Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი სესიაშვილი: ნატო, შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი გვირჩევენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას

ირაკლი სესიაშვილი: ნატო, შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი გვირჩევენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას

548

ახალი მთავრობის მიერ განსახორციელებელ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

_ ბატონო ირაკლი, რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ აპირებთ ბევრი რეფორმის გატარებას. უწინარესად რომელ მიმართულებებს შეეხება ცვლილებები?

_ პირველ რიგში უნდა გაიზარდოს და გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე. ამავე დროს კოალიციის მიზანია, თავდაცვაც ისე გავაძლიეროთ, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. აღსანიშნავია ისიც, რომ გვხვდება ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. ერთი: მთლიანად სისტემაა პოლიტიზირებული; მეორე: არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგად, რომელიც წლების მანძილზე ხორციელდებოდა, დაგროვილია უამრავი პრობლემა; და მესამე: თითქმის ყველა სტრუქტურა, ყველა მიმართულება ისეა მოშლილი, რომ, ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწევს ყველაფრის დალაგება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა და შემდგომ უკვე კონტროლი. პოლიტიკის განსაზღვრის ფარგლებში კი ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა ხელი შევუწყოთ იმ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც დღეს უსაფრთხოების სექტორს სჭირდება. ასევე ადამიანის უფლებების განმტკიცებისა და სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის უზრუნველსაყოფად მივიღებთ კანონს სამხედრო-საპარლამენტო რწმუნებულის შესახებ, რომელიც არის, ფაქტობრივად, საპარლამენტო ომბუდსმენი. ეს კანონპროექტი უკვე მზადაა; მეტი გამჭირვალეობისთვის სავალდებულოს გავხდით სხვადასხვა ანგარიშს, მათ შორის, ცხადია, ფინანსურსაც. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შევქმნით სამოქალაქო საბჭოს კომიტეტში, რომელიც, ერთის მხრივ, მონიტორინგს გაუწევს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს, მეორე მხრივ კი, ჩაერთვება ამ რეფორმების დაგეგმვსა და შემუშავებაში…

_ ერთერთ გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა მთლიანად მოშლილია. ბოლო 8-9 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი დოლარი დაიხარჯა ამ სისტემის გასაძლიერებლად. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს თანხა არამიზნობრივად იქნა გამოყენებული?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვისაუბროთ, რომ ყველაფერი არამიზნობრივად გაკეთდა, გარკვეული თანხები მოხმარდა კონკრეტულ საკითხებს, მაგრამ საერთო ჯამში, ზოგად სურათს თუ შევხედავთ, საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სიტემა მოშლილია. ამის მიზეზია ის, რომ ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მინისტრი შეიცვალა (დაახლოებით რვაჯერ მოხდა შეცვლა) და კიდევ უფრო მეტი სიხშირით იცვლებოდნენ გენერალური შტაბის უფროსები. ამასთან, ყველა თავისი ლოგიკითა და გემოვნებით მიუდგა სისტემის დალაგებას, ბევრმა საერთოდ გააუქმა ის სამსახურები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და, რაც მთავარია, ადგილი ჰქონდა რა პოლიტიკურ ინტერესებს, ყველაფერი მოეწყო იმის მიხედვით, როგორც სურდა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ან რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მაგალითად, ბაჩო ახალაიამ სამხედრო პოლიცია მთლიანად დაიქვემდებარა და მან ეს უწყება ფაქტობრივად აქცია თავის რაღაც პირად სამსახურად… ჩვენი მთავარი ამოცანაა, არასდროს არავის მიეცეს მსგავსი შესაძლებლობა. ამის მისაღწევად კი საჭიროა ფუნქციების გამიჯვნა. ყველაფერი თავის ფორმას და მკაცრად განსაზღვრულ მიმართულებას საჭიროებს. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა არის სამხედრო და რა სამოქალაქო ფუნქციები, რომ არ მოხდეს სამხედროების სამოქალაქო საქმიანობაში ჩარევა ან პირიქით. დანარჩენს რაც შეეხება, პროფესიონალებმა თავიანთი საქმე აკეთონ, ბარიერები და რამე ხელისშემშლელი ფაქტორები მაქსიმალურად გამოირიცხება.

_ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევის ვადა, შესაძლოა, 6-დან 8 თვემდე შემცირდეს. მოქმედი მისიის დასრულების შემდეგ წყდება ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში ავღანეთში. ხომ არ იგეგმება არმიის რიცხოვნობის შემცირებაც?

