Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოსა და ნატოს საშემოდგომო გამოცდები

საქართველოსა და ნატოს საშემოდგომო გამოცდები

641

“ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც  ჰქვია არჩევნები, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან, შეხვედრის შემდეგ. _ ახლა ნატომ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს რეალური გაწევრიანება ნატოში უახლოეს მომავალში მოხერხდეს”.

 18 ოქტომბერს გაკეთებული ეს განცხადება ნამდვილად ქმნის ნიადაგს მსჯელობისთვის _ აქვს თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შესაძლებლობა, ხელშესახებ პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაძრას და დგას თუ არა რაიმე ანგარიშგასაწევი შინაარსი ნატოს ჩინოვნიკების პოლიტიკური შელოცვების უკან, რომელთაც საქართველოზე საუბრისას ბოლო წლების განმავლობაში იყენებენ. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ წინსვლას ამ მიმართულებით ადგილი არ ექნება?

სურვილები და შესაძლებლობები

,,მეტი დემოკრატია, მეტი მიახლოება ნატოს სტანდარტებთან ნებისმიერ სფეროში, მეტი თავსებადობა ალიანსის ძალებთან”, _ დაახლოებით ასე შეიძლება გადმოიცეს იმ გზავნილების მოკლე შინაარსი, რომელთაც თბილისი ბოლო 10 წლის განმავლობაში ბრიუსელიდან იღებს. წამით წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მომენტში საქართველომ ისეთივე დემოკრატია ააშენა, როგორიც ჰოლანდიაშია, ხოლო ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველა პარამეტრით ბელგიურს ან დანიურს დაემსგავსა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ნატოში მიგვიღებენ.

პრობლემები, რომლებიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან აქვს, მის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დღესდღეობით შეუძლებელს ხდის, მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება, რუსეთის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს; ნატოს ,,ძველევროპელიწევრები, სავარაუდოდ, შუალედური გადაწყვეტილებების მიღებასაც მოერიდებიან (,,მაპ”-ის მიცემა და სხვ.) და აშშის ინიციატივებს ამ მიმართულებით თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ დაბლოკავენ; უპირველესად, თქმული გერმანიას შეეხება. მაქსიმუმი, რის გაკეთებასაც ამ ეტაპზე ნატო შეძლებს, სავარაუდოდ, იქნება მოწოდება მუდმივი სრულყოფისკენ (ბუდისტი ბერების სტილში) და ისეთი დახმარების გაწევა, რომელიც ჩრდილოურ დათვს არ გააცოფებს.

ჩვენ, ალბათ, არ უნდა ველოდოთ, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ნატოს პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლება და ის შეიმუშავებს ახალ სტრატეგიას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგობის სწრაფ დაძლევას უზრუნველყოფს, რადგან კონფრონტაციის რისკი ამ შემთხვევაში სავარაუდო ამონაგებზე გაცილებით მეტს ,,იწონის”, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საქართველო, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის ცვლილებები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მოხდება. დღეს, ფორმალური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა ,,ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც უფრო პროამერიკული, უფრო ,,პრონატოური”, ვიდრე ,,ქართული ოცნება”, თუმცა მალე ეს სიტუაცია, სავარაუდოდ, შეიცვლება. საზოგადოებისთვის თითქმის ყოველდღე ცნობილი ხდება ახალი ფაქტები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ პრაქტიკაზე მიუთითებს, ,,ნაცმოძრაობის” ლიდერებს კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლება ემუქრებათ. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ყოფილი მმართველი პარტიის რღვევისა და მარგინალიზაციის პროცესი გაგრძელდება და მისგან, მაქსიმუმ, 1-2 წელიწადში დარჩება მხოლოდ ,,ნეომიშისტების” მცირე ჯგუფი, რომლის რეიტინგი სადღაც 4-5%-ის სიახლოვეს იტივტივებს. ამ მხრივ საინტერესოა პარალელების გავლება ,,ნარინჯისფერების” კრახთან უკრაინაში, თუმცა პათოლოგოანატომიაში წავარჯიშების ნაცვლად, ალბათ, იმის დადგენა აჯობებს, ვინ დაიკავებს ,,მთავარი ოპოზიციური ძალის” ნიშას, მაშინ, როდესაც ,,ნაცები” ავანსცენას დატოვებენ; ნატოს მოწინააღმდეგე ძალებს, ობიექტურად თუ შევხედავთ, ამ მხრივ არცთუ ურიგო შანსები აქვთ. ამ მიზნის მისაღწევად, მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა იდეები, ხალხი და ფული და ყველაფერი ეს, ასე თუ ისე, არის.

