Home რუბრიკები პოლიტიკა სიმართლე უკრაინული აქცენტით

სიმართლე უკრაინული აქცენტით

514

არასოდეს მიფიქრია, რომ დავწერდი გაზეთისთვის, თანაც საგარეოპოლიტიკურ თემებზე, მაგრამ სოციალურ ქსელებში მასმედიის მასობრივმა ისტერიკამ, სააკაშვილის დამარცხებამ რომ გამოიწვია, მაიძულა, მივჯდომოდი კლავიატურას. მოთმინების ფიალა ემიგრანტ ყიფიანის პასიონარულმა დაპოსტებამ და «ფეისბუკზე» გრიცენკოს სევდიანმა წკავწკავმა ამივსო.

ასეთი რა მოხდა, კაცმა რომ თქვას? პატიოსანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოში გაიმარჯვა პარტიამ გამოკვეთილი ჩრდილოატლანტიკური მიმართულებით, სხვათაშორის, ხელისუფლების მხრიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფალსიფიკაციის მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მიღებულმა მითითებებმა აიძულა მიხო, მიეღო ბრძნული გადაწყვეტილება და არ დაეშვა შიდაქართული კონფლიქტის ესკალაცია. სიგნალები იყო ოფიციალურიც და კულუარულიც. არაოფიციალური ინფორმაციის მიწოდების მეთოდოლოგიაზე ხმას ნუ ამოვიღებთ _ უკრაინული «ვიკნა» «ვიკილიქსი» არ არის. აი, ოფიციალურიდან კი ღირს გამოვყოთ გაერთიანებული ოპოზიციის ესოდენ საყვარელ ევროკომისარ ფიულეს წერილი, რომლითაც მან საარჩევნო პროცესის მონაწილეებს მოსთხოვა, არ დაეშვათ ფალსიფიცირება, დაეცვათ ურთიერთპატივისცემა და ეღიარებინათ პატიოსანი არჩევნების შედეგები. ვფიქრობ, რომ ძალიან გაიკვირვებდა, როცა უკრაინის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სევდიან ნაწერს წაიკითხავდა: «საქართველოში მოსახლეობა უფრო მეტია, ვიდრე ხალხი».

ამთავითვე რამდენიმე ძირითად მომენტს აღვნიშნავ. ჯერ ერთი, მე ივანიშვილის მომხრე არ ვარ, არ მიმიღია, არ ვიღებ, არც ვგეგმავ მისგან ან მასთან დაახლოებული ადამიანებისგან ფულის მიღებას, ანგარიში არ მქონია «როსიისკი კრედიტში», როცა ის ბიძინას ეკუთვნოდა და ა. შ.

მეორე, ყოველთვის სიმპათიურად ვიყავი განწყობილი საქართველოსა და ქართველების მიმართ, რომელთა შორის ბევრი მეგობარი მყავს. დაბოლოს, ჩემს განსჯაში ყოველთვის ვცდილობდი მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს დავყრდნობოდი, ობიექტურად ვაფასებდი ამა თუ იმ მოვლენას, რაც, მოგეხსენებათ, პროფესიონალი ექსპერტის საქმეა.

ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მთხოვეს, გავძღოლოდი გუამის ანალიტიკოსების ბრიუსელში გამართულ კონფერენციას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს ეხებოდა.

ღონისძიების ჰედლაინერები იყვნენ საერთაშორისო აღიარების მქონე და პოლიტიკურად არაანგაჟირებული ქართველი სპეციალისტები: პროფესორი გიორგი ხუციშვილი, ექსპერტი უჩა ნანუაშვილი და საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი, საქართველოს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ისტებლიშმენტი დაიღალა ქართული თემით (ბრიუსელში აქტიურად მუშაობენ როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის ლობისტები), კონფერენციაზე ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი _ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებით დაწყებული და მრავალი საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებით დამთავრებული.