_ ამ ეტაპზე მე და ირაკლი ალასანია არ ვართ მზად, ამ კონკრეტულ კითხვას პასუხი გავცეთ. მე რომ ახლა ამაზე გიპასუხოთ, უნდა ვფლობდე გარკვეულ საიდუმლო  ინფორმაციას, რომლის მიღებაც დღესდღეობით არ შემიძლია. მას შემდეგ, რაც სრულყოფილად გავეცნობი ჩემს კომიტეტში არსებული მდგომარეობის დეტალებს და ბატონი ირაკლი თავდაცვის უწყებას ჩაუდგება სათავეში, ჩვენ უკვე შეგვეძლება გავერკვეთ სიტუაციაში, მივიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და გავაკეთოთ გარკვეული ანალიზი. ზოგადად, რასაკვირველია, ყველა უნდა გამოვიდეთ ჩვენი შესაძლებლობებიდან და ის უნდა შევუთავსოთ იმ მიზანს, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანია, უსაფრთხოება გავზარდოთ და გავაძლიეროთ, ამიტომ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი და დამუშავებული, შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.

_ მინისტრობის თითქმის ყველა კანდიდატი საუბრობს გამოძიების აუცილებლობაზე თავის უწყებაში. თქვენ, თქვენი პრეროგატივის ფარგლებში, აპირებთ თუ არა რაიმე საგამოძიებო პროცესის წარმართვას და უკვე გესახებათ თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ სფეროში, რომელშიც მუშაობას აპირებთ?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნებისმიერი გამოძიების საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუ იქნება აღმოჩენილი რამე კონკრეტული დანაშაულის ნიშნები. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ყველა მიმართულებით, კომპეტენციის მიხედვით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ კანონდარღვევები. მას შემდეგ, რაც თავდაცვის ახალი მინისტრი სიტუაციაში გაერკვევა, თუ აღმოაჩინა გარკვეული გადაცდომები, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, თავის შიდა სამსახურებს დაავალებს საკითხების შესწავლას და რეაგირება ყველა ამ ფაქტზე მოხდება ადეკვატურად. რაც შეეხება პარლამენტს, შესაბამისი კომიტეტის ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიოს ამ პროცესს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე არ დარჩეს არც ერთი დამნაშავე და დანაშაული.

_ დასაწყისში თქვით, რომ ბაჩო ახალაიამ სამხედრო პოლიცია პოლიტიზირებულ სტრუქტურად აქცია. ეს ყველაფერი არ მიგანიშნებთ იმაზე, რომ მის მიმართ, სხვა მრავალთან ერთად, ამ კუთხითაც შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რაც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. მე, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურად ვაფასებ მის საქმიანობას და ჩემთვის ამ სისტემის პოლიტიზება გამოიხატებოდა სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის სამსახურიდან ხალხის დათხოვნაში სწორედ პოლიტიკური ნიშნით და ასევე სისტემის ისე მოწყობაში, რომ მასში იკვეთებოდა მკაცრი კონტროლი ადამიანებზე. მე დარწმუნებული ვარ, როცა დამტკიცდება ახალი მთავრობა და იარსებებს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ პროცესები წარიმართოს ჩვეულებრივ რეჟიმში, დაიწყება გამოძიება. ასე რომ, არც ერთი გადაცდომა, არც ერთი დარღვევა არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე; ვერავინ გაექცევა თავის წილ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ეს ყველაფერი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. კონტროლს კი ამაზე განახორციელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც თავის მხრივ ასევე მკაცრად იქნება გაკონტროლებული საზოგადოების მიერ.

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, კოალიცია ერთერთ მთავარ ამოცანად სწორედ ამას ისახავს. რა გზით მიგაჩნიათ ეს ყველაფერი შესაძლებლად, მაშინ, როცა ნატო და ევროკავშირი ისევ პრიორიტეტებად რჩება?

_ სამწუხაროდ, სააკაშვილმა ჯერ კიდევ პირველივე წლებში დაუშვა შეცდომები რუსეთთან ურთიერთობაში. მისი პოლიტიკა არ იყო ღია, არ იყო ორიენტირებული იმაზე, რომ საკითხები მოგვეგვარებინა მშვიდობიანი, ცივილიზებული გზებით, რამაც მხარეებს შორის წარმოშვა კონფლიქტი.

_ სამხედრო რიტორიკას გულისხმობთ?

