Home რუბრიკები საზოგადოება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლომაიამ დაფაზე «ბავშვის» ნაცვლად სამჯერ დაწერა «ბაშვი»… ვაი...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლომაიამ დაფაზე «ბავშვის» ნაცვლად სამჯერ დაწერა «ბაშვი»… ვაი სირცხვილო!

1480

ადამიანებისათვის აზროვნება ღვთითბოძებული სიკეთეა, ნიჭი კი _ ის გვირგვინი, რომელიც მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. მსოფლიო ხალხთა ენციკლოპედიაში ქართველები ნიჭიერ ერთა შორის მოვიხსენიებით და ეს არ არის შემთხვევითი.

საზოგადოების წინსვლას განვითარების ყველა ეტაპზე ინტელექტუალები განსაზღვრავენ, ამიტომაც იყვნენ ისინი პატივდებულები და დაფასებულები ყველა დროსა და ეპოქაში. საყოველთაოდაა ცნობილი ალექსანდრე მაკედონელისა და ანტიკური ხანის დიდი მეცნიერის, დიოგენეს, შეხვედრის ლეგენდადქცეული ამბავი, როდესაც მარმარილოს სასახლეებს მიჩვეულმა დიდმა მხედართმთავარმა კასრში მჯდომ მეცნიერთან მუხლი მოიყარარატომ? თვითონ არისტოტელეს აღზრდილი იყო და იმიტომ.

მეცნიერების ძირითადი საქმიანობა ფიქრი და აზროვნებაა, რომლის შედეგადაც იქმნება ის სამეცნიერო პროდუქცია, რომელიც საზოგადოების პროგრესისა და წინსვლის საფუძველია. ინტელექტუალური შრომისთვის იღებენ ისინი გასამრჯელოს, მათმა აზროვნებამ მოგვცა საშუალება, შეგვეცნო სამყარო და მთვარეზეც «გაგვესეირნა».

«ძალიან დიდი ხომ არაა მეცნიერთა ჯამაგირები»? _ გაუბედა ასეთი კითხვა სტალინს მისმა ფინანსთა სახალხო კომისარმა ზვერევმა… გენიალური იყო ბელადის პასუხი, რომელიც კომისრის მოხსენებით ბარათზე წითელი ფანქრით იყო დაწერილი: «თქვენი ხელფასი გაანგარიშებულია მხოლოდ ადამიანის ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მეცნიერს კი… უფრო დიდი სულიერი მოთხოვნილებები აქვს და, თუ ის ვერ დავუკმაყოფილეთ, რაღა აზრი აქვს მის ფიზიკურ არსებობას?!»

დღეს არავის უკვირს გიგანტური საჰაერო ლაინერები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და სხვა უამრავი სიკეთე, რომლითაც ადამიანები სარგებლობენ. ამ საკაცობრიო პროგრესში ქართველი მეცნიერების წვლილიცაა, თუმცა ეს ბევრმა არც კი იცის, რაც ძალიან სამწუხაროა.

მახსოვს ტელეგადაცემა «ნიკოლოზ მუსხელიშვილის ძეგლთან». მხოლოდ ხანშიშესულებმა თუ იცოდნენ, რომ იგი მსოფლიო დონის მეცნიერი იყო… არადა, ჩემი თაობის ახალგაზრდები ასეთი ადამიანებით ვამაყობდით. ვაჟთა პირველ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი კლასელებიდან რამდენიმე გამოჩენილი და წარმატებული მეცნიერი გახდა. დღეს კი რა სურათია? ბევრმა ახალგაზრდამ არც კი იცის, რომ არსებობს საქმიანობა, რომელსაც მეცნიერება ჰქვია.

მეცნიერების გადაგვარება მაშინ დაიწყო, როდესაც ვარდოსნების «რევოლუციურმა» პარლამენტმა მიიღო ყბადაღებული კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ, რასაც მოჰყვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების შენობებისა და სხვა ქონების გაყიდვა, ხოლო იმ ადამიანების ქუჩაში გამოყრა, რომელთა პროფესიაც ფიქრი და აზროვნება იყო.

საქართველოში ორი მძლავრი სამეცნიერო ცენტრი არსებობდა: ეროვნული აკადემია და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ისინი უწევდნენ კოორდინაციას როგორც საუნივერსიტეტო, ისე კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობას. უნივერსიტეტში პროფესორებად, ხშირად კათედრის გამგეებად, მიწვეულები იყვნენ კვლევით სექტორში დასაქმებული ცნობილი მეცნიერები, ხოლო უნივერსიტეტებში მომუშავე ასევე ცნობილი მეცნიერები კვლევით დაწესებულებებში ხელმძღვანელობდნენ ლაბორატორიებს, განყოფილებებს, სექტორებს და ა. შ.

ვიღაც ტვინგარეცხილმა არსებებმა, რომლებიც, სამწუხაროდ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არავინ იცის, თუ როგორ მოხვდნენ, მეცნიერებისა და განათლების მსოფლიოში აღიარებული სტრუქტურები, კომუნისტურ გადმონაშთად მონათლეს და მეცნიერებათა აკადემიებს კვლევითი ინსტიტუტები ჯერ ჩამოართვესხოლო უპატრონოდ დარჩენილები შემდეგ გააუქმეს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობ პირებს მიჰყიდეს, რომელთა შორის ბევრი თაღლითი და ავანტიურისტი აღმოჩნდა

განა შეიძლება მეცნიერება იყოს კომუნისტური, კაპიტალისტური ან სოციალისტური, ფაშისტური და ა.შ.? მეცნიერება ზეიდეოლოგიური მიმართულებაა და მასზე საზოგადოებრივი ფორმალობები გავლენას ვერ ახდენენ, მათ მთავრობებს შეუძლიათ შეიცნონ, ხელი შეუწყონ და ადამიანების სასიკეთოდ გამოიყენოს ის… ცხადია, თუ აქვს ამისი უნარი.