ახლა როგორღა გააჩერებენ?

სააკაშვილის რეჟიმი ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ებრძოდა,  გამორჩეულად აგრესიული კი იმ ადამიანების მიმართ იყო, ვინც ნატოზე უარის თქმას, საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ, ერთგვარ ,,ახალ ფინეთად” გადაქცევას ან სულაც რუსეთთან მჭიდრო კავშირს ემხრობოდა. მათ მაქსიმალურად უზღუდავდნენ შესაძლებლობას, საკუთარი აზრი საზოგადოებამდე მიეტანათ. ახლა ეს ვითარება შეიცვლება.

სააკაშვილის მმართველობის წლებში რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის საკმაოდ მდიდარ და გავლენიან ადამიანებს, რომელთა უდიდესი ნაწილი (უხეშად, დეტალებში ჩაღმავების გარეშე რომ ვთქვათ) ,,ფინური” ან ,,ევრაზიული” მოდელის მომხრე იყო, ათასი წინაღობა ექმნებოდა, რათა საქართველოში საქმე არ აეწყოთ, პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში პლაცდარმები არ დაეკავებინათ. ახალი ხელისუფლების დეკლარირებული კურსი კი მათთვის (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა იდეების მატარებელი ადამიანისთვის) ხელოვნური ბარიერების აღმართვას გამორიცხავს. ,,მატერიალურ ბაზისს” ნატოს საწინააღმდეგო იდეების ფართოდ გავრცელებისთვის, სავარაუდოდ, სწორედ ეს ხალხი შექმნის.

საქართველოში ყოველთვის, პროამერიკული სიმპათიების პიკზეც კი, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ. 2008 წლის იანვარში (ანუ აგვისტოს ომამდე, რომელმაც არცთუ დადებითად იმოქმედა ქართველების დამოკიდებულებაზე აშშსა და ნატოს მიმართ) ჩატარებულ პლებისციტზე, ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 23%-მა მისცა ხმა. მომდევნო, ომის შემდგომ გამოკითხვებში ნატოს მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 25-40%-ის დიაპაზონში მერყეობდა. საკმაოდ ნიშანდობლივი იყო იმ გამოკითხვების შედეგები, რომლებშიც ნატოს საკითხი ,,მიბმული” იყო ტერიტორიული მთლიანობის ზეპრიორიტეტულ საკითხზე. ასე გასული წლის ბოლოს სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ ,,იპლ”-ისა და გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 55% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ნატოში, მაშინ, როცა 23,3% ამის წინააღმდეგია, თუმცა, როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს, რას გააკეთებენ ისინი, თუ დადგებიან დილემის წინაშე: “ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, 93,4%-მა განაცხადა, რომ უყოყმანოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიემხრობა. საკითხის ასე დაყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები (განსაკუთრებით ამ მხრივ დავით დარჩიაშვილი აქტიურობდა) და ახალი, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდის მთავარი ამოცანა, სავარაუდოდ, სწორედ ,,საკითხის ასე დაყენება” იქნება.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა სიტუაცია შეიქმნება 2-3 წლის შემდეგ, ალბათ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში იმ იდეების გაჟღერების სიხშირე, რომელსაც დღეს კახა კუკავა და ნაწილობრივ ნინო ბურჯანაძე ავითარებენ, პირობითად, 10-ჯერ გაიზარდა და მათ ბევრი ახალი გამხმოვანებელი გამოუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ იდეებს იზიარებს, მისი მოცულობის (თუნდაც ყველაზე მოკრძალებული 23% ავიღოთ) ადეკვატური წარმომადგენლობა პარლამენტში არ ჰყავს, აშკარაა, რომ მისი იგნორირება შეუძლებელი შეიქმნება და ხელისუფლება იძულებული გახდება, მის წარმომადგენლებთან დისკუსიაში ჩაებას, რადგან სწორედ ეს გამომდინარეობს დემოკრატიული პლურალიზმის იმ პრინციპებიდან, რომელთაც ახალი ხელისუფლება ემხრობა და რომლის ერთგულებას იგივე ნატო მოითხოვს.

