო, ნათქვამია. საინტერესოა, ახლად გამეფებული დრო, თამაზ დაუშვილს თუ გამოიყვანს უსამართლობის ჩიხიდან.

გიორგი მეძმარიაშვილი

 

1 COMMENT

  1. კარგად ვიცით, ვინ არის თამაზ დაუშვილი და მისი მაქინაციები "არენა სითი"–თან დაკავშირებით. მისი არაკეთილსინდისიერების გამო იხდიან სასჯელს დავით და აკაკი ენუქიძეები. ახლა უცოდველი ბატკნის და უსამართლოდ დევნილის მანტია რომ მოუსხია. სწორედ "ნაციონალების" ლობირებით შემორჩა დაუსჯელი ამდენ ხანს ეგ შებერტყილი მაქინატორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here