_ სამხედრო რიტორიკასაც და გახმაურებულ დაპატიმრებებსაც, რომელთაც, სამწუხაროდ, პიარხასიათი უფრო ჰქონდა, ვიდრე ორიენტირებული იყო რეალურ შედეგზე. მესმის, რომ ჯაშუში უნდა დაიჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას სერიოზული ზიანი არ მიადგეს. სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ვერ უზრუნველყო, ამიტომ შეცდომების ის ჯაჭვი, რომელიც დაშვებულ იქნა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, აღმოჩნდა სწორედ იმის მიზეზი, რომ კონფლიქტი გადაიზარდა ძალადობრივ დაპირისპირებაში.

ჩვენი ამოცანა, უწინარესად, არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ეს კი უნდა მოხდეს არა პიარკამპანიებითა და განცხადებებით, არამედ სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის გამოყენებით.

_ არსებობს დღეს ამის რეალური შესაძლებლობა?

_ მთავარია ის, რომ გლობალური პოლიტიკა თავის გზას პოულობს. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება, ამის ნიშნები უკვე არის. ჩვენი ამოცანაა, ამ პროცესში ვიპოვოთ სწორი ადგილი და ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე… ცხადია, აქ გარკვეულ წინააღმდეგობას ექნება ადგილი, რაიმე რეცეპტი და მზა ფორმულა არ არსებობს, მაგრამ, თუკი ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავებთ, იმედი მაქვს, რომ სულ მალე შევძლებთ არსებულ უთანხმოებაზე დიალოგსა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას; რა თქმა უნდა, აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასდროს დადგება. ეს ცხადია, მაგრამ, მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთთან დიალოგის გარეშე ჩვენ ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. მიდგომა, რაც ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას აქვს (თითქოს დასავლეთმა უნდა აიძულოს რუსეთი, მოახდინოს დეოკუპაცი), არის საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა, რაც ქვეყანას ვერანაირ სიკეთეს და დადებით შედეგს ვერ მოუტანს.

_ როგორ ფიქრობთრუსეთთან დაახლოების პოლიტიკა ხომ არ იქნება გარკვეულწილად გამაღიზიანებელი დასავლეთისთვის?

_ პირიქით, თქვენ თუ დააკვირდებით, ბოლო წლებში ნატო, შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი გვირჩევენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ვინაიდან ისინი კარგად ხედავენ, რომ სწორედ ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ჩვენი ინტეგრაციისთვის ევროატლატიკურ სტრუქტურებში.

_ თქვენ თქვით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება თავიდანვე სამხედრო რიტორიკით გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ. მაშინ არ გვირჩევდა იგივე დასავლეთი, რომ ჩრდილოელ მეზობელთან კონსტრუქციულები ვყოფილიყავით?

_ ყოველთვის გვეუბნებოდნენ ხაზგასმით: დაალაგეთ ურთიერთობა რუსეთთან… ისაა დიდი სახელმწიფო, არის გლობალურ პოლიტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და აქვს უზარმაზარი რესურსები, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის ასეთ სახელმწიფოსთან ხისტი პოლიტიკით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ, ბუნებრივია, დასავლელი პარტნიორები მუდმივად მიგვითითებდნენ დიალოგისკენ, მშვიდობიანი გზით ურთიერთობების დარეგულირებისკენ. ომის შემდეგაც იგივე რასმუსენი, სარკოზი და სხვებიც პირდაპირ აცხადებდნენ: უნდა დაიწყოთ დიალოგი, უნდა შეეცადოთ, გამონახოთ საერთო ენა. ეს სჭირდება როგორც საქართველოს, საკუთარი ინტერესების დასაცავად, ასევე სჭირდება დასავლეთს, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს იმ პრობლემებისგან, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში.

_ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი დაითხოვეს პოლიტიკური ნიშნით თავდაცვისა და საერთოდ, ძალოვანი უწყებებიდან. აპირებთ თუ არა მათი დაბრუნების საკითხის დასმას?

_ რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, რომ სისტემის დეპოლიტიზაციის პროცესში, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე, მოვიზიდოთ ის პროფესიონალი კადრები, რომლებსაც აქვთ, როგორც ცოდნა, ასევე გამოცდილებაც ძირეული რეფორმების განსახორციელებლად. ეს ადამიანები, თავის დროზე, დაითხოვეს უსამართლოდ და ჩვენ თავდაცვის სისტემიდან უსამართლოდ დათხოვნილ თითოეულ ადამიანს მივცემთ საშუალებას, დაუბრუნდეს სამსახურს, ემსახუროს თავის ქვეყანას.

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here