ნატოს მოწინააღმდეგეების მთავარი კითხვა ამ დისკუსიების დროს, სავარაუდოდ, ძალიან მარტივი და გასაგები იქნება: ,,სადაა პროგრესი ან ნატოში გაწევრიანების ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით? მსოფლიო და რეგიონი სულ უფრო არასტაბილური ხდება, ქვეყანას კი უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს”.

თუ დღეს ანიჰილაციის პროცესში მყოფი ,,ნაცმოძრაობა” ცდილობს, გააკრიტიკოს ახალი ხელისუფლება იმისთვის, რომ ის არასაკმარისად პროდასავლურია, მომავალი ოპოზიცია გადამეტებული პროდასავლურობისთვის გააკრიტიკებს; ამ სხვაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამავე დროს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ფონი, რომელიც ამ მომენტისთვის, ძალიან დიდი ალბათობით, შეიქმნება. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, სავარაუდოდ, საკმაოდ შთამბეჭდავი სტარტი ექნება, დაძაბულობა შემცირდება, მთელი რიგი პრობლემებისა (სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და ა. შ.) მოიხსნება, თუმცა საბოლოოდ მხარეები ჩიხში შევლენ და კრემლი ოფიციალურ თბილისს დაახლოებით ასე (ცხადია, არაპირდაპირი ტექსტით) მიმართავს: “ყოველივე დანარჩენზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის”. ამ მომენტისთვის საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, ცხადი შეიქნება, რომ ,,საარჩევნო გამოცდის” ჩაბარებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ შეუძლია მისცეს საქართველოს იმაზე მეტი, რაც უკვე მისცა, და გაწევრიანების საკითხი ხელშესახებ პერსპექტივაში არ დადგება. ამ ფაქტორების თანხვედრა ნატოს მოწინააღმდეგეების შეტევისთვის, როგორც პოლიტიკურ, ისე საინფორმაციო სივრცეში საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

შეხვედრა და განშორება ელბაზე

ბიძინა ივანიშვილი უდავოდ პროდასავლური, ნატოში ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოლიტიკოსია. ასე თავის დროზე სააკაშვილსაც ახასიათებდნენ, თუმცა მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ივანიშვილი მოვიდა, როგორც გამაერთიანებელი და, სააკაშვილისგან განსხვავებით, საზოგადოების ერთ ნაწილს მეორეს არ დაუპირისპირებს. ის არ მიუქსევს სხვა პლატფორმაზე მდგომ ადამიანებს (ანტიდასავლური იქნება თუ სხვა) კუდს თუ სოდს, ხელს არ შეუშლის, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან ან დააფუძნონ მედიასაშუალებები, შექმნან პოლიტიკური გაერთიანებები და მომავალ პარლამენტში მოხვდნენ, თუ ის 23% (თუ რამდენიც იქნება წნეხის მოხსნის შემდეგ) მხარს დაუჭერს.