არ მსურს ამ ღონისძიების მსვლელობის პერიპეტიები, უკანონობის შემაძრწუნებელი მაგალითები აღვწერო, რომლებიც საქართველოში ხდება, ამის გაგება შეგიძლიათ მასმედიიდანაც და ბერლემონის მასალებიდანაც. მაგრამ აი, ოფიციალური პირების რეაქცია ბევრის მანიშნებელია. ჯერ ერთი, ჩვენ შევხვდით ევროპარლამენტის წევრ შოლცს, ხუციშვილი _ ევროპარლამენტის წევრ პალეცკისს. ორივე პოლიტიკოსი, რომლებიც ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციას წარმოადგენენ, აპირებს მოაწყოს მოსმენა საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის უფლების ჩათვლით, სისტემურ დარღვევათა შესახებ.

მეორე, მოვახერხეთ კატერინა ლოპოსთან შეხვედრა, რომელიც საქართველოს საკითხებს განაგებს კატრინ ეშტონის ოფისში. იგი შესანიშნავად ერკვევა ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში და მუდმივი კონტაქტი აქვს როგორც სააკაშვილთან, ასევე მის ოპონენტებთან. და მე მისგან ვერც ერთხელ ვერ მოვისმინე მინიშნებაც კი ივანიშვილის «პრორუსულ» მიმართულებაზე, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ არაერთხელ იყო თქმული.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელი კოლეგებისთვის სულაც არ იყო აღმოჩენა სააკაშვილის რეჟიმის დიქტატორული არსი. ლოპოს თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებს არაერთხელ მიუთითებიათ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მის ქვეყანაში. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია პატიმართა რაოდენობის ზრდამ 2003 წლიდან (100 000 კაცზე პატიმართა რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი _ მეექვსე ადგილზე).

კიდევ ერთი მომენტი. მე არაერთხელ შევხვედრივარ საფრანგეთში მცხოვრებ და ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს. სწორედ მისგან შეიტყო მსოფლიომ თბილისური «აბუ-გრეიბის» ამბები. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ, ეთიკის თვალსაზრისით, ეთერში არგაშვებული კადრების ყურებას ადეკვატური ფსიქიკის მქონე ადამიანი ვერ შეძლებს.

ამ ფონზე გაოცებას იწვევს უკრაინული მედიის მიერ ტირაჟირებული ლიტველი ექსპერტის სიტყვები იმის თაობაზე, რომ «გარეშე საგნებით გაუპატიურების კვალი პატიმრებს არ აღმოაჩნდათ». მე არ მსურს დავეჭვდე ამ ადამიანის კომპეტენტურობაში, თუმცა ეკრანზე სულ სხვა რამ ვნახე. ამგვარი ექსპერტიზის მორალური მხარე მზარავს ისევე, როგორც ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის კომენტარები. კარგი იქნებოდა, მოგვესმინა მათი რეაქცია მსგავს ექსპერტიზაზე (ღმერთმა არ ქნას!), მაგალითად, რომელიმე ჩვენი ცნობილი პატიმრის მიმართ… არადა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ჩვენი ვიპპატიმრები და უბრალო ქართველი პატიმრები არიან ადამიანები, რომელთა უფლებები აბსოლუტურად ერთნაირადაა დაცული.

დაბოლოს, ჩემი ქართველი მეგობრები (არა კონფერენციის მონაწილენი) მელაპარაკნენ თბილისურ მოარულ ხმებზე, თითქოს 26 სექტემბერს კიევში სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ღონისძიებანი ივანიშვილის მომხრეთა პრესკონფერენციის ჩატარების წინააღმდეგ. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს ინფორმაცია მორიგი ჭორია, რომელიც განახორციელეს სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა ტექნოლოგებმა. მაგრამ, თუ ამაში იოტის ოდენი სიმართლეა, ვისურვებდი, გამეგო ჩვენი კომპეტენტური ორგანოების ლოგიკა, თუმცა უკრაინაში, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ყველაფერია შესაძლებელი.

მიხაილ მალკოვი,

კატასტროფების პრევენციისა და

მათზე რეაგირების ექსპერტი, კიევი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here