Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა რამიშვილი: «ნაცმოძრაობა» შეეცდება სხვადასხვა სახის საბოტაჟის მოწყობას, რაშიც დიდ წვლილს შეიტანს...

შალვა რამიშვილი: «ნაცმოძრაობა» შეეცდება სხვადასხვა სახის საბოტაჟის მოწყობას, რაშიც დიდ წვლილს შეიტანს ძალიან ბევრი ღია თუ ფარული აგენტი

683

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ესაუბრა.

_ ახალი მთავრობა ახლახან დასახელდა, მაგრამ საზოგადოება რეფორმების განხორციელებას უკვე მოუთმენლად ელოდება. როგორ ფიქრობთ, რა უმთავრესი პრობლემების გადაჭრით უნდა დაიწყოს ახალმა ხელისუფლებამ სისტემის შეცვლა?

_ ცვლილებები, პირველ რიგში, სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს, რომელიც შემდეგ ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. ასევე აუცილებელია სახელისუფლო შტოების დეცენტრალიზაცია. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ყველა სფეროში და ყველა ადამიანის საქმიანობაში…

_ ალბათ, საზოგადოების მცირე ნაწილი თუ ელოდა, რომ სააკაშვილი ასე იოლად დათმობდა ხელისუფლებას. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, «ნაციონალები» რევანშისთვის ემზადებიან და 6 თვეში ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ. რამდენად რეალური შეიძლება იყოს მათი გეგმები?

_ მოკლედ რომ ვთქვათ, მათი გეგმა ასეთია: მაქსიმალური კონსოლიდირება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის სახით, საკუთარი მაჟორიტარების შენარჩუნებისთვის ბრძოლა, მედიარესურსების გადაწყობა და მათგან საინფორმაციო დივერსიული ძალის შექმნა, მატერიალური რესურსების მობილიზება და გადამალვა. ასევე სურთ პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბება. «ნაცმოძრაობა» შეეცდება სხვადასხვა სახის საბოტაჟის მოწყობას, რომელიც ახალ ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის, რაშიც ასევე დიდ წვლილს შეიტანს ძალიან ბევრი ღია თუ ფარული აგენტი, რომლებიც დარჩებიან ადგილობრივ ხელისუფლებასა თუ სხვა სფეროებში და 6 თვის შემდეგ, როცა სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ექნება, განხორციელდება შეტევა ხელისუფლებაზე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათი წარმოდგენები მცდარია და ფუჭი იმედები აქვთ. ჩემი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნება აბსურდია, რადგან მარტო მე უამრავ ადამიანზე მაქვს ეჭვი, რომლებზეც შეიძლება  სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ვინაიდან არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და არანაირი, არც მორალური და არც მატერიალური რესურსები წაგებულ და დამარცხებულ ძალას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არ გააჩნია.

_ რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ტელეკომპანია «იმედმა» გასართობი გადაცემები დახურა და, არხის მესვეურთა განცხადებით, ტელეკომპანია  ამიერიდან საინფორმაციო ფორმატზე გადადის. თუ მათ ბოლოდროინდელ სიუჟეტებს გავითვალისწინებთ, როგორ ფიქრობთ, რისთვის ემზადება აღნიშნული ტელეკომპანია?

_ ეს ყველაფერი სწორედ იმისთვის კეთდება, რათა «იმედმა» «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური შეტევების მედიაუზრუნველყოფა განახორციელოს.

_ და როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ხელისუფლების ან საზოგადოების დამოკიდებულება ამ ტელეკომპანიისადმი?

_ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მედიასაშუალებების საქმიანობაში. მედია თავისუფალია, თუმცა აღნიშნულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მაგალითად, ვიცით, რომ საკუთრების პრობლემა არსებობდა და ტელეკომპანიები _ «რუსთავი 2» და «იმედი» ხელისუფლებას აქვს მიტაცებული. აქ უკვე სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თავის დროზე რამდენად მართებულად და კანონიერად განხორციელდა ყველაფერი. თუმცა ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში არ არის. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ძალიან დიდი დავალიანება აქვს.

მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს ტელეკომპანიების წინააღმდეგ და ყველაფერი მხოლოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

_ რა ბედი ელით ნაციონალურ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდნენ: დაიმკვიდრებენ თუ არა ისინი სხვა ტელეკომპანიებში ადგილს, როგორ ფიქრობთ, მათ მიმართ როგორი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება?

_ არ ვიცი, საზოგადოებამ ხელოვნურად არავინ არ უნდა გამიჯნოს. ვფიქრობ, ბაზარი თავად გამიჯნავს ყველას.

_ რაც შეეხება ხელისუფლებასთან დაახლოებულ, ამა თუ იმ ნიშნით აღზევებულ და დაწინაურებულ ადამიანებს, მათ ადგილს სად ხედავთ და რა გარანტია გვაქვს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება?

_ ალბათ, ხელოვნების სფეროშიც ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს. ბაზარი გათავისუფლდა, რაც თავისთავად უკვე ერთგვარ გარანტიას ქმნის.

_ გაზეთმა «ასავალდასავალმა»გლდანის ციხის თანამშრომლების გვარსახელები და მისამართები გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. როგორია თქვენი, როგორც ჟურნალისტის, პოზიცია: უნდა ამხილოს თუ არა მედიასაშუალებამ დამნაშავეები?

_ გაზეთს ციხის თანამშრომლების სია არ უნდა გამოექვეყნებინა, ვინაიდან იმ სიაში მოხვედრილი ადამიანებიდან ყველა დამნაშავე არ არის. მეტსაც გეტყვით, მხოლოდ რამდენიმეა დამნაშავე და ვფიქრობ, ყველას «ერთ ქვაბში მოხარშვა» არ ღირს.

შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here