Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: ამ ყველაფერს პირველად თქვენი გაზეთისთვის ვამბობ!

ლალი აფციაური: ამ ყველაფერს პირველად თქვენი გაზეთისთვის ვამბობ!

906

„საქართველოს და მსოფლიოსთან“ უფლებადამცველ ლალი აფციაურს არაერთხელ უსაუბრია სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ის არასდროს ერიდებოდა ციხეში არსებულ სიტუაციაზე ხმამაღლა საუბარს, დღეს კი ჩვენთან საუბარში  იმ დეტალებზე ყვება, რაც საზოგადოებისთვის პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვენების შემდეგ გახდა ცნობილი.

 ლალი აფციაური: ციხის ბუნტის შესახებ დღემდე არ იცის საზოგადოებამ. 25 სექტემბერს სიტუაცია რომ დაიძაბა, პატიმართა წამების ფარული ვიდეოჩანაწერები როგორც კი დაიდო და ციხეებთან პატიმრების მშობლები შეიკრიბნენ, რათა ენახათ, პატიმრები როგორ მდომარეობაში იყვნენ, 8 საათზე მივედი მეც ჩემი პატიმრების სანახავად. მოვსინჯე, შემიშვებდნენ თუ არა. უკვე ახალი დირექტორი იყო დანიშნული. შემიშვეს. პროცედურის გავლისას მითხრეს, რომ ახალი დირექტორი მიბარებდა თავისთან, სანამ პატიმრებს შევხვდებოდი. რამდენიმე წუთის შესული ვიყავი, როდესაც გისოსებზე ბრახუნის და ყვირილის ხმა გაისმა. ეს იყო 8 წლის განმავლობაში დადუმებული ადამიანების პროტესტი. დირექტორი ძალიან დაიბნა, დააპირა, დაერეკა ზემდგომ ორგანოებში და მოსალოდნელ ბუნტზე გაეფრთხილებინა. მერე თქვენც იცით, ამას რა მოყვებოდა, შემოვიდოდა სპეცნაზი, პოლიცია, პატიმრებს გაუსწორდებოდნენ, რაც არაერთხელ მომხდარა. გამოცხადდებოდა საგანგებო რეჟიმი და არჩევნებიც ჩაიშლებოდა. უცებ გავიაზრე ეს ყველაფერი და დირექტორს ვუთხარი, არავინ გაეფრთხილებინა და სიტუაციას დავაწყნარებდი, თუკი პატიმრებთან საუბრის საშუალებას მომცემდნენ. უცებ დამთანხმდა.

– სხვა დროს, ალბათ, ციხის დირექტორი ამ წინადადებაზე არ წამოვიდოდა.

გამორიცხულია. ახალი დანიშნული იყო, თან ასეთი ამბების მერე. ძალიან დაიბნა და უკან გამომყვა. კიბეებზე ლალი მოროშკინა შემხვდა. მე და ლალი მერე ერთად დავრბოდით ეზოში, 4500 კაცის ხმა გადავფარეთ მგონი. ცალ–ცალკე მივდიოდით საკნებთან და ვუხსნიდით, რომ არ წამოგებოდნენ პროვოკაციას, რომ ეს კეთდებოდა, რათა დესატბილიზაცია მომხდარიყო, გამოცხადებულიყო საგანგებო რეჟიმი. რომ ხელისუფლებას ეს სიტუაცია არჩევნების ჩასაშლელად აწყობდა. ვეუბნებოდით, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაა მომართული მათკენ და ეს ბუნტი საჭირო აღარ არის. ერთი საათი მაინც დასჭირდა ამ ინფორმაციის მიტანას მათთვის. დაახლოებით 4 საათი ვიყავი შიგნით. ლალი გარეთ გავიდა, დაამაშვიდა იქ შეკრებილი ადამიანები. ეს იყო, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული. იქ იყვნენ პატიმრები, რომლებიც აქტიურობდნენ, რომ შიგნით ბუნტი მომხდარიყო. როცა მე პატიმრებს ვთხოვდი, გაჩუმებულიყვნენ, რიგი პატიმრებისა მაინც არ ჩუმდებოდა, მაგრამ მერე თვითონ სხვა პატიმრებმა მიხედეს მათ და გააჩუმეს. ხელისუფლებას არ გამოუვიდა ჩაფიქრებული გეგმის განხორციელება ამ შემთხვევაში.