მაშ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რატომ გამოაპანღურეს ცნობილი მეცნიერები უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებიდან?! რატომ მოუშალეს მათ ის ბუდე, რომელსაც კათედრები, დარგობრივი განყოფილებები, მათი მომსახურე სტრუქტურები ერქვა? რატომ დაიყვანეს მათი აზროვნება ლუკმაპურის მოძიების დონეზე?

სამწუხაროდ, მაშინ გამოვიღვიძეთ ქართველებმა, როდესაც ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლომაიამ დაფაზე «ბავშვის» ნაცვლად სამჯერ დაწერა «ბაშვი»… ვაი სირცხვილო, მუსხელიშვილის, ვეკუას, რაზმაძის, ბერიტაშვილის, საბაშვილის და სხვა მსოფლიო დონის მეცნიერების სამშობლოში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საშუალო სკოლის ცოდნასაც ვერ ამჟღავნებს.

ბევრი ამბობდა, მაგრამ დაჯერება გვეძნელებოდა, რომ სააკაშვილს ქვეყანაში მხოლოდ გაუნათლებელი და გონებაჩლუნგი ადამიანები სჭირდებოდა, რომლებიც რეაგირებას მხოლოდ პურსა და სანახაობაზე მოახდენდნენ… ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევდა, თუ ერის აზროვნების ცენტრებს მოსპობდა. ასეთები კი!.. მეცნიერებათა აკადემიები, უნივერსიტეტები, აკადემიური თეატრები, ქართული კინო, ხელოვნება, სპორტი და ა.შ. იყო.

დროზე გამოიღვიძეს სტუდენტებმა, რომლებმაც ამხილეს, რომ თურმე მათი დეკანიმაგისტრატურის სტუდენტია, ხოლო რექტორი _ კარგი ოჯახიშვილი, მაგრამ უხარისხოა, რომ «აგრარულში» რექტორი სულ სხვა პროფესიის, უხარისხო თინეიჯერია და . .

მადლობა ღმერთს, რომ ქვეყნის ისტორიის უაღრესად კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა რეჟიმს, სათავეში ჩაუდგა მავანთა მიერ ბევრჯერ მოტყუებულ და მიტოვებულ ხალხს, ერთ მუჭად შეკრა ისინი და გამარჯვებამდე მიიყვანა ქვეყანა.

მე ვთვლი, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მოამზადა, პარლამენტში ხმა მისცა და სამოქმედოდ გაიხადა განათლებისა და მეცნიერების შესახებ მიღებული კანონი. უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც სკოლებში მანდატურები შეუშვა, დაანგრია საუნივერსიტეტო სტრუქტურები (კათედრების გაუქმება და უაზრო დეპარტამენტების შექმნა), ვინც დაარღვია წოდებების გრადაცია და ყველას მისცა პროფესორის წოდების ტარების უფლება და გააუფასურა ეს მეტად საპატივცემულო თანამდებობა, ვინც არ მისცა საშუალება ახალგაზრდებს, დაეუფლოს იმ სპეციალობას, რომელიც მას სურს, და არა იმას, რომელზეც იძულებით სწავლობს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას: «ეს ხომ შურისძიებააო», არა, ბატონებო, ეს შურისძიება კი არა, სამართლიანობის აღდგენაა. ეს ის არის, რომ მომავალში აღარავინ «ჩაყოს ცხვირი იქ»… რისიც არაფერი გაეგება, რათა კიდევ არ გადაჩეხოს საქართველო ისეთ უფსკრულში, რომლიდანაც ამოსვლაც ასე გაგვიჭირდა.

მეცნიერებაში ჯერ კიდევ შეიძლება თაობათა შორის იმ ჯაჭვის აღდგენა, რომელიც გაწყვეტილია. კიდევ არიან საქართველოში ჭეშმარიტი სწავლულები და მეცნიერები, რომლებსაც საკმარისი დრო დარჩათ იმისთვის, რომ მოამზადონ ღირსეული ცვლა. სასწრაფოდ უნდა აღდგეს სადისერტაციო საბჭოები იმ პოტენციალის სრული გამოყენებით, რომლებიც ჯერ კიდევ არიან, ის დაცვის მექანიზმები, რომლებიც ადრე არსებობდნენ და გზას უკეტავდნენ მეცნიერულ ავანტიურიზმს. სამეცნიერო ხარისხი ადამიანის ცხოვრების საგზური უნდა იყოს და არა საკეკლუცო აქსესუარი… უნდა აღდგეს სამეცნიერო ხარისხების ორსაფეხურიანობა (აკადემიური დოქტორი და მეცნიერებათა დოქტორი).

და ბოლოს: რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს აკადემიებს კვლევითი ინსტიტუტები, აღუდგინოთ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს რეალური ავტონომია. ნუ შეგვაშინებს ის, რომ ქართული სამეცნიერო საზოგადოება ასაკოვანია, გვახსოვდეს, რომ მეცნიერებაში ხანდაზმულობა უფრო მეტ ცოდნას ნიშნავს.

დამაიმედებელია ის, რომ ახალ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, თუ რა არის ჭეშმარიტი განათლება და მეცნიერება.

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here