Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს – ნობელის პრემია უმაღლესი მათემატიკის დარგში!

სააკაშვილს – ნობელის პრემია უმაღლესი მათემატიკის დარგში!

907

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. მიშა რის მიშა იქნებოდა, ეს სატელეფონო საუბაიც სათავისოდ რომ არ „მოეთარგმნა“! ადგა და სასწრაფოდ საკუთარი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კვლავ საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკობს. არჩევნების „დემოკრატიულად“ წაგების შემდეგ მიშა ისევ ნატოში შესვლას გვპირდება და გვარწმუნებს, რომ „საქართველოს ბევრად ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე 2003 წელს“. ვიდეომიმართვის სტილი დაცულია:

 „წეღან დამირეკა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა. მიწვეული ვარ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე,  ვარ მომხსენებლად პრაღაში ნოემბერში. მინდოდა ასევე გამეზიარებინა თქვენთვის და მეთქვა, რომ ახლა, ამ არჩევნების შემდეგ, იმის გამო, როგორც ჩატარდა ეს არჩევნები, ჩვენ ყველას გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ  ნატოში ინტეგრაციის კუთხით. დეკემბერშია ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები, ახლა, როგორც არასდროს და მე ამის შესახებ ვუთხარი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს. ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა. მათ შორის, არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთანაც, რომ წავიწიოთ ნატოში ინტეგრაციის კუთხით წინ. მე მზად ვარ, როგორც პრეზიდენტი, საპრეზიდენტო შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთო, რადგან ახლა, ამ არჩევნების ფონზე, იმ პირობებში, როცა ყველამ აღიარა ეს დემოკრატიის ნიმუშად. იმ პირობებში, თუკი ჩვენ შევინარჩუნეთ დემოკრატიის ჩარჩო და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ჩვენ გვაქვს მართლა ეს შესაძლებლობა.

ილუზიები იმის შესახებ, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს ჩვენს დამპყრობელთან საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გამო, ამ არჩევნების შემდეგ, მათ შორის ახალ კოალიციას  აღარ დარჩება და გაეფანტება. პრობლემა არის ფუნდამენტური. ვიღაცისთვის ეს არის საქართველოს დამოუკიდებულობა. ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ამ კურსს არ აქვს არანაირი ალტერნატივა ქვეყნის მომავლისთვის, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, ვინც არ უნდა იჯდეს ამ სასახლეში. ამიტომ ჩვენ ახლა აღარ უნდა გავაჭიანუროთ არჩევნების შედეგების საბოლოო დაზუსტება. აღარ უნდა გავაჭიანუროთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი. მე ვუყურებ ახალი მთავრობის გაცნობის და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის მიერ ფონდების გადაცემის პროცესს. საქართელოს აქვს ბევრად ნაკლები ვალი, ვიდრე ჰქონდა ეს 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ და იმხელა რესურსის ბიუჯეტი, რაც არ ჰქონია თავის ისტორიაში. სხვა რომც არაფერი შექმნან და ეს რესურსები გამოიყენონ, ძალიან ბევრი კარგი რამის შექმნა შეიძლება. საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს. ამიტომ ახლა უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება, მისი ქართველი ხალხისთვის მოხმარება. უნდა გაგრძელდეს ასევე საგარეო–პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. ჩვენი ამოცანაა საქართველოს წინსვლა. პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა. აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და მოვეშვათ საარჩევნო რიტორიკას, აგრესიას, სხვა გამონათქვამებს და რეალურად ხელდაკაპიწებულებმა ვიმუშოთ იმისთვის, რასაც ხალხმა ხმა მისცა. ეს იქნება საქართველოს და თვითოეული ოჯახის პროგრესი“,–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის: 2003 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.8 მილიარდ დოლარს შედაგენდა, ხოლო დღეისათვის 11 მილიარდს გადააჭარბა. თუ სააკაშვილი იმის დამტკიცებას შეძლებს, რომ 11 მილიარდი 1,8 მილიარდზე „ბევრად ნაკლებია“, მან, შესაძლოა, უმაღლესი მათემატიკის დარგში ნობელის პრემიასაც გამოჰკრას ხელი. 

 


 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here