შემდეგ პატიმრებმა მთხოვეს, საკნებში შევსულიყავი. ყველა საკანთან მივედი. ვეუბნებოდი, რომ დამთავრდა ის პრობლემები, სიგარეტს რომ ვერ ეწეოდით, ხმამაღლა ვერ იცინოდით, ვერ გეძინათ. გამოსვლას როცა ვაპირებდი, თვითონ პატიმრებმა დამიძახეს, რომ შენობის ქვემოთა სართულზე იყო საკნები, სადაც დასჯილი პატიმრები იყვნენ. დირექტორს წინააღმდეგობა არ გაუწევია. საკნები გავათავისუფლეთ. ეს საკნები რომ გავათავისუფლეთ, მერე პატიმრებმა მითხრეს თვითონ, რომ ადმინისტრაციული შენობის ქვემოთ იყო საკნები, სადაც საშინელი სიტუაცია იყო. ტილებდასეული ადამიანები იყვნენ. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნებოდა იქ, როცა არც ტუალეტის, არც კვების საშუალება არ ჰქონდათ. ბოლო წუთამდე, ვიდრე არ მოხდა ასეთი პატიმრების გამოყვანა იმ საკნებიდან და კორპუსზე გადანაწილება, არ დამიტოვებია დაწესებულება.

– მაშინ გავრცელდა ინფორმაციაც, თითქოს რამდენიმე პატიმარმა ცნობილი ციხის კადრების გაშუქების შემდეგ თვითმკვლელობაც ცადა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

– იყო ასეთი ინფორმაციები. მეც მთხოვეს კომენტარი გამეკეთებინა ამაზე. მე ყველას ვთხოვე, დაესახელებინათ გვარები, მოეწერათ თუნდაც, შევიდოდი და პირადად გადავამოწმებდი ამ ინფორმაციას, თუმცა ამის შემდეგ არავინ შემხმიანებია. ეს ინფორმაცია, დამერწმუნეთ, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. დამიჯერეთ, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, წინ ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა გველის. შეიძლება ბევრი პროვოკაცია იყოს, ციხიდან ბევრი არასწორი ინფორმაცია გამოვიდეს, რომ ხალხი აღაშფოთონ. მე ყოველთვის ვიცოდი, რა ხდებოდა დაწესებულებაში თვითონ პატიმრებისგან. ისინი მენდობოდნენ და იმ ინფორმაციებსაც, რომელსაც მე პერიოდულად ვაწვდიდი თქვენს გაზეთსაც და სხვა მედიასაშუალებასაც, სწორედ მათი თანხმობით ვააშკარავებდი. ამ წლების მანძილზე უამრავი ისეთი ფაქტი გამიცხადებია, წესით ის ციხის ფარული ვიდეოჩანაწერები საზოაგდოებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა რატომღაც მაშინ არავინ აქცევდა ამას სათანადო ყუარდღებას.

– ჩვენს გაზეთთან დაახლოებით ერთი წლის წინ საუბრობდით ციხეში არსებულ საშინელ სიტუაციაზე და იმაზეც, რაც ამ კადრებით გახდა ცნობილი. ასევე პერიოდულად ქვეყნდებოდა თქვენი და სხვა უფლებადამცველთა ინტერვიუებიც, სადაც საუბრობდით პატიმართა გახშირებულ სიკვდილიანობაზე, არასათანადო მოპყრობასა და წამებაზე. თუ იქნება ეს ფაქტები გამოძიებული და დადგება თუ არა მასში მონაწილე პირთა პასუხისგების საკითხი?

– დიახ, თქვენს გაზეთთან არაერთხელ მითქვამს ეს. არ ვერიდებოდი ამის თქმას, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა. თვითონ პატიმრების მონაყოლიდან ვიცოდი, თუმცა ფაქტის წინაშე დადგომა ჩემთვისაც მძიმე აღმოჩნდა. კადრები რომ ვნახე, შემზარა. ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა. ხალხს შეიძლება არც სჯეროდა. ჩემი მუშაობა ხალი ხელისუფლების პირობებში სწორედ იმით დაიწყება, რომ ყველა ასეთი საქმე გამოძიებული იქნას. რადგან ეს სისტემა გაიხსნა, უკვე ხალხსაც შიშის ფაქტორი აღარ აქვს, ძალიან ბევრი საქმე ამოტივტივდება. დამიჯერეთ, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო საუბარი ციხეში არსებულ აქამდე უცნობ დეტალებზე და ძალიან ბევრი საქმე გაიხსნება. იმაზე ბევრად ცუდი ინფორმაციების მოსმენა მოგვიწევს, ვიდრე ეს კადრებით ვიხილეთ. თითქმის ყოველდღე მიწევდა ამაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, თუმცა არ ვიცი, აქამდე რატომ არ ჰქონდათ რეაქცია. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ისაუბრებს ამაზე ღიად, მათ შორის ისეთებიც, ვინც ამ რეჟიმს გადაურჩა და მოუყვება საზოგადოებას ყველაფერს. სკანდალური და მძიმე ამბების მოსმენა მოგვიწევს.

– ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში ძალიან ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლეს, ან პასუხისგებაში მისცეს, თუმცა პატიმრები საუბრობდნენ იმაზეც, რომ კიდევ არიან ისეთი თანაშრომლები, ვინც სისტემიდან გასაშვებია.

–დარჩენილები არიან ნამდვილად, თუმცა დამერწმუნეთ, ასეთ მცირე დროში ძნელია ამხელა სისტემაში მომუშავე ადამიანიების შემცვლელების პოვნა. თანაც, ნაკლებად მგონია, ვინმე სიხარულით წავიდეს სამუშაოდ იქ, სადაც ასეთი რაღაცეები ხდებოდა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალურად შეცვლილები არიან. ეს ყველაფერი,  რაც მოხდა, მარტო ამათი ბრალი არაა. ეს ხელისუფლებისგან იყო დაშვებული. დაუსჯელობის სინდრომი ჰქონდათ და ცა ქუდად არ მიაჩნდათ. არ შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველა დასაჭერია, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა უნდა დაისაჯოს. მათ შორის, ახალაიები, ქარდავა, ის ძირითადი ბირთვი, ვინც ბრძანებებს გასცემდა და უშუალოდაც მონაწილეობდა პატიმართა წამების პროცესში.

– გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი კადრების ერთ–ერთი ავტორი დათა აკობია, რომლის უფლებებსაც თქვენ იცავთ,  22–დღიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა.

– გუშინწინ საღამოს დამიკავშირდა დათას მამა და მითხრა, რომ 22 დღე იყო გაუჩინარებული მისი შვილი და მასზე არაფერი იცოდა ამ დროის განმავლობაში. ძალიან შეწუხებული იყო და მთხოვა, დავხმარებოდი მისი შვილის პოვნაში. როგორც ჩვენ შსს–ს მიერ გავრცელებული სიუჟეტიდან გავიგეთ, ის ბრალდებული იყო, მაშინვე გადავამოწმე დაკავებულ პირთა რეესტრი, მაგრამ აკობია სიაში არ აღმოჩნდა. მასზე საქმე აღძრული არაა. ყველა საპყრობლეში მოვიკითხე. მამამისმა შემდეგ გაიხსენა, რომ პროკურორი დავით ჩხატარაშვილი და კობა ნოზაძე ზედამხედველობენ ამ საქმესო და როგორც მოწმე, მოწმის დაცვის პროგრამაში ჩასვესო და გასაიდუმლოებულიაო. თუმცა ასეთ პროგრამაში როდესაც სვამენ მოწმეებს, ოჯახის ერთმა წევრმა მაინც იცის მისი ადგილსამყოფელი. ვესაუბრე კობა ნოზაძეს, რომელსაც ვუთხარი, რომ მისი ადვოკატი ვიყავი და ნახვა მინდოდა. მან ყევლანაირი ინფორმაციის მიღებაზე უარი განმიცხადა, რამაც ეჭვი გამიჩინა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო. მამამისს ვუთხარი, პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებ–თქო, რომელზეც განვაცხადე – სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანი მოკლეს–მეთქი. ამის შემდეგ მივედი პროკურატურაში. ჩხატარაშვილი ადგილზე არ აღმოჩნდა, არც ტელეფონზე მპასუხობდა. დავურეკე კობა ნოზაძესაც და ვუთხარი, რომ პროკურატურაში ვიყავი მისული და ყველაფრის გარკვევას ვაპირებდი. რამდენიმე წუთში პროკურატურის შენობასთან გაჩერდა მანქანა, საიდანაც 3 ადამიანი გადმოვიდა. პროკურატურის შენობა მინებიანია, მაგრამ მე ვიზუალურად არ ვიცნობ დათა აკობიას. მისმა ნათესავმა შემატყობინა, რომ ამ სამი ადამიანიდან ერთ–ერთი დათა იყო. მანამდე კობა ნოზაძემ დამირეკა და მითხრა, რომ წავსულიყავით სახლში, ხოლო დათა აკობიას კონსპირაციული ბინიდან პირად ნივთებს წამოაღებინებდნენ და სახლში მიიყვანდნენ. ამის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ დათა შესაძლოა მოეკლათ. დავურეკე ჩხატარაშვილს. თითქმის 2 საათი ვურეკავდი და ბოლოს იძულებული ვიყავი, მესიჯი მიმეწერა, რომ ეჭვი მაქვს, მის  მოკვლას აპირებთ–მეთქი. იმდენჯერ მივწერე, რომ სულ მალე დამირეკეს ნათესავებმა და მითხრეს, რომ დათა უკვე სახლში იყო მიყვანილი. კიდევ ერთ რამეზე დავფიქრდი ამ ფაქტის შემდეგ. წარმოიდგინეთ, რამდენი კონსპირაციული ბინა ექნება ამ ხელისუფლებას, სადაც მსგავს ადამიანებს მალავენ. უნდა დავიწყო ასეთი ბინების ძებნა. დათას ვესაუბრე, თუმცა რომ გითხრათ, რომ რაიმე კონკრეტული შეკითხვა დავუსვი, მოგატყუებთ. ოჯახს ვუთხარი, რომ საიმედო ადგილას წაეყვანათ და მათ მიეხედათ, ვიდრე ისევ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა აწყობს მისი მოკვლა. წარმოიდგინეთ, ის ადამიანები იცავდნენ მას, ვის რეჟიმსაც დათამ ფაქტობრივად ფარდა ახადა და ამხილა. მასზე, შესაძლოა, იგივე ახალაიების კლანმა იძიოს შური. მან ფაქტობრივად დაამხო ეს ხელისუფლება. ამის არაღიარება არ შეიძლება.