იმაში, რომ ძალები, რომლებიც 2-3 წელიწადში, სავარაუდოდ, “მთავარი ოპოზიციის” ნიშას დაიკავებენ, ,,ახალი ფინეთის” ჩამოყალიბებაზე ან სულაც რუსეთთან ალიანსზე იქნებიან ორიენტირებულნი, ალბათ, უნდა ვეცადოთ დავინახოთ არა ცუდი ან კარგი, არამედ ობიექტური რეალობა. ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები არსებობენ, საკმაოდ ბევრნი არიან და ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავის რეალიზება სურთ.

ცხადია, არსებობს არაერთი ხერხი, რომლებიც ხელისუფლებას (და ამერიკელ პარტნიორებს) შესაძლებლობას მისცემს, გაახანგრძლივოს პროამერიკული და ნატოზე ორიენტირებული ძალების დომინირება პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა, ღია სატელევიზიო ეთერის და პარტიებზე უხეში ზეწოლის არარსებობის პირობებში, ახალი პოლუსის ფორმირება პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს (ისე, საინტერესო კია, რომელი ლიდერების გარშემო მოხდება კრისტალიზაცია, თუმცა მკითხაობა ამ თემაზე ჯერჯერობით ნაადრევია), ამიტომ ალასანიას გუნდს და ,,რესპუბლიკელებს”, ალბათ, დღეს უკვე უღირთ დაფიქრება იმაზე, რომ წინ ელოდებათ ძალიან მწვავე დისკუსია საგარეო კურსის თაობაზე. ის, სავარაუდოდ, იფეთქებს იმ მომენტში, როდესაც წინასაარჩევნო მოლოდინები ნატოსთან და ტერიტორიულ გამთლიანებასთან დაკავშირებით რეალობასთან ტრაგიკულ შეუსაბამობაში მოვა და მისთვის გაცილებით სერიოზული არგუმენტები გახდება საჭირო, ვიდრე ტრადიციული შელოცვა: “ამ კურსს ალტერნატივა არ აქვს”.

საიდუმლო არაა, რომ ამომრჩევლებმა, რომლებსაც, როგორც წესი, პრორუსულად განწყობილს უწოდებენ (ეს, ალბათ, არაკორექტულია, რადგან მათი უმრავლესობისთვის რუსეთთან ინტეგრაცია თვითმიზანი არაა, ზოგიერთი მათგანი კი, უბრალოდ, ნეიტრალიტეტის მომხრეა) ლამის სრული შემადგენლობით ხმა ივანიშვილს მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კოალიცია ნატოში გაწევრიანებას ემხრობოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ, როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, საკუთარი თავის წინააღმდეგ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებისა და ორიენტაციის მქონე ძალები გააერთიანა; სსრკ, აშშ და ბრიტანეთი რაიხის წინააღმდეგ ერთმანეთის გვერდი-გვერდ იბრძოდნენ, თუმცა, თუ მეტაფორას განვავრცობთ, დღეს გერმანია დამარცხებულია, იაპონია (ანუ, ჩვენ შემთხვევაში ის, რაც დარჩა ყოფილი მმართველი პარტიისგან) სულს ღაფავს და გამარჯვებულები მალე ერთმანეთს დაშორდებიან; ჰორიზონტზე ,,ცივი ომის” კონტურები იკვეთება. კამათი, რომელიც სააკაშვილის დამარცხებამდე ჭადრაკის პარტიასავით გადადებული იყო, მალე განახლდება, თუმცა იმედია, დავიწყებას არასოდეს მიეცემა 1 ოქტომბერს მიღწეული საერთო გამარჯვების განუმეორებელი განცდა, რომელიც, როგორც შეხვედრა ელბაზე 1945 წლის 25 აპრილს, მის მონაწილეებს მუდამ თან გაჰყვება, რადგან ორივე შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა არა იმდენად ერთი ბანაკის პოლიტიკური (ან სამხედრო) ძალების გამარჯვებას მოწინააღმდეგეზე, რამდენადაც ადამიანობის გამარჯვებას არაადამიანობაზე, რომლის ნამდვილი ფასი გაცნობიერებული, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ გვაქვს.

დიმიტრი მონიავა

             

 

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here