– დღეს „თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა“ თქვენი თავმჯდომარეობით გამოქვეყნა პოლიტპატიმართა სიაც.

– დღეს დავასრულეთ მუშაობა ამ სიაზე და ჩვენი ჯგუფის აზრით, 167 ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, უნდა განთავისუფლდეს. ეს სია გადაეგზავნა არამარტო მოქმედ, არამედ მომავალ ხელისუფლებასაც, რომლის მოსვლაშიც, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს. მზამზარეულზე კარგია მოსვლა, მაგრამ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას დიდი ბრძოლები და წინააღმდეგობები უძღოდა, რომელიც ამ 167–მა ადამიანმა საკუთარ თავზე იწვნია.

– თქვენ ყოველდღე გიწევთ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შესვლა. პირველ რიგში, რაც თვალში მოგხვდათ, რა არის რადიკალურადა შეცვლილი?

პირველ რიგში რადიკალურადაა შეცვლილი ზედამხედველების დამოკიდებულება პატიმრებისადმი.  პატიმრები საკნებიდან პირდაპირი მნიშვნელობით ოთხად მოკეცილები ამოყავდათ, თავდახრილები, თავის აწევის და გამარჯობის თქმის უფლება არ ჰქონდათ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. დამამცირებელი მოპყრობა აღარაა. ის, რომ საკანში უვარდებოდნენ და აგინებდნენ, გამორიცხულია. თავისუფლად ძინავთ, ჰაერზე გამოსვლის, ტელეფონზე საუბრის უფლება აქვთ. ადრე, წარმოიდგინეთ, დომინოს თამაშის დროს ხმაურის გამო პატიმრებს საკანში უვარდებოდნენ და ცემდნენ. ამის გამო იძულებულები იყვნენ, დომინოს ქვებისთვის უკნიდან ნაჭერი დაეწებებინათ და ისე ეთამაშათ. დღეს მათ დომინოს თამაშისთვის არავინ სჯით.

– ხშირი იყო პატიმართა არასათანადო მკურნალობის შემთხვევებიც, რასაც ძალიან ბევრი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ კუთხით თუ შეიცვალა რამე?

– არა და ამ კუთხით სერიოზულ მუშობას ვაპირებ. ის, რომ დაავადებულ ადამიანს უნდა უმკურნალო და სათანადო პირობებში გყავდეს, ეს ხომ აქსიომაა. ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა და მალე ამაზე სერიოზული ამბავის ატეხას ვაპირებ. პირველად თქვენს გაზეთთან ვამბობ ამას. უამრავი ფსიქიურად დაავადებულია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. მათ მკურნალობა სჭირდებათ. ასეთი ადამიანების პატიმრობაში ყოფნა არ შეიძლება. ისინი მკურნალობის კურსს უნდა გადიოდნენ. კლინიკებში უნდა იყვნენ მოთავსებულები. ჩემთან დღეს ერთ–ერთი ასეთი პატიმრის დედა იყო მოსული, რომელსაც დიაგნოზში უწერია, რომ ფსიქიურად შეშლილია. ასეთი არაერთი ვიცი. ნორვეგიაში ტერორისტი ბრეივიკი ამის გამო სპეციალურ საკანში ყავთ მოთავსებული და საკმაოდ კომფორტულშიც.

– ციხეში დაავადდნენ?

– არა, ასეთები დააპატიმრეს. ძალიან დიდ რაოდენობაზეა საუბარი. გვარების დასახელება შემიძლია. დაუყოვნებლივ უნდა გაიარონ პატიმრებმა ექსპერტიზა და ვისაც დაუდასტურდება, რომ მკურალობა ესაჭიროება, რაც უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეთ მათ ჩადენილი, სპეციალურ კლინკებში უნდა იქნან გადაყვანილი. დღემდე ამ თემაზე არავის უსაუბრია.

როდესაც პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი, დიდი პასუხისმგებლობა ამაში სახალხო დამცველსაც მიუძღვის. საზოგადოებას კარგად ახსოვს უფლებადამცველთა ჟესტი, როდესაც სოზარ სუბარს კაბინეტში ინდაური მიუყვანეთ.

თავიდან სერიოზულად ვაკრიტიკებდი სოზარს. მითუმეტეს, ბუნტის დროს. 2005 წლის მარტში, როდესაც ციხეში ბუნტი მოხდა, სერიოზულადაც კი ვიყავი მასთან დაპირისპირებული. ინდაურის ჩუქებაც ამით იყო გამოწვეული. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მან რეალურად დაიწყო მუშაობა და იმდენად აქტიური იყო, რომ როდესაც მასთან შეხვედრაზე მივედი, ვუთხარი, რომ ვაღიარებ, რომ მუშაობ–მეთქი, თუმცა ბუნტის დროს  სოზარმა ისეთი განცხადება გააკეთა, თითქოს ბუნტი პატიმრებმა დაიწყეს, არადა ყველამ იცის, რომ ეს ბუნტი ახალაიების პროვოცირებული იყო. სოზარმა მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ხელისუფლების აზრი გაატარა. მაგრამ სოზარი ბევრად უფრო წარმატებული სახალხო დამცველი იყო ვიდრე ტუღუში. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, რამდენ პატიმარს დაასახელებს სუბარი ოფიციალურად. მინდა დაიდოს სია, ოფიციალურად რამდენი პატიმარია საქართველოში. ამ სიას ძალიან ველოდები. 2004 წლიდან დღემდე საქართველოში რამდენი პირია ნასამართლეობის მქონე – ამ ციფრებსაც ველოდები. ეს კითვა მექნება ახალ მთავრობასთან, დაგვიდოს ეს სია ოფიციალურად.

ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ, რომელიც ტუღუშის აპარატმა მოიძია და გაახმოვანა. სახალხო დამცველი ფაქტობრივად არაფერს აკეთებდა და ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებს აჟღერებდა.  მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე საუბრობდნენ, რომელიც აღარ დაიმალებოდა. ყოველდღიური მონიტორინგია ციხეებში საჭირო. მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო, მან გააკეთა სპეციალური მონიტორინგის საბჭო, რომელშიც მეც ვიყავი და ჩვენ გვქონდა სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვეძლო ციხეში შესვლა და იქ მონიტორინგის ჩატარება. საკანში შესვლაც კი შეგვეძო. თუმცა როდესაც პრეზიდენტი გახდა, პირველ რიგში ეს საბჭო გააუქმა. თანამშრომლებიც მაშინ ჩვენი კონტროლით და რეკომენდაციით ინიშნებოდნენ. ეს საკითხიც მოსაგვარებელია და ამ საბჭოში პირველ რიგში ის ადამიანები უნდა შევიდნენ, ვისაც ამ დროის მანძილზე ყოველდღიური შეხება ჰქონდა ამ სისტემასთან და არა ის სოკოებივით ამოსული ენჯეოები, რომლებიც ოფისებიდან აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. მე, მაგალითად, ვერცერთი ციხის თანამშრომელი ვერ მომატყუებს ვერაფერს. ყველაზე გახსნილები პატიმრები ჩემთან არიან. სულ ვეუბნებოდი პატიმართა მშობლებს, რომ გამოსულიყვნენ და პროტესტი გამოეთქვათ ციხეში არსებულ მდგომარეობაზე, რომლის შემდეგაც სააკაშვილი ვეღარ გარისკავდა იგივე პოლიტიკის გატარებას ციხეებში. ვერ ვიგებდი, როცა მეუბნებოდნენ, რომ ეშინოდათ. მე რატომ არ მეშინია? მე არ მყავს ოჯახი? შვილებიც მყავს და შვილიშვილებიც. დასაკარგი რა ჰქონდათ? შვილს უკლავდნენ! დედებისთვის ხშირად მითქვამს, რატომ წირავდნენ პატიმარ შვილებს სხვა შვილების სიცოცხლის გადარჩენის შიშით, რატომ ანსხვავებდნენ შვილებს. ჩემი შვილი რომ ციხეში ყოფილიყო, მის დასაცავად ყველაფერს ვიღონებდი. არხეინად ნამდვილად ვერ დავიძინებდი. ზუსტად ვიცი, დაახლოებით 50 ათასი პატიმარი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.

– ახალ სახალხო დამცველის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ვის მიიჩნევთ თქვენ მომავალი სახალხო დამცველი კანდიდატურის შესაბამისად და როგორი უნდა იყოს ის?

– ჩემი აზრით, სახალხო დამცველი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც ყოველდღიურად აქვს შეხება ციხესთან, იქ არსებულ სიტუაციასთან. უამრავი კანდიდატურა განიხილება, არასამთავრობოებიდანაც, თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. მან ზუსტად იცის, რა ხდებოდა ციხეებში, რა ხდება და რა არის გამოსასწორებელი. ის ძალიან აქტიური ადამიანია. და ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ამ თანამდებობისთვის.

– თქვენი, როგორც იურისტის აზრით, რამდენად შესაძლებელია სააკაშვილის რეჟიმი გასამართლდეს და პასუხისგებაში მიეცეს როგორც ძალადობრივი რეჟიმი?

– რა თქმა უნდა არის ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ თვითოეულ პირს დანაშულებრივი ქმედება აქვს ჩადენილი. განა პრეზიდენტს არ აქვს, როდესაც ტრიბუნიდან მოუწოდებდა – ესროლეთ ფეხებში, და ნულოვანი ტოლერანტობაო? აფრასიძეების დახვრეტის ბრძანება პირდაპირ ტრიბუნებიდან არ მოუწოდა? თუნდაც ამათი დრაკონული შეკრებითობის კანონი, რომელიც შესაცვლელია, ის რომ გამოიყენო, მარტო ეს ეყოფათ ერთი ხუთასი წელი პატიმრობისთვის. გადასახედია ასევე სხვა კანონებიც. სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ადვოკატის და ბრალდებულის უფლებები გათანაბრებულია. იმ დონეზე იყო მისული ეს ხელისუფლება, რომ როგორც ივანიშვილის წინააღდმეგ მიიღეს კანონი, თვითოეული ადამიანის მიმართ შეეძლოთ გამოეცათ.

ესაუბრა ლილი მიროტაძე

 

 P.S აქვე გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს დღევანდელი პრესკონფერენცისა, სადაც “საქარველოს ჰელსინკის ჯგუფმა” პოლიტპატიმართა სია საზოგადოებას გააცნო. 

1 COMMENT

  1. ქალბატონო ლალი, მჟავისის ასულო, საინტერესოა რასაც წერთ, მაგრამ საკუთარ სიჯიუტეს რატომ არ ებრძვით ჯეროვნად და რატომ (და რა ფასად) არ მოხსენით თქვენი კანდიდატურა თეთრიწყაროს მა(ჯორი)ტარობის კანდიდტებიდან? რის გამოც სწორფედ თქვენი 2 % გახდა გადამწყვეტი და კვლავ შეესხა მსოფლიო მაფიოზა-ბეჟუაშვილს იმუნიტეტი და ხელშეუხებლობა? ეს ყველაფერი ფრეე ოფ ჩარჯ იყო? ამ ეტაპზე ყველა ქმედებას თქვენგან აზრი აქვს დაკარგული ხაჭაპურიძისთვის საამებლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here